მანუელ ფრანკო
| მანუელ ფრანკო | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 9 ივლისი, 1871 |
| დაბადების ადგილი | კონსეფსიონი |
| გარდაცვალების თარიღი | 5 ივნისი, 1919 (47 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ასუნსიონი |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | Universidad Nacional de Asunción |
მანუელ ფრანკო (დ. 9 ივლისი, 1871 — გ. 5 ივნისი, 1919) — პარაგვაის პრეზიდენტი 1916 წლის 15 აგვისტოდან 1919 წლის 5 ივნისამდე.
ბავშვობა და ახალგაზრდობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დოქტორი მანუელ ფრანკო დაიბადა კონსეფსიონში, 1871 წლის 9 ივნისს, სირილო ანტონიო რივაროლას მმართველობის პერიოდში. მანუელი იყო ხოსეფა ანტონიო ფრანკოს ვაჟი და მოინათლა კონსეფსიონის ეკლესიაში მამა ევარისტო სერანოს მიერ.
იგი არასოდეს დაქორწინებულა, თუმცა სიცოცხლის განმავლობაში ოთხი შვილი შეეძინა: ევარისტო, ფერნანდო, მარია ანა და მანუელ ფრანკო უმცროსი.
დაწყებითი სწავლის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა მანუელი, დეიდის, ტრიფონა ფრანკო დე ისნარდის თანხლებით, სწავლის გასაგრძელებლად ასუნსიონში გაემგზავრა. იგი ეროვნულ სკოლაში პანსიონერად ჩაირიცხა.
დედაქალაქში იგი 1891 წელს გადავიდა. ფრანკო ადოლფო რიკელმესა და ეუხენიო ა. გარაის თანაკურსელი იყო. მან დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი, სადაც სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო, იგი იძულებული გახდა ბიუროკრატიულ თანამდებობებზე ემუშავა.
1893 წელს იგი დაინიშნა ქვეყნის გენერალური საბუღალტრო სამდივნოს პირველ ოფიციალურ პირად, ხოლო 1894 წელს ამავე ინსტიტუტის ბუღალტრად.
მიუხედავად მისი ლიბერალური პოლიტიკური შეხედულებებისა, მან წარმატებული კარიერა შექმნა სახელმწიფო ადმინისტრაციაში.
1899 წლის აგვისტოში, მანუელ დომინგესთან ერთად, იგი გახდა განათლების ეროვნული საბჭოს წევრი. 1903 წლის ივნისში პრეზიდენტმა ესკურამ იგი დედაქალაქის ეროვნული კოლეჯის დირექტორად დანიშნა. ამ თანამდებობაზე იგი 1907 წლამდე დარჩა, სანამ მას კლეტო რომერო შეცვლიდა.
1905 წლის მაისში იგი შევიდა იმ კომისიის შემადგენლობაში, რომელსაც დაევალა „კოლორადოს პარტიის“ მმართველობის რეჟიმის გამოძიება მისი დამხობის შემდეგ. ამ კომისიის სხვა წევრები იყვნენ ხერონიმე სუბისარეტა და ფრანსისკო როლონი.
ემილიანო გონსალეს ნავეროს მთავრობის დროს, მანუელი იუსტიციის მინისტრად დაინიშნა, ხოლო 1908 წელს შინაგან საქმეთა მინისტრად.
რამდენიმე თვის შემდეგ იგი გახდა სოფლის მეურნეობის ბანკის დირექტორი, ხოლო 1910 წელს, ფრანსისკო ს. ჩავესსა და მანუელ ბურგოსთან ერთად, უზენაესი სასამართლოს წევრი გახდა.
1912 წელს იგი ქვეყნის სენატორი გახდა. 1913 წელს დაინიშნა პროკურატურის საგანგებო (Ad Hoc) დირექტორად, ხოლო 1916 წელს კვლავ სენატში დაბრუნდა.
მისი პოლიტიკური აქტივობა ინტელექტუალური სამყაროს ცნობილ მოღვაწეებთან მუდმივი ურთიერთობის შედეგი იყო. იგი „ჭეშმარიტად რადიკალური ლიბერალური პარტიის“, რადიკალური ჯგუფის წევრი იყო, მისი მენტორი კი მანუელ გონდრა გახლდათ.
1911 წელს, გონდრასთან, შერერთან, მონტეროსთან და ემილიანო გონსალეს ნავეროსთან ერთად, იგი ქალაქ პილარში, ნეემბუკუს დეპარტამენტში შექმნილი რევოლუციური საბჭოს წევრი იყო.
სამთა ალიანსის ომის დასრულების შემდეგ, სრული განადგურების პირობებში, ამოქმედდა ახალი ფაქტორები, რომელთაგან ზოგიერთმა ხელი შეუწყო კულტურისა და განათლების უწყვეტობასა და გავრცელებას. ხოსეფინა პლას თანახმად, ამას ორი ფაქტორი განაპირობებდა: უცხოეთიდან განათლებული პარაგვაელების მცირე ნაწილის დაბრუნება, რომლებმაც მმართველი კლასი ჩამოაყალიბეს, და იმიგრაცია, ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში ჩამოვიდნენ და აქტიურად ჩაებნენ ქვეყნის სამოქალაქო რეაბილიტაციაში.
პედაგოგიური მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იგი ყოველთვის შეშფოთებული იყო განათლების სისტემაში არსებული ხარვეზებით. როგორც მასწავლებელი, იგი ცდილობდა თავისი ცოდნა უშუალოდ სწავლების პროცესში დაენერგა.
იგი იყო სამოქალაქო სამართლისა და მორალის პროფესორი დედაქალაქის ეროვნულ კოლეჯში (Colegio Nacional de la Capital) და ასუნსიონის ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც ასევე ასწავლიდა სამოქალაქო სამართალს. 1912 წელს მან ამავე უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა დაიკავა.
მმართველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მანუელ ფრანკომ პარაგვაის პრეზიდენტის თანამდებობა 1916 წლის 15 აგვისტოს დაიკავა და ქვეყანას 1919 წლის 5 ივნისამდე მართავდა. იგი „ლიბერალური პარტიის“ კანდიდატი იყო და უფლებამოსილება ედუარდო შერერისგან გადაიბარა. მასთან ერთად ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ხოსე პ. მონტერო იკავებდა.
პარაგვაიმ მნიშვნელოვან დიპლომატიურ პრესტიჟს მიაღწია იმ პიროვნებების წყალობით, რომლებიც მან ქვეყნის წარმომადგენლებად დანიშნა. ესენი იყვნენ: მანუელ გონდრა აშშ-სა და მექსიკაში, ფულხენსიო რ. მორენო ბოლივიაში და სესილიო ბაესი ევროპაში.
თავის მმართველობაში მან დასახა კონკრეტული მიზნები, რომელთა შორის პრიორიტეტი მიენიჭა პროფესიულ განათლებას, მიწის რეფორმას, ფარული კენჭისყრის სისტემის დანერგვასა და ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილიზაციას.
მას არც განათლების საკითხი დაუტოვებია ყურადღების მიღმა, მხარი დაუჭირა 1904 წლის საგანმანათლებლო გეგმას, ხოლო წლების შემდეგ კი იმ დებულებას, რომელიც მასწავლებელთა შრომის ანაზღაურებას არეგულირებდა.
მანუელ ფრანკო ზრუნავდა ასუნსიონის იერსახეზეც: ქალაქის დიდი ბაზარი მან საზოგადოებრივ მოედნად გარდაქმნა.
მან ჩამოაყალიბა უმაღლესი კლასის მინისტრთა კაბინეტი, სადაც შეკრიბა პარაგვაის პოლიტიკის ყველაზე გამორჩეული ინტელექტუალები: ლუის ა. რიარტი, მანუელ გონდრა, ფელიქს პავია, ელიხიო აიალა და ერნესტო ველასკესი. იგი მოქმედებდა მიუკერძოებლად და სახელმწიფო თანამდებობებზე ოპონენტ პარტია „რესპუბლიკელებსაც“ კი ნიშნავდა.
მისი მმართველობა გამორჩეული იყო პროფესიონალიზმითა და პატიოსნებით.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მანუელ ფრანკო 1919 წლის 5 ივნისს, მოვალეობის შესრულებისას, გულის შეტევით გარდაცვალა. ამის შემდეგ პრეზიდენტის თანამდებობა ვიცე-პრეზიდენტმა ხოსე პ. მონტერომ დაიკავა.
ასუნსიონის ძველ ქუჩას, რომელსაც „დელ სოლი“ (Del Sol) ერქვა (მოგვიანებით ესპინოსა, შემდეგ კი ვილიარიკა), პრეზიდენტ ფრანკოს სახელი (Presidente Franco) მიენიჭა. ეს სახელი ჰქვია ასევე ქალაქ კონსეფსიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არტერიას, რომელიც პორტიდან პინედოს გამზირამდე გრძელდება.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Los presidentes del Paraguay. Raúl Amaral
- Manuel Franco. Un gobernante ejemplar y austero. Juan Samaniego
- Historia de la cultura del Paraguay. Victor Ayala Queirolo