მანავის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მანავის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, სასაფლაოზე, ქაშვეთის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ორმოცდაათიოდე მეტრზე. არქიტექტურული ნიშნებით, სავარაუდოდ, XVIII საუკუნეს განეკუთნება. 2007 წელს სოფლის ერთ-ერთ მაცხოვრებელს ეკლესიის აღდგენა თვითნებურად დაუწყია, მაგრამ აღარ დაუსრულებია. შენობის განახლებულ ნაწილებში ძველი კედლების შემორჩენილი ნაშთებია ჩართული, თუმცა განახლებული ნაწილების შენების ხარისხი იმდენად დაბალია და შენობაც ისეა დამახინჯებული რომ მას ეკლესიის სახე მთლიანად დაკარგული აქვს. დღეს შენობა სახურავის გარეშეა დარჩენილი.

ეკლესია დარბაზულია (6,3x4,5 მ). ნაგები იყო ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და კირის მოყვითალო დუღაბით. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით კუთხეებმომრგვალებული საკურთხეველია, რომლის გვერდითი კედლები ეკლესიის გრძივ კედლებთან ერთ სიბრტყეშია. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედლის ღერძზე გაჭრილია დაბალი, გარეთკენ ოდნავ შევიწროებული სარკმელი, რომელსაც ქვიშაქვის ფილა ხურავს, თითო მსგავსი ქვაა გამოყენებული წირთხლებშიც, მსგავსად იყო ნაგები დასავლეთ სარკმელიც, რომლისგანაც მხოლოდ ჩრდილო წირთხლია შემორჩენილი. მეორე სამხრეთ წირთხლი რომელიც კედელთან ერთადაა განახლებული აგურის ნატეხების უსახური წყობითაა ამოყვანილი. სარკმლის გადახურვისათვის კი ვაზის შესამაგრებელი რკინა-ბეტონის სარებია გამოყენებული. იმავე მასალითაა გადახურული შესასველიც. დასავლეთ კედლის ჩრდილო ბოლოსთან მცირე ზომის, ოთხუთხა ნიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]