მანუელ რობლეს პესუელა
| მანუელ რობლეს პესუელა | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 23 მაისი, 1817 |
| დაბადების ადგილი | გუანახუატო |
| გარდაცვალების თარიღი | 23 მარტი, 1862 (44 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | Ciudad Serdan |
| მოქალაქეობა |
|
მანუელ რობლეს პესუელა (დ. 23 მაისი, 1817 – გ. 23 მარტი, 1862) — სამხედრო ინჟინერი, სარდალი და, საბოლოოდ, მექსიკის დროებითი პრეზიდენტი სამოქალაქო ომის, ე.წ. რეფორმის ომის პერიოდში. ეს ომი მიმდინარეობდა კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის; პესუელა კონსერვატორთა პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა ლიბერალების მეთაურის, პრეზიდენტ ბენიტო ხუარესის საპირისპიროდ.
იგი ცნობილი იყო როგორც ზომიერი პოლიტიკოსი. მისი მმართველობა გამოირჩეოდა ლიბერალებთან კომპრომისის მიღწევის წარუმატებელი მცდელობებით. კონსერვატორებმა ომი 1860 წელს წააგეს. მხოლოდ ორი წლის შემდეგ, რობლესმა სცადა შეერთებოდა გენერალ ალმონტეს ძალისხმევას, რათა დახმარებოდა ფრანგებს საფრანგეთის მეორე ინტერვენციის დროს. თუმცა, ლიბერალურმა მთავრობამ იგი გზაში შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა.
ადრეული ცხოვრება და სამხედრო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მანუელ რობლეს პესუელა დაიბადა გუანახუატოში, 1817 წლის 23 მაისს, ინჟინრისა და პოლკოვნიკის, ფრანსისკო რობლესისა და ხოსეფინა პესუელას ოჯახში. მან სწავლა დაიწყო სამთო კოლეჯში, რომლის დირექტორიც მამამისი იყო. მანუელი დაჯილდოვდა აკადემიური მიღწევებისთვის ქიმიაში, ინგლისურსა და გეოგრაფიაში. 1840 წელს მან საპატიო წოდებით მიიღო საინჟინრო ოფიცრის ხარისხი.
1842 წელს რობლესი დაწინაურდა ინჟინერთა კაპიტნად, ხოლო 1846 წელს — ვიცე-პოლკოვნიკად. იმავე წელს იგი ჩართული იყო მნიშვნელოვან გეოდეზიურ და ტოპოგრაფიულ პროექტებში ტეუანტეპეკის ყელზე. მან ააშენა გზის უდიდესი ნაწილი ვერაკრუსსა და სან-ხუანს შორის, რომლის გაგრძელებასაც ხალაპამდე გეგმავდა. მან შეადგინა ვერაკრუსის გეგმები და მუშაობდა ამავე ქალაქის დოკებზე. იგი იყო მექსიკის სტატისტიკის საზოგადოებისა და პარიზის გეოგრაფიული საზოგადოების წევრი.[1]
იგი მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში მთელი მექსიკის მასშტაბით ამერიკა-მექსიკის ომის დროს. მეთაურობდა საინჟინრო ნაწილებს ვერაკრუსში და ესწრებოდა ამ ქალაქის ალყასა და დაბომბვას. ამ ბრძოლაში გაწეული სამსახურისთვის ვერაკრუსის შტატის კონგრესმა მას საპატიო მედალი გადასცა. როგორც საინჟინრო ქვედანაყოფების მეთაური, იგი მონაწილეობდა სერო-გორდოს ბრძოლაში და იმყოფებოდა ელ-ტელეგრაფოს ბორცვზე, როდესაც ამერიკელები დროებით უკუაგდეს. იგი იქ დარჩა მექსიკის ჯარების საბოლოო დამარცხებამდე. პენიოლ-ვიეხოსთან თავდაცვითი ნაგებობების მომზადების შემდეგ, ჩაპულტეპეკის ბრძოლაში იგი უშუალოდ სანტა-ანას[3] დაქვემდებარებაში იმყოფებოდა.[2]
1852 წელს იგი იყო ომის მინისტრი, თუმცა სანტა-ანას რეჟიმით უკმაყოფილომ, თანამდებობა დატოვა და იმოგზაურა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისსა და ოსმალეთის იმპერიაში, სადაც სწავლობდა ციხესიმაგრეებს, სამხედრო და სამეცნიერო დაწესებულებებს.[3]
პრეზიდენტობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ის მექსიკაში 1858 წლის სექტემბერში დაბრუნდა, როდესაც რეფორმის ომი უკვე დაწყებული იყო. მან საკუთარი სამსახური შესთავაზა გენერალ ეჩეგარაის და ურჩია, ლიბერალების ხელში არსებული პეროტეს ციხესიმაგრის გარშემო თხრილები გაეყვანათ კომუნიკაციების გადასაკეტად. შემდეგ იგი დედაქალაქში გაემგზავრა და შეუერთდა კონსერვატიული პარტიის „ფუზიონისტურ“ (შემრიგებლურ) ფრთას, რომელიც ლიბერალებთან კომპრომისს უჭერდა მხარს.
კონსერვატორი პრეზიდენტის, სულოაგას მიერ ომის მართვით უკმაყოფილებამ და მისმაუუნარობამ, მიეღო ახალი კონსტიტუცია, აიძულა ეჩეგარაი, 1858 წლის დეკემბერში მას აჯანყებოდა აიოტლას გეგმით. აჯანყება ჩაახშეს, თუმცა მალევე რობლეს პესუელამ აიოტლას გეგმის მოდიფიცირებული ვერსია გამოაცხადა. გეგმა ითვალისწინებდა თითოეული დეპარტამენტის სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან „გამოჩენილ პირთა ხუნტის“ (Junta of Notables) შექმნას. ეს ხუნტა აირჩევდა სამ წარმომადგენელს თითოეული დეპარტამენტიდან დამფუძნებელი კონგრესის ჩამოსაყალიბებლად, რომელსაც ახალი კონსტიტუცია უნდა დაეწერა და შემდგომ საყოველთაო რეფერენდუმზე გაეტანა. რობლეს პესუელას ლიბერალებთან კომპრომისი სურდა და იმედოვნებდა, რომ სულოაგას გადაყენება ამ საქმეს დაეხმარებოდა.[4]
სულოაგა წარმატებით ჩამოაცილეს პრეზიდენტობას. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რობლესმა რამდენიმე საომარი ღონისძიება გაატარა და სამღვდელოებასთან ომის დაფინანსებაზე მოლაპარაკებები გამართა. მან რწმუნებულები გაგზავნა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ვერაკრუსის შტატის გუბერნატორ გუტიერეს სამორასთან და სხვა კონსტიტუციურ გუბერნატორებთან გეგმაში გაწევრიანების შეთავაზებით. მისი მიწვევები ძირითადად უგულებელყვეს, გარდა მექსიკისა და გუანახუატოს დეპარტამენტებისა.[5]
ხუნტის გეგმაში თავდაპირველად არ იყო გათვალისწინებული ჩრდილოეთის კონსერვატიული არმიების წარმომადგენელი, რაც კონსერვატორთა რადიკალური ფრთის ლიდერის, გენერალ მიგელ მირამონის იგნორირების მცდელობას ჰგავდა. ამ ნაბიჯმა კონსერვატორებში უკმაყოფილება გამოიწვია. რობლესი დათმობაზე წავიდა და ხუნტაში მირამონის წარმომადგენელიც დაამატა.[6]
აიოტლას გეგმის შესაბამისი „გამოჩენილ პირთა ხუნტა“ საბოლოოდ 30 დეკემბერს შეიკრიბა მარიანო რივა პალასიოს თავმჯდომარეობით. ხუნტამ მიიღო აღმასრულებელი ხელისუფლების წესები და დამფუძნებელი კონგრესის მოწვევის გეგმა შეადგინა. როდესაც დადგა რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევის დრო, რობლეს პესუელა გენერალ მიგელ მირამონთან ოთხი ხმით დამარცხდა. პრეზიდენტის თანამდებობა მირამონს 1859 წლის 31 იანვარს გადაეცა.
პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდი და სიკვდილით დასჯა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრეზიდენტმა მირამონმა რობლესი ვერაკრუსის გუბერნატორად და მთავარსარდლად დანიშნა, მოგვიანებით კი მან სათავეში ჩაუდგა „აღმოსავლეთის დივიზიას“.
როგორც ცნობილ ზომიერ პოლიტიკოსს, ვერაკრუსის ლიბერალურმა მთავრობამ მას შეთანხმება შესთავაზა; ლიბერალმა მინისტრმა მელჩორ ოკამპომაც წამოაყენა გულუხვი წინადადებები მათ მხარეს გადასასვლელად, თუმცა ამ მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.
იგი ესწრებოდა მირამონის გადამწყვეტ დამარცხებას სილაოს ბრძოლაში 1860 წელს. როდესაც წლის ბოლოს კონსერვატორებმა ომი წააგეს, რობლესმა მიიღო ლიბერალური მთავრობის ამნისტია, თუმცა მას ქვეყნის შიდა რეგიონების დატოვება აეკრძალა — პირობა, რომელიც მან მოგვიანებით დაარღვია.
საფრანგეთის ინტერვენციის დროს მან მიიღო გენერალ ხუან ალმონტეს შეთავაზება, შეერთებოდა მის მთავრობას, რომელიც ფრანგებთან თანამშრომლობდა. 1862 წლის 20 მარტს, ინტერვენტებთან შესაერთებლად მიმავალი, ქალაქ ტუქსტეპეკში დააკავეს. იგი სამხედრო ტრიბუნალს გადასცეს და 23 მარტს დახვრიტეს, მიუხედავად უცხოური საელჩოების თხოვნისა, შეენარჩუნებინათ მისი სიცოცხლე.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Rivera Cambas, Manuel (1873). Los Gobernantes de Mexico: Tomo II. Aguilar Ortiz, გვ. 553.
- ↑ Rivera Cambas, Manuel (1873). Los Gobernantes de Mexico: Tomo II. Aguilar Ortiz, გვ. 549.
- ↑ Rivera Cambas, Manuel (1873). Los Gobernantes de Mexico: Tomo II. Aguilar Ortiz, გვ. 550.
- ↑ Bancroft, Hubert Howe (1885). History of Mexico Volume V 1824-1861. The Bancroft Company, გვ. 751.
- ↑ Rivera Cambas, Manuel (1873). Los Gobernantes de Mexico: Tomo II. Aguilar Ortiz, გვ. 550.
- ↑ Rivera Cambas, Manuel (1873). Los Gobernantes de Mexico: Tomo II. Aguilar Ortiz, გვ. 550.