მარია დე დომინიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია დე დომინიჩი
მშობლიური სახელი იტალ. Maria de Dominici
დაბადების თარიღი 6 დეკემბერი, 1645
ბირგუ, მალტა
გარდაცვალების თარიღი 18 მარტი, 1703 (57 წლის)
რომი, იტალია
მოქალაქეობა მალტის დროშა მალტა
საქმიანობა მხატვარი, სკულპტორი, კარმელიტების ორდენის მონაზონი

მარია  დე  დომინიჩი (იტალ. Maria de Dominici; დ. 6 დეკემბერი, 1645, ვიტორიოზა  —  გ. 18 მარტი, 1703, რომი)  —  მალტელი მხატვარი, მოქანდაკე და კარმელიტების ორდენის მონაზონი. [1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია დე დომინიჩი დაიბადა ქალაქ ვიტორიოზაში (ახლანდელი ბირგუ) იუველირის ოჯახში. მისი ძმები რაიმონდო და ფრანჩესკო ცნობილი მხატვრები იყვნენ, ხოლო რაიმონდოს ვაჟი ბერნარდო  — ხელოვნების ისტორიკოსი და  წიგნის ავტორი მალტის ხელოვნების შესახებ.[3]

მარია სწავლობდა მხატვარ და მოქანდაკე მათია პრეტის ხელმძღვანელობით, რომელიც დაკავებული იყო  ქალაქ ვალეტას წმინდა იოანეს საკათედრო ტაძრის მოხატვით. გადმოცემის თანახმად, 1661-1666 წლებში ის დაეხმარა პრეტის იოანე ნათლისმცემლის ცხოვრებისა და მოწამეობის შესახებ ფრესკების გამოსახვაში ტაძრის სარდაფებზე.  მარიას ახასიათებდნენ, როგორც გონიერ და მრავალმხრივ ქალს.  ჯოვანატონიო ჩანტარი აღნიშნავდა, რომ პრეტის ხელმძღვანელობით მარია ძალიან ბევრს შრომობდა. ოსტატმა მარიას ნება დართო გამოესახა ქალის ფიგურები წმინდა იოანეს ტაძრის მოხატვისას, რასაც მარიამ წარმატებით გაართვა თავი და ოსტატსაც კი აჯობა. კიდევ ერთი ისტორიკოსი, ჯუზეპე მარია დე პირო, 1839 წელს მარიას შესახებ  წერდა რომ მან "აჯობა მის ყველა დანარჩენ მოწაფეს ოსტატობით, რამაც აიძულა ოსტატი ტაძრის კედლების მოხატვა და ქალის ფიგურების გამოსახვა სარდაფებსა და კედლებზე მისთვის მიენდო".[4]

როგორც კარმელიტების ორდენის წევრს, მარიას შეეძლო ეცხოვრა მონასტრის კედლებს გარეთ, ოჯახური კავშირებისგან მოშორებით. 1682 წელს მან დატოვა მალტა მალტის ორდენის დიდი მაგისტრის ძმისშვილთან და მის მეუღლე იზაბელა დ'ავალოს დ'აკინო დ'არაგონასთან ერთად. რომში მარიას ჰქონდა საკუთარი სახელოსნო, სადაც შეკვეთით ქმნიდა ქანდაკებებს და ხატავდა ნახატებს.  მას რეკომენდაციას პირადად  დიდოსტატი უწევდა. მარიას სახლი სან ჯოვანი დეი ფიორენტინის ეკლესიის მახლობლად მდებარეობდა.

მარია გარდაიცვალა 1703 წელს და დაკრძალეს სანტა მარია ინ ტრასპონტინას ეკლესიაში. [5]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალტაში, წმინდა იოანეს ტაძრის კედლებისა და თაღების მოხატვის გარდა, მარია ცნობილი გახდა როგორც წმინდანთა რამდენიმე პორტატული საკულტო ქანდაკების ავტორი, რომლებიც გამოჰქონდათ რელიგიურ დღესასწაულებზე და ქუჩის მსვლელობისას. მარიას ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია „სტუმრობა“ (ზებუგის მრევლის ეკლესია), „ბეატო ფრანკო“ (კარმელიტების ეკლესია ვალეტაში) და „ ხარება“ (საკათედრო მუზეუმი ვალეტაში).

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია მოხსენიებულია დელაი გეიზის  მხატვართა ორტომეულ ლექსიკონში (ინგლ. Dictionary of Women Artists —ს ხელოვან ქალთა ლექსიკონი). 2010 წელს მისი სახელი უწოდეს კრატერს მერკურიზე. მალტელი მხატვრის სახელის  ჩართვა მერკურის ობიექტების სახელების მონაცემთა ბაზაში აღნიშნა სიუზან ჰაუმ წიგნში  „ მალტა: ქალები, ისტორია, წიგნები და ადგილები" (ინგლის. Malta: Women, History, Books and Places.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hoe, Susanna (2015). Malta: Women, History, Books and Places. British Library: HOLO Books, გვ. 3, 116, 117. ISBN 978-0-9572153-5-1. 
  2. (1997) Dictionary of Women Artists. Taylor & Francis, გვ. 462. 
  3. Fr Mark Cauchi, OSA Valletta (16 February 2013). „Mattia Preti, a friend of the poor and needy“. Times of Malta.
  4. Gaze, Delia; Mihajlovic, Maja; Shrimpton, Leanda (1997). Dictionary of Women Artists: Introductory surveys ; Artists, A-I. Taylor & Francis. p. 462. ISBN 978-1-884964-21-3.
  5. de Dominici, Bernardo (1840). Vite dei pittori, scultori ed architetti napoletani. Tip. Trani. 
  6. "Gazetteer of Planetary Nomenclature". USGS Astrogeology Science Center.