შინაარსზე გადასვლა

მარდინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მარდინი (ქალაქი))
ქალაქი
მარდინი
თურქ. Mardin
გერბი

ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია მარდინი
კოორდინატები 37°18′00″ ჩ. გ. 40°44′00″ ა. გ. / 37.30000° ჩ. გ. 40.73333° ა. გ. / 37.30000; 40.73333
ცენტრის სიმაღლე 1083
მოსახლეობა 129 864 (2021)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 0482
საფოსტო ინდექსი 47xxx
საავტომობილო კოდი 47
ოფიციალური საიტი mardin.bel.tr
მარდინი — თურქეთი
მარდინი

მარდინი (ქურთ. مێردین [Mêrdîn];[1] არაბ. ماردين; სირ. ܡܪܕܝܢ [Merdīn];[2][3] სომხ. Մարդին) — ქალაქი აღმოსავლეთ თურქეთში, ართუქლუს რაიონისა და მარდინის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.[4] იგი ცნობილია თავისი ძველი ქალაქის ართუქიდული არქიტექტურით და სტრატეგიული მდებარეობით კლდოვან ბორცვზე, მდინარე ტიგროსის მახლობლად.[5]

ქალაქის ძველი ნაწილი იუნესკოს დაცვის ქვეშაა, რაც კრძალავს ახალ მშენებლობებს მისი ფასადის შესანარჩუნებლად.[6]

2021 წელს ქალაქის მოსახლეობა 129 864 ადამიანს შეადგენდა.[7] მოსახლეობა შედგება ქურთების, არაბების, მჰალამებისა და ასირიელებისაგან.

უძველესი ისტორია და ეტიმოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეო-ასურული პერიოდის სამართლებრივ დოკუმენტში მოხსენიებულია მარდიანეში მიმავალი გზა, რომელიც სავარაუდოდ დღევანდელი მარდინია, რაც მიუთითებს, რომ სახელს აქვს ფესვები, რომლებიც თარიღდება სულ მცირე ნეო-ასურული პერიოდიდან.[8]

ქალაქმა გადაიტანა სირიულ-ქრისტიანული პერიოდი, იზლას მთზე ადრეულ IV საუკუნეში იდგა ნისიბისის მონასტერი, სადაც სამოცდაათი ბერი ცხოვრობდა.[9] რომაულ პერიოდში თავად ქალაქი ცნობილი იყო სახელით მარიდა (მერიდა).[10] სახელწოდება სირიული სიტყვიდან წარმოსდგება და ითარგმნება როგორც „ციხესიმაგრე“.[11][12]

დაახლოებით ძვ. წ. 150 წლიდან ახ. წ. 250 წლამდე ის იყო ოსროჰენას ნაწილი, რომელსაც მართავდა აბგარიდების დინასტია.[13]

ადრეული მუსლიმური დაპყრობების დროს, ბიზანტიური ქალაქი 640 წელს დაიპყრო მუსლიმმა მეთაურმა იად იბნ განმმა.[14][15] პერიოდულად ქალაქის კონტროლი ხშირად იცვლებოდა სხვადასხვა დინასტიებს შორის. ჰამდან იბნ ჰამდუნმა ქალაქი დაიპყრო 885 წელს და ის ჰამდანიდური კონტროლის ქვეშ X საუკუნის მეორე ნახევრამდე დარჩა, რა დროსაც ქალაქი გახდა სადავო მარვანიდებსა და უქაილიდებს შორის. მარვანიდებს სავარაუდოდ ჰქონდათ უპირატესობა ამ რეგიონზე.[14][15] მარვანიდების კონტროლი რეგიონში დასრულდა სელჯუკ მალიქ-შაჰ I-ის ჩამოსვლით 1085 წელს, რამაც შემოიტანა თურქული პოლიტიკური დომინირებისა და იმიგრაციის ერა რეგიონში.[15]

1103 წლიდან მარდინი იყო ართუქიდების დინასტიის ორი მთავარი შტოდან ერთ-ერთის დედაქალაქი. ეს ოღუზ-თურქული ოჯახი ადრე იბრძოდა სელჯუკების გვერდით.[16][15] მარდინის მრავალი მნიშვნელოვანი ისტორიული შენობა აშენდა ართუქიდების კონტროლის პერიოდში, მათ შორის რამდენიმე მეჩეთი და მედრესე, სხვა ტიპის ისლამურ არქიტექტურასთან ერთად.[17] ართუქიდების დინასტიის მიწები მონღოლებმა დაიმორჩილეს დაახლოებით 1235-1243 წლების პერიოდში, მაგრამ ართუქიდები დაემორჩილნენ მონღოლ ხან ჰულაგუს და განაგრძეს მმართველობა როგორც მონღოლთა იმპერიის ვასალებმა.[18][16]

როდესაც თემურლენგი 1394 წელს რეგიონში შეიჭრა, ადგილობრივი ართუქიდი მმართველი დაემორჩილა თემურიდების სუზერენიტეტს, მაგრამ რეგიონი კვლავ სადავო რჩებოდა სხვადასხვა ძალებს შორის.[14] უკანასკნელმა ართუქიდმა მმართველმა, ალ-სალიჰმა, საბოლოოდ დაუთმო ქალაქი ყარა იუსუფს, ყარა-ყოიუნლუს ლიდერს, 1408-1409 წლებში და გაემგზავრა მოსულში.[16][14] ქალაქი კვლავ სადავო რჩებოდა ყარა-ყოიუნლუსა და მათ მეტოქეებს, თიმურიდებთან მოკავშირე აყ-ყოიუნლუს შორის.[14] 1451 წელს ყარა-ყოიუნლუმ ალყა შემოარტყა ქალაქს მას შემდეგ, რაც ის აყ-ყოიუნლუმ დაიპყრო, მაგრამ ვერ შეძლო ციხესიმაგრის უკან დაბრუნება. ამრიგად, აყ-ყოიუნლუს მმართველობა გაგრძელდა ქალაქში XV საუკუნის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.[15] აქ იჭრებოდა მონეტები უზუნ-ჰასანისა და მისი ვაჟის, იაყუბის მმართველობის დროს.[14] იაყუბის შემდეგ აყ-ყოიუნლუს მმართველობამ დაიწყო დაშლა, მაგრამ მარდინი მრავალი წლის განმავლობაში რჩებოდა დამოუკიდებელი აყ-ყოიუნლუს სამთავროს ცენტრად, მაშინ როცა სეფიანები აღმოსავლეთში უფრო ძლიერდებოდნენ. 1507 წელს სეფიანმა მმართველმა ისმაილ I-მა შეძლო ქალაქისა და ციხესიმაგრის დაპყრობა, განდევნა რა ადგილობრივი აყ-ყოიუნლუს მმართველი.[19][14]

შუა საუკუნეების პერიოდში ქალაქმა შეინარჩუნა მნიშვნელოვანი ასირიული და სომხური მოსახლეობა და გახდა ცენტრი სომხური სამოციქულო, სომხური კათოლიკური, აღმოსავლეთის ეკლესიის, სირიული კათოლიკური ეკლესიების საეპისკოპოსო კათედრებისთვის, ასევე სირიული მართლმადიდებლური ეკლესიის ბასტიონი, რომლის საპატრიარქო კათედრა განთავსებული იყო ახლომდებარე ზაფრანის მონასტერში 1034 წლდან 1924 წლამდე.[20] ვენეციელი ვაჭარი, რომელმაც ქალაქი მოინახულა 1507 წელს, წერდა, რომ ქალაქში უფრო მეტი ქრისტიანი სომეხი და ებრაელი იყო, ვიდრე მუსლიმი.[14]

1514 წელს ჩალდირანის ბრძლაში ოსმალეთის სეფიანებზე გამარჯვების შემდეგ რეგიონში ძალთა ბალანსი შეიცვალა. სეფიანების მეთაური რეგიონში, უსტაჯლუ დაიღუპა ოსმალებთან ბრძოლაში და მის ადგილას დაინიშნა მისი ძმა, ქარა-ხანი (ან კარაჰანი). 1515 წელს მარდინი მოკლე ხნით დაემორჩილა ოსმალებს, მაგრამ ციხესიმაგრე კვლავ სეფიანების კონტროლქვეშ დარჩა და ოსმალები იძულებული გახდნენ რამდენიმე დღის შემდეგ დაეტოვებინათ ქალაქი, რამაც ქარა-ხანს საშუალება მისცა კვლავ დაეკავებინა იგი.[15][14] მომდევნო წელს ოსმალეთის მეთაურმა ბიიკლი მეჰმედ ფაშამ, დაამარცხა ქარა-ხანი და სეფიანების კონტროლი რეგიონში შეირყა. ოსმალებმა კვლავ ალყა შემოარტყეს მარდინს, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა ქარა-ხანის ძმის, სულეიმან ხანის მეთაურობით. მარჯ-დაბიკის ბრძოლის შემდეგ 1516 წლის აგვისტოში, ბიიკლი მეჰმედ ფაშა დაბრუნდა სირიიდან გამოგზავნილი დამხმარე ძალებით და საბოლოოდ აიძულა ქალაქი დანებებოდა 1516 წლის ბოლოს ან 1517 წლის დასაწყისში.[15][14] ამის შემდეგ, მარდინს მართავდა გუბერნატორი, რომელიც პირდაპირ ოსმალეთის სულთნის ხელისუფლების მიერ ინიშნებოდა.

ქალაქმა შედარებით მშვიდი პერიოდი გამოიარა ოსმალეთის მმართველობის ქვეშ, მნიშვნელოვანი კონფლიქტებისა და უბედურებების გარეშე. ევროპელი მოგზაურები, რომლებმაც მოინახულეს ქალაქი XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში, ძალიან განსხვავებულ შეფასებებს იძლეოდნენ მოსახლეობის შესახებ, მაგრამ ზოგადად მიუთითებდნენ, რომ მუსლიმები იყვნენ უდიდესი ჯგუფი, მნიშვნელოვანი სომხური და ასურული თემებით და სხვა უმცირესობებით, ხოლო არაბული და ქურთული იყო გაბატონებული ენები.[14]

მშვიდობიანი პერიოდი საბოლოოდ დასრულდა, როდესაც ოსმალეთის იმპერია კონფლიქტში შევიდა ეგვიპტის ხედივატთან. ამ დროს ქალაქი მოექცა ქურთული მილის კლანთან დაკავშირებული აჯანყებულების მმართველობის ქვეშ. 1835 წელს, მილის ტომი დაიმორჩილა დიარბექირის ეიალეთის ვალის, რეშიდ მეჰმედ ფაშას სამხედრო ძალებმა.[21] ალყის დროს ქალაქის დიდი მეჩეთი ააფეთქეს.[14] 1847-1865 წლებში ქალაქის მოსახლეობა დაზარალდა ქოლერის ეპიდემიით, თუმცა გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.[19] პირველი მსოფლიო ომის დროს მარდინი იყო ასურული და სომხური გენოციდების ადგილებიდან ერთ-ერთი. პირველი მსოფლიო ომის წინ, მარდინში ცხოვრობდა 12 000-ზე მეტი ასურელი და 7 500-ზე მეტი სომეხი.[22] ომის მსვლელობისას, ბევრი მათგანი გაგზავნეს რას-ალ-აინის ბანაკებში, თუმცა ზოგიერთმა მოახერხა სინჯარის მთაზე გაქცევა ადგილობრივი ჩეჩნების დახმარებით.[23] მარდინის ქურთები და არაბები ამ მოვლენებს, როგორც წესი, „ფირმანს“ (სამთავრობო ბრძანება) უწოდებენ, ხოლო ასურელები მას „სეიფოს“ (ხმალი) უწოდებენ.[24] მუდროსის ზავის შემდეგ მარდინი იყო ერთ-ერთი თურქული ქალაქი, რომელიც არ იყო ოკუპირებული მოკავშირე ძალების ჯარების მიერ.

თანამედროვე ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1923 წელს თურქეთის რესპუბლიკის დაარსებასთან ერთად, მარდინი გახდა ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ძალადობას გადარჩენილმა ბევრმა ასურელმა მოგვიანებით დატოვა მარდინი და 1940-იან წლებში გადავიდა ახლომდებარე ქამიშლიში, მას შემდეგ რაც თურქეთის არმიაში მათი გაწვევა სავალდებულო გახდა.[24] 1925 წელს, როდესაც თურქეთის მთავრობამ ჩაახშო ქურთი შეიხ საიდის აჯანყება, პირველი და მეთოთხმეტე კავალერიის დივიზიები განლაგდნენ მარდინში.[25]

მარდინში მნიშვნელოვნი ინდუსტრიალიზაცია მოხდა 1990-იანი წლების განმავლობაში, როდესაც მოსახლეობა საცხოვრებლად გადავიდა ქალაქის თანამედროვე ნაწილში, რომლებიც ვითარდებოდა დაბლობ ადგილას ძველი ქალაქის ბორცვის ძირში.[26] 2012 წელს მიღებული კანონის საფუძველზე მარდინი გახდა მეტროპოლიური მუნიციპალიტეტი, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 2014 წლის თურქეთის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ.[27] ქალაქს ჰყავს მნიშვნელოვანი არაბული მოსახლეობა.[28]

ქალაქი მდებარეობს სირიის საზღვართან ახლოს და არის მარდინის პროვინციის ცენტრი. ძველი ქალაქი ძირითადად აშენებულია გრძელი ბორცვის სამხრეთ ფერდობზე, რომლის თავზეც კლდოვანი ქედია. ფერდობი ეშვება მესოპოტამიის დაბლობისკენ. ქედის თავზე განთავსებულია ქალაქის ისტორიული ციტადელი.[17] ქალაქის უფრო ახალი ნაწილები მდებარეობს დაბლობ ადგილას ჩრდილო-დასავლეთით და მიმდებარე ტერიტორიაზე და გამოირჩევა თანამედროვე კეთილმოწყობითა და ინსტიტუტებით.[26] მარდინის აეროპორტი მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთით, ძველი ქალაქიდან 20 კილომეტრის დაშორებით.[29]

მარდინის ძველი ქალაქის პანორამა
მარდინის სამხრეთით მდებარე დამუშავებული მიწები

მარდინს ახასიათებს ცხელზაფხულიანი ხმელთაშუაზღვის კლიმატი, ძალიან ცხელი, მშრალი ზაფხულით და გრილი, სველი და ზოგჯერ თოვლიანი ზამთრით. მარდინი ძალიან მზიანია, წელიწადში 3000 საათზე მეტი მზის სინათლით. მაშინ როდესაც ზაფხულში ტემპერატურა ადვილად აღწევს 40 °C-ს, კონტინენტური ბუნების გამო, ზამთრის ამინდი მაინც გარკვეულწილად გავრცელებულია დეკემბრიდან მარტის თვეებს შორის და როგორც წესი, ერთი ან ორი კვირის განმავლობაში თოვს. ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა 2000 წლის 31 ივლისს (42,5 °C), ხოლო ყველაზე დაბალი იყო −14,0 °C 1985 წლის 22 თებერვალს.[30]

ჰავის მონაცემები — Mardin (1991–2020 normals, extremes 1941–2023)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 19.4 19.5 27.5 33.6 36.1 40.0 42.5 42.0 40.5 35.6 26.1 24.1 42.5
საშუალო მაღალი °C 6.7 8.2 12.8 18.2 24.6 31.6 35.9 35.5 30.7 23.9 14.9 8.8 21.0
საშუალო დღიური °C 3.7 4.7 8.8 14.0 19.9 26.1 30.3 30.2 25.6 19.3 11.2 5.8 16.6
საშუალო დაბალი °C 1.3 1.8 5.5 10.2 15.4 20.9 25.2 25.5 21.3 15.5 8.1 3.4 12.8
რეკორდულად დაბალი °C −13.4 −14.0 −11.7 −5.3 2.6 0.6 11.8 12.8 8.0 −2.5 −9.5 −11.9 −14.0
საშუალო ნალექი (მმ) 95.4 92.2 83.5 66.8 51.7 8.8 4.8 4.2 5.4 31.7 64.6 101.0 610.1
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 1 mm) 9.5 9.1 9.0 7.8 6.0 2.0 1.4 1.4 1.4 4.5 6.0 8.9 67.0
თოვლიანი დღეები საშუალოდ 3 1.9 1.2 0 0 0 0 0 0 0 0 1.4 7.5
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 64.7 62.1 57.0 51.9 41.3 30.5 25.9 26.9 31.7 42.6 52.9 62.7 45.8
საშუალო თვიური მზიანი საათები 142.6 144.1 189.1 231.0 306.9 369.0 390.6 356.5 312.0 238.7 180.0 136.4 2 996,9
წყარო 1: Turkish State Meteorological Service[31]
წყარო 2: NOAA (precipitation days and humidity),[32] Meteomanz (snow days 2013-2023)[33]

ისტორიული ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარდინს ხშირად უწოდებენ ღია ცის ქვეშ მუზეუმს მისი ისტორიული არქიტექტურის გამო. უმეტესი შენობა იყენებს ბეჟისფერ კირქვას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მოიპოვებოდა ამ ტერიტორიის გარშემო არსებულ კარიერებში.

მეჩეთები და მადრასეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მარდინის დიდი მეჩეთი
სულთან ისას მედრესე
  • მარდინის დიდი მეჩეთი — ქალაქის ისტორიული მთავარი სამლოცველო მეჩეთი, სავარაუდოდ პირველად ააგეს 1170-იან წლებში ართუქიდების დროს. იგი განადგურდა არტილერიის აფეთქებების შედეგად რაშიდ ფაშას მიერ ქალაქის ალყის დროს XIX საუკუნის დასაწყისში და შემდეგ ხელახლა ააგეს, სავარაუდოდ ორიგინალი შენობის მსგავსად. ორიგინალი მეჩეთიდან მხოლოდ ჩრდილოეთის კედელი შემორჩა. ასევე შემორჩა ხისგან დამზადებული ართუქიდების მინბარი (ამბიონი). წარწერა მინარეთის ფუძეზე ასახავს მის ორიგინალი მშენებლობის თარიღს (1176 წელი), მაგრამ მინარეთის უმეტესი ნაწილი ფუძის ზემოთ ხელახლა ააგეს დაახლოებით 1892 წელს, სავარაუდოდ სალოცავი დარბაზის რეკონსტრუქციიდან კარგა ხნის შემდეგ.[17]
  • სულთან ისას მედრესე (ზინჯირიეს მედრესე) — ქალაქის ერთ-ერთი შთამბეჭდავი ისლამური ძეგლი, დათარიღებული 1385 წლით. აგებულია ართუქიდების სულთან ალ-ზაჰირ მაჯდ ალ-დინ'ისას (მმართ. 1376–1407 წწ) მმართველობის პერიოდში. ააგეს როგორც მედრესე, იგი ასევე მოიცავს მეჩეთს (სამლოცველო დარბაზს) და მავზოლეუმს. მავზოლეუმი სავარაუდოდ განკუთვნილი იყო სულთან ისას დასაკრძალად, მაგრამ იგი არასდროს დაუკრძალავთ ბრძოლაში გარდაცვალების შემდეგ. მას აქვს შთამბეჭდავი შესასვლელი კარი, რომელზეც გამოკვეთილია მუკარნასი და ორი წიბოვანი გუმბათი მავზოლეუმისა და მეჩეთის თავზე, რომლებიც შესამჩნევია ქალაქის სილუეტზე.[17]
  • ქასიმ ფაშას მედრესე — კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ისლამური ძეგლი, რომელიც დაიწყო სულთანმა ისამ, მაგრამ დაუმთავრებელი დარჩა. იგი დასრულდა 1445 წელს, აყ-ყოიუნლუს მმართველობის დროს. იგი მდებარეობს დასავლეთით, ქალაქის გარეთ. მას აქვს დიდი ცენტრალური ეზო, მონუმენტური პორტალი და სამი გუმბათი, განლაგებული წინა ფასადთან ახლოს.[14]
  • ემინედინის ქულიე — რელიგიური და საქველმოქმედო კომპლექსი რომელიც ითვლება ქალაქის უძველეს ისლამურ ძეგლად, დაარსებული ემინ ედ-დინის მიერ, სულთან ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზის (მმართ. 1115–1122) ძმის მიერ. ილღაზიმ სავარაუდოდ დაასრულა კომპლექსი თავისი ძმის გარდაცვალების შემდეგ. კომპლექსი შეიცავს მეჩეთს, ყოფილ მედრესეს, შადრევანს და ჰამამს (აბანოს).[17]
  • ელ-ასფარის მეჩეთი — სავარაუდოდ არის ყოფილი მედრესეს ნაშთები, ცნობილი როგორც ნეჯმედინის მედრესე. ტრადიციის მიხედვით, სულთანი ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზი დაკრძალულია აქ, რაც მის დაარსებას ათარიღებს XII საუკუნის დასაწყისით, თუმცა მხოლოდ ორიგინალი შენობის ნაწილებია შემორჩენილი.[17]
  • შეჰიდიეს მეჩეთი — თავდაპირველად მედრესე, სავარაუდოდ აშენებული ართუქიდების სულთან ნაჯმ ად-დინ ღაზის (მმართ. 1239–1260 წწ.) მმართველობის დროს ან უფრო ადრე. საფუძვლიანად რესტავრირებულია 1787–1788 წლებში. მინარეთი ხელახლა ააგეს 1916–1917 წლებში.[17]
  • ლატიფიეს მეჩეთი — ართუქიდების მეჩეთი, დათარიღებული 1371 წლით, მინარეთი დაემატა 1845 წელს.[17]
  • შეიხ ჩაბუკის მეჩეთი — მეჩეთი გაურკვეველი თარიღით, აშენებული არაუგვიანეს XV საუკუნისა (აყ-ყოიუნლუს პერიოდი) და რესტავრირებული XIX საუკუნეში.[17][34]
  • რეიჰანიეს მეჩეთი — მეჩეთი გაურკვეველი თარიღით, სავარაუდოდ აყ-ყოიუნლუს ან ადრეული ოსმალეთის პერიოდით.[17]
  • ჰათუნიეს მედრესე ან სით რიდვიას მედრესე — სავარაუდოდ აშენებულია ართუქიდების სულთან ქუთბ ად-დინ ილ-ღაზი II-ის (მმართ. 1175–1184 წწ.) მიერ, მავზოლეუმით, რომელიც შესაძლოა განკუთვნილი იყო სულთნის დედისთვის, სით რიდვიასთვის. შენობა ამჟამად მეჩეთის ფუნქციას ასრულებს. როგორც სამლოცველო დარბაზი, ისე მავზოლეუმი შეიცავს დახვეწილად მორთულ მიჰრაბებს.[17]
  • მარდინის ქალწულ მარიამის ეკლესია — სირიული კათოლიკური ეკლესია, აშენებული 1895 წელს როგორც საპატრიარქო ეკლესია,[35] რადგან სირიული კათოლიკური კათედრა მარდინში იყო ასურული გენოციდის პერიოდამდე.
  • წითელი (სურფ გევორქის) ეკლესია — სომხური სამოციქულო ეკლესია, ხელახლა აგებულია 2015 წელს.[36][37]
  • სურფ იუსუფის (წმინდა იოსების) ეკლესია — სომხური კათოლიკური ეკლესია.[38]
  • ორმოცი წამებულის ეკლესია — სირიული მართლმადიდებელი ეკლესია ნიშით, რომელიც მოიცავს მარ ბეჰნამის ნაშთებს.[17] შენობა თარიღდება VI საუკუნის შუა პერიოდით. 1293 წელს იგი გახდა სირიული საპატრიარქო ეკლესია. საპატრიარქოს საცხოვრებელი დანამატები გაფართოვდა XIX და XX საუკუნის დასაწყისში.[39]
  • მორ ჰირმიზის ეკლესია — ქალდეური კათოლიკური ეკლესია მარდინში. ოდესღაც იგი იყო ქალდეური კათოლიკური მარდინის ეპარქიის მიტროპოლიტის კათედრალი, სანამ 1941 წელს მისი ფუნქციონირება არ შეწყდა. მიუხედავად ამისა, ერთი ქალდეური ოჯახი ინარჩუნებს მას.[40] შენობა, ან სულ მცირე მისი საერთო დიზაინი, შესაძლოა თარიღდება XVI ან XVII საუკუნეებით.[17]
  • წმინდა მიხეილის ეკლესია — სირიული მართლმადიდებელი ეკლესია, მდებარე მარდინის სამხრეთ კიდეზე.
  • წმინდა სიმონის ეკლესია — სირიული მართლმადიდებელი ეკლესია დიდი ეზოთი. შენობა შესაძლოა თარიღდება XII საუკუნით.[17]
  • წმინდა პეტრესა და პავლეს (წმ. პეტრე და პავლეს) ეკლესია: 160 წლის ასურული პროტესტანტული ეკლესია, ახლახანს გადაკეთებული.[41]
  • წმინდა ჯერჯისის ეკლესია
  • დეირუზ-ზაფარანის მონასტერი, ან წმინდა ანანიას მონასტერი, მდებარეობს ქალაქიდან 5 კილომეტრში სამხრეთ-აღმოსავლეთით. სირიული მართლმადიდებელი ზაფრანის მონასტერი დაარსდა 493 წელს და არის ერთ-ერთი უძველესი მონასტერი მსოფლიოში და უდიდესი სამხრეთ თურქეთში, წმინდა გაბრიელის მონასტერთან ერთად. 1160 წლიდან 1932 წლამდე, იგი იყო სირიული მართლმადიდებელი პატრიარქის რეზიდენცია, სანამ პატრიარქატი არ გადავიდა სირიის დედაქალაქ დამასკოში. მონასტრის ადგილი თავად სავარაუდოდ გამოიყენებოდა მზის თაყვანისმცემლების მიერ ტაძრად ჯერ კიდევ ძვ. წ. 2000 წელს.[42][43]

სხვა ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციტადელი — ციტადელი იკავებს გრძელ ქედს ქალაქის უმაღლეს წერტილზე. იგი სავარაუდოდ პირველად აშენდა ჰამდანიდების (X საუკუნე) დროს, მაგრამ მისი ამჟამინდელი კედლები სავარაუდოდ ხელახლა აშენდა აყ-ყოიუნლუსა და ოსმალეთის იმპერიის ეპოქებში, შესაძლოა ართუქიდების მასალების ნაწილობრივი ხელახალი გამოყენებით. XIX საუკუნემდე იგი მჭიდროდ იყო დასახლებული, მაგრამ ამჟამად დაკავებულია სამხედრო რადარის სადგურით. შიდა ნაწილი მოიცავს პატარა მეჩეთის ნაშთებს.[17]

მარდინის მუზეუმი — არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც ეძღვნება ქალაქის ისტორიას, გაიხსნა 2000 წელს, განთავსებულია ყოფილი სირიული კათოლიკური საპატრიარქოს შენობაში, რომელიც აშენდა 1895 წელს, ქალწული მარიამის ეკლესიის გვერდით.[44][45]

სახლის არქიტექტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მარდინის ფოსტა, ტრადიციული საცხოვრებელი არქიტექტურის ნიმუში

სახლებს მარდინში, როგორც წესი, აქვთ მრავალი დონე და ტერასები, რათა მოერგონ მათ დამრეც ადგილმდებარეობას, რის გამოც ძველ ქალაქს შორიდან აქვს „საფეხურებიანი“ იერსახე.[46][17] ისინი ჩვეულებრივ ცენტრირებულია შიდა ეზოს გარშემო, მსგავსად რეგიონის სხვა სახლებისა. უფრო დიდ სახლებს, ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივ შენობებს, ხშირად აქვთ ქვაზე გამოკვეთილი დეკორაცია ფანჯრების გარშემო.[17] დიდი სახლების ეზო ხშირად ქვედა დონეზეა, ხოლო ზედა დონეები „უკან იხევენ“ ამ ეზოდან, რაც სახლს აძლევს „დიდი კიბის„ მსგავს იერსახეს, როდესაც ვუყურებთ ეზოდან.[46]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Avcıkıran, Adem (2009). Kürtçe Anamnez, Anamneza bi Kurmancî (ku, tr), გვ. 55. 
  2. Payne Smith, Robert (1879–1901). Thesaurus Syriacus (la). Oxford: Clarendon Press. 
  3. Mardin. ციტირების თარიღი: 2020-05-24
  4. Türkiye Mülki İdare Bölümleri Envanteri tr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მარტი 2023. ციტირების თარიღი: 19 December 2022
  5. Turkey Guide – Rough Guides travel information. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-04. ციტირების თარიღი: 2012-06-29
  6. A walk through Mardin, southeastern Turkey’s ancient town დაარქივებული 2020-11-17 საიტზე Wayback Machine. by Sarah Begum, Geographical, 25 February 2020
  7. 31 ARALIK 2021 TARİHLİ ADRESE DAYALI NÜFUS KAYIT SİSTEMİ (ADNKS) SONUÇLARI tr (XLS). ციტირების თარიღი: 16 December 2022
  8. Radner, Karen (2006). „How to reach the Upper Tigris: The route through the Tur Abdin“. State Archives of Assyria Bulletin. 15: 291.
  9. Leitch, John. Johann Elieser Theodor Wiltsch, trans. John Leitch, Handbook of the Geography and Statistics of the Church, Volume 1, Bosworth & Harrison, 1859, p. 232. (1859). ციტირების თარიღი: 2021-08-08
  10. Fraternité Chrétienne Sarthe-Orient, "Marida (Mardin)" დაარქივებული 2014-01-25 საიტზე Wayback Machine.
  11. Lipiński, Edward (2000). The Aramaeans: their ancient history, culture, religion. Peeters Publishers, გვ. 146. ISBN 978-90-429-0859-8. 
  12. Smith, of R. Payne Smith. Ed. by J. Payne (1998). A compendious Syriac dictionary : founded upon the Thesaurus Syriacus, Repr., Winona Lake, Ind.: Eisenbrauns, გვ. 299. ISBN 978-1-57506-032-3.  suggesting Mardin as a plural "fortresses".
  13. Amir Harrak. Journal of Near Eastern Studies 51 (3): 209–214. 1992. doi:10.1086/373553. JSTOR 545546.
  14. 14.00 14.01 14.02 14.03 14.04 14.05 14.06 14.07 14.08 14.09 14.10 14.11 14.12 Minorsky, V. & Bosworth, C.E. (1991). "Mārdīn". In Bosworth, C. E.; van Donzel, E. & Pellat, Ch. (eds.). The Encyclopaedia of Islam, Second Edition. Volume VI: Mahk–Mid. Leiden: E. J. Brill. pp. 539–542. ISBN 978-90-04-08112-3.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 15.5 15.6 Taştemir, Mehmet. (2003) MARDİN tr გვ. 48–51 (in print edition). ციტირების თარიღი: 2022-12-19
  16. 16.0 16.1 16.2 Bosworth, Clifford Edmund (2004). „The Artuqids“, The New Islamic Dynasties: A Chronological and Genealogical Manual. Edinburgh University Press. ISBN 9780748696482. 
  17. 17.00 17.01 17.02 17.03 17.04 17.05 17.06 17.07 17.08 17.09 17.10 17.11 17.12 17.13 17.14 17.15 17.16 Sinclair, Thomas Alan (1989). Eastern Turkey: an architectural and archaeological survey. The Pindar Press. ISBN 0907132340. 
  18. Ed. Morris Rossabi. China among equals: the Middle Kingdom and its neighbors, 10th–14th centuries, p. 244
  19. 19.0 19.1 Mehmet Taştemir. MARDİN tr. İslam Ansiklopedisi [Islamic Encyclopedia]. ციტირების თარიღი: 29 September 2018
  20. Cinti Migliarini, Anita. La chiesa siriaca di Antiochia it. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 1 March 2016
  21. Aydın, Suavi; Verheij, Jelle (2012) Social Relations in Ottoman Diyarbekir, 1870-1915. Brill, გვ. 31. ISBN 9789004225183. 
  22. Kevorkian, Raymond (2011). The Armenian Genocide: a Complete History. London: Tauris, გვ. 371. 
  23. Kevorkian, Raymond (2011). The Armenian Genocide: a Complete History. London: Tauris, გვ. 375–376. 
  24. 24.0 24.1 Biner, Zerrin Özlem (Fall–Winter 2010). „Acts of Defacement, Memory of Loss: Ghostly Effects of the "Armenian Crisis" in Mardin, Southeastern Turkey“ (PDF). History and Memory. 22 (2): 68. doi:10.2979/his.2010.22.2.68. S2CID 154257213. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 2021-04-28. ციტირების თარიღი: 2021-08-08.
  25. Olson, Robert (1989). The Emergence of Kurdish Nationalism and the Sheikh Said Rebellion, 1880–1925 (en). University of Texas Press, გვ. 102–104. ISBN 0292776195. 
  26. 26.0 26.1 Costa, Elisabetta (2016). Social Media in Southeast Turkey: Love, Kinship and Politics (en). UCL Press, გვ. 16–18. ISBN 978-1-910634-52-3. 
  27. Kanun No. 6360. ციტირების თარიღი: 25 August 2014
  28. Tocci, Nathalie. (October 2001) Our future southeastern Turkish frontiers. Centre for European Policy Studies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-12. ციტირების თარიღი: 2021-01-10
  29. Darke, Diana (2011). Bradt Travel Guide - Eastern Turkey (en). Bradt Travel Guides. ISBN 978-1-84162-339-9. 
  30. Resmi İstatistikler: İllerimize Ait Genel İstatistik Verileri tr. Turkish State Meteorological Service. ციტირების თარიღი: 15 July 2024
  31. Resmi İstatistikler: İllerimize Ait Mevism Normalleri (1991–2020) tr. Turkish State Meteorological Service. ციტირების თარიღი: 26 June 2021
  32. Mardin Climate Normals 1991–2020 (CSV). National Oceanic and Atmospheric Administration. ციტირების თარიღი: 15 April 2024
  33. Mardin - Weather data by months. ციტირების თარიღი: 15 July 2024
  34. ŞEYH ÇABUK CAMİİ. ციტირების თარიღი: 2022-01-15
  35. MERYEM ANA KİLİSESİ VE PATRİKHANESİ. ციტირების თარიღი: 2022-01-15
  36. Mardin Surp Kevork Kilisesi için Kitap Kermesi ve Söyleşi. ციტირების თარიღი: 5 July 2016
  37. Travel, Mardin. Surp Kevork Church | Mardin Travel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-24. ციტირების თარიღი: 2021-04-06
  38. Mardin - Duane Alexander Miller's Blog (8 June 2015). ციტირების თარიღი: 5 July 2016
  39. MOR BEHNAM (KIRKLAR) KİLİSESİ. ციტირების თარიღი: 2022-01-15
  40. St Hirmiz Chaldean Church in Mardin, Turkey (2 June 2015). ციტირების თარიღი: 5 July 2016
  41. Renovated Protestant church in Mardin to open soon (24 May 2015). ციტირების თარიღი: 5 July 2016
  42. SOR. (2000-04-19) Dayro d-Mor Hananyo: Erstwhile seat of the Syriac Orthodox Patriarch. Sor.cua.edu. ციტირების თარიღი: 2012-08-17
  43. ARTS-CULTURE - Syriac monastery dated back to 4,000 years. Hurriyetdailynews.com (2010-01-03). ციტირების თარიღი: 2012-08-17
  44. MARDİN MUSEUM tr. ციტირების თარიღი: 2022-01-15
  45. MARDİN MÜZESİ. ციტირების თარიღი: 2022-01-15
  46. 46.0 46.1 Balamir, Aydan; Uraz, Türkan (2006) „The Extrovert Courtyard House: an Urban Typology in Mardin. The Mungan House.“, The Mediterranean Medina: International Seminar (en). Gangemi Editore spa, გვ. 128. ISBN 978-88-492-9013-4.