მანუელ ტეიშეირა გომიში
| მანუელ ტეიშეირა გომიში | |
|---|---|
| პორტ. Manuel Teixeira Gomes | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 27 მაისი, 1860 |
| დაბადების ადგილი | პორტიმაუ |
| გარდაცვალების თარიღი | 18 ოქტომბერი, 1941 (81 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | Béjaïa |
| მოქალაქეობა |
პორტუგალია პორტუგალიის სამეფო |
| განათლება | კოიმბრის უნივერსიტეტი და პორტუს უნივერსიტეტი |
| ჯილდოები | Grand Cross of the Sash of the Three Orders, Grand Cross of the Military Order of Saint James of the Sword[1] და Sash of the Three Orders |
|
| |
მანუელ ტეიშეირა გომიში (დ. 27 მაისი, 1860 — გ. 18 ოქტომბერი, 1941) — პორტუგალიელი პოლიტიკოსი, რომელიც პორტუგალიის პრეზიდენტი იყო 1923 წლიდან 1925 წლამდე.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მანუელ ტეიშეირა გომიში დაიბადა პორტიმანში, ჟოზე ლიბანო გომეშის და მისი მეუღლის, მარია და გლორია ტეიშეირას ოჯახში. მამამისი, შეძლებული მიწათმფლობელი და ჩირეულით ვაჭრობის სფეროში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. იგი დიდი მოგზაური გახლდათ, რომელმაც განათლება საფრანგეთში მიიღო და 1848 წლის რევოლუციის მოწმეც გახდა. მას რესპუბლიკური შეხედულებები ჰქონდა და ალგარვში ბელგიის კონსულის პოსტს იკავებდა.
ტეიშეირა გომიში პორტიმაუს „Colégio de São Luís Gonzaga“ და კოიმბრას სემინარიაში სწავლობდა.[2] 16 წლის ასაკში მან კოიმბრას უნივერსიტეტში მედიცინის შესწავლა დაიწყო, თუმცა ერთი წლის შემდეგ სწავლას თავი დაანება და ლისაბონში გადავიდა, სადაც მჭიდრო კავშირები დაამყარა ადგილობრივ ინტელექტუალურ წრეებთან, კერძოდ, ფიალო დე ალმეიდასთან და ჟუან დე დეუშთან. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ იგი პორტუში გაემგზავრა 1881 წელს, სადაც დაუმეგობრდა სამპაიო ბრუნოს, ბაზილიო ტელეშს, ანტონიო სოარეშ დუშ რეიშსა და სხვებს. ჟუაკიმ კოიმბრასთან და კეიროშ ველოზუსთან ერთად მან დააფუძნა თეატრალური გაზეთი „Gil Vicente“.[3] იგი ასევე წერდა გამოცემებისთვის „Primeiro de Janeiro და Folha Nova“.
1891 წელს მამამისმა და სხვა პარტნიორებმა დააფუძნეს კომპანია სახელწოდებით „Sindicato de Exportadores de Figos do Algarve“,[4] რომელმაც სამ წელს იარსება. მანუელს დაევალა ბაზრების მოძიება საფრანგეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში. იგი ბევრს მოგზაურობდა, მოიარა ევროპა და გარკვეული ხნით იტალიაშიც შეყოვნდა. მან თავისი კულტურული თვალსაწირი ჩრდილოეთ აფრიკასა და მცირე აზიაში მოგზაურობითაც გააფართოვა.
კომპანია დაიხურა, თუმცა მამა-შვილმა საქმე დამოუკიდებლად განაგრძო. მალე მათმა წარმატებამ გამოიწვია ბაზრის გაფართოების საჭიროება ახალ რეგიონებში, რომლებიც მათთვის უკვე ნაცნობი იყო — ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. ამის გამო მანუელს წელიწადში ცხრა თვის განმავლობაში მოგზაურობა უწევდა და პორტუგალიაში მხოლოდ ლეღვის მოსავლის აღების სეზონზე ბრუნდებოდა.
1895 წლის შემდეგ მან ახალი კავშირები დაამყარა ლისაბონის ლიტერატურულ წრეებთან. ფიალო დე ალმეიდას მეშვეობით მან გაიცნო მარსელინო მესკიტა, გომეშ ლეალი და სხვები. ალფრედო მესკიტამ, ლუიშ ოზორიუმ და ანტონიო ნობრემ მას პირველი წიგნის, „O Inventário de Junho“, გამოქვეყნებისკენ უბიძგეს, რომელიც 1899 წელს გამოიცა.
მამამისის ჯანმრთელობის გაუარესებისა და ხანდაზმული ასაკის გამო, იგი სულ უფრო მეტ დროს ატარებდა პორტიმაუში. ამ პერიოდში მან გამოაქვეყნა: „Cartas sem Moral Nenhuma“ „Agosto Azul“, „Sabrina Freire“ (1905), „Desenhos e Anedotas de João de Deus“ (1907) და „Gente Singular“ (1909).
მას შემდეგ, რაც 1925 წლის 11 დეკემბერს, ჯანმრთელობის გაუარესების მომიზეზებით, პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა, 17 დეკემბერს ნებაყოფლობით ემიგრაციაში წავიდა. იგი გაემგზავრა ორანში, ალჟირში და პორტუგალიაში აღარასოდეს დაბრუნებულა. 1931 წელს იგი საცხოვრებლად გადავიდა ბუჟიში, სადაც გაატარა კიდეც სიცოცხლის დარჩენილი წლები[5] და მუდამ ოპოზიციაში ედგა ავტორიტარულ რეჟიმს — „Estado Novo“.
მას ბელმირა დაშ ნევეშისგან, მეთევზე ჟუან დე დეუშისა და კიტერია დაშ დორეშის ასულისგან, ორი უკანონო ქალიშვილი ჰყავდა: ანა როზა, რომელიც პორტიმაუში დაიბადა და ცოლად გაჰყვა ჟოზე კალაპეშს, და მარია მანუელა, რომელიც 1910 წლის 7 სექტემბერს დაიბადა და ცოლად გაჰყვა ჟოზე პირს დე აზევედუს. მას სურდა ბელმირაზე დაქორწინება, თუმცა მშობლებმა ამის ნება არ დართეს.
პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც თავდადებული რესპუბლიკელი, იგი თანამშრომლობდა ყოველდღიურ გაზეთთან „A Lucta“, რომლის რედაქტორიც ბრიტო კამაჩო გახლდათ.
რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, მას ლონდონში პორტუგალიის წარმომადგენლის პოსტი შესთავაზეს. 1911 წლის აპრილში იგი ბრიტანეთში გაემგზავრა, 11 ოქტომბერს კი რწმუნებათა სიგელები მეფე ჯორჯ V-ს წარუდგინა[6] და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში სრულუფლებიან ელჩად მსახურობდა.
ტეიშეირა გომიშმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სრული ნდობა მოიპოვა და პორტუგალიასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე მთავარ მომლაპარაკებლად იქცა. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა იმ პრობლემებს, რომლებიც ეხებოდა ანგლო-გერმანულ მოლაპარაკებებს პორტუგალიის კოლონიების განაწილების შესახებ. დიდი ბრიტანეთის ოფიციალური თხოვნით, იგი პორტუგალიის მთავრობებთან ერთად მუშაობდა ომში პორტუგალიის მონაწილეობის საკითხებზე.
ტეიშეირა გომიში პორტუგალიაში 1918 წლის იანვარში დაბრუნდა და სიდონიუ პაიშის დიქტატურის დროს შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. სიდონისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ ის კვლავ დაუბრუნდა დიპლომატიას და გახდა მინისტრი ესპანეთში, შემდეგ კი ისევ დიდ ბრიტანეთში. იგი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე პორტუგალიის დელეგაციის წევრი იყო, ხოლო 1919 წლის 6 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებზე — „Partido Democrático“-ის წარუმატებელი კანდიდატი. იგი იყო ერთა ლიგის დელეგატი, მსახურობდა გენერალური ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო 1923 წლის 6 აგვისტოს დაუსწრებლად აირჩიეს რესპუბლიკის პრეზიდენტად. ლისაბონის პორტში იგი 1923 წლის 3 ოქტომბერს ჩამოვიდა.
თავისი მმართველობის პერიოდში ტეიშეირა გომიშმა განახორციელა ტერორიზმთან ბრძოლის წარუმატებელი მცდელობები და ჩაახშო რადიკალებისა და სამხედროების მიერ ორგანიზებული სულ მცირე ოთხი ძირითადი ამბოხი (1924-1925). იგი იმყოფებოდა „ნაციონალისტური პარტიის“ მუდმივი ზეწოლის ქვეშ და, რადგან ვერ შეძლო პოლიტიკური კრიზისების მართვა, 1925 წლის 11 დეკემბერს, ჯანმრთელობის გაუარესების მომიზეზებით, გადადგა. 1925 წლის 17 დეკემბერს იგი ნებაყოფლობით ემიგრაციაში წავიდა და 1941 წელს ბუჟიში გარდაიცვალა.
ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Gente Singular (1909)
- Novelas Eróticas (1934)
- Regressos (1935)
- Miscelânea (1937)
- Maria Adelaide (1938)
- Carnaval Literário (1939)
- Sabina Freire (1905)
- Correspondência I e II (1960)
- Inventário de Junho (1899)
- Cartas sem Moral Nenhuma (1903)
- Agosto Azul (1904)
- Cartas a Columbano (1932)
- Londres Maravilhosa (1942)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://www.ordens.presidencia.pt/?idc=153
- ↑ Pinto, António Costa; Rezola, Maria Inácia (2001) Os presidentes da República Portuguesa (pt-BR). Temas e Debates, გვ. 108. ISBN 978-972-759-451-1.
- ↑ Gomes, Manuel Teixeira (1957) Regressos. 3. ed (pt-BR). Portugália Editora, გვ. 169.
- ↑ (1978) Clio: revista do Centro de História da Universidade de Lisboa (pt-BR). Instituto Nacional de Investigação Científica, გვ. 118.
- ↑ MPR - Manuel Teixeira Gomes. ციტირების თარიღი: 26 October 2024
- ↑ Martínez, Pedro Soares (2001) A República Portuguesa e as relações internacionais (1910-1926) (pt-BR). Editorial Verbo, გვ. 62. ISBN 978-972-22-2034-7.
| |||||||||||