მანუჩეჰრ იქბალი
მანუჩეჰრ იქბალი | |
სპარს. منوچهر اقبال | |
ირანი პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 აპრილი 1957 – 31 აგვისტო 1960 | |
მონარქი | მოჰამედ რეზა ფეჰლევი |
წინამორბედი | ჰუსეინ ალა |
მემკვიდრე | ჯაფარ შარიფ ემამი |
დაბადებული | 14 ოქტომბერი 1909 ქაშმარი, ირანი |
გარდაცვლილი | 25 ნოემბერი 1977 (68 წლის) თეირანი, ირანი |
პოლიტიკური პარტია | ნაციონალისტების პარტია (1957-1963) დემოკრატების პარტია (1946–1948) |
მეუღლე | ალის იქბალი |
შვილები | 3 |
განათლება | პარიზის უნივერსიტეტი |
რელიგია | ისლამი |
ჯილდოები | გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ღირსების ორდენი პოლონეთის აღორძინების ორდენი |
მანუჩეჰრ იქბალი (სპარს. منوچهر اقبال დ. 14 ოქტომბერი, 1909, ქაშმარი, ირანი — გ. 25 ნოემბერი, 1977, თეირანი, ირანი) — ირანელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. ირანის პრემიერ-მინისტრი შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევის მმართველობის დროს.[1][2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მანუჩეჰრ იქბალი დაიბადა 1909 წლის 14 ოქტომბერს ირანის ქალაქ ქაშმარში. 1926 წელს მშობლიურ ქალაქში დაამთავრა საშუალო სკოლა, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო საფრანგეთში. 1933 წელს დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი ინფექციური დაავადებების სპეციალობით. შემდეგ დაბრუნდა ირანში და შეუერთდა შეიარაღებულ ძალებს, ხოლო 1935 წელს დაინიშნა მეშჰედის ჯანდაცვის მუნიციპალური დეპარტამენტის უფროსად. 1939 წელს დაიწყო მუშაობა თეირანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კათედრაზე პროფესორად.
1942 წელს მანუჩეჰრ იქბალმა გადაწყვიტა პოლიტიკური კარიერის გაგრძელება. იგი დაინიშნა ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ. ამ პერიოდის განმავლობაში ირანი ოკუპირებული იყო ბრიტანეთისა და საბჭოთა ჯარების მიერ, ამავე დროს ქვეყანა მოიცვა შიდა არეულობამ. 1944 წლიდან 1950 წლამდე მანუჩეჰრ იქბალი მუშაობდა ირანის ჯანდაცვის მინისტრად. 1950-1951 წლებში იყო ირანის აზერბაიჯანის გენერალური გუბერნატორი.
1953 წელს გახდა სენატორი ირანის პარლამენტში, ხოლო 1954 წელს დაინიშნა თეირანის უნივერსიტეტის პრეზიდენტად.
პრემიერ მინისტრი (1957 აპრილი– 1960 აგვისტო)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1957 წლის 3 აპრილს მანუჩეჰრ იქბალი გახდა ირანის პრემიერ-მინისტრი და განკარგულება გასცა, რომ ბიუჯეტიდან 7 მილიარდი რიალი გამოეყოთ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. მის მიერ გატარებულმა ზომებმა დადებითი გავლენა მოახდინა მოახდინა ირანის ეკონომიკის ზრდაზე.
1958 და 1959 წლებში ჩამოყალიბდა ორი პარტია: „მელიიუნის პარტია“ იმდროინდელი პრემიერ მინისტრს დოქტორ მანუჩეჰრ იქბალის ხელმძღვანელობით და „მარდომის პარტია“ ასადოლა ალიამის თაოსნობით. რეჟიმი იმედოვნებდა, რომ ინგლისურ-ამერიკული ორპარტიული სისტემის მსგავსად, სამთავრობო და ლოიალური ოპოზიციური პარტიები შეესაბოდნენ ირანის პოლიტიკურად შეგნებული მოსახლეობის სურვილებს. 1960 წელს თვლიდნენ, რომ ჩამოგდებული პრემიერ-მინისტრ მოსადეყის მხარდამჭერთა მცირე ჯგუფი ვერ შეძლებდა კვლავ აღედგინა „ნაციონალური ფრონტი“ და არ იქნებოდა საკმარისად ძლიერი, რომ მოეზიდა ბევრი მხარდამჭერი. ამიტომ „ეროვნულ ფრონტს“ უფლება მიეცა მე-20 მეჯლისში ადგილების მოპოვებისათვის ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია.[3]
შაჰის რეჟიმმა გამოაცხადა, რომ ჩატარდებოდა თავისუფალი არჩევნები, მაგრამ ძალიან მოკლე პერიოდში ახალმა „ეროვნულმა ფრონტმა“ შეძლო მხარდამჭერთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მობილიზება და მთავრობამ საჭიროდ მიიჩნია არჩევნების შემოფარგვლა მხოლოდ დამტკიცებული კანდიდატებით. არჩევნების შემდეგ შაჰმა ფართო საზოგადოების პროტესტს არჩევნების შედეგების უხეში ფალსიფიკაციით უპასუხა. საბოლოოდ შაჰმა არჩევნების შედეგები გააუქმა. პრემიერ-მინისტრი იქბალი იძულებული გახდა გადამდგარიყო.[4]
პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, მანუჩეჰრ იქბალი 1963 წელს გახდა ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.[5]
გარდაიცვალა 1977 წლის 25 ნოემბერს თეირანში გულის შეტევით. იქბალი დაქორწინებული იყო საფრანგეთის მოქალაქეზე, წყვილს სამი ქალიშვილი შეეძინა.[6]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ William Green Miller. Political Organization in Iran: From Dowreh to Political Party. Source: Middle East Journal, Vol. 23, No. 3 (Summer, 1969), pp. 343-350.
- ↑ Iran
- ↑ "Iran premier will quit". Schenectady Gazette. 2 April 1957. Retrieved 9 November 2012.
- ↑ "Iran minister resigns post". Gettysburg Times. Tehran. 3 April 1957. Retrieved 9 November 2012.
- ↑ "Centers of Power in Iran" (PDF). CIA. May 1972. Retrieved 5 August 2013.
- ↑ "People Make News". The Calgary Herald. 22 October 1964. Retrieved 9 November 2012.