მაკჯორჯ ბანდი
| მაკჯორჯ ბანდი | |
|---|---|
|
| |
| მმართ. დასაწყისი: | 20 იანვარი, 1961 |
| მმართ. დასასრული: | 28 იანვარი, 1966 |
| პრეზიდენტი: |
ჯონ ფიცჯერალდ კენედი ლინდონ ჯონსონი |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 30 მარტი, 1919 |
| დაბ. ადგილი: | ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ |
| გარდ. თარიღი: | 16 სექტემბერი, 1996 (77 წლის) |
| გარდ. ადგილი: | ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ |
| დაკრძ. ადგილი: | მაუნტ აუბურნის სასაფლაო |
| სამხედრო კარიერა | |
| ეროვნება: | ამერიკელი |
| კუთვნილება: |
|
| ჯარის სახეობა: | სამხედრო დაზვვერვის ოფიცერი |
| მოღვაწეობა: | 1943-1946 |
| წოდება: | კაპიტანი |
| ბრძოლები/ომები: | მეორე მსოფლიო ომი |
მაკჯორჯ „მაკ“ ბანდი (დ. 30 მარტი, 1919 – გ. 16 სექტემბერი, 1996) – ამერიკელი აკადემიკოსი, რომელიც 1961 წლიდან 1966 წლამდე პრეზიდენტების ჯონ ფ. კენედის და ლინდონ ბ. ჯონსონის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად მუშაობდა. ძირითადად ცნობილია, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვიეტნამის ომის ესკალაციის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი. 1966 წლიდან 1979 წლამდე ის ფორდის ფონდის პრეზიდენტი იყო.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომლის დროსაც ბანდი დაზვერვის ოფიცრად მსახურობდა, 1949 წელს იგი საგარეო ურთიერთობათა საბჭოში სამუშაოდ აირჩიეს. ის მარშალის გეგმის განხორციელების სასწავლო ჯგუფთან ერთად მუშაობდა. იგი ჰარვარდის უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის პროფესორად დაინიშნა, ხოლო 1953 წელს ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის ყველაზე ახალგაზრდა დეკანი გახდა, სადაც ჰარვარდის, როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული უნივერსიტეტის, განვითარებაზე მუშაობდა. 1979 წელს ის აკადემიურ წრეებს ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ისტორიის პროფესორად, ხოლო მოგვიანებით კარნეგის კორპორაციის რეზიდენტ-მეცნიერად დაუბრუნდა.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1919 წელს დაბადებული და მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში გაზრდილი ბანდი წარმატებული ოჯახის მესამე ვაჟი იყო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩართული რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკაში. მისი უფროსი ძმები იყვნენ ჰარვი ჰოლისტერ ბანდი უმცროსი და უილიამ ბანდი, ხოლო ორი უმცროსი და, ჰარიეტ ლოუელი და კეტრინ ლოურენსი.[1] მისი მამა, ჰარვი ჰოლისტერ ბანდი, წარმოშობით მიჩიგანის შტატის ქალაქ გრანდ რეპიდსიდან, ცნობილი ადვოკატი იყო, რომელიც ახალგაზრდობაში მოსამართლე ოლივერ ვენდელ ჰოლმს უმცროსის კლერკად მუშაობდა. ბანდის დედა, კეტრინ ლოურენს პუტნემი, ბოსტონელი ბრაჰმანების რამდენიმე ოჯახის ნათესავი იყო: ლოუელები, კაბოტები და ლოურენსები. ის ჰარვარდის პრეზიდენტის, აბოტ ლოურენს ლოუელის დისშვილი იყო.[2] დედის მეშვეობით ბანდი ბოსტონელი ბრაჰმანების სხვა ოჯახებში გაიზარდა და მთელი ცხოვრების განმავლობაში მჭიდრო კავშირში დარჩა ამერიკულ ელიტასთან.[2]
ბანდის ოჯახი ჰენრი ლ. სტიმსონთან ახლოს იყო. 1931 წელს, ჰერბერტ ჰუვერის ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას, სტიმსონმა ბანდის მამა სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ დანიშნა. მოგვიანებით, როდესაც სტიმსონი მეორე მსოფლიო ომში ომის მდივანი იყო, ჰარვი ბანდი კვლავ სტიმსონის ხელმძღვანელობით ატომურ საკითხებში სპეციალურ თანაშემწედ მსახურობდა,[3] სტიმსონსა და სამეცნიერო კვლევისა და განვითარების ოფისის დირექტორს, ვანევარ ბუშს შორის დამაკავშირებელი რგოლის როლს ასრულებდა.[4] ომის შემდეგ ის მარშალის გეგმის განხორციელების პროცესში მუშაობდა. მაკჯორჯ ბანდი ბავშვობაში სტიმსონს ოჯახის მეგობარად და მამამისის კოლეგად იცნობდა.[5]
ის სწავლობდა ბრუკლინში, მასაჩუსეტსის შტატში, დექსტერის კერძო სკოლაში და შემდეგ ელიტარულ გროტონის სკოლაში, სადაც კლასში პირველი ადგილი დაიკავა და სტუდენტურ გაზეთსა და დებატების საზოგადოებას ხელმძღვანელობდა. ბიოგრაფი დევიდ ჰალბერსტამი წერს:[6]:51
„ის [მაკჯორჯ ბანდი] სწავლობდა გროტონში, ქვეყანაში საუკეთესო „მოსამზადებელ“ სკოლაში, სადაც ამერიკული მაღალი კლასი გზავნიდა საკუთარ ვაჟებს, რათა მათში დანერგილიყო კლასიკური ღირებულებები: დისციპლინა, ღირსება, რწმენა არსებულ ღირებულებებში და მათდამი ერთგულება. დამთხვევაა, რომ სწორედ გროტონში ხვდებიან სწორ ხალხს და ეს კავშირები მათ ემსახურებათ მოგვიანებით, იქნება ეს უოლ სტრიტზე ან ვაშინგტონში; გროტონში, უპირველეს ყოვლისა, სწავლობენ თამაშის წესებს და სპეციალურ ენას: რა წმენდს და რა არ იწმინდება.“ |
ის იელის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თავის ძმის, უილიამის, შემდეგ ერთ წელში. იელში განაცხადის შეტანისას, ბანდიმ მისაღები გამოცდის დროს დაწერა: „ეს კითხვა სულელურია. მე რომ ჩავაბარო ტესტი, ამ კითხვას დავსვამდი და ეს არის ჩემი პასუხი“.[7] მან მისაღები გამოცდიდან იდეალური ქულა მიიღო.[7] იელში ის პოლიტიკური კავშირის მდივნის, შემდეგ კი ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.[7] ის იელის ლიტერატურული ჟურნალის თანამშრომელი იყო და ასევე წერდა სტატიებს „იელის ყოველდღიური ამბებისთვის“, ხოლო უფროსკურსელობისას მას ალფეუს ჰენრი სნოუს პრემია მიენიჭა. მამამისის მსგავსად, ისიც შეიყვანეს თავის ქალისა და ძვლების საიდუმლო საზოგადოებაში, სადაც მეტსახელად „ოდინი“ შეარქვეს.[7] მას შემდეგაც ათწლეულების განმავლობაში შეინარჩუნა კონტაქტი თავის მეგობარ „ძვლებთან“.[8]
მან იელის უნივერსიტეტი 1940 წელს დაამთავრა მათემატიკის ბაკალავრის ხარისხით. იმავე წელს მან მხარი დაუჭირა ამერიკის ჩარევას მეორე მსოფლიო ომში და დაწერა: „მიუხედავად იმისა, რომ ომი ბოროტებაა, ის ზოგჯერ ორი ბოროტებიდან უფრო მცირეა“.[7] 1941 წელს მას ჰარვარდის სტიპენდიანტთა საზოგადოებაში სამწლიანი სტიპენდია მიენიჭა. იმ დროს სტიპენდიანტებს არ ჰქონდათ უფლება მიეღოთ უმაღლესი აკადემიური ხარისხი, ამრიგად, ბანდი ვერასდროს მიიღებდა დოქტორის ხარისხს.[9]
1941 წელს ის ბოსტონის საქალაქო საბჭოში მე-5 ოლქის ადგილისთვის იყრიდა კენჭს. მას მხარი დაუჭირა, ჰენრი ლი შატაკმა, თუმცა 92 ხმით დამარცხდა ა. ფრენკ ფოსტერთან.[10][11]:41
სამხედრო სამსახური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომის დროს, ცუდი მხედველობის მიუხედავად, ბანდიმ აშშ-ის არმიაში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა. ის დაზვერვის ოფიცრად მსახურობდა.[12] 1943 წელს იგი კონტრადმირალ ალან გ. კირკის თანაშემწედ დაინიშნა, რომელიც მამამისს იცნობდა. 1944 წლის 6 ივნისს, ადმირალ კირკის თანაშემწედ ყოფნისას, ბანდიმ ოპერაცია ნეპტუნის დესანტი კრეისერ USS Augusta-ს გემბანიდან პირადად იხილა.[7]
1946 წელს იგი კაპიტნის წოდებით გაათავისუფლეს და ჰარვარდში დაბრუნდა, სადაც სტიპენდიის დარჩენილი ორი წელი დაასრულა.
აკადემიური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1945 წლიდან 1947 წლამდე ბანდი ჰენრი სტიმსონთან ერთად მუშაობდა სტიმსონის მესამე პირში დაწერილ ავტობიოგრაფიაზე, „მშვიდობასა და ომში აქტიური სამსახურის შესახებ“,[13] რომელიც 1947 წელს გამოიცა. 1945 წლის შემოდგომაზე სტიმსონს გულის შეტევა დაემართა, რაც მეტყველების დარღვევის მიზეზი გახდა და ბანდის დახმარება წიგნის დასრულებისთვის სასიცოცხლო იყო.
1948 წელს ის მუშაობდა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდანტ ტომას დიუის სიტყვით გამოსვლების ტექსტების მწერლად, საგარეო პოლიტიკის საკითხებში.[14] ბანდი ელოდა, რომ დიუი გაიმარჯვებდა არჩევნებში და მას დააჯილდოვებდა მნიშვნელოვანი თანამდებობით საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში.[2] დიუის დამარცხების შემდეგ, ბანდი გახდა პოლიტიკური ანალისტი საერთაშორისო ურთოერთობების საბჭოში, ნიუ-იორკში, სადაც ის სწავლობდა მარშალის გეგმას ევროპის დახმარების შესახებ. საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს ცნობილი წევრები იყვნენ დუაით ეიზენჰაუერი, რომელიც მაშინ კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი იყო; ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მომავალი დირექტორი, ალენ დულისი და დიპლომატი ჯორჯ კენანი. საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს განხილვები ხშირად იყო საიდუმლო, რადგან მოიცავდა მარშალის გეგმის გასაიდუმლოებულ ნაწილს, ოპერაცია გლადიოს, რომლის მიხედვითაც CIA გმოიმუშავებდა ფულს და ამ ფულით ეხმარებოდა ანტი-კომუნისტურ დაჯგუფეფებს საფრანგეთსა და იტალიაში.[15]:106
1949 წელს ბანდი დაინიშნა მოწვეულ ლექტორად ჰარვარდის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის დეპარტამენტში. ის ასწავლიდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ისტორიას და პოპულარული იყო სტუდენტებში; ორი წლის შემდეგ იგი დააწინაურეს ასოცირებულ პროფესორად და რეკომენდაცია გაუწიეს უვადო თანამდებობაზე.[16] 1953 წელს ჰარვარდის ხელოვნებისა და მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანად დაწინაურების შემდეგ, ბანდი 34 წლის ასაკში, 2025 წლის მონაცემებით, უნივერსიტეტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დეკანი იყო. ბანდიმ წამოიწყო პოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავდა ჰარვარდის განვითარებას, როგორც კლასობრივად ბრმა და დამსახურებაზე დაფუძნებული უნივერსიტეტი, ვარსკვლავური აკადემიური რეპუტაციის შესაქმნელად.[17] 1954 წელს იგი აირჩიეს ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრად.[18]
1956 წელს პიტერ ვირეკმა ის „ახალგაზრდა ამერიკელ მეცნიერებს შორის“ დაასახელა, რომლებიც „ახალი კონსერვატორების“ სახელით არიან ცნობილნი.[19] ჰარვარდში დეკანობის დროს ბანდი პირველად შეხვდა სენატორ ჯონ კენედის, რომელიც ჰარვარდის ზედამხედველთა საბჭოს წევრი იყო.[2] 1991 წელს ის ამერიკის ფილოსოფიურ საზოგადოებაში აირჩიეს.[20]
ეროვნული უშიშროების მრჩეველი და ვიეტნამის ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბანდი სახელმწიფო სამსახურში 1961 წელს ჩაერთო, როდესაც პრეზიდენტ ჯონ ფ. კენედის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების მრჩევლად დაინიშნა. კენედი ბანდის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე განიხილავდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ რადგან ის შედარებით ახალგაზრდა პრეზიდენტი იყო, სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე უფროსი ასაკის კაცი უნდა დაენიშნა.[21] კენედის კაბინეტის სხვა წევრების მსგავსად, ბანდი სახელმწიფო მდივანს, დინ რასკს, არაეფექტურად მიიჩნევდა.[22] ბანდიმ, რეგისტრირებულმა რესპუბლიკელმა, თეთრ სახლში შესვლისას პარტიის შეცვლა შესთავაზა,[23] მაგრამ კენედიმ შეთავაზებაზე უარი თქვა და თქვა, რომ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად რესპუბლიკელი ერჩივნა, რათა თავიდან აეცილებინათ ბრალდებები, რომ ის „კომუნიზმის მიმართ რბილი იყო“.[23]

კენედის „ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ნათელი“ ახალგაზრდა პოლიტიკური აქტივისტებთაგანი, რემლებიც „ახალი ფრონტისკაცების“ სახელით გახდნენ ცნობილი,[1] ბანდი გადამწყვეტ როლს თამაშობდა კენედის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის თითქმის ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში და ლინდონ ბ. ჯონსონმა იგი თავისი საპრეზიდენტო ვადის ნაწილის განმავლობაშიც შეინარჩუნა. ბანდი მონაწილეობდა ღორების ყურის შეჭრაში, კუბის სარაკეტო კრიზისსა და ვიეტნამის ომში. კენედის მმართველობის დროს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველ სხდომაზე ბანდის უთხრეს, რომ ოთხი შეშფოთების სფერო იყო კუბა, კონგო, ლაოსი და ვიეტნამი.[24] 1964 წლიდან 1966 წლამდე ის ასევე იყო კომიტეტი 303-ის თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელი იყო საიდუმლო ოპერაციების კოორდინაციაზე.[25]
ბანდი თავისი მოღვაწეობის პერიოდში ვიეტნამის ომის მომხრე იყო, რადგან მიაჩნდა, რომ კომუნიზმის შეკავება აუცილებელია. ის მხარს უჭერდა ამერიკული ჩართულობის ესკალაციას, მათ შორის ასობით ათასი სამხედროს გაგზავნას და ჩრდილოეთ ვიეტნამის ხანგრძლივ დაბომბვას 1965 წელს. ავტორისა და მიმომხილველის, კაი ბერდის თქმით, ბანდიმ და სხვა მრჩევლებმა კარგად გაიაზრეს რისკი, მაგრამ ეს ქმედებები ძირითადად შიდა პოლიტიკის გამო განახორციელეს და არა იმის რწმენით, რომ აშშ-ს ამ ომში გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა.[5]

1961 წლის ნოემბერში ბანდიმ კენედის ურჩია, ვიეტნამში საბრძოლველად დივიზია გაეგზავნა და დაწერა: „ლაოსი 1954 წლის შემდეგ ჩვენი არასდროს ყოფილა. სამხრეთ ვიეტნამი ჩვენია და გვინდა, რომ ჩვენი იყოს“.[26] 1963 წელს ბანდიმ ვეტო დაადო ჰარვარდის კიდევ ერთი პროფესორის, ჰენრი კისინჯერის მცდელობას, კენედის ადმინისტრაციას შეერთებოდა.[27] ის კარგად იცნობდა კისინჯერს და კენედის უთხრა, რომ კისინჯერი ინტრიგანი იყო, რომელსაც არ უნდა ენდო. 1963 წლის აგვისტოში, როდესაც დიპლომატმა პოლ კატენბურგმა ურჩია ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხრეთ ვიეტნამისთვის მხარდაჭერის შეწყვეტა, ბანდი უკიდურესად კრიტიკული იყო და ამტკიცებდა, რომ სამხრეთ ვიეტნამისთვის ამერიკული დახმარება გეგმის მიხედვით მუშაობდა და კატენბურგს მტკიცებულებების გარეშე არგუმენტის მოყვანაში ადანაშაულებდა.[28] 1963 წლის ოქტომბერში ის დათანხმდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სადგურის უფროსის, ჯონ რიჩარდსონის გადაყვანას, რათა პრეზიდენტ დიემის წინააღმდეგ გადატრიალებისთვის გზა გაეხსნა.[29] 1963 წლის 29 ოქტომბერს გადატრიალების წინ, ბანდიმ საიგონში ამერიკის ელჩს, ჰენრი კაბოტ ლოჯს, გაუგზავნა დეპეშა: „ჩვენ არ ვაღიარებთ აშშ-ის პოლიტიკის საფუძვლად იმ ფაქტს, რომ არ გვაქვს გადატრიალების გადადების ან შეფერხების უფლებამოსილება“.[30] 1 ნოემბრის ღამეს, ბანდის მთელი ღამე ეღვიძა გადატრიალების შესახებ ინფორმაციის მოლოდინში და დილით კენედის აცნობა, რომ მხოლოდ პრეზიდენტის გვარდია დარჩა ერთგული, ხოლო სამხრეთ ვიეტნამის არმიის დანარჩენი ნაწილები მხარს უჭერდნენ გადატრიალებას.[31] 4 ნოემბერს, ბანდიმ მედიას განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებდა საიგონში ახალ მთავრობას.[32] იმავე დღეს მან კენედის აცნობა, რომ მედიაში შეიძლება გამოჩენილიყო ძმების, დიემი და ნჰუ ნგოების, ცხედრების ფოტოები, რომლებზეც ჩანდა მათი ხელები ზურგს უკან შეკრული და თავში ტყვიის ნახვრეტები. ბანდიმ ხუმრობით აღნიშნა, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობის მისი სასურველი გზა (თავდაპირველად გამოცხადდა, რომ ორივე ნგო ძმამ თავი მოიკლა, თუმცა მოგვიანებით აღიარეს, რომ ისინი სიკვდილით დასაჯეს).[32]
1963 წლის 22 ნოემბერს ბანდი ვაშინგტონში, თავის ოფისში იმყოფებოდა, როდესაც თავდაცვის მდივანმა , რობერტ მაკნამარამ, დაურეკა და აცნობა, რომ კენედი ტეხასის შტატის ქალაქ დალასში ვიზიტის დროს მოკლეს.[33] მეგობრის გარდაცვალების ამბავმა ბანდი ატირდა.[34]
ბანდიმ ახალი პრეზიდენტის, ლინდონ ჯონსონის მიმართ გარკვეულწილად პარტორიზაციული დამოკიდებულება გამოიჩინა და პრეზიდენტის რანგში მისი პირველი კაბინეტის სხდომის წინ უთხრა, რომ „თავი აერიდებინა ზედმეტად თავდაჯერებულობის ნებისმიერი მინიშნება“.[35] 1964 წლის გაზაფხულზე ბანდიმ ჯონსონს უთხრა, რომ სამხრეთ ვიეტნამის მთავრობას არ შეეძლო ვიეტ კონგის დამარცხება და ამერიკის ჩარევა, სავარაუდოდ, აუცილებელი იქნებოდა.[36] როდესაც ის ჯონსონის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდა, რობერტ კენედისთან მისი ოდესღაც მეგობრული ურთიერთობები გაუარესდა, რადგან ეს უკანასკნელი მას „ლაბადაშეცვლილად“ მიიჩნევდა.[37] ჯონსონი გაღიზიანებული იყო ბანდის ჩვევით, რომელიც კენედის პრეზიდენტობის დროს დაიწყო და ოვალურ კაბინეტში შედიოდა და გამოდიოდა, როგორც მას მოეწონებოდა, და სთხოვა მკაცრი გრაფიკის დაცვა.[38]
1964 წლის იანვარში ბანდიმ ჯონსონს ურჩია, გენერალი პოლ დ. ჰარკინსი ვიეტნამის სამხედრო დახმარების სარდლობის მეთაურის თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა და დაწერა: „მე არ ვიცნობ არავის, შესაძლოა მაქს ტეილორის გარდა, მთავრობის უმაღლეს წრეში, რომელიც თვლის, რომ გენერალი ჰარკინსი ვიეტნამის ომისთვის შესაფერისი ადამიანია... ჰარკინსი არაშთამბეჭდავი იყო თავის ანგარიშებში და ანალიზში და აჩვენა სიტუაციის რეალობის აღქმის ნაკლებობა“.[39] ბანდიმ ურჩია ჰარკინსის გენერალ უილიამ ვესტმორლენდით ჩანაცვლება და თქვა, რომ ვიეტნამი „ზედმეტად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გადაწყდეს ბობ მაკნამარას მიერ მაქს ტეილორის წყენის თავიდან არიდების სურვილის გამო“, ბანდიმ ჯონსონს ურჩია „მიეცი პირდაპირი ბრძანება, გაეკეთოს ის, რაც გულის სიღრმეში იცის, რომ უნდა გაეკეთებოს. ის ჯარისკაცია“.[40] ზოგადად, ჯონსონი არ ენდობოდა ბანდის ოჯახის მემკვიდრეობით მიღებული სიმდიდრისა და აივი ლიგის უნივერსიტეტების ელიტური სტატუსის გამო; მას ბევრად ერჩივნა მაკნამარა, რომელიც გამდიდრდა Ford Motor Company-ის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობისას და ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში სწავლობდა.[40] თავის მხრივ, ბანდი ჯონსონის მანერებს ძალიან შეურაცხმყოფლად მიიჩნევდა, მაგალითად, პენისის გამოჩენის პრაქტიკა იმის დასამტკიცებლად, რომ კარგად იყო დაჯილდოებული და ტუალეტის გამოყენებისას აბაზანის კარის დახურვაზე უარის თქმას.[41] ჯონსონს ბანდის შეურაცხყოფა სიამოვნებდა.[41]

1964 წლის ოქტომბერში, როდესაც სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯორჯ ბოლმა, გაავრცელა მემორანდუმი სახელწოდებით „რამდენად საფუძვლიანია ჩვენი ვიეტნამის პოლიტიკის საფუძვლად არსებული ვარაუდები?“, ბანდი გამოჩნდა ბოლის წამყვან კრიტიკოსად და ჯონსონს წარუდგინა დეტალური მემორანდუმი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ვიეტნამში საფრანგეთისა და ამერიკის ომების შედარება არ შეიძლებოდა.[42] 1964 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც ვიეტ კონგებმა საიგონში ბრინკსის სასტუმრო დაბომბეს, ბანდიმ ჯონსონს ურჩია ჩრდილოეთ ვიეტნამის წინააღმდეგ სტრატეგიული დაბომბვის კამპანიის დაწყება, მემორანდუმში წარმოადგინა ხუთი მიზეზი, რის გამოც არ უნდა დაებომბათ ჩრდილოეთ ვიეტნამი და ცხრა მიზეზი, რის გამოც უნდა დაებომბათ ჩრდილოეთ ვიეტნამი.[43] ბანდი ვარაუდობდა, რომ ჩრდილოეთ ვიეტნამის დაბომბვა მოაგვარებდა სამხრეთ ვიეტნამის მორალურ პრობლემებს და ამბობდა, რომ სამხრეთ ვიეტნამელი ჯარისკაცები უკეთ იბრძოლებდნენ, როგორც კი გაიგებდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ომში იყო ჩართული.[43] საიგონში ელჩ მაქსველ ტეილორისათვის გაგზავნილ დეპეშაში ჯონსონმა შიდა მიზეზები მოიყვანა, თუ რატომ არ დაბომბავდა ჩრდილოეთ ვიეტნამს ამჟამად და თქვა, რომ მალე აპირებდა თავისი „დიდი საზოგადოების“ რეფორმების გატარებას, ის კონსერვატორ რესპუბლიკელებსა და დემოკრატებზე წუწუნებდა, რომ „მათ ეს სძულთ, არ სურთ ღარიბებისა და შავკანიანების დახმარება, მაგრამ ეშინიათ ამის წინააღმდეგი იყვნენ ასეთ დროს, როდესაც ამდენი კეთილდღეობაა. მაგრამ ომი - ოჰ, მათ მოეწონებათ ომი“.[44] თუმცა, ჯონსონმა დასძინა, რომ როგორც კი კონგრესი მის „დიდი საზოგადოების“ რეფორმებს დაამტკიცებდა, ის შეერთებულ შტატებს ომში ჩართავდა და თქვა, რომ ეჭვი ეპარებოდა, რომ ჩრდილოეთ ვიეტნამის დამარცხება მხოლოდ სტრატეგიული დაბომბვით ყოფილიყო შესაძლებელი, ამიტომ ის ასევე გაგზავნიდა ამერიკელ ჯარისკაცებს სამხრეთ ვიეტნამში საბრძოლველად 1965 წელს.[45]

1965 წლის თებერვალში ბანდი სამხრეთ ვიეტნამს ეწვია.[46] 1965 წლის 7 თებერვალს ვიეტ კონგმა ნაღმტყორცნებით შეუტია პლეიკუში მდებარე ამერიკულ საჰაერო ბაზას, რის შედეგადაც რვა ამერიკელი დაიღუპა და 126 დაიჭრა.[47] ბანდიმ ჯონსონს ურჩია, საპასუხოდ ჩრდილოეთ ვიეტნამის წინააღმდეგ სტრატეგიული დაბომბვის კამპანია დაეწყო.[47] შემდეგ ის პლეიკუს ბაზას ეწვია, სადაც დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების დანახვამ შეაშფოთა და თქვა, რომ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ამდენი სისხლი არასდროს ენახა.[48] ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ მან პრეზიდენტს გაუგზავნა მემორანდუმი, რომელშიც წერდა: „ვიეტნამში სიტუაცია უარესდება და აშშ-ს ახალი ქმედებების გარეშე, დამარცხება გარდაუვალი ჩანს - ალბათ არა რამდენიმე კვირაში ან შესაძლოა თვეებშიც კი, არამედ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში. ჯერ კიდევ არის დრო, რომ სიტუაცია შეიცვალოს, მაგრამ დიდად არა. ვიეტნამში ფსონები ძალიან მაღალია, ამერიკული ინვესტიციები ძალიან დიდია და ამერიკის პასუხისმგებლობა ცხოვრების ფაქტია, რომელიც ხელშესახებია აზიის ატმოსფეროში და სხვაგანაც კი. შეერთებული შტატების საერთაშორისო პრესტიჟი და ჩვენი გავლენის მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ საფრთხეშია ვიეტნამში“.[49] მან ჩრდილოეთ ვიეტნამის „ეტაპობრივი და მუდმივი დაბომბვებისკენ“ მოუწოდა[49] და იუწყებოდა, რომ სამხრეთ ვიეტნამში ნანახი იმაზე მიანიშნებს, რომ სამხრეთ ვიეტნამის მოსახლეობის უმრავლესობა თვლიდა, რომ „ვიეტ კონგი გრძელვადიან პერსპექტივაში გაიმარჯვებს“.[49] როდესაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ჰაროლდ უილსონმა, რომელიც შეშფოთებული იყო ჯონსონის ვიეტნამის პოლიტიკით, აშშ-ის პრეზიდენტს სამიტის ჩატარება შესთავაზა ვიეტნამში პოლიტიკის შეცვლის მცდელობის მიზნით; ბანდიმ ბრიტანეთის ელჩს, ლორდ ჰარლეხს, უთხრა, რომ ასეთი სამიტი „უსარგებლო“ იქნებოდა.[50] მიმომხილველი უოლტერ ლიპმანი დაუკავშირდა ბანდის და სთხოვა, ჯონსონისთვის ვიეტნამის პოლიტიკის შეცვლა ერჩია, თუმცა აღმოაჩინა, რომ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი პრეზიდენტის თანამოაზრე იყო.[51] ლიპმანი გაოცებული იყო ბანდის ვიეტნამის ისტორიის შესახებ უმეცრებით, რადგან აღმოაჩინა, რომ ბანდის წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ სამხრეთ ვიეტნამი სულ რამდენიმე წლის წინ შეიქმნა.[52]
ბანდიმ ჯონსონს ურჩია, რომ ვიეტნამის ომის ამერიკელი ხალხისთვის „მიყიდვის“ საუკეთესო გზა „დიდი საზოგადოების“ გაგრძელება იყო.[51] მან პრეზიდენტს უთხრა, რომ უნდა შეექმნა მრავალმილიარდიანი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის განვითარების კორპორაცია,[51] რომელიც მდინარე მეკონგზე კაშხალს ააშენებდა, შემოთავაზებული კორპორაცია და მისი კაშხალი შეძლებდა ელექტროენერგიის მიწოდებას მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისთვის და ამით ხელს შეუწყობდა მთელი რეგიონის ინდუსტრიალიზაციას მომდევნო წლების განმავლობაში.[51] 1965 წლის 7 აპრილს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში წარმოთქმულ სიტყვაში ჯონსონმა წამოაყენა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის განვითარების კორპორაციისა და მეკონგზე კაშხლის შექმნის ინიციატივა და თქვა, რომ ვიეტნამის ომი ეკონომიკური განვითარებისთვის ბრძოლა იყო, რისი თავიდან აცილების მცდელობაშიც მან ჩრდილოეთ ვიეტნამი დაადანაშაულა.[53] ომის გაგრძელებისას ჯონსონმა გაკიცხა ბანდი და თქვა, რომ მას სურდა „მეტი იდეა, მეტი ძალა და მეტი წარმოსახვა“.[53]
1965 წლის მარტში მიჩიგანის უნივერსიტეტში ვიეტნამის ომის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად პირველი „სწავლება“ გაიმართა და ბანდი დებატებში მონაწილეობის მისაღებად გამოიწვიეს, რაზეც მან უარი თქვა და საჯარო წერილში განაცხადა: „თუ თქვენი წერილი, როგორც პრეფოსორს, შეფასებისთვის მომივიდოდა, მას მაღალ შეფასებას ვერ მივცემდი“.[54] შემდგომში, ბანდიმ მიიღო კორნელის უნივერსიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სპეციალიზაციის მქონე პროფესორის, ჯორჯ მაკტურნან კაჰინის, გამოწვევა, რომ საჯარო დებატები პირდაპირ ეთერში გადასცემოდა 1965 წლის 15 მაისს. ჯონსონს არ სურდა დებატების ჩატარება, რადგან შიშობდა, რომ ბანდი წააგებდა, ამიტომ მან ბანდის დომინიკელთა რესპუბლიკაში გაგზავნა მოაწყო, რის გამოც ის დებატებს გამოტოვებდა.[55] დებატების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიოლოგმა ბარი კომონერმა, აღნიშნა, რომ ბანდის შეიძლება სურდეს სხვა პროფესორებისთვის ცუდი შეფასების მიცემა მათი წერილებისთვის, მაგრამ მან „საშინელი დასწრების მაჩვენებელი წარადგინა“.[47] როდესაც გაზეთმა „ჰარვარდ კრიმსონმა“ ვიეტნამის ომის კრიტიკის სარედაქციო სტატია გამოაქვეყნა, ბანდიმ, რომელიც ყოველთვის ყურადღებით აკვირდებოდა ჰარვარდში მიმდინარე მოვლენებს, დაწერა 11-გვერდიანი საპასუხო წერილი, რომელშიც გააკრიტიკა სარედაქციო სტატია და „ჰარვარდ კრიმსონის“ რედაქტორები შეადარა 1930-იანი წლების დაშოშმინების პოლიტიკის მომხრეებს.[56]
როდესაც ბანდიმ მიხვდა, რომ ჯონსონმა ის სანტო-დომინგოში გაგზავნა, რათა კაჰინთან დებატებში არ გამოსულიყო, პრეზიდენტის ინფორმირების გარეშე დაუკავშირდა CBS-ის ტელეპროდიუსერ ფრედ ფრენდლის და უთხრა, რომ სურდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორ ჰანს მორგენთაუსთან პირდაპირ ეთერში დებატები.[56] როდესაც პრეზიდენტმა შეიტყო, რომ CBS-ი 1965 წლის 21 ივნისს ბანდი-მორგენთაუს დებატებს გადასცემდა, ის განრისხდა და თავის თანაშემწეს, ბილ მოიერსს, უთხრა: „ხედავ ამას? ბანდი ტელევიზიით - ეროვნულ ტელევიზიაში - ხუთ პროფესორთან ერთად გადის. ეს ღალატის აქტია. მან არ მითხრა, რადგან იცოდა, რომ არ მინდოდა ამის გაკეთება“.[56] ჯონსონმა მოიერსს უთხრა ბანდი მაშინვე გააგდო ადმინისტრაციიდან, მაგრამ მალევე შეიცვალა აზრი.[56] ჯონსონსა და ბანდის შორის ურთიერთობა ამის შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა.[57]
1965 წლის 21 ივნისს, სატელევიზიო დებატები პირდაპირ ეთერში გადაიცა სახელწოდებით „ვიეტნამის დიალოგი: ბატონი ბანდი და პროფესორები“, რომელსაც მოდერატორი ერიკ სევარეიდი უძღვებოდა.[58] დებატების დროს ბანდიმ მორგენთაუ დამარცხებულობასა და პესიმისტობაში დაადანაშაულა და მოიყვანა მისი 1961 წლის განცხადება, რომ ლაოსი კომუნისტური გახდებოდა, მორგენტაუს პასუხი გასცა: „შეიძლება ლაოსთან დაკავშირებით სრულიად ვცდებოდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვიეტნამთან დაკავშირებით სრულიად ვცდები“. შემდეგ ბანდიმ მოიხსენია მორგენთაუს 1956 წელს გაკეთებული განცხადება, რომელშიც სამხრეთ ვიეტნამის პრეზიდენტ დიემს „სასწაულის“ მოხდენისთვის აქებდა.[58] ზოგადად, ბანდი დებატებში გამარჯვებულად ითვლებოდა, მაგრამ ჯონსონი მაინც გაბრაზებული იყო მასზე და ბანდიმ პირადად აღიარა, რომ მისი, როგორც ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, დრო დასასრულს უახლოვდებოდა.[58] ჯონსონმა მოიერსს დაავალა ბანდის გათავისუფლება, რომელმაც, როგორც კი გაათავისუფლეს, თქვა „ისევ?“ და სამსახურში დაბრუნდა.[59] მიუხედავად იმისა, რომ ჯონსონი გამუდმებით იცვლიდა აზრს მისი გათავისუფლების შესახებ, ბანდიმ დაინახა, რომ მისი თეთრ სახლში გატარებული დრო დასრულებული იყო და დაუკავშირდა ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, ნეითან პუსის, და ჰკითხა, შეეძლო თუ არა აკადემიურ წრეებში დაბრუნება.[59]

1965 წლის ივნისში, ბანდიმ ჯონსონს ურჩია, არ გაეძლიერებინა დაბომბვები ვიეტ კონგის მიერ ამერიკელი სამხედრო ტყვის, სერჟანტ ჰაროლდ ბენეტის სიკვდილით დასჯის საპასუხოდ და გააფრთხილა, რომ ეს გარკვეულწილად დაბომბვის დონის კონტროლის დაკარგვას ნიშნავდა: ასეთი პრეცედენტი ნიშნავდა, რომ შეერთებულ შტატებს მოუწევდა დაბომბვების გაძლიერება მომავალში სისასტიკი დანაშაულების შემთხვევებშიც.[59] თუმცა, ბანდიმ იმ დროს ბოლს განუცხადა, რომ მისი გავლენა ჯონსონზე კლებულობდა და არ ელოდა, რომ მისი რჩევა მიღებული იქნებოდა.[59] ჯონსონმა ბრძანა დაბომბვების გაძლიერება, ბანდის რჩევის საწინააღმდეგოდ. 1965 წლის ივლისში, ბანდიმ დაიქირავა უფროსი სახელმწიფო მოღვაწეების ჯგუფი, ცნობილი როგორც „ბრძენკაცები“, რათა დროდადრო პრეზიდენტისთვის რჩევები მიეცათ.[60] „ბრძენკაცების“ არაოფიციალური ლიდერი იყო ყოფილი სახელმწიფო მდივანი დინ აჩესონი.[60] „ბრძენკაცების“ პირველმა შეხვედრამ კარგად არ ჩაიარა, ჯონსონმა დიდი ხნის განმავლობაში თვითშეცოდების ეპიზოდი ჩაატარა და წუწუნებდა, რომ ვიეტნამში მხოლოდ იმიტომ იმოქმედა, რომ იძულებული იყო და რომ მედია და კონგრესი უსამართლოდ აკრიტიკებდნენ მას; ეს ეპიზოდი „ბრძენკაცების“ დიდ ზიზღს იწვევდა.[61] თუმცა, „ბრძენკაცებმა“ ჯონსონის ვიეტნამის პოლიტიკის მოწონება გამოთქვეს, რის შემდეგაც ბანდიმ აჩესონს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ჯონსონი ახლა უფრო დარწმუნებული იყო, რომ სწორად მოქმედებდა.[61]
ომის მხარდაჭერის მიუხედავად, ბანდიმ გააკრიტიკა ჯონსონის კაბინეტის სხვა წევრების მიერ გამოთქმული აზრები, განსაკუთრებით 1965 წლის ივლისში, როდესაც მან გააკრიტიკა მაკნამარას გეგმები ვიეტნამში დამატებითი ჯარების გაგზავნის შესახებ და უწოდა „სისულელემდე მიღწეული წინდაუხედავობა... კერძოდ, ვერ ვხედავ მიზეზს ვივარაუდო, რომ ვიეტ კონგი დაგვეხმარება სასურველი ტიპის ომის წარმოებაში. ვფიქრობ, დიდი შანსია, რომ თუ აქ შემოთავაზებული მისიებით 40-50 ბატალიონს გავგზავნით, ისინი მხოლოდ მსუბუქად იქნებიან ჩართულნი და არაეფექტურები ცხელ კვალზე დევნაში“.[62] მან განაცხადა, რომ ვიეტნამის პრობლემა ის იყო, რომ სამხრეთ ვიეტნამის სახელმწიფო დისფუნქციური იყო და აღნიშნა: „...ეს არის მოლიპულ ფერდობზე სრიალი აშშ-ის სრული პასუხისმგებლობისა და ვიეტნამური მხარის შესაბამისი უმოქმედობისკენ“.[62] მან ურჩია ჯონსონს, არ გაეგზავნა დამატებითი ჯარები სამხრეთ ვიეტნამში, რათა სამხრეთ ვიეტნამელებზე რეფორმების გატარებისკენ ზეწოლა მოეხდინა.[63] „რა შანსია გვექნება თუ ჩავერთვებით თეთრკანიანების ომში, როდესაც ყველა შავგვრემანი კაცი ჩვენს წინააღმდეგ ან აპათიური იქნება?“[64] თუმცა, ბანდი კვლავ ომის ერთგული იყო. მემორანდუმში სახელწოდებით „საფრანგეთი ვიეტნამში, 1954 წელი და აშშ ვიეტნამში, 1965 წელი - სასარგებლო ანალოგია?“ მან დაწერა, რომ საფრანგეთი დამარცხდა „ომის მწვავე არაპოპულარობის“ და „საფრანგეთის პოლიტიკური არასტაბილურობის“ გამო, რომელთაგან არცერთი, ბანდის თქმით, არ ეხებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს 1965 წელს.[64] ამ თემის განხილვისას, ბანდიმ დაწერა: „საფრანგეთი არასდროს ყოფილა ერთიანი ან თანმიმდევრული ინდოჩინეთში ომის წარმოებაში. ომი არ იყო პოპულარული თავად საფრანგეთში, აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ მას მემარცხენეები და ცინიკურად იყენებდნენ სხვები შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის“.[64] ამის საპირისპიროდ, ბანდი წერდა, რომ ამჟამად მხოლოდ აკადემიკოსები და სასულიერო პირები ეწინააღმდეგებოდნენ აშშ-ში ომს, ისინი წარმოადგენდნენ „უმცირესობას უმცირესობაში“ და ჯონსონს ახსენებდა, რომ უახლესი გამოკითხვების თანახმად, ამერიკელების 62% მხარს უჭერდა ომს.[64]
1965 წლის ივლისში, პარიზში მყოფმა ამერიკელმა დიპლომატმა, ედ გულიონმა, საიდუმლო მოლაპარაკებები დაიწყო მაი ვან ბოსთან, რომელიც პარიზში ეროვნული განმათავისუფლებელი ფრონტის ოფისს ხელმძღვანელობდა.[65] საიდუმლოების უზრუნველსაყოფად, გულიონს კოდური სახელით R ეწოდა.[65] ბანდიმ ჯონსონს ურჩია, მოლაპარაკებები გაგრძელებულიყო და დაწერა: „ამჯერად R-ს მიეცით საშუალება ისაუბროს და ვნახოთ, იქნება თუ არა რაიმე დათმობა მის პოზიციაში“.[65] თუმცა, „XYZ მოლაპარაკებები“, როგორც ამ მოლაპარაკებებს უწოდებდნენ, ჩაიშალა იმის გამო, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უპირობოდ შეწყვიტა ჩრდილოეთ ვიეტნამის დაბომბვა, როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების წინაპირობა.[65]
რადგან პუსის არ შეეძლო ბანდისთვის მისი ყოფილი თანამდებობის შესაბამისი თანამდებობის მინიჭება, ბანდი დაუკავშირდა ფორდის ფონდის თავმჯდომარეს, ჯონ მაკლოის, რათა გაეგო, შეეძლო თუ არა მას ფორდის ფონდის პრეზიდენტი გამხდარიყო.[66] ამ დროისთვის ბანდის ჯონსონთან რთული ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ მას მიაჩნდა, რომ ამერიკელის პატრიოტული მოვალეობა იყო სამთავრობო სამსახურის ისე დატოვება, რომ პრეზიდენტი არ შერცხვენოდა.[66] 1965 წლის 8 ნოემბერს ბანდის შესთავაზეს ფორდის ფონდის პრეზიდენტობა, რომლის წლიური ანაზღაურება 75 000 აშშ დოლარი იყო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის რანგში მის მიერ გამომუშავებულ 30 000 აშშ დოლართან შედარებით.[66] გარდა ამისა, ფორდის ფონდს ყოველწლიურად 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფონდი ჰქონდა დახარჯული, რაც მას მსოფლიოში უდიდეს საქველმოქმედო ორგანიზაციად აქცევდა, ეს ბანდისთვის მიმზიდველი იყო, რადგან, როგორც ჩანს, ეს მას საშუალებას მისცემდა, შეენარჩუნებინა წარმოდგენა, რომ ის კვლავ მნიშვნელოვან საქმიანობას ეწეოდა.[66] ბანდიმ ჯონსონთან ფორდის ფონდისადმი ინტერესი ადრეც განიხილა, როდესაც პრეზიდენტმა „ნიუ-იორკ თაიმსის“ წაკითხვის შემდეგ შეიტყო შეთავაზების შესახებ და საგრძნობლად გაბრაზდა.[66] ის დათანხმდა თანამდებობაზე 1966 წლის ბოლომდე დარჩენას, მაგრამ ჯონსონი მის მიმართ აგრესიული და შეურაცხმყოფელი გახდა, რადგან ბანდის ღალატში ადანაშაულებდა და თვლიდა მშიშრად, რომელიც მიდიოდა, რადგან ვერ უმკლავდებოდა ვიეტნამის ომის სტრესს.[66] როდესაც ჯონსონმა შეწყვიტა ბანდის მოსმენა, 1966 წლის ბოლოსთვის მისი როლი შემცირდა და მოიცავდა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებასა და პრეზიდენტისთვის ვარიანტების შეთავაზებაში.[67] ჯონსონისადმი 1966 წელს გაგზავნილ ბოლო მემორანდუმში მან განაცხადა, რომ ჩინეთი ამერიკელებს „იმპერიალიზმის მორბენალ ძაღლებად“ მოიხსენიებდა; რომ იუგოსლავიის მარშალი იოსიპ ბროზ ტიტო თვლიდა, რომ ომის მშვიდობიანი დასრულება დროთა განმავლობაში შესაძლებელი იყო; უნგრეთისა და ალჟირის მთავრობები სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლების როლს სთავაზობდნენ; საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ დე გოლს ამერიკის შეერთებულ შტატების მიერ ჩრდილოეთ ვიეტნამის დაბომბვის შეწყვეტას და მოლაპარაკებების დაწყებას სურდა; და გაერთიანებული სამეფოსა და კანადის მთავრობები აიძულებდნენ საბჭოთა კავშირს, რომ თავის მხრივ, ჩრდილოეთ ვიეტნამზე ზეწოლა მოეხდინა სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად.[67] ჯონსონის ადმინისტრაციაში გაწეული ბოლო საქმეში, როდესაც სენატორმა რობერტ კენედიმ 1966 წლის 31 ოქტომბერს წარმოთქმულ სიტყვაში ვიეტნამის ომი გააკრიტიკა, ბანდიმ საინფორმაციო გადაცემა „შეხვდით პრესას“ ეთერში წავიდა, რათა დაეცვა ჯონსონის ადმინისტრაცია და უარყო კენედის კრიტიკა.[68]
აკადემიურ წრეებში დაბრუნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბანდიმ მთავრობა 1966 წელს დატოვა, რათა ფორდის ფონდის პრეზიდენტის თანამდებობა დაეკავებინა, ამ თანამდებობაზე 1979 წლამდე დარჩა.[69] 1968 წლის 12 ოქტომბერს ბანდიმ ვიეტნამის ომი თავის გამოსვლაში გააკრიტიკა და თქვა: „არ არსებობს ჩრდილოეთ ვიეტნამის წინააღმდეგ სამხედრო გამარჯვების პერსპექტივა აშშ-ის სამხედრო ძალის ნებისმიერი დონით, რომელიც მისაღები ან სასურველია“.[70]
1975 წელს ჩურჩის კომიტეტის წინაშე ჩვენების მიცემის შემდეგ, ბანდიმ განცხადება გააკეთა: „რამდენადაც მე ოდესმე ვიცოდი და ახლა ვიცი, თეთრ სახლში ან კაბინეტის დონეზე არავის არასდროს გაუცია რაიმე სახის თანხმობა CIA-ს მიერ ვინმეს მკვლელობის მცდელობაზე“. ბანდიმ დასძინა: „მე კერძოდ, კომიტეტს ვუთხარი, რომ ეს სრულიად ეწინააღმდეგება პრეზიდენტ კენედის და მისი ძმის, რობერტის შესახებ ჩემს ცოდნას, რომ რომელიმე მათგანი ვინმესთვის რაიმე არხით მიცემდა ასეთ ბრძანებას, უფლებამოსილებას ან თანხმობას“.[71]
1979 წლიდან ბანდი აკადემიურ წრეებს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორის რანგში დაუბრუნდა. 1989 წლიდან გარდაცვალებამდე ის ემერიტუს პროფესორი იყო. ამ პერიოდში მან მონაწილეობა მიიღო „ოთხთა ბანდის“ სახელით ცნობილი ჯგუფის დაარსებაში, რომლის სხვა წევრებიც იყვნენ ჯორჯ კენანი, რობერტ მაკნამარა და ჯერარდ სმიტი; ისინი ერთად საუბრობდნენ და წერდნენ ამერიკის ბირთვულ პოლიტიკაზე. მათ გამოაქვეყნეს სტატია „ფორინ აფერსში“ 1983 წელს, რომელშიც შემოთავაზებული იყო აშშ-ის პოლიტიკის დასრულება „ბირთვული იარაღის პირველად გამოყენების შესახებ ევროპაში საბჭოთა კავშირის შეჭრის შესაჩერებლად“.[5] მან ასევე დაწერა წიგნი „საფრთხე და გადარჩენა: არჩევანი ბომბის შესახებ პირველ ორმოცდაათ წელიწადში“ (1988). მათ ნაშრომებს მიეწერება წვლილი SALT II ხელშეკრულების შემუშავებაში.[5]
ბანდი 1990 წლიდან გარდაცვალებამდე ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციაში მუშაობდა, სადაც ბირთვული საფრთხის შემცირების კომიტეტის თავმჯდომარე 1990 წლიდან 1993 წლამდე და რეზიდენტ-მეცნიერი 1993 წლიდან 1996 წლამდე იყო.
პირადი ცხოვრება და გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1950 წელს იგი დაქორწინდა მერი ბაკმინსტერ ლოთროპზე, რომელიც სოციალურად გავლენიანი და მდიდარი ბოსტონური ოჯახიდან იყო; მათ ოთხი ვაჟი ჰყავდათ.

ბანდი 1996 წლის 16 სექტემბერს, 77 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.[72] მისი ცხედარი დაკრძალულია მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯში, მაუნტ ობერნის სასაფლაოზე.
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1969 წელს პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა მას თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი გადასცა, ის იყო იმ 20 ადამიანისგან ერთ-ერთი, რომელმაც ეს მედალი „[ჯონსონის] პრეზიდენტობის ბოლო 24 საათში, 1969 წლის იანვარში“ მიიღო.[73]
- ბანდი მოგვიანებით შეიყვანეს პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის „მტრების სიაში“, რომელიც მის პოლიტიკურ ოპონენტებს აერთიანებდა.
- ათწლეულების განმავლობაში ბანდის როლის შესახებ შეხედულებები ვიეტნამის ომში შეიცვალა. გორდონ გოლდშტეინის 2008 წლის წიგნი „ კატასტროფის გაკვეთილები: მაკჯორჯ ბანდი და ვიეტნამის ომისკენ მიმავალი გზა “ 2009 წლის სექტემბრის ბოლოს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩევლებს შორის „აუცილებლად წასაკითხ წიგნად“ დასახელდა, რადგან ისინი ავღანეთში მომავალი ალტერნატიული გზების განხილვას ცდილობდნენ. რიჩარდ ჰოლბრუკი, რომელმაც წიგნი 2008 წლის ნოემბრის ბოლოს განიხილა, 2009 წელს პრეზიდენტის მრჩევლების გუნდის წევრი იყო.[1][74]
პუბლიკაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტატიები
- ვულანის დახურვა. Foreign Affairs, vol. 48, no. 1, ოქტომბერი 1969. pp. 1–20. JSTOR 20039419. doi:10.2307/20039419.
- ხელმისაწვდომი ონლაინ at the Foreign Affairs archives.
- პრობლემა სასამრთლოს წინაშე: ვინ დაწინაურდება ამერიკაში?, The Atlantic Monthly vol. 240, no. 5, ნოემვბერი 1977. pp. 41–54.
წიგნები
- მშვიდობასა და ომში აქტიური სამსახურის შესახებ (თანაავტორი ჰენრი სტიმსონი), ნიუ-იორკი: Harper & Brothers, 1947.
- საფრთხე და გადარჩენა: არჩევანი ბომბთან დაკავშირებით პირველ ორმოცდაათ წელიწადში, ნიუ-იორკი: Vintage Books, 1988. ISBN 0-394-52278-8.
მედია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კუბის სარაკეტო კრიზისის ხელახალი განხილვა. გადაღებულია The Idea Channel-ისთვის Free to Choose Network-ის მიერ, 1983 წელს.
- I ფაზა (U1015) (1983 წლის 22 იანვარი)
- მაკჯორჯ ბანდის, რიჩარდ ნოიშტადტის, ედვინ მარტინის, დინ რასკის და დონალდ უილსონის მონაწილეობით ატლანტაში, ჯორჯიის შტატი.
- II ფაზა, I ნაწილი (U1016) (1983 წლის 27 ივნისი)
- მაკჯორჯ ბანდის, რიჩარდ ნოიშტადტის, რობერტ მაკნამარას, ჯორჯ ბოლის და უ. ალექსის ჯონსონის მონაწილეობით ვაშინგტონში.
- II ფაზა, II ნაწილი (U1017) (1983 წლის 27 ივნისი)
- მაკჯორჯ ბანდის, რიჩარდ ნოიშტადტის, რობერტ ს. მაკნამარას, ჯორჯ ვ. ბოლის და უ. ალექსის ჯონსონის მონაწილეობით ვაშინგტონში.
- I ფაზა (U1015) (1983 წლის 22 იანვარი)
- ზღვარზე: ომი და მშვიდობა ბირთვულ ეპოქაში. ეპიზოდი 105. WBGH, 1986 წლის 20 მარტი.
წარმოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბანდი და მისი როლი ნაჩვენები იყო მხატვრულ და სატელევიზიო ფილმებში:
- მისი როლი ჯეიმს ოლსონმა შეასრულა ტელევიზიისთვის გადაღებულ ფილმში ოქტომბრის რაკეტები (1974).
- 2000 წლის ფილმში ცამეტი დღე, მაკჯორჯ ბანდის როლს ფრენკ ვუდი ასრულებს.
- 2002 წლის HBO-ს ფილმში ომისკენ მიმავალი გზა ბანდის როლს კლიფ დეიანგი ასრულებს.
- 2013 წლის სატელევიზიო ფილმში კენედის მკვლელობა ბანდის როლი რეი ნედზელმა განასახიერა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Langguth, A.J., Our Vietnam The War 1954-1975, Simon & Schuster, 2000, ISBN 0743212312.
- Bellah, Robert N. (2005). „McCarthyism at Harvard“. The New York Review of Books. 52 (2). ციტირების თარიღი: October 5, 2025.
- Bird, Kai. The Color of Truth: McGeorge and William Bundy, Brothers in Arms: A Biography. New York: Simon and Schuster, 1998. ISBN 0-684-80970-2.
- Gardner, Lloyd. "Harry Hopkins with Hand Grenades? McGeorge Bundy in the Kennedy and Johnson Years", in Behind the Throne: Servants of Power to Imperial Presidents, 1898–1968, ed. Thomas J. McCormick and Walter LaFeber. Madison: University of Wisconsin Press, 1993. pp. 204–229. ISBN 0-299-13740-6.
- Goldstein, Gordon M., Lessons in Disaster: McGeorge Bundy and the Path to War in Vietnam New York: Henry Holt & Co., 2008. pp. 300. ISBN 0-8050-9087-8.
- Halberstam, David. "The Very Expensive Education of McGeorge Bundy". Harper's Magazine 239, no. 1430 (July 1969), pp. 21–41.
- Kabaservice, Geoffrey. The Guardians: Kingman Brewster, His Circle, and the Rise of the Liberal Establishment. New York: Henry Holt & Co., 2004. pp. 136–140. ISBN 0-8050-6762-0.
- Nünlist, Christian. Kennedys rechte Hand: McGeorge Bundys Einfluss als Nationaler Sicherheitsberater auf die amerikanische Aussenpolitik, 1961–63. Zurich: Center for Security Studies, 1999. ISBN 3-905641-61-5.
- Preston, Andrew. “The Little State Department: McGeorge Bundy and the National Security Council Staff, 1961–65”. Presidential Studies Quarterly, vol. 31, no. 4, December 2001. pp. 635–659. doi:10.1111/j.0000-0000.2001.00191.x
- Preston, Andrew. The War Council: McGeorge Bundy, the NSC, and Vietnam. Cambridge: Harvard University Press, 2006. ISBN 0-674-02198-3.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| Presentation by Kai Bird on The Color of Truth at the JFK Presidential Library, October 15, 1998, C-SPAN | |
- Interview about the Cuban Missile Crisis for the WGBH series, War and Peace in the Nuclear Age
- Review of biography of brothers William and McGeorge Bundy
- Point of View of Nuremberg Trial Prosecutor Telford Taylor on McGeorge Bundy საიტზე Library of Congress (archived 2001-12-03)Category:Webarchive template other archives
- Pentagon papers: Telegram From the Ambassador in Vietnam (Lodge) to McGeorge Bundy on US Options With Respect to a Possible Coup, mentioning the term "plausible denial" დაარქივებული 2005-02-17 საიტზე Wayback Machine. Alternative link: Pentagon papers, Telegram 216, same cable
- Annotated bibliography for McGeorge Bundy from the Alsos Digital Library for Nuclear Issues
- NY Times Obituary
- Oral History Interviews with McGeorge Bundy, from the Lyndon Baines Johnson Library საიტზე Archive.is (archived 2012-12-15)Category:Webarchive template archiveis links
- გარეგნობა C-SPAN-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Holbrooke, Richard (November 28, 2008). „'The Doves were Right': Review of Lessons in Disaster: McGeorge Bundy and the Path to War in Vietnam by , Gordon M. Goldstein“. The New York Times. ციტირების თარიღი: October 5, 2025.
- 1 2 3 4 Langguth 2000, p. 231.
- ↑ Kenneth W Hechler. (January 5, 1953) Memorandum on the Potsdam Conference to David D Lloyd. Nuclear Age Peace Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 6, 2018. ციტირების თარიღი: October 5, 2025
- ↑ Kevles, Daniel J. (March 1990). „The Politics of Atomic Reality“. Reviews in American History. The Johns Hopkins University Press. 18 (1).
- 1 2 3 4 Danner, Mark (April 4, 1999). „Members of the Club: Review of McGeorge Bundy and William Bundy: Brothers in Arms by Kai Bird“. The New York Times. ციტირების თარიღი: October 5, 2025.
- ↑ Halberstam, David (1972). The Best and the Brightest. Random House. ISBN 978-0-394-46163-2.
- 1 2 3 4 5 6 Langguth 2000, p. 230.
- ↑ Goldstein, Gordon M. (2008). Lessons in Disaster: McGeorge Bundy and the Path to War in Vietnam. Henry Holt. ISBN 9780805079715.
- ↑ Martin, Douglas (მარტი 2, 2007). „Arthur M. Schlesinger Jr., a Partisan Historian of Power, Is Dead at 89“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 10, 2008. ციტირების თარიღი: October 5, 2025.
- ↑ „Shattuck Gives Support to Bundy for City Council“. The Boston Daily Globe. August 16, 1941.
- ↑ (1941) Annual Report of the Election Department. Boston [Election Dept.].
- ↑ „McGeorge Bundy; Advisor to Two Presidents in 1960s“. Los Angeles Times. September 17, 1996. ციტირების თარიღი: October 5, 2025.
- ↑ "When Bundy Says, 'The President Wants--'", The New York Times, December 2, 1962.
- ↑ Langguth 2000, p. 231..
- ↑ Bird, Kai (1998). The Color of Truth: McGeorge and William Bundy, Brothers in Arms: A Biography. New York: Simon and Schuster. ISBN 0-684-80970-2.
- ↑ Goldstein, Gordon M. Lessons in Disaster: Mcgeorge Bundy and the Path to War in Vietnam. New York: Times Books/Henry Holt and Co, 2008.
- ↑ Kabaservice, Geoffrey (2004). The Guardians: Kingman Brewster, His Circle, and the Rise of the Liberal Establishment. New York: Henry Holt & Co., გვ. 136–140. ISBN 0-8050-6762-0.
- ↑ Book of Members, 1780-2010: Chapter B. American Academy of Arts and Sciences. ციტირების თარიღი: October 5, 2025
- ↑ Viereck, Peter (2017) Conservatism from John Adams to Winston Churchill. London: Routledge, გვ. 107.
- ↑ APS Member History: McGeorge Bundy. ციტირების თარიღი: October 5, 2025
- ↑ Langguth 2000, p. 42-43.
- ↑ Langguth 2000, p. 143.
- 1 2 Langguth 2000, p. 318.
- ↑ Langguth 2000, p. 115.
- ↑ Miller, James E. (2001). Foreign Relations, 1964–1968 Volume XII. United States Government Printing Office. [მკვდარი ბმული]
- ↑ Langguth 2000, p. 152.
- ↑ Langguth 2000, p. 205.
- ↑ Langguth 2000, p. 237.
- ↑ Langguth 2000, p. 248.
- ↑ Langguth 2000, p. 250.
- ↑ Langguth 2000, p. 254.
- 1 2 Langguth 2000, p. 261.
- ↑ Langguth 2000, p. 265.
- ↑ Langguth 2000, p. 266.
- ↑ Langguth 2000, p. 267.
- ↑ Langguth 2000, p. 293.
- ↑ Langguth 2000, p. 297.
- ↑ Langguth 2000, p. 305.
- ↑ Langguth 2000, p. 276-277.
- 1 2 Langguth 2000, p. 277.
- 1 2 Langguth 2000, p. 407.
- ↑ Langguth 2000, p. 317-318.
- 1 2 Langguth 2000, p. 327.
- ↑ Langguth 2000, p. 328.
- ↑ Langguth 2000, p. 328-329.
- ↑ Langguth 2000, p. 336-337.
- 1 2 3 Langguth 2000, p. 337.
- ↑ Langguth 2000, p. 338.
- 1 2 3 Langguth 2000, p. 340.
- ↑ Langguth 2000, p. 342.
- 1 2 3 4 Langguth 2000, p. 353.
- ↑ Langguth 2000, p. 354.
- 1 2 Langguth 2000, p. 354-355.
- ↑ Langguth 2000, p. 358.
- ↑ Langguth 2000, p. 359.
- 1 2 3 4 Langguth 2000, p. 367.
- ↑ Langguth 2000, p. 367-368.
- 1 2 3 Langguth 2000, p. 368.
- 1 2 3 4 Langguth 2000, p. 369.
- 1 2 Langguth 2000, p. 373.
- 1 2 Langguth 2000, p. 374.
- 1 2 Langguth 2000, p. 370.
- ↑ Langguth 2000, p. 371-372.
- 1 2 3 4 Langguth 2000, p. 372.
- 1 2 3 4 Langguth 2000, p. 386.
- 1 2 3 4 5 6 Langguth 2000, p. 394.
- 1 2 Langguth 2000, p. 416.
- ↑ Langguth 2000, p. 423.
- ↑ „People in the News ... Bundy Takes Over“. The Des Moines Register. March 3, 1966.
- ↑ Langguth 2000, p. 526.
- ↑ „2 Former Kennedy Aides Deny Assassination Plots“. The New York Times. 12 July 1975.
- ↑ Goldstein, Gordon (2008). Lessons in Disaster: McGeorge Bundy and the Path to War in Vietnam. New York: Times Books, გვ. 3. ISBN 978-0-8050-7971-5.
- ↑ Sanger, David E., "War Figures Honored With Medal of Freedom" (limited no-charge access), The New York Times, December 15, 2004.
- ↑ Rich, Frank (September 26, 2009), "Op-ed: Obama at the Precipice", The New York Times, https://www.nytimes.com/2009/09/27/opinion/27rich.html. წაკითხვის თარიღი: October 5, 2025