მარგოტ ვალსტრიომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგოტ ვალსტრიომი
მარგოტ ვალსტრიომი
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 ოქტომბერი, 2014 – 10 სექტემბერი, 2019
წინამორბედიკარლ ბილდტი
მემკვიდრეან კრისტინ ლინდე

დაბადებული28 სექტემბერი, 1954 (1954-09-28) (69 წლის)
სკელეფტეა, შვედეთი
მოქალაქეობაშვედეთი
პოლიტიკური პარტიასოციალ-დემოკრატიული პარტია
მეუღლეჰაკან ოლსონი
შვილებივიქტორი, ერიკი

მარგოტ ვალსტრიომი, შვედ.Margot Elisabeth Wallström (დ.28 სექტემბერი 1954 წ.) - შვედეთის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ევროკავშირის კომისარი 1999-2010 წწ., საგარეო საქმეთა მინისტრი 2014-19 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგოტ ვალსტრიომმა მუშაობა შემნახველ ბანკში კლერკად და მოლარედ დაიწყო. სტუდენტურ პერიოდში მისი ინტერესის სფეროში შედიოდა ადამიანის უფლებები, სქესთა თანასწორობის საკითხები, გარემოს დაცვა. ამ მიმართულებით ის საქმიანობას შეუდგა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. 25 წლის ასაკში ვალსტრიომი არჩეული იქნა შვედეთის პარლამენტში, სადაც იგი ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა. შემდეგ მან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა. პრემიერ ინგვარ კარლსონის მთავრობაში მას რამდენიმე პოსტი ეკავა:

  • 1988-91 ქალთა და ახალგაზრდობის საკითხთა მინისტრი;
  • 1994-96 კულტურის მინისტრი;
  • 1996-98 სოციალურ საქმეთა მინისტრი.

1998 წელს მარგოტ ვალსტრიომი დაინიშნა მედიის და დემოკრატიის გავრცელების მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ შრი-ლანკაში, საიდანაც მიიპყრო ევროკომისიის ყურადღება.

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომდევნო წელს იგი გარემოს დაცვის საკითხებში ევროკომისრად წარსდგა, ხოლო 2003 წელს ჟოზე ბაროზუს კაბინეტში პირველი ვიცე-პრეზიდენტი გახდა კონსტიტუციურ საქმეთა, ინსტიტუციური ურთიერთობების და კომუნიკაციების სტრატეგიის საკითხებში.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, მარგოტ ვალსტრიომი 2005 წელს შვედეთში ყველაზე პოპულარულ ქალებს შორის მეორე ადგილზე დასახელდა, მომდევნო წელს კი ის ამ სიას სათავეში ჩაუდგა. 2007 წელს ყოფილი მინისტრი "მსოფლიოს ქალ ლიდერთა" საბჭოს თავმჯდომარე გახდა, სადაც მან მადლენ ოლბრაიტი შეცვალა.[1]

2010 წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა სპეციალური წარმომადგენლის პოსტი შემოიღო საომარი მოქმედებების დროს სქესობრივი ძალადობის საკითხებში. ვალსტრიომი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ადგილზე იძიებდა სამოქალაქო ომის პერიოდში ჩადენილ ამგვარ დანაშაულებს. საბოლოო დასკვნაში მან როგორც მეამბოხეები, ასევე არმიის ნაწილები ამხილა გაუპატიურების, ძალადობის თუ დაშინების ორგანიზებული კამპანიის წარმოებაში.

2012 წელს მარგოტ ვალსტიომი შვედეთში დაბრუნდა და მუშაობას შეუდგა ლუნდის უნივერსიტეტის საბჭოში, 2014 წლის 3 ოქტომბერს კი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

საგარეო უწყების მეთაური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინისტრმა თავიდანვე განაცხადა, რომ თავის მოღვაწეობაში დიდ მნიშვნელობას მიანიჭებდა ადამიანის ღირსების, ქალთა უფლებების და საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვის სფეროს, ხოლო სამხედრო სფეროში პრინციპულად არ ითანამშრომლებდა ადამიანის უფლებების გათელვაში მხილებულ ქვეყნებთან.[2]

30 ოქტომბერს შვედეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სცნო. ისრაელის მძაფრი რეაქციის მიუხედავად, ყოფილმა ევროკომისარმა გააგრძელა მდ.იორდანეს დასავლეთ ნაწილში პალესტინურ ტერიტორიებზე ებრაული დასახლებების მშენებლობის კრიტიკა.[3]

მინისტრმა ასევე ხმა აიმაღლა საუდის არაბეთში ბლოგერის რაიფ ბადავის დასაცავად, რომელიც სასამართლომ 1000 წკეპლის დაკვრით დასაჯა. ამ განაჩენს მან თავისუფალი ხმის ჩახშობის მიზნით შუასაუკუნოვანი მეთოდის გამოყენება უწოდა. მისი ინიციატივით, შეჩერდა ამ ქვეყანასთან მოქმედი კონტრაქტები სამხედრო სფეროში, საუდიელთა მხარემ კი შვედეთის განცხადება მის საშინაო საქმეებში ჩარევად მიიჩნია და პროტესტის ნიშნად ელჩი გაიწვია.[4]

მთავრობის გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საგარეო უწყების ყოფილი მეთაურის კარლ ბილდტის თქმით, ტექნოლოგიების ექსპორტი გულისხმობს გრძელვადიანი ვალდებულებების შესრულებას, ხოლო საუდის არაბეთის ბოიკოტი შვედური იარაღის მრეწველობისთვის ზიანის შემცვლელი იყო. იგივე პათოსი გაიზიარა 30 სამხედრო ფირმის ხელმძღვანელმა, რომლებმაც საერთო განცხადებაში აღნიშნეს შვედეთის, როგორც სანდო პარტნიორის რეპუტაციის დაცვის აუცილებლობა. შეიარაღების ექსპორტის მხრივ მსოფლიოში მე-12 ადგილზე მყოფმა შვედეთმა საუდის არაბეთისგან 2011-14 წლებში 383 მლნ.გირვანქა სტერლინგის ექვივალენტი თანხა მიიღო.[5] საუდიელთა მიმართ სოლიდარობა გამოხატა "არაბულმა ლიგამ", რომელმაც დაბლოკა მარგოტ ვალსტრიომის სიტყვით გამოსვლა კაიროში.

მინისტრი არც დონალდ ტრამპის გაკიცხვას მოერიდა გაეროში მის მიერ წარმოთქმული სიტყვების გამო ჩრდილოეთ კორეის სრული განადგურების შესახებ. მარგოტ ვალსტრიომის შეფასებით, პრეზიდენტის რიტორიკა შეიცავდა შოკისმომგვრელ სამხედრო მუქარას, რაც გაეროს წესდების დარღვევას წარმოადგენს.[6] ჩრდ.კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რი იონგ ჰო სტოკჰოლმს ეწვია სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკების განახლების საკითხის განსახილველად. შვედეთმა ასევე უმასპინძლა იემენის სამოქალაქო ომში მონაწილე მხარეების წარმომადგენლებს მიმდინარე კონფლიქტის შეწყვეტის მიზნით. 2017-18 წლებში იგი გაეროს უშიშროების საბჭოში არამუდმივი წევრი იყო, რამაც გაზარდა მისი როლი საერთაშორისო საკითხების განხილვისას.

შვედეთი ევროკავშირში ბრიტანეთის დარჩენის მომხრე იყო ორმხრივი მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობების და იქ მცხოვრები 90 000 შვედის გამო. მინისტრმა შიში გამოთქვა, რომ რეფერენდუმების გამართვამ შესაძლოა ევროკავშირი დაშლამდე მიიყვანოს.[7]

მარგოტ ვალსტრიომმა სტეფან ლევენის მეორე მთავრობის წევრადაც გააგრძელა მუშაობა, თუმცა 2019 წლის სექტემბერში გადადგა ოჯახური მიზეზის გამო.[8]

აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წ. – საპატიო დოქტორი, ჩალმერის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, შვედეთი

2002 წ. – წლის ევროპის კომისარი (European Voice-ის მიხედვით)

2004 წ. – საპატიო დოქტორი მალარდალენის უნივერსიტეტი, შვედეთი

2005 წ. – საპატიო დოქტორი, მასაჩუსეტსის ლოუელის უნივერსიტეტი

2009 წ. – გიოტებორგის უფსალას უნივერსიტეტის პრიზი სიტყვის თავისუფლებითვის

2016 წ .– იერუსალიმის დიდი ვარსკლავის ორდენი, პალესტინა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვერდი ტვიტერში

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]