მაკიდერეს ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაკიდერეს ხიდი, ჰაირათის ხიდი — ხიდი თურქეთში, მაკისწყალზე. მასზე მოგვიანებით ზემოდან დაუშენებიათ ბეტონის ხიდი. ხიდი საკმაოდ კარგადაა შენახული. თავის დროზე იგი ინახულეს და მოკლე დახასიათება მოგვცეს ინგლისელმა მეცნირებმა ბრაიერმა და ვინფილდმა. ისინი მას ადრეულ ნაგებობად თვლიან. ხიდის თაღი ნახევარწრიული ფორმისაა. თაღი მოგრძო და მცირე ზომის კარგად დამუშავებული ქვების ურთიერთმონაცვლე წყობებითაა გამართული. თაღს ზემოდან მიუყვება ოდნავ გარეთ გაწეული რკალი. ხიდის ბურჯები ორივე მხრივ კლდოვან ზედაპირზე ხელოვნურად შიგნით შეჭრილ თაროებს ებჯინება. ორივე მხრივ სანაპირო ზოლსა და კეხს შორისი სივრცე შევსილია ქვაყრილით, ხოლო მათი გვერდითი კედლები ამოყვანილია გარეზედაპირჩამოსწორებული მცირე ზომის კვადრებით დუღაბზე. ხიდის ზომების აღება ვერ ხერხდება. ნაგებობა საკმაოდ ადრეულია, სავარაუდოდ ადრეშუასაუკუნეების ბოლო პერიოდის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 80 ISBN 978-9941-0-6458-6.