შინაარსზე გადასვლა

მარგარიტა დე პრადესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგარიტა დე პრადესი
არაგონის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 17 სექტემბერი, 1409
მმართ. დასასრული: 31 მაისი, 1410
წინამორბედი: მარია დე ლუნა
მემკვიდრე: ელეანორ ალბუკერკე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1387
დაბ. ადგილი: ფალსეტი, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 23 ივლისი, 1429
გარდ. ადგილი: რუიდომსი, ესპანეთი
მეუღლე: მარტინი, არაგონის მეფე
(ქ. 1409 - გარდ. 1410)
ხუან დე ვილარაგუტი
(ქ. 1415 - გარდ. 1422)
შვილები: ხუან ხერონი დე ვილარაგუტი
დინასტია: პრადესები
მამა: პედრო, ენტენსას ბარონი
დედა: ხუანა დე კაბრერა
რელიგია: კათოლიციზმი

მარგარიტა დე პრადესი (ესპ. Margarita de Prades; დ. 1387, ფალსეტი, ესპანეთი – გ. 23 ივლისი, 1429, რუიდომსი, ესპანეთი) — არაგონელი დიდგვაროვანი. არაგონის დედოფალი 1409-1410 წლებში, როგორც მეფე მარტინის მეორე ცოლი.

მარგარიტა დაიბადა 1387 წელს ქალაქ ფალსეტში. იგი ენტენსას ბარონ პედრო დე პრადესისა და მისი ცოლის, ბარონესა ხუანა დე კაბრერას ქალიშვილი იყო.

1406 წელს გარდაიცვალა არაგონის დედოფალი მარია დე ლუნა, 1409 წელს კი მისი ერთადერთი ძე, მარტინი, რომელსაც მემკვიდრეები არ დარჩა. ამის გამო არაგონის მეფე მარტინი მემკვიდრის კრიზისი ჰქონდა, რის გამოც მან ხელახალი ქორწინება გადაწყვიტა მემკვიდრის გასაჩენად, რათა თავიდან აერიდებინა სამომავლოდ ტახტისათვის ბრძოლის დაწყება. ამიტომ, 1409 წლის 17 სექტემბერს მეფე მარტინმა მარგარიტა დე პრადესზე იქორწინა, რომელიც მარგარიტას მამას მეორე თაობის ბიძაშვილი იყო. პატარძალი ამ დროს დაახლოებით 22 წლის იყო, სიძე კი - 53-ის. ქორწინება დიდ ხანს არ გაგრძელებულა და სულ ექვს თვეში, 1410 წლის 31 მაისს მეფე მარტინი გარდაიცვალა. დედოფალ მარგარიტას მისგან შვილი არ დარჩენია და დაქვრივებისას არც ორსულად იყო, რის გამოც ტახტი მეფე მარტინის დის, ელეონორას ვაჟმა, კასტილიის ინფანტმა ფერდინანდ I-მა დაიკავა. თუმცა, სანამ ფერდინანდი ამას შეძლებდა, ორი წლის განმავლობაში არაგონის ტახტისათვის ბრძოლა მიმდინარეობდა და ქვეყანაში უმეფობის ხანა იყო.

დაქვრივების შემდეგ მარგარიტა რამდენიმე წლის განმავლობაში აღარ გათხოვილა. საბოლოოდ, 1415 წელს იგი ადგილობრივ დიდგვაროვანზე, ხუან დე ვილარაგუტზე დაქორწინდა, რომლისგანაც 1416 წელს საიდუმლოდ გააჩინა თავისი ერთადერთი ვაჟი, ხუან ხერონ დე ვილარაგუტი. 1422 წელს მისი მეორე ქმარიც გარდაიცვალა, რის შემდეგაც მარგარიტამ უარი თქვა საერო ცხოვრებაზე და მონსერატის მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება და გარდაიცვალა 1429 წლის 23 ივლისს.

  • Fort I Cogul, Eufemià (1970). La llegenda sobre Margarida de Prades (en catalán). Barcelona: Fundació Salvador Vives Casajuana. OCLC 13154089.
  • Núria Silleras-Fernández: Widowhood and Deception: Ambiguities of Queenship in Late Medieval Crown of Aragon – 14 August 2011