მამია ბერიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მამია ბერიშვილი (დ. 15 მაისი, 1917, სურები გ. 2003) — ქართველი ექიმი და პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამია ბერიშვილი დაიბადა გურიის სოფელ შუა სურებში. მამა, ნესტორ ბერიშვილი შეძლებული გლეხი იყო. დედა — მართა რამიშვილი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე რამიშვილის და გახლდათ. 12 და-ძმაში მამია ყველაზე უმცროსი ყოფილა. 1921 წელს, ბოლშევიკების შემოსვლისთანავე ბერიშვილების მთელი ოჯახი სახლიდან გამოყარეს. მას შემდეგ მუდმივად განიცდიდნენ რეპრესიებს ნოე რამიშვილთან ნათესაობისა და 1924 წელს ერთ-ერთი ძმის, შალვა ბერიშვილის ემიგრაციაში წასვლის გამო. 1930 წელს ყველა დაიჭირეს, მათ შორის 13 წლის მამიაც და თითქმის ორი წელი თბილისის საპატიმროებში ჰყავდათ გამომწყვდეული. და-ძმებს ერთ ადგილას ცხოვრების საშუალებას არ აძლევდნენ, მაგრამ ისინი სწავლას მაინც ახერხებდნენ. მამიამ საშუალო სკოლა თბილისში დაამთავრა ექსტერნად. 1934 წელს ქალაქ უფის სამედიცინო ინსტიტუტში შევიდა, ორი წლის შემდეგ კი თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა.

1941 წელს, სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებული მამია ბერიშვილი ომში გაიწვიეს ექიმად. სევასტოპოლში ტყვედ ჩავარდა, აქედან პოლონეთში გადაიყვანეს ტყვეთა ბანაკში. ნოე ჟორდანიას შემწეობით 1943 წელს საფრანგეთში მოხვდა, ფრანგულ ჯარში მოხალისედ შევიდა და კიდევ ორი წელი იბრძოდა ფაშიზმის წინააღმდეგ. ომის შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, ემიგრაციაში აგრძელებდა პარტიულ საქმიანობას, თუმცა საქართველოსთან არალეგალური ურთიერთობა 1953 წლამდე არ შეუწყვეტია. ბავშვობიდან კარგად იცნობდა თურქეთიდან გადმოსასვლელ ბილიკებს და ემიგრანტული მთავრობის დავალებით მალულად გადადიოდ-გადმოდიოდა თურქეთ-საბჭოთა კავშირის საზღვარზე, ჩამოდიოდა თავის მშობლიურ სურებსა და ჩოხატაურში.

ტრაგიკულია ბერიშვილების ოჯახის ისტორია. მამია ბერიშვილი ამბობდა, რომ მისი სანათესაოდან 56 კაცია დაღუპული და აქედან 22-ის საფლავიც არ იციან. მამა სამი წელი იყო გადასახლებული, დაავადებული დაბრუნდა და გარდაიცვალა. უფროსი ძმა მალაქია კოჯორთან დაღუპულა 1921 წლის თებერვალში. მომდევნო შალვა 1924 წლის აგვისტოს ამბოხების აქტიური მონაწილე საზღვარგარეთ გაიქცა, ორი ათეული წელი დაჰყო ემიგრაციაში, ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილის მარჯვენა ხელი იყო პარიზში. სამშობლოში დაბრუნებული გადაასახლეს, 70 წლისა გათავისუფლდა, დაოჯახდა, ქალიშვილიც ეყოლა და 90 წელს გადაცილებული გარდაიცვალა თბილისში. მესამე ძმა, ტიტე მათემატიკის მასწავლებელი ჭიათურაში, გერმანელმა ფაშისტებმა დახვრიტეს ვარშავაში 1939 წელს. 1943 წელს, რუმინეთში, ტყვეობაში დაიღუპა კიდევ ერთი ძმა ბიკენტი, მომდევნო და ნინო 1949 წელს უსასრულო დაკითხვებისა და წამების დროს შემოაკვდათ. მათი დედა კი 86 წელს მიღწეული მოხუცი, ყაზახეთში გადაასახლეს და იქ უსასრულო ტრამალებში ჩაიკარგა.

მამია ბერიშვილი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლევილში დასახლდა. გახდა ლევილის ქართული კერის ასოციაციის თავმჯდომარე. 1986 წელს მან ამ პოსტზე შეცვალა „ლევილის დედა“ ნამეტია ბერძენიშვილი-გოგუაძისა. 1959 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს უცვლელი მდივანია. და რაც ყველაზე მთავარია, მამია ბერიშვილი გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივის ერთ-ერთი მესვეური, მასვე ებარა ლევილში დაცული ემიგრანტული ქართული პრესისა და ლიტერატურის მეტად მდიდარი კოლექცია. მისი ფრანგი მეუღლე ქალბატონი ქრისტიანი ერთგულად ედგა მხარში ბატონ მამიას, აწარმოებდა ქართული ასოციაციის ფრანგულ ოქმებს, უვლიდა ლევილის ქართველთა საძმო სასაფლაოს. 1996–1997 წლებში მამია ბერიშვილისა და მასთან ერთად საარქივო კომისიის წევრების ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლების კარლო ინასარიძის, გივი ზალდასტანიშვილის, გიორგი შარაშიძისა და გივი გაბლიანის დახმარებით პარიზიდან და ჰარვარდიდან საქართველოში დაბრუნდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო არქივი. სამშობლოს წინაშე ამ და სხვა დამსახურებისათვის მამია ბერიშვილს მიენიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება.

სიცოცხლის ბოლო წლებში ბატონი მამია რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველოში. მონაწილეობდა საარქივო დოკუმენტების გაშიფვრა-აღწერაში. 2002 წლის აგვისტოში სამშობლოში უკანასკნელად იმყოფებოდა. 2003 წლის იანვრის პირველ რიცხვებში, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ლევილთან ახლოს, არპაჟონის საავადმყოფოში. დაკრძალულია ლევილში. მამია ბერიშვილს დარჩა ვაჟი ტიერ ბერიშვილი, შვილიშვილები რემი და ფაბიენი. უფროსი დის ოლღას შთამომავლები არიან მათემატიკოსი, აკადემიკოსი ბორის ხვედელიძე და მეცნიერი-მედიკოსი გივი ხვედელიძე. თბილისში ცხოვრობენ შალვა და გერონტი ბერიშვილების შთამომავლები. გადასახლებაში დიდხანს ნაწვალები მეათე ძმა ნოე კი ოჯახთან ერთად სურებში ცხოვრობს და მამაპაპისეულ კერას არ აციებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შარაძე გურამ. ფრანგული დღიური. თბ., 1990. გვ. 9–12.
  • ნიშნიანიძე რუსუდან. დამოუკიდებელი მთავრობის მანდატით მსოფლიოს წინაშე უფლებამოსილი // შეხვედრები / რ. ნიშნიანიძე. თბ., 2008. გვ. 141-164.
  • შარაძე, გურამ. უკანასკნელი მოჰიკანთაგანი : გამოთხოვება // საქართველოს რესპუბლიკა. 2003 4 გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]