შინაარსზე გადასვლა

მარია ბენევსკაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია ბენევსკაია
დაბადების თარიღი 25 აპრილი, 1882(1882-04-25)
დაბადების ადგილი ირკუტსკი
გარდაცვალების თარიღი 1942
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
განათლება ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი
მამა Q4083737?
მეუღლე/ები Q4299787?

მარია არკადის ასული ბენევსკაია (რუს. Мария Аркадьевна Беневская, , დ. 1882, ირკუტსკი — გ. 1942, ლენინგრადი) — ესერი-ტერორისტი, XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიაში რევოლუციური მოძრაობის მონაწილე. სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის საბრძოლო ორგანიზაციის წევრი.

მამა — არკადი ბენევსკი (1840—1913), წარმოშობით დიდებულთა ოჯახიდან იყო. მიიღო სამხედრო განათლება. იყო გენერალ-ლეიტენანტი ქვეითი ჯარებიდან, ამურის ოლქის გუბერნატორი. 1877 წელს იგი დაქორწინდა ნინა ივაშჩენკოზე. დედა — ნინა ივაშჩენკო (1855—1906), გენერალ-მაიორ ვიქტორ ივაშჩენკოს (1818-1889) ქალიშვილი. ბენევსკისთან ქორწინებამდე იყო ექიმ, სავიცკის, ქვრივი. იგი წარმოშობით მდიდარი დიდებულების ოჯახიდან იყო. მიიღო კარგი აღზრდა. 1906 წელს მან თავი მოიკლა. ძმები — მიხაილ (1878—1897) და ივანე (დ. 1880) დაიბადნენ კიევში, ორივემ მიიღო კარგი განათლება, მიხაილმა — იურიდიული, ხოლო ივანემ — აგრონომიული.

მარია ბენევსკაია დაიბადა 1882 წლის 25 აპრილს ირკუტსკში. ძმების მსგავსად, იგი აღიზარდა ქრისტიანული მცნებების მკაცრი დაცვით. ბავშვობიდან იცნობდა მომავალ ტერორისტ ბორის სავინკოვს, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მარიაზე. ბენევსკაიამ მიიღო კარგი განათლება. თავდაპირველად სწავლობდა გიმნაზიაში, შემდეგ ჰალეს უნივერსიტეტში, ბერნში ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე და შემდეგ პეტერბურგის ქალთა სამედიცინო ინსტიტუტში.

საბრძოლო ორგანიზაციაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1905 წელს მარია ბენევსკაია გაწევრიანდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის საბრძოლო ორგანიზაციაში. გაწევრიანების რეკომენდაცია მისცა ბორის სავინკოვმა, რომელიც იმ დროისთვის უკვე ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. იგი პროფესიონალი რევოლუციონერის ცხოვრებას ეწეოდა, მუშაობდა ტექნიკოსად (ამზადებდა ბომბებს) და იყენებდა პარტიულ მეტსახელს „ანრიეტა“. რევოლუციურ ტერორში მონაწილეობის მიუხედავად, ბენევსკაია სიცოცხლის ბოლომდე ღრმად მორწმუნე ადამიანი დარჩა.

ვიკიციტატა
„„ვარდისფერი ლოყებით, მაღალი, ღია ფერის თმებით და მცინარი ცისფერი თვალებით, იგი თავისი სიცოცხლისმოყვარეობით და მხიარულებით გამაოცებელი იყო. მაგრამ ამ უდარდელ გარეგნობის უკან იმალებოდა კონცენტრირებული და ღრმად სინდისიერი ბუნება. სწორედ მას, უფრო ვიდრე ჩვენგან ნებისმიერ სხვას, აწუხებდა ტერორის მორალური გამართლების საკითხი. მორწმუნე ქრისტიანი, რომელიც სახარებას არასოდეს შორდებოდა, იგი რაღაც უცნობი და რთული გზით მივიდა ძალადობის დასაბუთებამდე და ტერორში ლოგიკური მონაწილეობის აუცილებლობამდე.“ — ბ. სავინკოვი „ტერორისტის მოგონებები“. მ., 1991“

1906 წლის გაზაფხულზე ბორის სავინკოვმა ბენევსკაია ჩაირიცხა რევოლუციონერ ნიკოლაი ტატაროვის მკვლელობის ორგანიზებაში, რომელიც ბრალდებული იყო დაცვასთან თანამშრომლობაში.

ბენევსკაია დაქორწინებული იყო ბორის მოისეენკოზე, რომელიც ასევე ესერი და რევოლუციური ტერორის მონაწილე იყო. ისინი დაქორწინდნენ 1906 წლის 21 აგვისტოს (3 სექტემბერი) მოსკოვის ციხის ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში, ხოლო ქორწინების რიტუალი აღასრულა მღვდელმა იოსებ ფუდელმა.[1] მისი დაპატიმრების შემდეგ მოისეენკო ხელისუფლებამ გადაასახლა ტრანსბაიკალის ოლქში, სადაც მისი ცოლი იმყოფებოდა კატორღაში. სავარაუდოდ, მათი ურთიერთობის შეწყვეტა 1909 წელს დაემთხვა, როდესაც მოისეენკომ დატოვა ციმბირი და საზღვარგარეთ გაემგზავრა.

1906 წლის აპრილში ბენევსკაიას კონსპირაციულ ბინაზე მიუტანეს მზა ჭურვი და სთხოვეს მისი განეიტრალება. როდესაც მან ამოღო ჩამკეტი, მოხდა ვერცხლისწყლის ფულმინატის ვაზნის აფეთქება, რამაც ბენევსკაიას მარცხენა ხელის მაჯა მოჰკვეთა, მარჯვენა ხელის თითი დაზიანდა და სახე ნამსხვრევებმა დაუმახინჯა. ვალენტინა პოპოვას ცნობით, ბენევსკაიამ იშვიათი თვითკონტროლი გამოიჩინა:

ვიკიციტატა
„„მან თანამებრძოლის დახმარებით, რომელიც მასთან ცხოვრობდა (ვ. შილეროვა), დროებით გადაიხვია დაზიანებული ხელები და აიძულა ის, რომ წაეღო მათთან დაცული ყველა მზა ჭურვი და სხვა ადგილას გადაეტანა. თვითონ კი ბოლოს წავიდა, კარის საკეტში გასაღები კბილებით გადაატრიალა. იგი გაემგზავრა პირველივე სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ორი კვირა გაატარა. მისი დაუყოვნებლივ კლინიკიდან გაყვანა ვერ მოხერხდა: დაზიანებული სახე ძალიან ბევრ ყურადღებას იპყრობდა. და ბ. ნ. მოისეენკოს მიერ მ. ა.-ს საიმედო ადგილას გადასაყვანად დანიშნულ დღეს დააპატიმრეს.“ — ვ. პოპოვა, „დინამიტის სახელოსნოები 1906—1907 წლებში და პროვოკატორი აზეფი“.“

თებერვლის რევოლუციის შემდეგ მარია ბენევსკაია ოჯახთან ერთად კატორღიდან დაბრუნდა და საცხოვრებლად მეუღლის სამშობლოში, ოდესის გუბერნიაში, დასახლდა. ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობდა. იმავე 1917 წელს ისინი პეტროგრადში გადავიდნენ, სადაც 1917 წლის ივლისში მარიამ მეორე ვაჟი — სტეპანე გააჩინა. შემდეგ წყვილი კვლავ დაბრუნდა უკრაინაში და იქ ცხოვრობდა, სანამ 30-იანი წლების დასაწყისში შიმშილის გამო წასვლა არ მოუხდა. ბენევსკაია ოჯახთან ერთად კვლავ ლენინგრადში გადავიდა, სადაც დარჩა დიდი სამამულო ომის დროსაც.

მარია ბენევსკაია გარდაიცვალა 1942 წლის გაზაფხულზე, ლენინგრადის ბლოკადის დროს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ГБУ "ЦГА Москвы", фонд №2124, опись №2, дело №4, стр. 81