მანსურ ალ-ჰალაჯი
მანსურ ალ-ჰალაჯი | |
---|---|
![]() | |
პირადი მონაცემები | |
დაბადების თარიღი | 858 წელი |
დაბადების ადგილი | აბასიანთა სახალიფო |
გარდაცვალების თარიღი | 922 წელი |
გარდაცვალების ადგილი | აბასიანთა სახალიფო |
რელიგია | ისლამი, სუფიზმი |
პროფესია | მისტიკოსი,პოეტი, მასწავლებელი |
მანსურ ალ-ჰალაჯი (არაბ. ابو المغيث الحسين بن منصور الحلاج) — სპარსი მისტიკოსი, პოეტი და სუფიზმის მასწავლებელი. ის განსაკუთრებით ცნობილია გამონათქვამით „მე ვარ ჭეშმარიტება“, რომელიც ზოგმა ღვთაებრივობის პრეტენზიად ჩათვალა, ზოგმა კი - ღმერთთან შერწყმის მისტიკურ გამოხატულებად.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალ-ჰალაჯი დაიბადა სპარსის პროვინციაში, ბამბის მქსოველთა ოჯახში. 12 წლის ასაკში უკვე ზეპირად იცოდა ყურანი. მან განათლება მიიღო ცნობილ სუფი მასწავლებლებთან, მათ შორის საჰლ ალ-ტუსტართან და ჯუნეიდ ბაღდადელთან[1].
მისი ცხოვრება აღსავსე იყო მოგზაურობებით. იმოგზაურა მექაში, ინდოეთსა და თურქესტანში. მან შეიძინა მრავალი მიმდევარი, თუმცა მისმა რადიკალურმა სწავლებებმა და მისტიკურმა განცხადებებმა გამოიწვია წინააღმდეგობა როგორც რელიგიურ, ისე პოლიტიკურ წრეებში.
908 წელს ბაღდადში პოლიტიკური არეულობის დროს, ალ-ჰალაჯი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქალაქი. სამი წლის შემდეგ ის დააპატიმრეს და ცხრა წელი გაატარა ციხეში. 922 წელს მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა მიზეზები სადავოა - ოფიციალურად მას ქააბას წინააღმდეგ მოქმედება დასწამეს, თუმცა მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მისი დასჯა უფრო პოლიტიკური მოტივებით მოხდა, ვიდრე რელიგიური[2].
სიკვდილით დასჯა აღსრულდა მდინარე ტიგროსის ნაპირზე ათასობით მაყურებლის თანდასწრებით. მისი ცხედარი დაწვეს და ფერფლი მდინარეში მიმოფანტეს[3].
სწავლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალ-ჰალაჯის სწავლებები გამორჩეული იყო იმით, რომ ის მისტიკურ ცოდნას ფართო საზოგადოებას უზიარებდა, რაც იმ დროის სუფიებში უჩვეულო იყო. ის მოუწოდებდა ხალხს, ეპოვათ ღმერთი საკუთარ სულში. მისი სწავლების სტილი განსხვავდებოდა ტრადიციული სუფიური მიდგომისგან - ის იყენებდა მარტივ, ხალხისთვის გასაგებ ენას და ხშირად ვარდებოდა მისტიკურ ტრანსში, რასაც ღმერთთან კავშირს მიაწერდა.
ალ-ჰალაჯის ყველაზე ცნობილი და საკამათო გამონათქვამი იყო „მე ვარ ჭეშმარიტება“ (არაბ. أنا الحق - ანა ალ ჰაქ). ამ ფრაზის ინტერპრეტაცია სადავო იყო - ზოგი მას ღვთაებრივობის პრეტენზიად მიიჩნევდა, რადგან „ჭეშმარიტება“ ღმერთის ერთ-ერთი სახელია ისლამში. თუმცა, მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ ეს იყო მისტიკური გამოცდილების გამოხატულება და არა ღვთაებრივობის პრეტენზია.
მისი ძირითადი ნაშრომები, ყველა არაბულ ენაზე დაწერილი, მოიცავს:
- ოცდაშვიდი მოთხრობა, შეგროვებული მისი მოწაფეების მიერ
- „კიტაბ ალ-ტავასინი“ - თერთმეტი მოკლე ნაწარმოების კრებული
- პოეტური კრებული „დივან ალ-ჰალაჯი“
- გამონათქვამების კრებული „ახბარ ალ-ჰალაჯი“
ზოგიერთი კრიტიკოსი, მათ შორის იბნ კატირი, მას მატყუარად და ჯადოქრად მიიჩნევდა, თუმცა სხვები, როგორც ედუარდ საიდი, მას „ქრისტესმაგვარ“ ფიგურად აღიქვამდნენ[4].
ალ-ჰალაჯის უმნიშვნელოვანესი ნაშრომია „კიტაბ ალ-ტავასინი“, სადაც ის იყენებს დიაგრამებსა და სიმბოლოებს მისტიკური გამოცდილების გადმოსაცემად. წიგნში განხილულია სხვადასხვა თემა, მათ შორის წინასწარმეტყველ მუჰამედის ქება და საინტერესო დიალოგი ღმერთსა და სატანას შორის. წიგნში ის წერს: „თუ თქვენ არ აღიარებთ ღმერთს, აღიარეთ მისი ნიშანი. მე ვარ შემოქმედებითი ჭეშმარიტება“[5].
ალ-ჰალაჯის მემკვიდრეობა წინააღმდეგობრივია ისლამურ სამყაროში. მართალია, ადრეული სუფი მასწავლებლების უმრავლესობამ დაგმო იგი, მოგვიანებით ის თითქმის ერთხმად იქნა წმინდანად შერაცხული სუფიების მიერ. მისი იდეები განსხვავებულად განიმარტებოდა. ზოგი მის გამონათქვამებს მიიჩნევდა მისტიკური გამოცდილების გამოხატულებად. სხვები მათ უმწიფრობას ან სიგიჟეს მიაწერდნენ. თანამედროვე მხარდამჭერები მის სწავლებას ხსნიან როგორც ღმერთთან მისტიკური ერთიანობის გამოცდილებას.
ალ-ჰალაჯის გავლენა ისლამის საზღვრებს სცდება. მას განსაკუთრებით პატივს სცემენ ეზიდები, რომლებმაც მის საპატივცემულოდ რელიგიური საგალობლებიც კი შექმნეს. მისი იდეები აისახა მათ რელიგიურ სწავლებებშიც[6].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Louis Massignon, Louis Gardet (1986). Encyclopedia of Islam, 2nd ed., Vol. 3, "Al-Halladj". Brill. pp. 99–100.
- ↑ Louis Massignon, Louis Gardet (1986). Encyclopedia of Islam, 2nd ed., Vol. 3, "Al-Halladj". Brill. p. 101.
- ↑ ḤALLĀJ, ABU’L-MOḠIṮ ḤOSAYN
- ↑ Said, Edward (2019) [1978]. Orientalism. Penguin Books. ISBN 978-0-14-118742-6. OCLC 1200830761.
- ↑ Kitaab al-Tawaaseen, Massignon Press, Paris, 1913, vi, 32.
- ↑ الإيزيديّون السوريّون في كُرداغ والجزيرة: بناء الهويّات في مجتمعٍ متغاير