მარია ანა სავოიელი (შაბლეს ჰერცოგინია)
| მარია ანა სავოიელი | |
|---|---|
|
| |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 17 დეკემბერი, 1757 წ. |
| დაბ. ადგილი: | ტურინის სასახლე, ტურინი |
| გარდ. თარიღი: | 11 ოქტომბერი, 1824 წ. (66 წლის) |
| გარდ. ადგილი: | ტურინის სტუპინიგის სანადირო რეზიდენცია, ტურინი, იტალია |
| დაკრძ. ადგილი: | სუპერგის ბაზილიკა, ტურინი, იტალია |
| მეუღლე: |
ბენედეტო, შაბლეს ჰერცოგი (დაქ. 1775 წ.- გარდაიცვალა 1808 წ.) |
| სრული სახელი: | მარია ანა კაროლინა გაბრიელა დი სავოია |
| დინასტია: | სავოიელები |
| მამა: | ვიტორია ამადეო III სავოიელი |
| დედა: | მარია ანტონია ფერნანდა ესპანელი |
მარია ანა სავოიელი (მარია ანა კაროლინა გაბრიელა; დ. 17 დეკემბერი, 1757 — გ. 11 ოქტომბერი, 1824) — დაბადებიდან სავოის პრინცესა.[1] ბიძასთან, პრინც ბენედეტოსთან, შაბლეს ჰერცოგთან ქორწინების შემდეგ შაბლეს ჰერცოგინია.
ბავშვობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრინცესა ტურინის სასახლეში, სავოიის ჰერცოგ პრინც ვიტორიო ამადეოს (1773 წლიდან სარდინიის მეფის) და მისი მეუღლის, მარია ანტონია ფერნანდას, ესპანეთის მეფე ფილიპე V ქალიშვილის მეექვსე შვილად დაიბადა.
მარია ანა დაბადებით მეოთხე გოგონა გახლდათ, თუმცა მისი ერთ-ერთი უფროსი დის მშობიარობისას დაღუპვამ, განაპირობა, რომ ის მესამე ქალიშვილად მოიაზრებოდა. მისი ორი უფროსი და მომავალში საფრანგეთის მეფე ლუი XV შვილიშვილების მეუღლეები გახდნენ: პრინცესა მარია ჯუზეპინა, რომელიც საფრანგეთის მომავალ ლუი XVIII, 1771 წელს გათხოვდა, და პრინცესა მარია ტერეზა, რომელიც მომავალ შარლ X, 1773 წელს გაჰყვა ცოლად. მათი უმცროსი და, მარია კაროლინა, ანტონი საქსელზე დაქორწინდა.[2]
მისი ძმებიდან სამნი სარდინიის სავოის დინასტიის უკანასკნელ სამ მეფედ მოიაზრებოდნენ. ესენი იყვნენ კარლო ემანუელე IV, ვიტორიო ემანუელე I და კარლო ფელიჩე (ამ მიმდევრობით). ამ უკანასკნელის 1831 წელს გარდაცვალების შემდეგ, ტახტი კარლო ალბერტოს, კარინიანოს პრინცსა და მომდევნო კანონიერ მემკვიდრეს გადაეცა.
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი უფროსი დების ფრანგ პრინცებზე გათხოვების შემდეგ, მარია ანა მამამისის ნახევარ-ძმას, პრინც ბენედეტოს, შაბლეს ჰერცოგს გაურიგეს. ქორწინება 1775 წლის 19 მარტს, წმინდა საფარველის სამლოცველოში, ტურინში შედგა.[3] წყვილს შვილები არ შესძენია, თუმცა ქორწინება ბედნიერი იყო: მიუხედავად მათი ემოციური სიახლოვისა, მარია ანა, მეუღლეს, უპირველესად, ბიძად აღიქვამდა.[4] მათი ოფიციალური რეზიდენციები შაბლეს სასახლე (Palazzo Chiablese) და აგლიეს ჰერცოგთა სასახლე (Ducal Castle of Agliè) იყო.[2] პრინცესა მეგობრობდა და კარგი ურთიერთობა ჰქონდა თავის რძლებთან - მარი კლოტილდასთან, პიემონტის პრინცესასთან და მარია ტერეზა ავსტრიელ-ესტესთან, აოსტას ჰერცოგინიასთან.[5]
1798 წლის დეკემბერში საფრანგეთის რესპუბლიკა სარდინიის სამეფოში შეიჭრა, რის გამოც მთელს სამეფო ოჯახს ქვეყნიდან გაქცევა მოუწია. შაბლეს ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ტურინი დატოვეს და სარდინიაში გადავიდნენ, სადაც 1799 წლის ბოლომდე ცხოვრობდნენ. შემდეგ კუნძულიც დატოვეს და რომში, პაპის რეზიდენციაში დასახლდნენ. 1805 წელს მათ რამდენიმე თვე გაატარეს ფლორენციაში, ეტრურიის მეფე ლუდოვიკო I და მის მეუღლე დედოფალ მარია ლუისასთან სტუმრად.[2]
იტალიაში, შაბლეს ჰერცოგმა ქვეყნის არმიის კონტროლი გადაიბარა, რომელიც ფრანგულ ჯარებსაც მოიაზრებდა და რომელიც საფრანგეთში მონარქიის აღდგენას (1793 წელს ლუი XVI სიკვდილით დასჯის შემდეგ) აპირებდა. ჰერცოგმა ლოანოს ბრძოლაშიც მიიღო მონაწილეობა.
შაბლეს ჰერცოგი ბენედეტო 1808 წლის 4 იანვარს, რომში გარდაიცვალა. 1816 წელს უკვე რეგენტმა ჰერცოგინიამ თავისთან საკუთარი ძმა - კარლო ფელიჩე და ბიძაშვილი - კარლო ალბერტო მიიწვია. იმავე წლისათვის სავოის სახლის ძალაუფლება და ქონება უკვე აღდგენილი გახლდათ. მარია ანას არყოფნის დროს შაბლეს სასახლეში კამილო ბორგეზე, სულმონას მეექვსე პრინცი და მისი მეუღლე, ცნობილი პოლინ ბონაპარტი ცხოვრობდნენ.[6] მიუხედავად ამისა, მარია ანა სამშობლოში მაშინვე არ დაბრუნებულა: 1820 წელს მან რომის მახლობლად, ლუსიენ ბონაპარტისაგან რუნფინელის ვილა შეიძინა. 1822 წელს, ძმისა და ბიძაშვილის მხრიდან პროტესტის მიუხედავად, ქალი ფლორენციაში გადასახლდა.[2]
სიკვდილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია ანა მხოლოდ 1824 წლის დასაწყისში დაბრუნდა პიემონტში, სადაც მონკალიერის ციხესიმაგრეში თავის ძმებს, ყოფილ მეფე ვიტორიო ემანუელე I და ახალ მონარქ კარლო ფელიჩეს შეხვდა. იმავე წლის ზაფხულში კარლო ფელიჩესა და მის მეუღლესთან, მარია კრისტინასთან ერთად, რეგენტი ჰერცოგინია სავოიაში გაემგზავრა, სადაც ისინი ჰაუტკომბის სააბატოს ეწვივნენ.[2]
მარია ანა ტურინის სტუპინიგის სანადირო რეზიდენციაში (Palazzina di caccia of Stupinigi), 1824 წელს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა, და სუპერგის სამეფო ბაზილიკაში დაკრძალეს. მან მთელი თავისი ქონება, მათ შორის მისი და მისი გარდაცვლილი მეუღლის სასახლეები, რეზიდენციები და მის მიერ შეძენილი რუნფინელის ვილა თავის ძმას, სარდინიის მეფე კარლო ფელიჩეს უანდერძა.[2]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (1768) Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans (fr). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (1768) Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans (fr). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel, გვ. 26.
- 1 2 3 4 5 6 Maria Anna, Duchesse di Chiablese (1757 - 1824) in: castellodiaglie.beniculturali.it დაარქივებული 2016-08-21 საიტზე Wayback Machine. [retrieved 2 June 2016].
- ↑ Savoia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-08. ციტირების თარიღი: 2016-06-02
- ↑ The Edinburgh magazine, or Literary miscellany, p 25
- ↑ Louis Leopold d'Artemont: A Sister of Louis XVI - Marie-Clotilde de France, queen of Sardinia (1759-1802), London, London, 1911, p. 86.
- ↑ Palazzo Chiablese in: piemonte.beniculturali.it დაარქივებული 2019-03-28 საიტზე Wayback Machine. [retrieved 2 June 2016].