მართა ლუიზა ნორვეგიელი
მართა ლუიზა ნორვეგიელი | |
---|---|
წოდებები
ნორვეგიის პრინცესა | |
დაიბადა |
22 სექტემბერი, 1971 ოსლო, ნორვეგია |
საგვარეულო | გლუქსბურგები |
მეუღლე(ები) |
არი ბენი (ქ. 2002 - განქ. 2017) |
შვილ(ებ)ი |
მაუდ ანგელიკა ლეა ისადორა ემა ტალულაჰი |
მამა | ჰარალდ V, ნორვეგიის მეფე |
დედა | სონია ჰარალდსენი |
რელიგია | ლუთერანიზმი |
მართა ლუიზა ნორვეგიელი (ნორვ. Märtha Louise av Noreg; დ. 22 სექტემბერი, 1971, ოსლო, ნორვეგია) — გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ისა და დედოფალ სონია ჰარალდსენის უფროსი ქალიშვილი, კრონპრინც ჰოკონის და და ტახტის რიგით მეოთხე მემკვიდრე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრინცესა მართა ლუიზა დაიბადა 1971 წლის 22 სექტემბერს ეროვნულ სამშობიაროში, ოსლოში. იგი არის ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ისა და დედოფალ სონია ჰარალდსენის პირველი შვილი. მას სახელი ბებიის, ნორვეგიის კრონპრინცესა მართა შვედისა და დიდი ბებიის, დანიის დედოფალ ლუიზა შვედის პატივსაცემად დაარქვეს. იგი დაბადებიდან რამდენიმე თვეში მონათლეს, მისი ნათლიები კი არიან: ნორვეგიის მეფე ულაფ V (ბაბუამისი), შვედეთის პრინცესა მარგარეტა, როზენბორგის გრაფი ფლემინგი, ნორვეგიის პრინცესა რაგნჰილდა (მამიდამისი), დანი ჰარალდსენი, ჰოკონ ჰარალდსენი, ნილს იორგენი და ლიმი რიდერვოლდი.
1973 წელს დაიბადა მისი ძმა, კრონპრინცი ჰოკონი, რომელიც ტახტის მემკვიდრე გახდა. 1990 წელს შემოღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელიც პრინცესებს ძმების თანასწორ მემკვიდრეობას ანიჭებს, რის მიხედვითაც ტახტის პირველი მემკვიდრე მართა ლუიზა უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეფემ მემკვიდრეობა თავის ვაჟს შეუნარჩუნა. ამის გამო პრინცესა მართა ლუიზა თავისი ძმისა და მისი ორი შვილის, ინგრიდისა და შვერის შემდეგ რიგით მეოთხეა ნორვეგიის სამეფო ტახტის მემკვიდრეთა რიგში.
ოსლოში სასკოლო განათლების დასრულების შემდეგ პრინცესა მართა ლუიზა ნიდერლანდებში გაემგზავრა, სადაც მაასტრიხტის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა ფსიქოთერაპევტიის განხრით. ამასთან ერთად, მას ძალიან უყვარს ნორვეგიული ფოლკლორი, რის გამოც იგი ხშირად აწყობს წარმოდგენებს ფოლკლორულ მუსიკაზე დაყრდნობით. 2003 წელს სწორედ მან გაუწია ორგანიზება ოსლოს საშობაო ზეიმს.
2004 წლის ოქტომბერში პრინცესა ქმართან ერთად ნიუ-იორკში გადასახლდა, სადაც გამოსცა თავისი პირველი წიგნი, სახელად „მეფეები და დედოფლები რატომ არ ატარებენ გვირგვინებს“. 2007 წელს იგი გახდა ნორვეგიის სამეფო ოჯახის პირველი წევრი, რომელმაც თავისი ახალი წიგნის, „მართას ანგელოზების“ გაყიდვები მოაწყო და წიგნებზე ავტოგრაფებსაც წერდა. იმავე წელს გამოსცა კიდევ ერთი წიგნი, რომელშიც 50 სხვადასხვა ქვეყნიდან აღებული 67 ზღაპარია გაერთიანებული. დღეისათვის მას სულ ხუთი წიგნი აქვს გამოცემული.
2014 წელს პრინცესა მართა ლუიზა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა მისი კავშირის გამო ბრიტანელ ნათელმხილველ ლიზა უილიამსთან. ლიზა 2014 წელს მართა ლუიზამ ოსლოშიც ჩაიყვანა და თავის დაარსებულ სკოლაში სემინარი ჩაატარებინა. პრინცესას იგი განსაკუთრებით იმით იზიდავდა, რომ უილიამსის მტკიცებით მას გარდაცვლილთა სულებთან კონტაქტი შეუძლია. მართა ლუიზას ამ საქმიანობაზე სამეფო ოჯახის სხვა წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2002 წლის 24 მაისს პრინცესა მართა ლუიზა ტრონჰეიმში დაქორწინდა მწერალ არი ბენიზე (1972-2019). წყვილს თხუთმეტწლიან ქორწინებაში სამი გოგონა შეეძინა:
- მაუდ ანგელიკა (დ. 29 აპრილი, 2003, ოსლო);
- ლეა ისადორა (დ. 8 აპრილი, 2005, ფრედრიკსტადი);
- ემა ტალულაჰი (დ. 29 სექტემბერი, 2008, ლომედალენი);
მათი ოჯახი სხვადასხვა დროს ისლინგტონში, ლონდონსა და ლომედალენში ცხოვრობდა. 2017 წელს მართა ლუიზა და არი ბენი განქორწინდნენ, 2019 წლის შობის დღეს კი არიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
2019 წლის მაისში ცნობილი გახდა პრინცესის ურთიერთობის შესახებ ამერიკელ შამან დარეკ ვერეტთან (დ. 1974). დარეკის მამა დედის მხრიდან ნორვეგიელ-ინდოელია, ხოლო მამის მხრიდან ჰაიტელი. მათ ურთიერთობას ნორვეგიაში ბევრი მტრულად შეხვდა, რის გამოც პრინცესა კრიტიკის ეპიცენტრში მოექცა. მოგვიანებით მან და დარეკმა ერთად გაუწიეს ორგანიზება სემინარებს, სახელად „პრინცესა და შამანი“, რამაც მათკენ მომართული კრიტიკა უფრო გააძლიერა. ცნობილია ისიც, რომ ვერეტის მტკიცებით მასში ამერიკელი ქალის სულია ჩასახლებული, რომელიც საკუთარ თავს „ხორვატიის პრინცესა სიუზენ ფონ რადიკს“ უწოდებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "Princess Martha Louise of Norway Shares First Photos with Her New American Boyfriend". People.com. Retrieved 14 May 2019.
- "Royal Shock: Divorced Princess reveals new boyfriend on Instagram". Hello Magazine. 13 May 2019. Retrieved 14 May 2019.
- Nikolaisen, Rudi (21 May 2019). "Sjaman-svada fra Märtha og Durek". itromso.no.
- Fjeld, Johannes (13 May 2019). "Fillerister «sjaman»-foredrag". Dagbladet.no.
- Stephansen, Erik (17 October 2019). "Nå er det blitt så pinlig at hele kongeriket rødmer". Nettavisen.
- Krøger, Cathrine (15 October 2019). "Gal manns tale". Dagbladet.no.
- Husøy, May Synnøve Rogne Eirik. "Märthas sjaman-kjæreste sier han kan snu atomer - fysikkprofessor kaller det «sludder»". Aftenposten.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- http://wc.rootsweb.ancestry.com/cgi-bin/igm.cgi?op=GET&db=queenvictoria&id=I28369
- https://web.archive.org/web/20071014015608/http://www.aftenposten.no/english/local/article1901846.ece
- https://www.thestar.com.my/news/world/2019/05/22/norways-princess-martha-louise-reveals-relationship-with-american-shaman/
- https://www.vg.no/i/3yxdL