მამისა ბერძნიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მამისა ბერძნიშვილი
დაბ. თარიღი 1 ივნისი, 1925(1925-06-01)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 14 ოქტომბერი, 2015(2015-10-14) (90 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ისტორიკოსი და წყაროთმცოდნე
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მამისა ბერძნიშვილი (დ. 1 ივნისი, 1925, თბილისი — გ. 14 ოქტომბერი, 2015) — ქართველი ისტორიკოსი, წყაროთმცოდნე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1990).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოსოფიის ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის განყოფილება. იმავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში საქართველოს ისტორიის კათედრაზე.

1956 წელს მუშაობა დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, შემდეგ ხანგრძლივად ეკავა მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობა. 1970 წელს გამოიცა მისი წიგნი „საქართველო XI-XII სს-ში (სოციალურ-ეკონომიკური ნარკვევი)“, რომელშიც შესწავლილია აღნიშნული პერიოდის სოციალური ფენები საქართველოში. ამ პრობლემასთან ერთად მას სიღრმისეულად აქვს შესწავლილი საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის საკითხები. მის სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედიოდა საქართველოს ისტორიული საზღვრების საკითხი, თბილისის ტერიტორია და მოსახლეობა. 1962 წელს მან გამოსცა „დოკუმენტები თბილისის ისტორიისათვის (XVI-XVIIIსს.)“. ოთხმოციან წლებში დაინტერესდა ქართული ეპისტოლოგიით. მას დიდი ღვაწლი მიუძრვის კარტოგრაფიის დარგში. შედგენილი და გამოცემული აქვს არაერთი ისტორიული რუკა. დიდი შრომა გასწია ვახუშტი ბაგრატიონის ატლასების გამოცემაზე (1997). არის ერთ-ერთი ავტორი „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“-სა, თბილისის ისტორიის ორტომეულისა. დიდი დრო და ენერგია მოახმარა ცნობილი ქართველი მკვლევრების მემკვიდრეობის შესწავლასა და გამომზეურებას. მონაწილეობდა წყაროთმცოდნეობითი პრობლემების და სსრკ ისტორიული ატლასის შედგენისადმი მიძღვნილ საკავშირო და რესპუბლიკურ სესიებში. ის იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის განყოფილებასთან არსებული ისტორიული გეოგრაფიის სამეცნიერო საბჭოს წევრი. მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო და რესპუბლიკურ კონფერენციებსა და სესიებში. იყო არაერთი ახალგაზრდა მეცნიერისა და ასპირანტის ხელმძღვანელი. ეწეოდა სამეცნიერო ნაშრომების ოპონირებას.

სადისერტაციო თემა — „ნიკორწმინდის „დაწერილი“ XI საუკუნისა, როგორც საისტორიო წყარო“, დაიცვა 1953 წელს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ეპისტოლური წყაროები XV ს. — 1762 წ., თბ., მეცნიერება, 1989, გვ. 189
  • ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის წერილობითი წყაროები : წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევები, თბ., მეცნიერება, 1989, გვ. 88
  • მეთერთმეტე საუკუნის ქართული საისტორიო წყაროები საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის შესახებ: (ნიკორწმინდელის დაწერილი), თბ., მეცნიერება, 1979, გვ. 124
  • საქართველო XI-XII საუკუნეებში: სოციალურ-ეკონომიური ნარკვევი, თბილისი, მეცნიერება, 1970, გვ. 153
  • თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში: ქართ. დოკუმ. მასალის მიხედვით, თბ., მეცნიერება, 1965, გვ. 91

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიკოს მამისა ბერძნიშვილის 75 წლისთავის გამო / თ. ყაუხჩიშვილი, ლ. დავლიანიძე, დ. მუსხელიშვილი // ანალები / ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, თბ., 2001, №2, გვ. 89-92.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]