მანუელ კანდამო
| მანუელ კანდამო | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 14 დეკემბერი, 1841[1] |
| დაბადების ადგილი | ლიმა[1] |
| გარდაცვალების თარიღი | 7 მაისი, 1904[2] [1] (62 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | არეკიპა[1] |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | სან-მარკოსის ეროვნული უნივერსიტეტი |
| მამა | Pedro Español González de Candamo y Astorga[3] |
| დედა | Doña Mercedes Iriarte y Ribera[4] |
| შვილ(ებ)ი | Teresa de la Cruz Candamo |
მანუელ გონსალეს დე კანდამო ი ირიარტე (დ. 14 ივლისი, 1841 — გ. 7 მაისი, 1904) — პერუს 33-ე პრეზიდენტი 1903 წლიდან 1904 წლამდე. იგი ასევე მსახურობდა პერუს დროებით პრეზიდენტად, ოფიციალურად კი სამთავრობო ხუნტის პრეზიდენტის სტატუსით, 1903 წლის 8 სექტემბრიდან მომდევნო წელს მის გარდაცვალებამდე.
ადრეული ცხოვრება და ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდიდარ ოჯახში დაბადებული მანუელი იყო პედრო გონსალეს დე კანდამო ი ასტორგასა (დ. ვალპარაისოს პორტი, ჩილე, 1799 წლის 30 ივნისი – გ. ლიმა, 1866 წლის 22 იანვარი) — პერუს ელჩისა და იმ დროისთვის პერუს უმდიდრესი ადამიანის და მისი მეუღლის, მარია დე ლას მერსედეს ირიარტე ი ოდრიას ვაჟი.[5] მამის მხრიდან იყო შვილიშვილი ალფონსო გონსალეს დე კანდამო ი პრიეტოსი (დაბადებული ასტურიაში, გასპარ გონსალეს დე კანდამოსა და მისი მეუღლის, ეულალია პრიეტოს ვაჟი) და მისი მეუღლის, პეტრონილა დე ასტორგა ი ურიზარისა (დაბადებული ვალპარაისოში, ჩილე). ხოლო დედის მხრიდან მანუელი იყო შვილიშვილი პედრო იგნასიო ირიარტე ი ველასკო-პატინიოსი, მაღაროების მფლობელისა უანკაიოდან, რომელმაც 1819 წელს შეიძინა „ლობატონის“ მამული (Hacienda Lobatón) და „კონსაკის“ მამულის ნახევარი, და მისი მეუღლის, პაულა ოდრია ი გრანადოსისა, რომელიც იყო „რუმიჩაკას“ მამულის მფლობელების, ხუან იგნასიო ოდრიასა და მანუელა გრანადოსის ქალიშვილი. მანუელა თავის მხრივ იყო ლა ტრინიდად დე უანკაიოს გუბერნატორის, მარსელო გრანადოსის (ლა ასუნსიონ დე მიტო, დ. 1758 – გ.?) და.
მანუელ კანდამომ ადრეული წლები გვადალუპეს ღვთისმშობლის კოლეჯში გაატარა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ იგი ჩაირიცხა სან-მარკოსის ეროვნულ უნივერსიტეტში, სადაც იურისპრუდენციის ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა.
ადრეული პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პესეტისა და ჩინჩას კუნძულების ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1863 წელს კანდამომ მუშაობა დაიწყო El Comercio-ში, დედაქალაქის ერთ-ერთ უძველეს გაზეთში. იქიდან იგი მკაცრად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ხუან ანტონიო პესეტს და „ვივანკო-პარეხას ხელშეკრულებას“, კერძოდ კი იმას, თუ როგორ მართავდა მთავრობა ესპანეთთან არსებულ დიპლომატიურ კრიზისს. თავისი ქმედებების გამო იგი ჩილეში გადაასახლეს. დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც მარიანო იგნასიო პრადომ წარმატებით განახორციელა სახელმწიფო გადატრიალება პესეტის წინააღმდეგ.
რევოლუციის შემდეგ, ჩინჩას კუნძულების ომის დროს, იგი პრადოს აქტიური მხარდამჭერი იყო. როდესაც პერუს კონგრესმა უარი თქვა პრადოს მთავრობის აღიარებაზე, კანდამო ჩილეში გაემგზავრა პერუს დიპლომატიური მისიის შემადგენლობაში. იგი ჩილეში არ დარჩენილა და იქიდან ევროპასა და აზიაში გაემგზავრა.
სამოქალაქო პარტია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მანუელ კანდამო, მანუელ პარდოსთან ერთად, „სამოქალაქო პარტიის“ (Partido Civil) ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი იყო. თავად პარტიამ საზოგადოებრივი ცნობადობა მოიპოვა იმით, რომ ის იყო პირველი ორგანიზებული პოლიტიკური პარტია პერუში და ასევე პირველი, რომელიც ძირითადად სამოქალაქო პირებისგან შედგებოდა. ამ პერიოდში კანდამომ წარმატებით განაახლა თავისი პოლიტიკური კარიერა და წამოიწყო რამდენიმე ეკონომიკური ბიზნესი.
წყნარი ოკეანის ომი და რეკონსტრუქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პერუს სამხრეთ არმიების განადგურებისა და ლიმაში გარდაუვალი შეჭრის შემდეგ, კანდამომ მონაწილეობა მიიღო ქალაქის დაცვაში. იგი იბრძოდა სან-ხუანისა და მირაფლორესის ბრძოლებში. როდესაც ქალაქი ჩილეს არმიამ დაიკავა, კანდამო და რამდენიმე სხვა გამოჩენილი პოლიტიკოსი ჩილეში გადაასახლეს, რადგან ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ნებისმიერ სამშვიდობო წინადადებას, რომელიც ჩილელებისთვის ტარაპაკას, ტაკნისა და არიკას დათმობას ითვალისწინებდა.
კანდამო პერუში „ანკონის ზავის“ ხელმოწერისა და ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდა, თუმცა იგი კვლავ გადაასახლეს პრეზიდენტ მიგელ იგლესიასის ოპოზიციისა და ანდრეს აველინო კასერესის მხარდაჭერის გამო. მას შემდეგ, რაც იგლესიასი დაამხეს და ხელისუფლებაში კასერესი მოვიდა, კანდამო სენატში აირჩიეს, სადაც იგი სენატის პრეზიდენტი გახდა 1888, 1890 და 1892 წლებში.[6]
გვიანდელი პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხუნტის პრეზიდენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც სამოქალაქო პარტიის წევრი, კანდამო მსახურობდა ლიმის მერად. მას შემდეგ, რაც 1894 წელს ანდრეს აველინო კასერესი აიძულეს პრეზიდენტობიდან გადამდგარიყო, კანდამო შეირჩა „დროებითი სამთავრობო ხუნტის“ ხელმძღვანელად, რომლის მიზანიც ახალი არჩევნების დანიშვნა იყო. არჩევნებში გაიმარჯვა ნიკოლას დე პიეროლამ, რომელიც სამოქალაქო პარტიის მოკავშირე იყო.
სენატის პრეზიდენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ედუარდო ლოპეს დე რომანიას ადმინისტრაციის დროს იგი პერუს სენატის პრეზიდენტად აირჩიეს (1897 და 1901 წლებში).[6] ეს მოხდა მას შემდეგ, რაც „სამოქალაქო“ და „დემოკრატიულმა“ პარტიებმა მიაღწიეს კომპრომისს და მთავრობაში თავიანთი პოლიტიკური გავლენები გაინაწილეს.
1903 წლის არჩევნებისთვის კანდამო განიხილებოდა როგორც ზომიერი კანდიდატი და სამოქალაქო პარტიის ყველაზე სანდო პოლიტიკური ფიგურა. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კანდამო დაავადდა და თანამდებობაზე ყოფნისას გარდაიცვალა. იგი დაქორწინებული იყო ტერესა ალვარეს-კალდერონზე.
სერაპიო კალდერონის ხანმოკლე დროებითი მმართველობის შემდეგ, კანდამო მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე პარდომ ჩაანაცვლა.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მანუელ კანდამო დაქორწინებული იყო ტერესა ალვარეს-კალდერონზე, რომელთანაც ორი ქალიშვილი შეეძინა. ერთ-ერთმა მათგანმა, ტერესა დე ლა კრუსმა, დააარსა მონასტერი „კანონესას დე ლა კრუსი“ (Canonesas de La Cruz). 1981 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ მას ღვთის მსახურის ტიტული მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ განიხილება მისი წმინდანად შერაცხვის (კანონიზაციის) შესაძლებლობა.
იგი იყო ანგლო-პერუელი „გუანოს“ მილიონერის, ჯონ პაბლო ბრაისის ცოლისძმა. ამგვარად, იგი გახლდათ ებერკორნის ჰერცოგინიას ალექსანდრა ჰამილტონისა და უესტმინსტერის ჰერცოგინიას ნატალია გროსვენორის პაპის ძმისშვილი (დიდი ბიძა), ისევე როგორც მილფორდ ჰევენის მარკიზას ჯანეტ მერსედეს ბრაისის,მილფორდ ჰევენის მე-3 მარკიზის, დევიდ მაუნტბატენის მეუღლის ბიძა.
იგი იყო კლოტილდა დე სილვა ი გონსალეს დე კანდამოს (დ. 19 ივლისი, 1898 – გ. 12 დეკემბერი, 1978) დიდი ბიძა (პაპის ძმა). კლოტილდა იყო არსიკოლარის მე-10 მარკიზის ქალიშვილი და პლესის თავადის, ჰანს ჰაინრიხ XV ფონ ჰოხბერგის მეორე ცოლი, ხოლო განქორწინების შემდეგ — ჰანს ჰაინრიხ XV-ის ვაჟის, ბოლკოს მეუღლე. მას თითოეული ქმრისგან ორი შვილი შეეძინა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Burke's Landed Gentry
- Burke's Royal Families of the World, Europe and Latin America
- Haciendas y Pueblos de Lima, Historia del Valle del Rimac