შინაარსზე გადასვლა

მამადი დუმბუია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მამადი დუმბუია
ფრანგ. Mamadi Doumbopoya
ნკო. ߡߊ߬ߡߊߘߌ߫ ߘߎ߲ߓߎߦߊ߫
დაბადების თარიღი 5 დეკემბერი, 1984(1984-12-05)[1] [2] (41 წლის)
დაბადების ადგილი Kankan[3]
მოქალაქეობა  გვინეა
განათლება École de guerre[4]
მამა Karifala Doumbouya
დედა Hadja Mandioula Sylla
მეუღლე/ები Lauriane Darboux-Doumbouya[5]
შვილ(ებ)ი Lansana Doumbouya
ჯილდოები National Order of Merit

მამადი დუმბუია (დ. 5 დეკემბერი, 1984) — გვინეელი გენერალი და გვინეის მოქმედი, რიგით მეხუთე პრეზიდენტი. მან პრეზიდენტის თანამდებობა 2026 წლის 17 იანვარს დაიკავა მას შემდეგ, რაც 2025 წლის გვინეის საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მანამდე, 2021 წლის 5 სექტემბერს, დუმბუია სათავეში ჩაუდგა სახელმწიფო გადატრიალებას, რომლის შედეგადაც დაემხო ყოფილი პრეზიდენტის, ალფა კონდეს მმართველობა.

იგი გვინეის არმიის სპეციალურ დანაყოფთა ჯგუფის წევრი და საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ყოფილი სამხედროა. გადატრიალების დღეს დუმბუიამ სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა, რომ მისმა ფრაქციამ მთავრობა დაითხოვა და კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა.[6] 2021 წლის 1 ოქტომბერს დუმბუიამ დროებითი პრეზიდენტის ფიცი დადო, რითაც ოფიციალურად გახდა იმ სამხედრო ხუნტის ხელმძღვანელი, რომელმაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო.

დუმბუია დაიბადა 1984 [7] წლის 5 დეკემბერს გვინეის კანკანის რეგიონში.[8][9][10] წარმოშობით იგი მანდინკას ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება.[9] დაწყებითი განათლება დრამე უმარის სახელობის სკოლაში მიიღო.[7]

დუმბუია საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში მუშაობდა და 2009 წელს, კონტრაქტის ამოწურვამდე, კაპრალის წოდებას ფლობდა.[7]

იგი გვინეაში 2011 წელს დაბრუნდა, სადაც კვამე კრუმას სახელობის ბანაკის ქვეითთა მომზადების ცენტრში ჯერ ინსტრუქტორად, ხოლო შემდეგ სასწავლო ნაწილის დირექტორად დაინიშნა. მან ქვედანაყოფის მეთაურის მომზადების კურსი სენეგალში გაიარა, რის შემდეგაც კინდიას ქვეითთა მომზადების ცენტრში განაგრძო მსახური.[7]

2018 წელს დუმბუია პრეზიდენტ ალფა კონდეს მიერ შექმნილი ელიტარული სამხედრო ქვედანაყოფის — სპეციალურ ძალთა ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა.[9][11] ამ თანამდებობაზე დანიშვნისას მას ბატალიონის მეთაურის წოდება მიენიჭა, რასაც საფუძვლად მისი საერთაშორისო გამოცდილება და სხვადასხვა ქვეყნებში გავლილი წვრთნები დაედო.[9][11] იმავე წელს, ბურკინა-ფასოში, აშშ-ის არმიის მიერ რეგიონული სპეცდანიშნულების რაზმების მეთაურებისთვის გამართულ წვრთნებზე, იგი შეხვდა ასიმი გოიტას (მალელი სამხედრო პირი).[12] მოგვიანებით ორივე მათგანმა საკუთარი ქვეყნების მთავრობების წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალება მოაწყო.[12] დუმბუია ასევე მუშაობდა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებში ფორეკარიას რეგიონში.[10] 2019 წელს მას ვიცე-პოლკოვნიკის, ხოლო 2020 წელს — პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.[11][13] 2021 წელს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იგი სპეციალურ ძალთა ჯგუფისთვის მეტი უფლებამოსილების მოპოვებას ცდილობდა.[9] პრეზიდენტობის პერიოდში, 2024 წელს, მას გენერლის წოდება მიენიჭა, რის შემდეგაც მან სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურის თანამდებობა დატოვა.[14]

მისი 15-წლიანი სამხედრო კარიერა მოიცავს მისიებს ავღანეთში, კოტ-დ’ივუარში, ჯიბუტიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ისრაელში, კვიპროსში, გაერთიანებულ სამეფოსა და გვინეაში.[12]

დუმბუია იყო იმ 25 გვინეელ მაღალჩინოსანს შორის, რომელთაც ევროკავშირი სანქციებით ემუქრებოდა ჟურნალისტებისა (მაგ. ჰაბიბ მარუან კამარა) და აქტივისტების (მაგ. ფონიკე მენგე) [15] მიმართ ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის გამო.[16][10][15]

2021 წლის მაისში მთავრობის მხრიდან გავრცელდა ხმები კონაკრიში მყოფი დუმბუიას შესაძლო დაკავების შესახებ, თუმცა ბრალდების კონკრეტული საფუძველი უცნობი დარჩა.[17]

2021 წლის სახელმწიფო გადატრიალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუმბუია იყო 2021 წლის 5 სექტემბრის გვინეის სახელმწიფო გადატრიალების ინიციატორი, რომლის დროსაც გვინეის პრეზიდენტი, ალფა კონდე, დააკავეს.[18] დუმბუიამ სახელმწიფო ტელევიზიით მიმართვა გაავრცელა და გამოაცხადა, რომ მისმა ფრაქციამ მთავრობა დაითხოვა და კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა.[19]

მან ასევე აღნიშნა, რომ „შერიგებისა და განვითარების ეროვნული კომიტეტი“ (CNRD) იძულებული გახდა, საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შეიქმნა „სავალალო პოლიტიკური ვითარება, მოხდა სასამართლო ხელისუფლების ინსტრუმენტალიზაცია, დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა, საჯარო ადმინისტრირების უკიდურესი პოლიტიზება, ასევე გამეფდა სიღარიბე და კორუფცია“.[20]

სამხედროების ქმედებების გასამართლებლად დუმბუიამ განას ყოფილი პრეზიდენტის, ჯერი როლინგსის სიტყვები მოიყვანა: „თუ ელიტა ხალხს თრგუნავს, ხალხისთვის თავისუფლების დაბრუნება არმიის ვალია“.[21]

გვინეის დროებითი პრეზიდენტი (2021–2026)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, დუმბუიამ აიძულა მოქმედი თანამდებობის პირები, დასწრებოდნენ პირველ ოფიციალურ შეხვედრას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ამბოხებულებად შერაცხვით დაემუქრა.[22] მოგვიანებით, სატელევიზიო მიმართვისას, მან განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ალფა კონდე არ გათავისუფლდებოდა, თუმცა მას სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა ექნებოდა.[23] დუმბუიამ უგულებელყო ECOWAS-ის მხრიდან მოსალოდნელი ეკონომიკური სანქციები და წარმომადგენლის მეშვეობით აღნიშნა, რომ „როგორც ჯარისკაცები, ისინი გვინეაში მოღვაწეობენ და მათ ანგარიშებზე დასაყადაღებელი არაფერია“. ECOWAS-ის წარმომადგენლებმა მოუწოდეს ხუნტას, დაერთოთ ნება გადაყენებული პრეზიდენტისთვის, დაეტოვებინა ქვეყანა, რაზეც მათ უარი განაცხადეს.[23]

2021 წლის 1 ოქტომბერს, კონაკრიში მდებარე მუჰამედ V-ის სასახლეში, დუმბუიამ დროებითი პრეზიდენტის ფიცი დადო.[24] მან დააანონსა გეგმა „სახელმწიფოს ხელახალი დაფუძნების“ შესახებ, რაც გულისხმობდა „თავისუფალი, სანდო და გამჭვირვალე“ არჩევნების ჩატარებასა და ქვეყნის მიერ ნაკისრი ყველა ეროვნული თუ საერთაშორისო ვალდებულების პატივისცემას.[12]

მალის დამოუკიდებლობის 62-ე წლისთავთან დაკავშირებით, დუმბუია შეხვდა მალის პრეზიდენტ ასიმი გოიტას, რომელმაც მას თბილი მიღება მოუწყო. ვიზიტის ფარგლებში მათ მრავალი აქტუალური საკითხი განიხილეს.[25]

მოგვიანებით დუმბუია გვინეაში რუანდის პრეზიდენტს, პოლ კაგამეს შეხვდა; ეს იყო უცხო ქვეყნის მეთაურთან გამართული პირველი შეხვედრა 2021 წლის გადატრიალების შემდეგ. დუმბუიასთვის შთაგონების წყაროდ იქცა კაგამეს გამოცდილება, რათა განეხორციელებინა რეფორმები და მიეღწია ეროვნული შერიგებისთვის ისევე, როგორც ეს კაგამემ რუანდაში შეძლო.[26]

დუმბუია და ხუნტა ანტისამთავრობო დემონსტრანტებს უვადო თავისუფლების აღკვეთით დაემუქრნენ.[27]

2024 წლის 19 თებერვალს, დუმბუიამ და „შერიგებისა და განვითარების ეროვნულმა კომიტეტმა“ (CNRD) გამოსცეს ბრძანება დროებითი მთავრობის დათხოვნის შესახებ, რაც მოგვიანებით დაგეგმილი ახალი საპრეზიდენტო არჩევნების მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა.[28]

2024 წლის 22 ივლისს, მას შემდეგ, რაც გაუჩინარდნენ პოლიტიკური აქტივისტები — ფონიკე მენგე და ბილო ბა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან „კონსტიტუციის დაცვის ეროვნულ ფრონტთან“ (FNDC), მათმა ოჯახებმა პარიზში (საფრანგეთი) მამადი დუმბუიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.[29]

2025 წლის 28 მარტს, დუმბუიამ ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძვლით შეიწყალა ყოფილი პრეზიდენტი მუსა დადის კამარა, რომელიც მსჯავრდებული იყო 2009 წლის საპროტესტო აქციების დროს 156 ადამიანის მკვლელობისთვის.[30]

2025 წლის ივნისში, გვინეის ადვოკატთა ორდენმა ორკვირიანი ბოიკოტი გამოუცხადა სასამართლო მოსმენებს, ხოლო მისმა წევრებმა დატოვეს ის სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებშიც მსახურობდნენ. ეს იყო პროტესტი ორდენის ყოფილი თავმჯდომარის (ბატონიეს) და დუმბუიას კრიტიკოსის, მოჰამედ ტრაორეს გატაცებისა და წამების გამო.[31]

დუმბუიას მმართველობის პერიოდში, 21 სექტემბერს, ჩატარდა 2025 წლის გვინეის საკონსტიტუციო რეფერენდუმი, რომელზეც ამომრჩეველთა დაახლოებით 89%-მა მხარი დაუჭირა ახალ კონსტიტუციას.[32] 3 ნოემბერს დუმბუიამ ოფიციალურად წარადგინა თავისი კანდიდატურა 2025 წლის 28 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.[33] მან ხმების 86,72%-ით გაიმარჯვა [34] და 2026 წლის 17 იანვარს მოხდა მისი ინაუგურაცია, როგორც ქვეყნის სამოქალაქო პრეზიდენტისა.[35]

ეკონომიკური პოლიტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამადი დუმბუია მხარს უჭერს ჩინურ ინვესტიციებსა და დაფინანსებას, რაც ძირითადად მოპოვებით სექტორში არის მიმართული.[36]

დუმბუია დაქორწინებულია ლორიან დარბუზე, რომელიც საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მოქმედი თანამშრომელია.[37] წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.[37][38]

  1. https://presidence.gov.gn/biographie
  2. Liste des candidats pour l'élection présidentiel 2025
  3. https://guineematin.com/2021/09/20/kankan-immersion-dans-la-famille-du-colonel-mamady-doumbouya-nouvel-homme-fort-du-pays/
  4. https://www.ivoiresoir.net/colonel-mamady-doumbouya-en-guinee-voici-son-cv/
  5. https://www.jeuneafrique.com/1254270/politique/guinee-qui-est-lauriane-doumbouya-la-nouvelle-premiere-dame/
  6. Guinea swears in coup leader Mamady Doumbouya as interim president. CNN (October 2021). ციტირების თარიღი: 10 August 2023
  7. 1 2 3 4 Biographie fr-FR. ციტირების თარიღი: 2025-09-28
  8. Kum, Peter. Qui est le colonel Mamady Doumbouya, nouvel homme fort de la Guinée ? (Biographie) fr. ციტირების თარიღი: 28 January 2022
  9. 1 2 3 4 5 Guinée : portrait du colonel Mamady Doumbouya, auteur du putsch du 5 septembre 2021 fr (5 September 2021). ციტირების თარიღი: 5 September 2021
  10. 1 2 3 „Guinea coup: Who is Col Mamady Doumbouya?“. BBC (ინგლისური). 1 October 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 September 2021. ციტირების თარიღი: 10 August 2023.
  11. 1 2 3 Focus on Lt Col Mamady Doumbouya in Guinea 'coup' en-US (5 September 2021). ციტირების თარიღი: 5 September 2021
  12. 1 2 3 4 Mamady Doumbouya: Guinea coup leader sworn in as president. BBC (1 October 2021). ციტირების თარიღი: 10 August 2023
  13. „Guinean rebel leader Colonel Doumbouya announces president's arrest“. TASS. 5 September 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 September 2021. ციტირების თარიღი: 5 September 2021.
  14. „Guinea's junta leader Mamady Doumbouya promoted to general amidst political transition“. Africanews. 25 January 2024.
  15. 1 2 Faivre, Agnès. Guinée : une plainte en France pour «disparition forcée» de militants pro-démocratie fr. ციტირების თარიღი: 2025-04-15
  16. Guinée: l'épouse d'Habib Marouane Camara en appelle au chef de l'État suite à l'enlèvement du journaliste fr (2024-12-16). ციტირების თარიღი: 2025-04-15
  17. Kaledzi, Isaac (5 September 2021). „Colonel Mamady Doumbouya is Guinea's coup leader“. Africa Feeds. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 September 2021. ციტირების თარიღი: 10 September 2021.
  18. Samb, Saliou (6 September 2021). „Elite Guinea army unit says it has toppled president“. Reuters. ციტირების თარიღი: 10 August 2023.
  19. Putschist say Guinea's president arrested, constitution and government dissolved (5 September 2021). ციტირების თარიღი: 10 August 2023
  20. Kasraoui, Safaa (5 September 2021). „Coup d'Etat Confirmed in Guinea, Special Forces Capture President Alpha Conde“. Morocco World News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 September 2021. ციტირების თარიღი: 5 September 2021.
  21. Guinean coup leader Col.Doumbouya: Why we struck, quotes Rawlings (5 September 2021). ციტირების თარიღი: 10 August 2023
  22. Barry, Diawo. (7 September 2021) Guinea: Confiscated passports, no revenge…details from the first meeting en. ციტირების თარიღი: 2025-09-28
  23. 1 2 „Guinea junta brushes off impact of ECOWAS sanctions“. Reuters. 18 September 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 September 2021. ციტირების თარიღი: 10 August 2023.
  24. Guinea coup leader Mamady Doumbouya sworn in as interim president. Al Jazeera (1 October 2021). ციტირების თარიღი: 10 August 2023
  25. Guinea's military ruler in Mali on eve of ECOWAS extraordinary summit en (2022-09-22). ციტირების თარიღი: 2023-08-19
  26. Guinea's junta chief says he wants to draw inspiration from Rwandan 'model en (2023-04-18). ციტირების თარიღი: 2023-08-19
  27. Guinea's junta requisitions army in face of protests, threatens to apply anti-terrorism law en (2023-05-18). ციტირების თარიღი: 2023-08-19
  28. Guinea's military junta dissolves govt as transition set to end this year en (20 February 2024). ციტირების თარიღი: 20 February 2024
  29. Disparition de Foniké Menguè et Billo Bah : Doumbouya visé par une plainte à Paris fr (23 July 2024). ციტირების თარიღი: 23 July 2024
  30. Guinea's former prime minister is jailed for 5 years for corruption en (28 March 2025). ციტირების თარიღი: 29 March 2025
  31. „En Guinée, les voix critiques au général Mamadi Doumbouya sont réduites au silence“. Le Monde (ფრანგული). 2025-06-25. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 June 2025. ციტირების თარიღი: 2025-10-01.
  32. Guineans approve new constitution by wide margin, pave way for elections en (24 September 2025). ციტირების თარიღი: 24 September 2025
  33. Guinea's junta leader decides to run for president 4 years after leading a coup. ციტირების თარიღი: 2025-11-04
  34. „Junta leader is declared the winner of Guinea's presidential election“. AP News. 31 December 2025. ციტირების თარიღი: 31 December 2025.
  35. From camouflage to tracksuits - Guinea's junta leader becomes civilian president. BBC (2026-01-17). ციტირების თარიღი: 2026-01-18
  36. Archived copy. ციტირების თარიღი: 18 October 2025
  37. 1 2 Thomas, Abdul Rashid (6 September 2021). „Is dissent an act of faith in a democracy? Lessons from the Guinean military coup“. Sierra Leone Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 September 2021. ციტირების თარიღი: 7 September 2021.
  38. 12 Quick Facts about Guinea's coup leader Mamady Doumbouya (5 September 2021). ციტირების თარიღი: 10 August 2023