მარანის კოშკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარანის კოშკები — კოშკები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის მახლობლად.

პირველი კოშკი დგას სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, თარიღდება XVII საუკუნით. ნაგებია რიყის ქვით (8,2 X 7,8 მ). შემორჩენილია ნაგებობის სარდაფი (ამოვსებულია ნანგრევებით) და სამი სართული. შესასვლელი სამხრეთით მეორე სართულზეა. პირველი სართულის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედელში თითო სარკმელია. აღმოსავლეთ კედელში სამი სათოფურია, მოპირდაპირე კედელში - ერთი. ჩრდილოეთ კედელი ყრუა. პირველი სართული მეორეს უკავშირდება ქვის კიბით, რომელიც აღმოსავლეთ კედელს მიჰყვება. მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელი ყრუა. დანარჩენებში გაჭრილია რამდენიმე ცალმაგი და ორმაგი სათოფური. კოშკში, იქ, სადაც კედელი სქელია სათოფური არ არის, ზოგან კი სათოფურების მოსაწყობად კედელში საგანგებო ნიშებია ჩაშენებული. კედლებს სამი მხრიდან მიშენებული აქვს კონტრფორსები. მესამე სართულის კედლები თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ დაკიდულ აივანზე გასასვლელი კარი. სართულებსშუა გადახურვა ხის იყო, კოჭოვანი.

მეორე კოშკი დგას სოფლის სამხრეთ ნაწილში, თარიღდება XVII-XVIII საუკუნეების მიჯნით. ნაგებობა გეგმით კვადრატულია (9,6 X 9,6 მ), ნაგებია რიყის ქვით. კედლების შიდა პირზე და კამარაზე გამოყენებულია აგური. კოშკი საცხოვრებელ-საბრძოლოა. ძლიერ დაზიანებულია, შემორჩენილია მხოლოდ ორი სართულის კედლების ფრაგმენტები. შესასვლელი აღმოსავლეთითაა, პირველ სართულზე. ამ სართულის ცენტრში ერთი დახურული კვადრატული სათავსია. კარის პირდაპირ მოზრდილი ბუხარია, გვერდებზე - ღრმა და მაღალი ნიშები. მომცრო ნიშები დანარჩენ სამ კედელშიცაა. სათავსი ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში გაჭრილი კარით გადის ტალანებში, რომლებიც ერთმანეთთან არ არიან დაკავშირებული. ტალანების კედლებში ცალმაგი და ორმაგი სათოფურებია. სათავსი გადახურულია ჯვაროვანი გუმბათით. შესასვლელის მარცხნივ მდებარე კიბით პირველი სართული უკავშირდება მეორეს. მეორე სართულიდან შემორჩენილია აღმოსავლეთ კედლის მცირე ნაწილი, რამდენიმე სათოფურით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5. თბ., 1990.