იაკობ მანსვეტაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მანსვეტაშვილი, იაკობ)

იაკობ მანსვეტაშვილი (დ. 29 ივნისი, 1855 — გ. 22 მაისი, 1944) — ქართველი ჟურნალისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილი დაიბადა სოფელ ნორიოში, 1855 წლის 29 ივნისს. მამა მღვდელი ჰყავდა, დედა - მღვდლის შვილი, გვარად ძიძიკაშვილი. იაკობი სოფლის სკოლაში დადიოდა, რომელიც მღვდელ მამას საკუთარ ხარჯზე ჰქონდა გახსნილი და უსასყიდლოდ, თავად ასწავლიდა ბავშვებს წერა-კითხავს. 8 წლის ასაკში თბილისის სასულიერო სემინარიაში მიაბარეს, მისი პედაგოგები იყვნენ: იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, გ. იოსელიანი და ლ. ტურიაშვილი.

სემინარიის დამთავრების შემდეგ, იაკობი პეტრებურგში მიემგზავრება და სწავლას იქაური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე აგრძელებს. მისი ლექტორები არიან: მენდელეევი, ბუტლეროვი, ვაგნერი, სეჩინოვი.

სწავლის დასრულების შემდეგ იაკობ მანსვეტაშვილი სამშობლოში ბრუნდება და აქტიურად ებმება სალიტერატურო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1886-1890 წწ. ილია ჭავჭავაძის რედაქტორობის დროს, მუშაობს გაზეთ „ივერიაში“ მუდმივ თანამშრომლად და პარალელურად სხვა ჟურნალ-გაზეთებში, სხვადასხვა ფსევდონიმით (დონ იაგო, ალექსნდრიძე, მარელი ნორიელი, შერმადინი) ბეჭდავდა სამეცნიერო წერილებს, ფელეტონებს, რეცენზიებს, კრიტიკულ წერილებს, პატარა მოთხრობებსა და ეპიგრამებს. ასევე თანამშრომლობს საყმაწვილო ჟურნალ „ჯეჯილში“ და ყოველთვიურ „მოამბეში“. იგი იყო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას თანამედროვე და მეგობარი. ხუთი წლის განმავლობაში იაკობს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მდივნის თანამდებობა ეკავა და სწორედ მისი ინიციატივით დაარსდა წიგნის პირველი მაღაზია თბილისში.

1899 წელს იაკობ მანსვეტაშვილი მიემგზავრება ბაქოში და ხელმძღვანელობს საადგილმამულო ბანკის ბაქოს განყოფილებას. 1912 წელს ბაქოში საკუთარი ხარჯებით აშენებს სახლს, რომელშიც მოეწყო სკოლა და ქართული თეატრი. ეს სახლი იქცა ბაქოში მცხოვრებ ქართველთა სავანედ. იაკობი ხდება ბაქოს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი და დიდი ნავთობმწარმოებელი, რაც მას ეხმარება გააძლიეროს და გააღრმავოს მეცნიერული მოღვაწეობა.

იაკობ მანსვეტაშვილი მეუღლესთან, ნინო გვარამაძესთან, მცირეწლოვან ვაჟთან (ბორისი) და ძიძასთან (გვარად ვადიმოვა) ერთად საცხოვრებლად მიდის საფრანგეთში, ქალქ ნიცაში. 1917 წელს საქმიან შეხვედრაზე მყოფი ცოლ-ქმარი მიემგზავრება პეტერბურგში და რევოლუციის გამო ვეღარ ბრუნდება საფრანგეთში. მათი ვაჟი ბორისი, ძიძასთან დარჩა და მისგანვე მიიღო გვარიც. უდედმამოდ გაზრდილი ბორის ვადიმოვი ქალაქ ნიცას ბანკის მმართველი იყო. 2016 წლის 1 დეკემბერს სოფელ ნორიოში ჩამოვიდა იაკობ მანსვეტაშვილის შვილთაშვილი - ნიკოლა ვადიმოვი (Nicolas Wadimoff[1]), რომელიც დაიბადა 1964 წელს, ქალაქ ჟენევაში. ნიკოლა შვეიცარიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. იგი არის რეჟისორი და პროდიუსერი, ასევე AKKA FILMS[2]-ის დამაარსებელი.

იაკობ მანსვეტაშვილი გარდაიცვალა 1944 წლის 22 მაისს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.[3]

2016 წელს დავით ცერცვაძემ დააფუძნა „იაკობ მანსვეტაშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი“.

პირადი არქივი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაკობ მანსვეტაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1974 წლის 22 იანვარს (შემოსულობათა წიგნი # 417). იაკობ მანსვეტაშვილის ფონდი 37 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოგონებანი, მოთხრობა, პოემა, ლექსები - თბილისი, „საქ. მაცნეს“ სტმბა, 284 გვ., 2006. ISBN 99940-67-28-1
  • „მოგონებები: ნახული და გაგონილი“ - თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 182 გვ., 1985

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]