მართა შვედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მართა შვედი
სრული სახელი
მართა სოფია ლოვიზა დაგმარ ტირა
წოდებები
ნორვეგიის კრონპრინცესა
დაიბადა 28 მარტი, 1901
სტოკჰოლმი, შვედეთი
გარდაიცვალა 5 აპრილი, 1954, (53 წლის)
ოსლო, ნორვეგია
საგვარეულო ბერნადოტები
მეუღლე(ები) ულაფი, ნორვეგიის კრონპრინცი
(ქ. 1929)
შვილ(ებ)ი ჰარალდ V, ნორვეგიის მეფე
მამა კარლი, ვესტერგიოტლანდის ჰერცოგი
დედა ინგებორგ დანიელი
რელიგია ლუთერანიზმი

მართა შვედი (შვედ. Märtha av Sverige), აგრეთვე ცნობილია, როგორც ნორვეგიის კრონპრინცესა მართა (ნორვ. Kronprinsesse Märtha av Noreg; დ. 28 მარტი, 1901, სტოკჰოლმი, შვედეთი — გ. 5 აპრილი, 1954, ოსლო, ნორვეგია) — ბერნადოტების დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის მეფე ოსკარ II-ისა და დანიის მეფე ფრედერიკ VIII-ის შვილიშვილი. ნორვეგიის კრონპრინცესა 1929 წლიდან გარდაცვალებამდე, როგორც მეფე ულაფ V-ის მეუღლე, რომელიც მის გამეფებამდე აღესრულა. ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ის დედა და კრონპრინც ჰოკონის ბებია. ბელგიის დედოფალ ასტრიდის და, ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგინია ჟოზეფინ შარლოტის, ბელგიის მეფე ბოდუენისა და მეფე ალბერტ II-ის დეიდა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა მართა (მარჯვნივ) დედასა და დებთან ერთად 1910 წელს

პრინცესა მართა დაიბადა 1901 წლის 28 მარტს სტოკჰოლმში, შვედეთში. იგი იყო ვესტერგიოტლანდის ჰერცოგ კარლისა და მისი მეუღლის, პრინცესა ინგებორგ დანიელის შუათანა ასული. მამამისი იყო შვედეთის მეფე გუსტავ V-ის უმცროსი ძმა და მეფე ოსკარ II-ის ვაჟი, ხოლო დედამისი დანიის მეფე კრისტიან X-ის და და მეფე ფრედერიკ VIII-ის ასული იყო. ასევე დედამისის ძმა იყო ნორვეგიის მეფე ჰოკონ VII (მართას მომავალი მამამთილი).

მართას ერთი უფროსი და ჰყავდა პრინცესა მარგარეტას სახით, რომელიც ცოლად დანიის პრინც აქსელს გაჰყვა. ასევე მისი უმცროსი და იყო ბელგიის დედოფალი ასტრიდი, მეფე ლეოპოლდ III-ის მეუღლე და ბელგიის ორი მეფის: ბოდუენისა და ალბერტ II-ის დედა. აღსანიშნავია, რომ დებს შორის მართა ყველაზე კომუნიკაბელური და თავდაჯერებული იყო, რაც დედამისს ძალიან მოსწონდა მასში.

ბავშვობაში მას სახლში კერძო რეპეტიტორები ამეცადინებდნენ. გარდა ზოგადი განათლების მიღებისა, მართამ მათგან პირველადი სამედიცინო დახმარების სრული კურსი გაიარა. აღსანიშნავია, რომ მას უყვარდა დებთან ერთად სტოკჰოლმის ქუჩებში უმეთვალყურეოდ სიარული და მაღაზიებში საყიდლებზე სიარული.

კრონპრინცესა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1928 წელს ამსტერდამში ჩატარებული ოლიმპიური თამაშების დროს პრინცესა მართა მის ბიძაშვილსა და ნორვეგიის მეფე ჰოკონ VII-ის ერთადერთ ვაჟზე, კრონპრინც ულაფზე დანიშნეს. ეს ქორწინება მიზნად ისახავდა შვედეთ-ნორვეგიის უნიის გახლეჩვის შედეგად ორ სამეფოს შორის არსებული მტრობისა და დაძაბულობის აღმოფხვრას. აღსანიშნავია, რომ ნიშნობის ამბავი მართამ კარგად მიიღო. სულ მალე წყვილს ერთმანეთი შეუყვარდათ და პოლიტიკურთან ერთად ეს სიყვარულით ქორწინებაც გახდა.

მართა და ულაფი თავიანთ უფროს ქალიშვილ რაგნჰილდასთან ერთად 1931 წელს

ერთწლიან ნიშნობას 1929 წლის 21 მარტს ოსლოს კათედრალში მართასა და ულაფის ჯვრისწერა მოჰყვა. უკანასკნელი 340 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი სამეფო ქორწილი, რომელიც ნორვეგიაში შედგა. ქორწინება, რომელიც უმეტესწილად პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული, სულ მალე სიყვარულში გადაიზარდა და მართამ სამი ბავშვიც გააჩინა.

კრონპრინცესა მართა მალევე გადაიქცა სამეფო ოჯახის საყვარელ და პატივსაცემ წევრად. იგი წარმატებით ასრულებდა მთელ რიგ ოფიციალურ ვალდებულებებს და მეტიც, ის ხშირად გამოდიოდა სიტყვით, რაც სამეფო კარის ქალბატონებისთვის სიახლე იყო.

კრონპრინცი ულაფი და კრონპრინცესა მართა სკაუგუმის მოკრძალებულ სასახლეში ცხოვრობდნენ, რომელიც მათი საქორწინო საჩუქარი იყო ფრიც ვედელ იარლსბერგისაგან. 1930 წელს სკაუგუმის სასახლე ხანძარმა გაანადგურა, თუმცა კრონპრინცის აქტიური მუშაობის შედეგად იგი მალევე აღდგა.

მართას ცხოვრებაში პირველი დიდი ტრაგედია 1935 წელს მოხდა, როდესაც მისი და, ბელგიის დედოფალი ასტრიდი 29 წლის ასაკში ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. ამ ფაქტმა საშინლად იმოქმედა მართაზე, მით უმეტეს, რომ დები განსაკუთრებულად ახლოს იყვნენ. როგორც შემდეგში ულაფი იხსენებდა, მის ცოლს ათ წელზე მეტი დრო დასჭირდა, რომ დის სიკვდილი გადაეტანა. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ იგი თავის უფროს დასთან, მარგარეტასთან ერთად აქტიურად ჩაერთო ასტრიდის ობლების აღზრდაში.

1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე წყვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია. ამ დროს ისინი პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტსა და მის ცოლს, ელეონორა რუზველტს დაუმეგობრდნენ. ამ ვიზიტისას ისინი ეწვივნენ ნორვეგიელი ემიგრანტებით დასახლებულ უბნებსაც. მართა ასევე ეწვია ჩრდილოეთ დაკოტას უნივერსიტეტს, სადაც იგი დიდი პატივით მიიღეს.

მას შემდეგ, რაც 1938 წელს მისი დედამთილი, დედოფალი მაუდ უელსელი (იგი მართას დედის მამიდის, დედოფალ ალექსანდრა დანიელის ასული იყო) გარდაიცვალა, კრონპრინცესა მართა ნორვეგიის სამეფო კარზე მთავარ ქალად იქცა.

მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრონპრინცესა მართამ, რომელიც თავიდანვე აქტიურად იყო ჩაბმული ნორვეგიის თვითდახმარების მობილიზაციის საქმეში, 1940 წელს ღიად მოუწოდა ნორვეგიელ ქალებს, რომ მობილიზაციაში ჩაბმულიყვნენ. მას შემდეგ, რაც 1940 წლის აპრილში ნაცისტურმა გერმანიამ ნორვეგიის ანექსია მოახდინა, კრონპრინცესამ შვილებთან ერთად შვედეთში გაქცევა სცადა, თუმცა ქვეყანაში არ შეუშვეს, რადგან შვედური მთავრობა გერმანიასთან ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობდა, მათი მხრიდან ნორვეგიის სამეფო ოჯახის წევრების შეფარება კი სარისკო იყო. ამის შემდეგ იგი პრეზიდენტმა რუზველტმა თავად მიიწვია აშშ-ში, სადაც იგი ამერკული საზღვაო ლეგიონის დახმარებით შვილებთან ერთად მალევე ჩავიდა. აქ მისი ოჯახი თავიდან თეთრ სახლში დააბინავეს. ამ პერიოდში კრონპრინცი ულაფი და მეფე ჰოკონი დიდ ბრიტანეთში იყვნენ წასულები, საიდანაც ხელმძღვანელობდნენ ნორვეგიის ემიგრირებულ მთავრობას. ამის გამო კრონპრინცი და კრონპრინცესა ომის გამო რამდენიმე წლით ერთმანეთს დაშორდნენ.

მარცხნიდან მარჯვნივ: კრონპრინცი ულაფი, ნიდერლანდების დედოფალი იულიანა, პირველი ლედი ელეონორა რუზველტი, კრონპრინცესა მართა და თომას უოტსონი. ფოტო გადაღებულია 1944 წელს.

1941 წლის აგვისტოში კრონპრინცესა მართამ პრეზიდენტ რუზველტთან და უინსტონ ჩერჩილთან ერთად საპრეზიდენტო იახტით იმოგზაურა ნიუფაუნდლენდსა და ატლანტის ოკეანის სხვა კუნძულებზე.

კრონპრინც-პრინცესისა და რუზველტების მეგობრობა ომის წლებმა კიდევ უფრო გააძლიერა. 1942 წელს მეფე ჰოკონ VII-მ ამერიკელებს ნორვეგიული სამეფო წყალქვეშა ნავები აჩუქა. იმავე პერიოდში კრონპრინცესა მართამ აქტიური გამოსვლები დაიწყო და ხალხს ნორვეგიის გათავისუფლებისაკენ მოუწოდებდა. მისმა აქტიურმა საქმიანობამ, რომელიც ამერიკული წითელი ჯვრის დასახმარებისაკენ იყო მიმართული, კარგი შთაბეჭდილება დატოვა რუზველტებზე, რომელთაც 1942 წელს გამართეს კამპანია „შეხედეთ ნორვეგიას“. მოგვიანებით რომანისტი და ესეისტი გორ ვიდალი ამბობდა, რომ პრინცესა მართა რუზველტის „უკანასკნელი სიყვარული იყო“. თავად ფრანკლინის ვაჟი, ჯეიმზი წერდა, რომ „ეჭვი არაა, პრინცესა მართა ომის დროს მამაჩემის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო... არსებობს იმის რეალური შესაძლებლობაც, რომ პრეზიდენტსა და პრინცესას შორის ნამდვილი რომანტიკული ურთიერთობა ყოფილიყო“.

კრონპრინცესა მართამ მეორე მსოფლიო ომის წლები აშშ-ში გაატარა, სადაც იგი აქტიურად მოღვაწეობდა ამერიკული საზოგადოებისა და მთავრობის მხრიდან ნორვეგიის გასათავისუფლებლად მხარდაჭერის მოპოვებას. 1942 წელს იგი ლონდონში ჩავიდა ქმრის სანახავად და დაესწრო განსვენებული დედამთილის დაბადების დღის აღსანიშნავ ცერემონიალსაც. 1945 წელს ნორვეგია გერმანული ოკუპაციისაგან გათავისუფლდა და სამეფო ოჯახიც ოსლოს დაუბრუნდა, რის შემდეგაც ხალხმა მართას „ერის დედა“ უწოდა. ამის შემდეგ იგი მთლიანად გადაერთო ნორვეგიაში სტაბილურობისა და კეთილდღეობის მიღწევაზე.

ომის შემდგომი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეფე ჰოკონის ჯანმრთელობის შერყევასთან ერთად კრონპრინცისა და კრონპრინცესის მოვალეობები ერთიორად გაიზარდა. ამის გამო მართას ძალიან დატვირთული განრიგი ჰქონდა, თუმცა 1946 და 1950 წლებში მაინც მოახერხა აქტიური კამპანიის ჩატარება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ომის შემდეგ ნორვეგიაში დაბრუნებული მართას ჯანმრთელობაც შეირყა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ კრონპრინცესა მართა 1954 წლის 5 აპრილს, 53 წლის ასაკში ოსლოში გარდაიცვალა კიბოთი. მისი გარდაცვალებისას მისი პირველი ქალიშვილი, პრინცესა რაგნჰილდა პირველ ბავშვზე იყო ორსულად. მისი სიკვდილიდან სულ სამ წელიწადში დაიღუპა მეფე ჰოკონიც და მისი ქვრივი ნორვეგიის მეფე გახდა ულაფ V-ის სახელით. აღსანიშნავია, რომ მან 1991 წლამდე იმეფა, თუმცა მეორე ცოლი აღარ შეურთავს. მის გარდაცვალებას არა მხოლოდ კრონპრინცი და მისი ობლები, არამედ სრულიად ნორვეგია გლოვობდა.

ტიტულატურა და ჰერალდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიტულები და წოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 28 მარტი, 1901 - 7 ივნისი, 1905: მისი სამეფო უდიდებულესობა შვედეთისა და ნორვეგიის პრინცესა მართა;
  • 7 ივნისი, 1905 - 21 მარტი, 1929: მისი სამეფო უდიდებულესობა შვედეთის პრინცესა მართა;
  • 21 მარტი, 1905 - 5 აპრილი, 1954: მისი სამეფო უდიდებულესობა ნორვეგიის კრონპრინცესა;

გერბი და მონოგრამა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი სურათი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
რაგნჰილდა 9 ივნისი, 1930

ოსლო, ნორვეგია

16 სექტემბერი, 2012

რიო-დე-ჟანეირო,

ბრაზილია

(82 წლის)

1953 წელს ცოლად გაჰყვა ერლინგ ლორენცენს, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი და ორი

ქალიშვილი. გარდაიცვალა კიბოთი, გადაასვენეს და დაკრძალეს ოსლოში.

ასტრიდი 12 თებერვალი, 1932

ოსლო, ნორვეგია

ცოცხალია 1961 წელს ცოლად გაჰყვა იოჰან მარტინ ფერნერს, რომელთანაც შეეძინა სამი გოგონა და

ორი ვაჟი, დაქვრივდა 2015 წელს. დღეისათვის იგი რამდენიმე საქველმოქმედო

ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

ჰარალდ V 21 თებერვალი, 1937

აკერსჰუსი, ნორვეგია

ცოცხალია ნორვეგიის მეფე 1991 წლიდან დღემდე. 1968 წელს ცოლად შეირთო სონია ჰარალდსენი,

რომელთანაც შეეძინა პრინცესა მართა ლუიზა და კრონპრინცი ჰოკონი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Vidal, Gore (1995). Palimpsest: a memoir. New York: Random House. p. 64. ISBN 0-679-44038-0.
  • Goodwin, Doris Kearns (1994). No Ordinary Time. Simon & Schuster. p. 153. ISBN 9780684804484.
  • "Crown Princess Märtha (1901-1954)". Norwegian Royal House. Archived from the original on 2018-06-16. Retrieved 2018-09-25.
  • "Who was Princess Märtha of Sweden? - History of Royal Women". History of Royal Women. 2017-03-28. Retrieved 2017-05-30.
  • Royal House web page on Crown Princess Märtha’s Memorial Fund Archived 2008-04-08 at the Wayback Machine Retrieved 6 November 2007
  • "Static ships:Kronprinzessin Martha". Cruiseship Odyssey. Retrieved 2018-12-06.