მარია დე ლუნა
მარია დე ლუნა | |
---|---|
![]() | |
არაგონის დედოფალი | |
მმართ. წლები: | 1396-1406 |
წინამორბედი: | იოლანდა ბარელი |
მემკვიდრე: | მარგარიტა დე პრადესი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1358 |
გარდ. თარიღი: | 20 დეკემბერი, 1406 |
მეუღლე: | მარტინი, არაგონის მეფე |
შვილები: | მარტინი, სიცილიის მეფე |
მამა: | ლოპე, ლუნას გრაფი |
დედა: | ბრიანდა დე გოტი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მარია დე ლუნა (ესპ. María de Luna; დ. 1358, ესპანეთი – გ. 20 დეკემბერი, 1406, ვილარეალი, ესპანეთი) — არაგონელი დიდგვაროვანი და ლუნას გრაფის ასული. არაგონის დედოფალი 1396-1406 წლებში, როგორც მეფე მარტინის მეუღლე. სიცილიის მეფე მარტინის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია დე ლუნა 1358 წელს დაიბადა. იგი არაგონელი მაღალი წრის არისტოკრატის, ლუნას გრაფ ლოპესისა და მისი ცოლის, გრაფინია ბრიანდა დე გოტის ქალიშვილი იყო. მისი დაბადების ზუსტი ადგილი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ სარაგოსასთან ახლოს, პედროლაში უნდა დაბადებულიყო, სადაც მდებარეობდა მამამისის მთავარი რეზიდენცია. მისი ოჯახის წარჩინებული პოზიციისა და სიმდიდრის გამო, მარია არაგონის სამეფოში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი საპატარძლო იყო. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რვა წელიც არ შესრულებოდა, იგი არაგონის მეფე პედრო IV-ის უმცროს ვაჟზე, ინფანტ მარტინ არაგონელზე დანიშნეს. შეთანხმების მიხედვით, როდესაც მარია რვა წლის გახდა იგი სამეფო კარზე გაიგზავნა დედოფალ ელეონორა სიცილიელთან, რათა იქ მიეღო განათლება და აღზრდილიყო შესაბამისი ეტიკეტით.

1372 წლის 13 ივნისს, კვირა დღეს, ბარსელონას წმინდა ეულალიას სახელობის ტაძარში შედგა მარია დე ლუნასა და ინფანტ მარტინ არაგონელის ქორწინება. აღსანიშნავია, რომ ქორწინების მიუხედავად მარიას ოჯახიდანაც უდიდესი მემკვიდრეობა ერგო. იგი იყო ლუნას გრაფინია, მონბლანკის ჰერცოგინია, ბოლეას, ბერბეგალის, ლოარეს, უშოს ხეობის, სეგორბეს, ლონგასისა და სხვა ადგილების სენიორა.
მას შემდეგ, რაც 1396 წელს მარიას მაზლი, მეფე ხუან I ნადირობის დროს უვაჟოდ გარდაიცვალა, არაგონის მეფე მისი ქმარი, მარტინი გახდა, რითაც მარია დე ლუნა არაგონის ახალ დედოფლად იქცა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოულოდნელი ფაქტი იყო, ამ დროს თავად მარტინი სიცილიაზე იმყოფებოდა, რის გამოც მის არაგონში დაბრუნებამდე ტახტზე ახლად ასული დედოფალი მარია პირდაპირ რეგენტად დაინიშნა. ამ დროისათვის ტახტზე პრეტენზია განსვენებული მეფე ხუანის ქვრივს, დედოფალ იოლანდასა და ფოშის გრაფს ჰქონდათ, რის გამოც დედოფალ მარიას მათთან დაპირისპირება მარტოს მოუწია. 1397 წელს მარტინი სიცილიიდან დაბრუნდა, მაშინვე ეკურთხა მეფედ და მემკვიდრეობისთვის დავის პრობლემა ამრიგად გადაიჭრა.
დედოფალ მარიას მემატიანეები აღწერენ, როგორც კეთილშობილი ოჯახის წარმომადგენელ ქალს, ქველმოქმედებისა და სამართლიანობის მოყვარულს, რომელსაც უყვარდა მუსიკა და კითხვა, და იყო ღრმად მორწმუნე კათოლიკე ქრისტიანი, რის გამოც ხელს უწყობდა თავის სამეფოში მუსლიმებისა და ებრაელების დევნას.
ცნობილია, რომ სამეფო კარის პომპეზურობასა და ფუფუნებას მარიაზე, როგორც მკაცრ და ელეგანტურ ქალზე გავლენა არ ჰქონია. იგი ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რადგანაც ახლოს იყო მოსახლეობასთან, იცავდა სუსტებს, ფინანსურად ეხმარებოდა და ზოგჯერ გადასახადებისგანაც ათავისუფლებდა გაჭირვებულებს, ქვრივებსა და ობლებს. დედოფალი მარია აქტიურად იბრძოდა არაგონელი დიდგვაროვნების წინააღმდეგ, რომლებიც ერთმანეთთან დაპირისპირებით სამეფოს ასუსტებდნენ. იქი ღიად გამოდიოდა სამეფო ოჯახის მონათესავე საგვარეულოების წინააღმდეგაც. მან რამდენიმე წერილიც მისწერა რომის პაპ ბენედიქტე XIII-ს, სადაც სთხოვდა გაეუქმებინა არაგონში არსებული ცუდი მემკვიდრული კანონები.
არაგონში მოღვაწე ცნობილმა კატალანელმა ბერმა და მოღვაწემ, ფრანსისკ ეშიმენისმა დედოფალ მარიას ტრაქტატი მიუღძღვნა, სახელად Scala Dei, რომელიც არის პატარა ტრაქტატი ადამიანური ზნეობისა და ქრისტიანული თეოლოგიის შესახებ. იგი კატალანურ ენაზეა დაწერილი 1399 წელს და მიეკუთვნება საღვთისმეტყველო წიგნების ჟანრს, რომელიც მალევე ძალიან პოპულარული გახდა შუა საუკუნეების ესპანურ და ფრანგულ არისტოკრატიაში.
წლებთან ერთად დედოფალ მარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდებოდა. 1404 წელს მან ანდერძი დაწერა, რომლითაც ფრანცისკელ ბერებს შესწირა სანქტი სპირიტუს მონასტერი (ვალენსიიდან 35კმ), ასევე უანდერძათ წლიური შემოსავალი 5,000 სუელდოს სახით.
მარია დე ლუნა 1406 წლის 20 დეკემბერს გარდაიცვალა. სამ წელიწადში მისი ერთადერთი ვაჟი, სიცილიის მეფე მარტინიც გარდაიცვალა, რომელსაც კანონიერი მემკვიდრე არ დარჩენია, რის გამოც, ახალი მემკვიდრის გასაჩენად მარიას ქვრივი, მეფე მარტინი 1409 წელს მეორედ დაქორწინდა მარგარიტა დე პრადესზე, თუმცა ამაოდ. მარტინის შემდეგ ტახტი მის დისწულს, კასტილიის ინფანტ ფერდინანდს ერგო.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დედოფალ მარიას მეფე მარტინისაგან ოთხი შვილი შეეძინა, თუმცა სამი ჩვილობაშივე გარდაიცვალა:
- მარტინი (1374-1409), სიცილიის მეფე, გარდაიცვალა მამაზე ადრე და ვერ დაიკავა არაგონის ტახტი. პირველად იქორწინა სიცილიის დედოფალ მარიაზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი პრინცესა ბლანკა ნავარელზე. ჰყავდა ორი კანონიერი ვაჟი და ორი უკანონო შვილიც;
- ხაიმე (1378-1378), გარდაიცვალა ჩვილი;
- ხუანი (1380-1380), გარდაიცვალა ჩვილი;
- მარგარიტა (1384-1388), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Garcia Marsilla, J. (2018). Food in the accounts of a travelling lady: Maria de Luna, queen of Aragon, in 1403. Journal of Medieval History, 44 (5), 569–594.
- Meyerson, Mark. "Defending their Jewish Subjects: Elinor of Sicily, Maria de Luna, and the Jews of Morvedre". Queenship and Political Power in Medieval and Modern Europe. Ed. Theresa Earenfight. Burlington: Ashgate, 2005. 78–90. Print.
- Planas, Josefina. "La Paz de las Plegarias." e-Spania Revue interdisciplinaire d’études hispaniques médiévales et modernes.
- Silleras-Fernández, Núria. Fit for a Queen: The Scala Dei, Franciscan Queenship, and Maria de Luna (Barcelona, c. 1396—1410). (2015). In Chariots of Ladies: Francesc Eiximenis and the Court of Culture of Medieval and Early Modern Iberia (p. 98). Ithaca; London: Cornell University Press.
- Silleras-Fernández, Núria. Power, Piety, and Patronage in Late Medieval Queenship: Maria de Luna. Palgrave Macmillan, 2008.
- Silleras-Fernández, Núria. "Spirit and Force: Politics, Public, and Private in the Reign of Maria de Luna". Queenship and Political Power in Medieval and Modern Europe. Ed. Theresa Earenfight. Burlington: Ashgate, 2005. 78–90. Print.
|