მარგატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგატი
მდებარეობა სირიის დროშა სირია
ტიპი კონცენტრირებული ციხესიმაგრე
სტატუსი დანგრეული, რესტავრაციის ქვეშ
ინფორმაცია
მმართველი ქვეყანა ანტიოქიის სამთავრო, ტრიპოლის საგრაფო
ისტორია
აშენების წელი 1062
მასალა ბაზალტი
მარგატი — სირია
მარგატი
მარგატი ვიკისაწყობში

მარგატი ან მარქაბი (არაბ. قلعة المرقب — „სათვალთვალო კოშკის ციხესიმაგრე“) — ჯვაროსანთა ციხესიმაგრე ქალაქ ბანიასთან ახლოს. იგი წარმოადგენდა ჰოსპიტალიერ რაინდთა ერთ-ერთ მთავარ ციხეს. მდებარეობს ხმელთაშუა ზღვიდან 2 კმ-ით (1,2 მილი) აღმოსავლეთით, ხოლო ქალაქ ბანიასიდან დაახლოებით 6 კმ-ით (3,7 მილი) სამხრეთით. იგი ცუდ მდგომარეობაში იყო შემორჩენილი, ამიტომ 2007 წლიდან მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგატი მდებარეობს ჩამქრალი ვულკანის მწვერვალზე, ზღვის დონიდან 360 -ის (1180 ფუტი) სიმაღლეზე, ტრიპოლსა და ლატაკიას შორის. გადაჰყურებს ხმელთაშუა ზღვას.

არაბული წყაროების მიხედვით, ციხესიმაგრე პირველად მუსლიმებმა გაამაგრეს 1062 წელს.[1] პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ იგი ქრისტიანთა ერთ-ერთი სახელმწიფოს — ანტიოქიის სამთავროს შემადგენლობაში შევიდა. როდესაც ანტიოქიელები 1104 წელს ჰარანის ბრძოლაში დამარცხდნენ, ბიზანტიის იმპერიამ ისარგებლა მათი სისუსტით და მუსლიმებს მარგატი წაართვა. რამდენიმე წლის შემდეგ ციხესიმაგრე დაიპყრო ტანკრედმა — ანტიოქიის რეგენტმა და ის ისევ სამთავროს შემადგენლობაში შევიდა.

1170-იან წლებში ციხესიმაგრეს აკონტროლებდა რენო II მაზუარი ანტიოქიელი, როგორც ტრიპოლის საგრაფოს ვასალი. ციხე იმდენად დიდი იყო, რომ ჰყავდა შიდა საქმეების თანამდებობების პირები და ვალვასორები. 1186 წელს, რენოს ვაჟმა — ბერტრანმა მარგატი ჰოსპიტალიერებს მიჰყიდა, რადგან მისი შენახვა მაზუარებს არ შეეძლოთ. რაინდთა მიერ ჩატარებული გაფართოებითი და აღდგენითი სამუშაოების შემდეგ, ციხესიმაგრე მათი შტაბი გახდა სირიაში. ჰოსპიტალიერების დროს მას ჰქონდა თოთხმეტი კოშკი და თითქმის მიუდგომელ ციხეს წარმოადგენდა.

1188 წელს სალადინი გაემართა მარგატისკენ. მან მიატოვა კრაკ-დე-შევალიე და უნდოდა შედარებით სუსტი ციხესიმაგრე აეღო. აბუ ლ-ფიდას ცნობით: „ცნობილია, რომ მაქაბი მიუწვდომელი ციხე იყო და მას არ ჰქონდა იმედი მისი აღებისა, მან გაიარა ჯაბალაზე“.[2] მარგატი ერთ-ერთი ციხეთაგანი იყო, რომელიც გადაურჩა სალადინის დაპყრობებს.

XIII საუკუნის დასაწყისში ჰოსპიტალიერები აკონტროლებენ მიმდებარე მიწებსა და გზებს, რითაც დიდ მოგებას იღებდნენ მოგზაურებისა და პილიგრიმებისგან, რომლებიც ამ მიწების გავლით მიდიოდნენ იერუსალიმში. ისააკ კომნენოსი აქ ჩასვეს ციხეში მას შემდეგ, რაც რიჩარდ I-მა კუნძული დაიპყრო მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს. დაახლოებით 1240 წლიდან ახლომდებარე ვალენიის ეპისკოპოსი მარგატს იყენებდა, როგორც მისი რეზიდენცია. კრაკ-დე-შევალიეს შემდეგ მარგატი ყველაზე დიდი და ძლიერი ჰოსპიტალიერთა ციხესიმაგრე იყო.

1281 წლის სექტემბერში მარგატიდან ჰოსპიტალიერებმა გაგზავნენ სამხედრო კონტინგენტი, რომელიც უნდა დახმარებოდა სირიაში შეჭრილ მონღოლებს მამლუქების წინააღმდეგ, მაგრამ სულთანმა კალაუნმა შეძლო კოალიციის დამარცხება ქალაქ ჰომსთან. შურისძიების მიზნით კალაუნმა ფარულად გაზარდა არმია დამასკოში და 1285 წლის 17 აპრილს ალყა შემოარტყა მარგატს. 38 დღიანი ალყის შემდეგ, რის დროსაც მაღაროელები გვირაბებს თხრიდნენ კედლების ქვეშ, ჩამოინგრა სამხრეთი კედელი. დამცველები პანიკამ მოიცვა და გვირაბთა დიდი რაოდენობის გამო 23 მაისს მუსლიმთ მეთაურს, ფახრ ალ-დინმუკრს დანებდნენ. კალაუნი მარგატში ორი დღის შემდეგ შევიდა. ალყის თვითმხილველი იყო თერთმეტი წლის აბუ ლ-ფიდა და მამამისი, ჰამას აიუბიდი გამგებელი. ჰოსპიტალიერებს უფლება მისცეს წაეღოთ ყველაფერი რაც უნდოდათ. მარგატის დანგრევის ნაცვლად კალაუნმა შეაკეთა იგი და სტრატეგიული მნიშვნელობის გამო დიდი გარნიზონი ჩააყენა.[3]

მარგატი, მუსლიმებისთვის ცნობილი, როგორც მარქაბი გახდა მამლუქთა ტრიპოლის პროვინციის რაიონი. ამ არეალის შენახვას სულთანი აფინანსებდა. მოგზაურმა იბნ ბატუტამ მოინახულა ციხესიმაგრე და აღნიშნა, რომ ციხის გარეუბანი აშენებული იყო მათთვის, ვისაც არ მიეცა ციხეში შესვლის უფლება. რაიონის გამგებელმა მარგატზე დაყრდნობით შემოიღო სამხედრო წოდება — „20 მამლუქის ამირა“, რომელიც მას გადაეცემოდა, ვინც ციხესიმაგრეს ფლობდა. მას ჰქონდა დავალებული დაეცვა სანაპირო, განსაკუთრებით კვიპროსიდან მომდინარე საფრთხეებისგან, ასევე შეენახა სადარაჯო კოშკებიდა და დასაკვირვებელი პოსტები. ბურჯიტების მმართველობისას, მარგატი ცნობილი იყო, როგორც საიმპერიო ციხე, სადაც ბევრი ცნობილი დამნაშავე იჯდა. XV საუკუნის მუსლიმი ისტორიკოსი — ხალილ ალ-ზაჰირი აღნიშნავს, რომ მარქაბის ციხესიმაგრე ტრიპოლის პროვინციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი იყო. „იგი წარმოადგენდა მიუდგომელ ციხეს და აკონტროლებდა ტერიტორიებს, სადაც მრავალი სოფელი მდებარეობდა“.[3]

ოსმალეთის ეპოქაში მარგატი გახდა ამავე სახელობის კაზის („რაიონი“) ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც მოიცავდა სამ ნაჰიას. 1890-იან წლებში ამ ტერიტორიებზე მდებარეობდა 393 დასახლება, საერთო მოსახლეობით — 39 671, რომელთაგან 21 121 ალავიტი იყო. ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს წარმოადგენდა ზეთისხილი, ხახვი, თამბაქო და აბრეშუმი, რომლებიც ძირითადად ბეირუთის ვაჭრებზე იყიდებოდა. 1884 წლამდე ციხესიმაგრე წამოადგენდა კაიმაკამის რეზიდენციას, შემდეგ იგი ბანიასში გადავიდა.[4]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ პორტალი ჯვაროსნული ლაშქრობები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kennedy 1994, p. 20
  2. Kennedy 1994, p. 164
  3. 3.0 3.1 ed. Heinrichs, 1989, p. 580.
  4. ed. Heinrichs, 1989, p. 582.