შინაარსზე გადასვლა

მალთაყვის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალთაყვის ბრძოლა
რუსეთ-ოსმალეთის ომი (1806-1812)-ს ნაწილი
თარიღი 2 ნოემბერი, 1809
მდებარეობა მალთაყვა რუსეთის იმპერია
შედეგი რუსეთის იმპერიის გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
ფოთის აღება რუსეთის იმპერიის მიერ
მხარეები
რუსეთის იმპერია რუსეთის იმპერია, გურიის სამთავრო გურიის სამთავრო, ოდიშის სამთავრო ოდიშის სამთავრო, აფხაზეთის სამთავრო ოსმალეთის იმპერია ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
რუსეთის იმპერია დიმიტრი ორბელიანი
გურიის სამთავრო ვახტანგ ერისთავი, სიმონ გუგუნავა
ოდიშის სამთავრო ნიკო დადიანი
ოსმალეთის იმპერია ფოთის ფაშა, ტრაპიზონის სერასკერი
ძალები
6 000 9 000
დანაკარგები
74 მოკლული[1] 1500 მოკლული, 283 ტყვე

მალთაყვის ბრძოლა 1809რუსეთ-ოსმალეთის ომის ნაწილი, რუს-ქართველთა ლაშქრის ბრძოლა ფოთის ციხის ასაღებად. რუსეთის სარდლობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ფოთის ოსმალთაგან განთავისუფლებას და ყველა ხერხით ცდილობდა ამის მიღწევას. ფოთის ციხის კომენდანტთან წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ რუსეთის სარდლობამ ციხის ძალით აღება გადაწყვიტა. 12 აგვისტოს რუსეთის ჯარი სამეგრელოსა და აფხაზეთის სამთავროების ლაშქართან ერთად ფოთისაკენ დაიძრა. ჯარის ერთი ნაწილი მდინარე რიონის მარცხენა მხარეს გადავიდა და ციხიდან დაახლოებით 3 კმ-ზე დადგა. ნაწილი მდინარის ქვემო წელზე დაეშვა. მდინარის მარჯვენა მხარეს ქვემეხები დადგეს. 13 აგვისტოს, არტილერიის ცეცხლის შემდეგ ოსმალებმა გამაგრებული ადგილი დატოვეს და ციხეს მიაშურეს. მათი გარნიზონი 3 მხრიდან იქნა გარშემორტყმული. არტილერიის ცეცხლმა მტერს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, მაგრამ შეტევა შეყოვნდა საომარი მასალის სიმცირის გამო. ოქტომბრის II ნახევარში თურქთა გარნიზონის დასახმარებლად ფოთს მიუახლოვდა ტრაპიზონის სერასკირი 9-ათასიანი ჯარისკაცით. რუსეთის სარდლობამ მოახერხა მამია V გურიელის თავის მხარეზე გადაბირება. გურიის სამთავროს ლაშქარმა ვახტანგ ერისთავისა და სიმონ გუგუნავას მეთაურობით გრიგოლეთიდან მოულოდნელად შეუტია მტერს და სასტიკად დაამარცხა.[1] ოსმალები ზღვით გაქცევას შეეცადნენ. ბევრი წყალში დაიხრჩო, ნაწილი ტყესა და ჭაობში გაიფანტა. ოსმალებმა 1500 კაცი დაკარგეს, 280-მდე ტყვედ ჩავარდა. 2 ნოემბერს არტილერიის ცეცხლის საფარით სამეგრელოსა და აფხაზეთის ლაშქრის ნაწილები მდინარე მალთაყვისაკენ დაიძრნენ. ფოთის გარნიზონი იძულებული გახდა დაეტოვებინა ციხე, რომელსაც 15 ნოემბერს დაეუფლა გენერალი დიმიტრი ორბელიანი მეგრელ-აფხაზთა რაზმებით.[1] 1812 წლის ბუქარესტის ზავით რუსეთმა ფოთი ისევ ოსმალეთის დაუთმო.

  • ნარსია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 387.
  • „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“, ტ. 4, თბილისი, 1973
  • დადიანი, ნ. „ქართველთ ცხოვრება“, თბილისი, 1962
  1. 1.0 1.1 1.2 აბაშიძე ზ., ბახტაძე მ, ჯანელიძე ო., „საქართველო და ქართველები“, თბილისი, 2013. — გვ. 485, ISBN 978-9941-0-5498-3.