დენალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან მაკ-კინლი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დენალი

დენალი
დენალი

კოორდინატები: 63°04′10″ ჩ. გ. 151°00′27″ დ. გ. / 63.06944° ჩ. გ. 151.00750° დ. გ. / 63.06944; -151.00750

მდებარეობა აშშ-ის დროშა აშშ
სიმაღლე 6194 მ ან 6168 მ
ქედი ალასკის ქედი
პირველი ასვლა 7 ივნისი, 1913
დენალი (ალასკა)
Mountain sign.svg

დენალი (ინგლ. Denali; ოფიციალური სახელი მაკ-კინლი 1917-2015 წლებში) — ორთავიანი მწვერვალი აშშ-ში, ალასკაში. ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლესი მწვერვალი, ალასკის ქედზე. დენალი ანკორიჯიდან განლაგებულია ჩრდილო-დასავლეთით 210 კილომეტრში, ფერბენკსიდან სამხრეთ-დასავლეთით 275 კილომეტრში. მისი სიმაღლეა 6193 მეტრი. 1950-იან წლებში დადგინდა მწვერვალის ოფიციალური სიმაღლე — 6194 მეტრი. მწვერვალის სიმაღლის გაზომვების შემდგომი მონაცემები სხვადასხვაგვარი იყო. 2013 წლის სექტემბერში რადარული ტექნოლოგიების მეშვეობით დადგინდა დენალის ახალი სიმაღლე — 6168 მეტრი. თუმცა ეს გაზომვა არაოფიციალურად დარჩა. დენალი დედამიწის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ორთავა ექვსიათასიანი პიკია, რომელიც გამოირჩევა ძალზე მკაცრი კლიმატური პირობებით.[1]

აგებულია გრანიტებით. დაფარულია მყინვარული გუმბათითა და ფირნული ველებით. დენალის ჩრდილოეთ კალთაზე იწყება ცნობილი პულსაციური მყინვარი მალდროუ, რომლის სიგრძეა დაახლოებით 60 კმ. სახელი დაერქვა აშშ-ის 25-ე პრეზიდენტის უილიამ მაკ-კინლის პატივსაცემად. ადგილობრივ მოსახლეობაში ცნობილია დენალის სახელწოდებით. 1903 წელს პირველი ასვლის წარუმატებელ ცდას ჰქონდა ადგილი. დენალის სამხრეთი, ანუ უმაღლესი მწვერვალი პირველად 1913 წლის 7 ივნისს დალაშქრეს ღვთისმსახურებმა ჰადსონ შტუკმა და ვალტერ ჰარპერმა, ოქროსმაძიებლებმა რობერტ ტატუმმა და ჰენრი კარსტენსმა.[1] მწვერვალი იზიდავს ტურისტებსა და ალპინისტებს. ზამთრის ასვლები სახიფათოა. არის დენალის ეროვნული პარკი.

1794 წელს მწვერვალი კუკის ყურიდან პირველად დაინახა ინგლისელმა ზღვაოსანმა ჯორჯ ვანკუვერმა. 1799-1867 წლებში დენალი იყო რუსეთის იმპერიის უმაღლესი წერტილი.

საქართველოს მთამსვლელთაგან დენალიზე პირველი ავიდა თბილისელი გია თორთლაძე. ეს მოხდა 1996 წლის 22 მაისს, როცა მან რუსეთის რვა მთამსვლელთან ერთად კლასიკური მარშრუტით დალაშქრა მწვერვალი. 1998 წელს დენალიზე ავიდნენ საქართველოს მთამსვლელთა ექსპედიციის წევრები: ბიძინა გუჯაბიძე, ლევონ სარქისოვი და ბენო ქაშაკიშვილი, 2005 წელს — თამაზ შარაშენიძე და ავთანდილ ცინცაძე.[1]

სახელი[რედაქტირება]

1896 წელს, ოქროს მაძიებელმა მას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ უილიამ მაკ-კინლისადმი მხარდაჭერის გამოსახატად, მაკ-კინლი უწოდა. მომდევნო წელს იგი მართლაც გახდა აშშ-ის პრეზიდენტი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სახელი მაკ-კინლი ოფიციალურად 1917 წლის 26 თებერვალს აღიარა, როდესაც პრეზიდენტმა უილსონმა ხელი მოაწერა მაკ-კინლის მთის ეროვნული პარკის აქტს.[2] შემდეგში, ალასკის გეოგრაფიულ სახელთა საბჭომ მას დენალი უწოდა, როგორც მთას ადგილობრივები ეძახიან. 1975 წელს, ალასკის საბჭომ სახელის შეცვლის მოთხოვნით აშშ-ის გეოგრაფიულ სახელთა საბჭოს მიმართა, თუმცა, მოთხოვნა ოჰაიოელმა კონგრესმენმა რალფ რაგულამ დაბლოკა, რადგან უილიამ მაკ-კინლი მისი მშობლიური ქალაქიდან — კანტონიდან იყო.[3]

ამის შემდეგ, სახელის შეცვლის ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. თუმცა, 2015 წლის 30 აგვისტოს, ალასკაში პრეზიდენტის ვიზიტის წინ, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ მთას სახელად დენალი მიენიჭა, ისე, როგორც ამას ალასკის გეოგრაფიულ სახელთა საბჭო ითხოვდა.[4]

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]