შინაარსზე გადასვლა

მარგარეტ მაკდონალდ მაკინტოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარგარეტ მაკდონალდ მაკინტოში

დაიბადა 5 ნოემბერი, 1864(1864-11-05)[1] ან 1865[2]
დაბადების ადგილი Tipton
გარდაიცვალა 7 იანვარი, 1933(1933-01-07)[3] [2]
გარდაცვალების ადგილი ლონდონი

მარგარეტ მაკდონალდ მაკინტოში (ინგლ. Margaret MacDonald Mackintosh, დ. 5 ნოემბერი, 1864, ტიპტონი, სტაფორდშირი — გ. 10 იანვარი, 1933, ლონდონი) — შოტლანდიელი მხატვარი, მოდერნის პერიოდის აკვარელისტი და ინტერიერის დეკორატორი. სამხატვრო გაერთიანების „გლაზგოს სკოლის“ წევრი, მხატვარ ჩარლზ რენი მაკინტოშის მეუღლე.

ცხოვრება და შემოქმედება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარეტი დაიბადა ტიპტონში, სტაფორდშირში (ცენტრალური ინგლისი), ბირმინგემსა და ვულვერჰემპტონს შორის, მისი მამა სამთო ინჟინერი და მაღაროს მენეჯერი იყო. მარგარეტი და მისი უმცროსი და ფრენსის მაკდონალდი ესწრებოდნენ გოგონების სკოლას სტაფორდშირში. 1890 წელს ოჯახი შოტლანდიის დედაქალაქ გლაზგოში დასახლდა. დები გლაზგოს ხელოვნების სკოლაში შევიდნენ. იქ მომავალი მხატვარი დაეუფლა სხვადასხვა მასალებთან მუშაობის უნარ-ჩვევებს, მათ შორის ლითონზე და ტექსტილზე, სწავლობდა ქარგვას.[4]

მარგარეტმა დაიწყო თანამშრომლობა თავის დასთან და 1896 წელს მათ დაიწყეს მუშაობა საკუთარ სტუდიაში „128 Hope Street“, გლაზგოში, სადაც შექმნეს წიგნის ილუსტრაციები, ნაქარგები, თაბაშირის დეკორატიული პანელები, ჭედური ლითონისა და მინის ნაწარმი. მათი ნამუშევრები შთაგონებული იყო კელტური მითოლოგიის სურათებით, თანამედროვე ლიტერატურისა და ფოლკლორის სიმბოლიზმით.

უცნობია ზუსტად როდის შეხვდნენ დები მაკდონალდსები ჩარლზ რენი მაკინტოშს და მის მეგობარს და კოლეგას ჯეიმს ჰერბერტ მაკნეირს. ისინი, სავარაუდოდ, 1892 წელს შეხვდნენ გლაზგოს ხელოვნების სკოლაში (მაკინტოში და მაკნირი საღამოს მსმენელი სტუდენტები იყვნენ), რომელიც ერთმანეთს სკოლის დირექტორმა, ფრენსის ნიუბერიმ გააცნო, რადგან ფიქრობდა, რომ ისინი მსგავს სტილში მუშაობდნენ. 1894 წლისთვის ახალგაზრდა მხატვრები თავიანთ ნამუშევრებს აჩვენებდნენ სტუდენტურ გამოფენებზე, რომელთაგან ზოგიერთი ერთობლივად შესრულდა. 1900 წლის 22 აგვისტოს მარგარეტმა იქორწინა ჩარლზ რენი მაკინტოშზე და დაიწყო მასთან თანამშრომლობა სხვადასხვა მხატვრულ პროექტზე.

მაკინტოშმა მარგარეტთან, მის დასთან ფრენსისთან და მის მეუღლესთან ჯეიმს მაკნეირთან ერთად ჩამოაყალიბა გლაზგოს ხელოვნების ჯგუფი „ოთხეული“ (The Four), უფრო ცნობილი როგორც „გლაზგოს სკოლა“, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ევროპულ ხელოვნებაზე არტ-ნუვოს პერიოდში. 1900 წელს მაკინტოშებმა თავიანთი ნამუშევრები ვენის სეცესიის გამოფენაზე გამოიტანეს. ამ გამოფენაზე ნაჩვენები შოტლანდიელების ნამუშევრებმა შთაბეჭდილება მოახდინა ვენის მოდერნის წამყვან ოსტატებზე, როგორიცაა გუსტავ კლიმტი და იოზეფ ჰოფმანი. თუმცა, მათი ნამუშევრების აღქმა „კონტინენტზე“ ორაზროვანი იყო, კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ დები მაკდონალდის ნამუშევრების „დამშრალი ხაზოვანი ფორმები“, რომლებიც ნათლად აჩვენებდნენ ობრი ბერდსლის გავლენას, იყო „ამაზრზენი“. ამგვარმა კრიტიკამ შოტლანდიელ ოთხეულს ირონიული მეტსახელი „მოჩვენებათა სკოლა“ მოუტანა.[5]

მარგარეტ მაკდონალდ მაკინტოშის ნამუშევრები ძირითადად დეკორატიულ ხელოვნებაში იყო და არ მოიცავდა სამრეწველო დიზაინის ტექნიკას. იგი მუშაობდა ტრადიციული „ხელნაკეთი“ მასალებით — ლითონი, ქსოვილები და დაკავებული იყო ქარგვით. მხატვარი წარმატებული იყო საცხოვრებელი ინტერიერის გაფორმებაშიც. ბევრი სამუშაო მეუღლეებმა ერთად დაასრულეს. მაგალითად, „ვარდისფერი ბუდუარი“ ტურინის საერთაშორისო გამოფენაზე 1903 წელს, პროექტები „ხელოვნების მოყვარულთა სახლისთვის“ 1901 წელს და „ტირიფი“ ჩაის ოთახისთვის 1902 წელს. მათი ნამუშევრები კვლავ პოპულარული იყო ევროპულ ხელოვნების სცენაზე, მათ შორის 1909 წელს ვენაში გამართულ საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე.[6]

მიუხედავად იმისა, რომ მარგარეტი ხშირად იყო „ქმრის ჩრდილში“, მაინც აქტიური და აღიარებული იყო კარიერაში. მან მონაწილეობა მიიღო ორმოცზე მეტ ევროპულ და ამერიკულ გამოფენაში 1895-1924 წლებში. ჯანმრთელობის გაუარესების გამო მარგარეტი 1921 წლის შემდეგ აღარ მუშაობდა.

იგი გარდაიცვალა 1933 წელს, მეუღლის გარდაცვალებიდან მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ.[7] მარგარეტი ბრიტანეთში მოდერნის წამყვან მხატვრად ითვლება. ასევე მუშაობდა ფერწერასა და გრაფიკაზე. 2008 წელს, მარგარეტ მაკდონალდ მაკინტოშის ორი ნამუშევარი, „ვარდის გული“ (1901) და „თეთრი ვარდი და ალისფერი ვარდი“ (1902), კრისტის აუქციონზე გაიყიდა 490 000 ფუნტ და 1 700 000 ფუნტ სტერლინგად (3.3 მილიონი აშშ დოლარი).

  1. The Fine Art Archive — 2003.
  2. 2.0 2.1 https://www.workwithdata.com/person/margaret-macdonald-1865
  3. Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.
  4. Great Women Artists. — Phaidon Press, 2019. — Р. 253. — ISBN 978-0714878775
  5. The Four. Charles Rennie Mackintosh. CRM Society. — Retrieved 15 January 2020 [1] დაარქივებული 2022-06-14 საიტზე Wayback Machine.
  6. Robertson P. Margaret Macdonald Mackintosh (1864—1933) // Burkhauser J. Glasgow Girls: Women in Art and Design 1880—1920. — Edinburgh: Canongate, 1990. — Р. 109—113. — ISBN 978-1-84195-151-5
  7. Margaret Macdonald (1864—1933). — Charles Rennie Mackintosh Society. Archived from the original on 4 January 2016. Retrieved 25 October 2015 [2] დაარქივებული 2016-01-04 საიტზე Wayback Machine.