შინაარსზე გადასვლა

მანუელ მარია მალიარინო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანუელ მარია მალიარინო
ესპ. Manuel María Mallarino Ibargüen
დაბადების თარიღი 18 ივნისი, 1808(1808-06-18)
დაბადების ადგილი კალი
გარდაცვალების თარიღი 6 იანვარი, 1872(1872-01-06) (63 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბოგოტა
მოქალაქეობა  კოლუმბია
განათლება Universidad del Cauca და St. Bartholomew Major College
მეუღლე/ები María Mercedes Cabal

მანუელ მარია მალიარინო იბარგუენი (დ. 18 ივნისი, 1808 – გ. 6 იანვარი, 1872) — ახალი გრანადას მერვე ვიცე-პრეზიდენტი. მალიარინო 1855 წლიდან 1857 წლამდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

მანუელ მარია დაიბადა 1808 წლის 18 ივნისს სანტიაგო-დე-კალიში, რომელიც იმ დროს ახალი გრანადის ვიცე-სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. იგი იყო ხოსე მარია მალარინო ი ვარგასის და ხუანა მარია დე ლა კონსეფსიონ იბარგუენის უფროსი შვილი.[1][2] იგი სწავლობდა კაუკას უნივერსიტეტში და 1831 წლის 17 ივლისს მიიღო იურიდიული მეცნიერების დოქტორის ხარისხი.[3] 1836 წლის 11 აგვისტოს მან ცოლად შეირთო მარია მერსედეს კაბალი, ხოსე ანტონიო ვიქტორ კაბალ მოლინასა და მარია პეტრონა ბორერო ი კოსტას ქალიშვილი, რომელიც წარმოშობით ბუგადან იყო. ჯვრისწერა შედგა მისი სიმამრის მამულში, ელ-სერიტოში. მანუელ მარიას და მარია მერსედესს ჰყავდათ შვიდი შვილი: ხოსე მარია, ვიქტორი, ანტონიო, სუზანა, გონსალო, სოფია და ხულიო დანიელი.[2]

მისი დის, მარია ხოსეფას, ვაჟები, კარლოს და ხორხე ოლგინ მალარინოები, კონსერვატიული პარტიის ცნობილი პოლიტიკოსები გახდნენ, რომლებიც მის მსგავსად კონგრესში და მოვალეობის შემსრულებელ პრეზიდენტებად მსახურობდნენ. ხორხე მოგვიანებით კოლუმბიის მე-10 პრეზიდენტიც გახდა.

საგარეო საქმეთა მინისტრი (1846–1848)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალარინო მსახურობდა ახალი გრანადის საგარეო საქმეთა 21-ე, 23-ე და 25-ე მინისტრის თანამდებობაზე პრეზიდენტ ტომას ციპრიანო დე მოსკერა ი არბოლედას ადმინისტრაციის დროს.[4] 1846 წელს, მინისტრ მალიარინოს დაევალა მოლაპარაკებების წარმოება და ახალ გრენადაში აშშ-ის ელჩთან, ბენჯამინ ალდენ ბიდლაკთან, „მალარინო-ბიდლაკის ხელშეკრულების“ გაფორმება. ეს ხელშეკრულება შეერთებულ შტატებსა და ახალ გრანადას შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას წარმოადგენდა, რომელიც აშშ-ს პანამის ყელზე მნიშვნელოვან სატრანზიტო უფლებებს ანიჭებდა, ასევე სამხედრო ძალაუფლებას ახალი გრანადის წინააღმდეგ მიმართული სოციალური კონფლიქტებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლების ჩასახშობად. თუმცა, მოგვიანებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სწორედ ამ ხელშეკრულებას მიმართა, რათა გაემართლებინა თავისი ჩარევა კოლუმბიისგან პანამის გამოყოფის პროცესში.

ვიცე-პრეზიდენტობა (1855–1859)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1854 წლის 17 აპრილს გენერალმა ხოსე მარია მელომ გადააყენა პრეზიდენტი ხოსე მარია ობანდო სახელმწიფო გადატრიალების შედეგად. იმავე წლის ბოლოს გენერალი მელო დათანხმდა გადადგომას და ხელისუფლება წინა ადმინისტრაციას დაუბრუნა. ვინაიდან პრეზიდენტ ობანდოს კონგრესმა ოფიციალურად იმპიჩმენტი გამოუცხადა, აღმასრულებელი ხელისუფლება ვიცე-პრეზიდენტ ხოსე დე ობალდიას ხელში გადავიდა, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა, რადგან ახალი გრენადის 1832 წლის კონსტიტუცია ხელისუფლების სრულფასოვანი მემკვიდრეობით გადაცემის საშუალებას არ იძლეოდა. კონსტიტუცია ასევე ითვალისწინებდა პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ცალ-ცალკე არჩევნებს, რომლებიც ორწლიანი ინტერვალით ტარდებოდა.[5] ამრიგად, 1855 წელს, როდესაც ვიცე-პრეზიდენტ ობალდიას უფლებამოსილების ვადა ამოიწურა, კონგრესმა დაიწყო მისი მემკვიდრის შერჩევა და ობალდიას ნაცვლად მალიარინო აირჩია. მალიარინომ ახალი გრანადას მერვე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა 1855 წლის 1 აპრილს დაიკავა და ახალი გრანადას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. 1857 წელს მალიარინომ აღმასრულებელი ძალაუფლება ახლადარჩეულ პრეზიდენტს, მარიანო ოსპინა როდრიგესს გადასცა, რომელმაც თანამდებობა 1 აპრილს დაიკავა. პრეზიდენტმა ოსპინამ კონსტიტუციის შეცვლა დაიწყო. სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებთან ერთად მან ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა გააუქმა. ამრიგად, მალიარინო ახალი გრანადას ბოლო ვიცე-პრეზიდენტი იყო, რადგან მას მემკვიდრე არ ჰყოლია. ქვეყანას ვიცე-პრეზიდენტი აღარ ჰყოლია 1886 წლამდე, სანამ კოლუმბიის 1886 წლის კონსტიტუციამ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებოა კვლავ არ აღადგინა.

საგარეო საქმეთა მინისტრი(1861)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1861 წელს, 1860–1862 წლების სამოქალაქო ომის დროს, პრეზიდენტმა ბარტოლომეო კალვომ მალიარინო კიდევ ერთხელ დანიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე. მალიარინომ 1861 წლის 1 აპრილს გრანადის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მე-2 მინისტრის თანამდებობა დაიკავა, მან ამ თანამდებობაზე მხოლოდ 10 ივლისამდე იმსახურა. სწორედ ამ დროს გენერალმა მოსკერამ რომლის ადმინისტრაციაშიც მალიარინო წარსულში საგარეო საქმეთა მინისტრად მსახურობდა პრეზიდენტი კალვო თანამდებობიდან გადააყენა და მთავრობა დაამხო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Otero Muñoz, Gustavo (1938). Semblanzas Colombianas (Spanish). Bogotá: Editorial ABC, გვ. 168. OCLC 3760744. ციტირების თარიღი: 2 December 2012. 
  2. 1 2 Restrepo Sáenz, José María; Rivas, Raimundo; Restrepo Posada, José (1991). Genealogías de Santa Fe de Bogotá (Spanish). Bogotá: Editorial Presencia, გვ. 48–50. OCLC 28546996. ციტირების თარიღი: 2 December 2012. 
  3. López Ocampo, Javier. Mallarino, Manuel María Spanish. Gran Enciclopedia de Colombia del Círculo de Lectores: Biografías. Luis Ángel Arango Library. ციტირების თარიღი: 2 December 2012.
  4. Cadena, Pedro Ignacio (1878). Anales Diplomáticos de Colombia, Official (Spanish), Bogotá: Imprenta de Manuel J. Barrera, გვ. 33–34. OCLC 4654242. ციტირების თარიღი: 2 December 2012. 
  5. New Granada, National Constituent Assembly of. (1 March 1832) Constitución Política del Estado de Nueva Granada de 1832 Spanish. Biblioteca Virtual Miguel de Cervantes. ციტირების თარიღი: 26 November 2012.