შინაარსზე გადასვლა

მარია ისკიერდო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ისკიერდო
დაიბადა 30 ოქტომბერი (12 ნოემბერი), 1902[1] [2]
დაბადების ადგილი სან-ხუან-დე-ლოს-ლაგოსი
გარდაიცვალა 3 დეკემბერი, 1955(1955-12-03)[1] (53 წლის)
გარდაცვალების ადგილი მეხიკო

მარია ისკიერდო (ესპ. María Izquierdo, დ. 30 ოქტომბერი, 1902, (სხვა წყაროს მიხედვით 1906), სან-ხუან-დე-ლოს-ლაგოსი — გ. 3 დეკემბერი, 1955, მეხიკო) — მექსიკელი მხატვარი.

მარია ესკიერდო დაიბადა 1902 წლის (სხვა წყაროს მიხედვით 1906 წელი) 30 ოქტომბერს სან-ხუან-დე-ლოს-ლაგოსში. ხუთი წლის ასაკში დაკარგა მამა და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა აგუასკალიენტესში, ტორეონსა და სალტილიოში. ხატვის შესწავლა სალტილიოს სკოლაში. 14 წლის ასაკში გათხოვდა და ოცი წლის ასაკამდე სამი შვილი გააჩინა. 1927 წელს ჩავიდა მეხიკოში, გაშორდა მეუღლეს და ჩაირიცხა სან-კარლოსის სახვითი ხელოვნების აკადემიაში, სადაც ერთი წელი სწავლობდა. ხელოვნების ისტორიის კურსს გადიოდა მექსიკელ ფილოსოფოს ანტონიო კასო ნადრადესთან. გაიცნო დიეგო რივერა. მისი მეგობარი გახდა რუფინო ტამაიო, რომელიც იყო მისი მენტორი ფერწერის ტექნიკაში (გუაში, აკვარელი) და 1929-1933 წლებში გავლენა მოახდინა მის სტილზე ფორმატიულ პერიოდში.

აკადემიიდან წასვლის შემდეგ ისკიერდო აგუასკალიენტესსა და სალტილიოში ცხოვრობდა. 1944 წელს ის კვლავ გათხოვდა, მაგრამ 1953 წელს ეს ქორწინებაც დასრულდა.

მარია ისკიერდოს პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა მეხიკოში, სახვითი ხელოვნების სასახლის გალერეაში (1929, კატალოგის წინასიტყვაობა დიეგო რივერამ დაწერა). იმავე და მომდევნო წელს მისი ნამუშევრები ნიუ-იორკში გამოიფინა — ეს იყო მექსიკელი მხატვრისა პირველი გამოფენა მექსიკის საზღვრებს გარეთ. ექსპოზიციაში შედიოდა თოთხმეტი ნამუშევარი, მათ შორის ნატურმორტები, პორტრეტები და პეიზაჟები. 1930 წელს ამერიკის ხელოვნების ფედერაციამ მეტროპოლიტენის მუზეუმში მექსიკური ხალხური ხელოვნებისა და ფერწერის გამოფენა წარმოადგინა, რომელშიც რუფინო ტამაიოს, მარია ისკიერდოს, დიეგო რივერას და აგუსტინ ლასოს ნამუშევრები შედიოდა. 1929 წლიდან მხატვარი გრავიურის ტექნიკაზეც მუშაობდა.

1935 წლიდან ისკიერდო ასწავლიდა განათლების სამინისტროსთან არსებულ პლასტიკური ხელოვნების სკოლაში (Escuela de Artes Plásticas) და იყო პროფესიონალური და შემოქმედებითი მოღვაწეების ლიგის (რევოლუციური მწერლებისა და მხატვრების ლიგა) წევრი. ასევე იყო Casa de Artistas de América (ამერიკელი მხატვრების სახლის) დამფუძნებელი წევრი.

როდესაც ფრანგი პოეტი და სიურრეალიზმის თეორეტიკოსი ანტონენ არტო მექსიკაში მოგზაურობდა, ის ისკიერდოს ნამუშევრებით მოიხიბლა და მის ნახატებს „გულწრფელ, სპონტანურ, პრიმიტიულ და ამაღელვებელს“ უწოდა. არტოსთან მეგობრობის გამო ისკიერდომ მიიღო სიურრეალიზმის ზოგიერთი პრინციპი. მისი დახმარებით მხატვარმა 1937 წელს პარიზში გამოფენა მოაწყო.[3]

როგორც მხატვარი, მარია ისკიერდო განიცდიდა მიურალისტების დიეგო რივერას, ხოსე ოროზკოს და ალფარო სიკეიროსის მონოპოლიას, რომლებიც სისტემატურად ბლოკავდნენ მის მცდელობებს მოეხატა ფრესკები მეხიკოში. 1948 წელს ისკიერდოსთან გაწყვიტეს კონტრაქტი ფედერალური ოლქის სასახლეში ფრესკების მოხატვის ციკლის შესრულებასთან დაკავშირებით. რივერას აზრით, ქალს არ ჰქონდა საჭირო თვისებები კედლის ნამუშევრების შესასრულებლად, და მხატვარს არც ნიჭი და არც გამოცდილება არ ეყოფოდა ასეთი დიდი პროექტის დასასრულებლად. დღემდე მხოლოდ მარია ისკიერდოს კედლის პროექტის ესკიზებია შემორჩენილი.[4]

მარია ისკიერდო მთელი ცხოვრება ამ ზეწოლის წინააღმდეგ იბრძოდა. თავის წიგნში „La mujer y el arte mexicano“ მხატვარი წერს: „იყო ქალი და გქონდეს ნიჭი — დანაშაულია“.

1948 წელს ისკიერდოს ინსულტი დაემართა და ნაწილობრივ პარალიზებული იყო. მისმა ნებისყოფამ და ძალამ საშუალება მისცა, გაეგრძელებინა ხატვა, თუმცა ძნელად და ვეღარ მიაღწია იმ დონეს, როგორც წინათ.

მარია ისკიერდოს საფლავი მდებარეობს მეხიკოს „როტონდაში“, სადაც დაკრძალულია მექსიკის ყველაზე გამოჩენილი პიროვნებები.

მარია ისკიერდო გარდაიცვალა მეხიკოში 1955 წლის 3 დეკემბერს.

2002 წლის 25 ოქტომბერს, მხატვრის დაბადებიდან ასი წლისთავზე, მეხიკოში ხელოვნებისა და კულტურის ეროვნულმა კომისიამ, მარია ისკიერდოს ნამუშევრები ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობად (Artistico de la Nación) გამოაცხადა. ამ პატივის მეშვეობით მან დაიმსახურა ადგილი თავისი დროის სხვა დიდ მხატვრებთან — ხოსე კლემენტე ოროსკოსთან, დავიდ ალფარო სიკეიროსთან, დოქტორ ატლთან და ფრიდა კალოსთან ერთად.[4]

შემოქმედებითი მანერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ისკიერდოს ფერწერა (პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი) გამოირჩევა ფერების ინტენსიურობით. მას სიურრეალიზმთან ახლოს მიაკუთვნებენ, თუმცა ის გაცილებით ახლოს დგას ხალხურ ხელოვნებასთან, პრიმიტივიზმთან და ანრი მატისის ფერწერასთან.

მერკურის კრატერს მხატვრის სახელი ჰქვია ([1]).

2012 წლის ნოემბერში მხატვრის ნეშტი ხელახლა დაკრძალეს გამოჩენილ მოღვაწეთა როტონდაში.

  • The true poetry: the art of María Izquierdo/ Elizabeth Ferrer, ed. New York: Americas Society Art Gallery, 1997 (каталог выставки)
  • María cumple 100 años: retratos memoriosos de los amigos de María Izquierdo /Claudia Burr, ed. México: Ediciones Tecolote, 2002 (сборник текстов и иконография, к столетию художницы)
  • Un arte nuevo: el aporte de María Izquierdo = A new art: the contribution of María Izquierdo/ James Oles a.o., eds. Mexico: Universidad Nacional Autónoma de México, 2008 (каталог выставки)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 María Izquierdo — 2008.
  2. SNAC — 2010.
  3. Germaine Gómez Haro. María Izquierdo, pasión y melancolía. ციტირების თარიღი: 2019-09-03
  4. 4.0 4.1 Rita Pomade. Maria Izquierdo - Monumento Artistico De La Nación. ციტირების თარიღი: 2019-09-03