მაკბეტი (პიესა)
| „მაკბეტი“ | |
|---|---|
|
| |
| ავტორი | უილიამ შექსპირი |
| ენა | Early Modern English და ინგლისური ენა |
| გამოცემის თარიღი | 1623 |
„მაკბეტი“ — უილიამ შექსპირის ტრაგედია, პირველად დაიდგა სავარაუდოდ 1606 წელს, ხოლო პირველად გამოქვეყნდა 1623 წლის ფოლიოში. ითვლება შექსპირის ყველაზე მოკლე ტრაგედიად.[1] მკვლევარების აზრით, შექსპირის ჯეიმზ I-ის მეფობისას დაწერილ პიესებს შორის, „მაკბეტში“ ყველაზე მეტი მინიშნებაა მეფეზე, რომელიც შექსპირის დასის მფარველი იყო.[2]
პიესის დასაწყიში მამაცი შოტლანდიელ მთავარსარდალს მაკბეტს სამი ალქაჯი უწინასწარმეტყველებს, რომ შოტლანდიის მეფე გახდება. ცოლის მიერ წაქეზებული და დიდების წყურვილით შეპყრობილი მაკბეტი კლავს მეფე დანკანს და თავად იკავებს ტახტს. მოგვიანებით კი, დანაშაულის განცდითა და პარანოიით გატანჯული, მტერთა და მოშუღლეთაგან თავდაცვის მიზნით მკვლელობას მკვლელობაზე ჩადის, და ტირანი ხდება. სისხლიან მკვლელობათა სერიას მაკბეტი და მისი მეუღლე ტრაგიკულ სიკვდილამდე მიჰყავს.
შექსპირმა შთაგონება „ჰოლინშედის ქრონიკებიდან“ (1587) აიღო, სადაც მოთხრობილია შოტლანდიის მეფე მაკბეტის, მაკდაფის და დანკანის შესახებ, თუმცა, პიესაში აღწერილი მოვლენები ისტორიულო ფაქტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ტრაგედიის შინაარსი ასევე დაუკავშირეს 1605 წლის დენთის შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით ჰენრი გარნეტის დასჯას.
თეატრალურ წრეებში ბევრს სწამს, რომ პიესა დაწყევლილია, რის გამოც სცენაზე მის სახელს არ ახსენებენ და უბრალოდ „შოტლანდიურ პიესას“ უწოდებენ. მაკბეტის და ლედი მაკბეტის როლებს ხშირად ასრულებენ ცნობილი მსახიობები. პიესა მრავალჯერ იქნა ადაპტირებული კინოში, ტელევიზიაში, ოპერაში, რომანებში, კომიქსებსა და სხვა მედიაში.[3]
ქართულ ენაზე პიესა თარგმნა ივანე მაჩაბელმა.
პერსონაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დუნკანი – შოტლანდიის მეფე
- მალკოლმი – დუნკანის უფროსი ვაჟი
- დონალბეინი – დუნკანის უმცროსი ვაჟი
- მაკბეტი – გენერალი დუნკანის არმიაში; თავდაპირველად გლამის ტეინი, შემდეგ კადორის ტეინი, შემდეგ შოტლანდიის მეფე
- ლედი მაკბეტი – მაკბეტის ცოლი; შემდგომ შოტლანდიის დედოფალი
- ბანქო – მაკბეთის მეგობარი და დუნკანის არმიის გენერალი
- ფლეანსი{snd}}ბანქოს ვაჟი
- მაკდაფი – ფაიფის თენი
- ლედი მაკდაფი – მაკდაფის ცოლი
- მაკდაფის შვილი – პატარა ბიჭი
- როსი, ლენოქსი, ანგუსი, მენტეითი, კეითნესი – შოტლანდიელი თენები
- სიუარდი – ინგლისის არმიის გენერალი
- ახალგაზრდა სიუარდი – სიუარდის ვაჟი
- სეიტონი – მაკბეტის შეიარაღების მსახური და მთავარი მოსამსახურე
- ჰეკათე – ჯადოქრობის დედოფალი
- სამი ჯადოქარი – სამი იდუმალი ქალი, რომლებიც მაკბეტს ეწინასწარმეტყველებენ
- კაპიტანი – შოტლანდიის არმიის ჯარისკაცი
- მკვლელები – მაკბეთის მიერ დაქირავებული
- პირველი და მეორე მკვლელი
- მესამე მკვლელი – მაკბეთის მიერ გაგზავნილი, რომ დაეხმაროს პირველ ორს
- მეკარე – მაკბეთის სასახლის დარაჯი
- ექიმი – ლედი მაკბეტის მკურნალი
- ექიმი – ინგლისის სამეფო კარზე
- კეთილშობილი ქალი – ლედი მაკბეთის მომვლელი
- ლორდი – მაკბეთის წინააღმდეგ
- პირველი მოჩვენება – შეიარაღებული თავი
- მეორე მოჩვენება – სისხლში ამოსვრილი ბავშვი
- მესამე მოჩვენება – გვირგვინოსანი ბავშვი
- მოსამსახურეები, მაცნეები, მსახურები, ჯარისკაცები
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი მოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეხისა და ელვის ფონზე, სამი ალქაჯი მოილაპარაკებს, რომ მაკბეტს, გლემის თენს შეხვდებიან.
მომდევნო სცენაში, ჯარისკაცები შოტლანდიის მეფე დანკანს უყვებიან, რომ მისმა გენერლებმა — ბანქომ და მაკბეტმა — ახლახან დაამარცხეს ამბოხებულთა ჯარი, რომელსაც მოღალატე კავდორის თენი ხელმძღვანელობდა და რომელიც ნორვეგიისა და ირლანდიის ძალებთან იყო გაერთიანებული. დანკანი ხოტბას ასხავს თავისი ქვეშევრდომების სიმამაცესა და საბრძოლო ოსტატობასდა აცხადებს, რომ კავდორის თენობა მაკბეტს გადაეცემა. მოგვიანებით, ჭაობიან ადგილას მოსიარულე მაკბეტი და ბანქოს წინაშე სამი ალქაქი ჩნდება და მაკბეტს წონასწარმეტყველურად უწოდებენ „გლემის თენს“, „კავდორის თენს“ და ეუბნებიან, რომ მეფე გახდება. როდესაც ბანქო საკუთარ მომავალზე შეეკითხება, ალქაჯები ეტყვიან, რომ თავად არ გამეფდება, მაგრამ მისი შთამომავლობა მეფეთა ხაზს დაამყარებს. ჯადოქრები უჩინარდებიან და ამ დროს კროსის თენი მაკბეტთან მოდის და ატყობინებს, რომ კავდორის თენის ტიტული გადაეცა. ამით ჯადოქრების პირველი წინასწარმეტყველება სრულდება, და მაკბეტი დაუყოვნებლივ იწყებს ნერვიულად ფიქრს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გახდეს მეფე.
მეფე დანკანი მალე გულთბილად ხვდება მაკბეტსა და ბანქოს და აცხადებს, რომ ღამეს მაკბეტის სასახლეში, ინვერნესში გაატარებენ. ასევე, დანკანი თავის შვილ მალკოლმს ტახტის მემკვიდრედ აცხადებს. მაკბეტი წერილს აგზავნის თავის ცოლთან, ლედი მაკბეტთან, სადაც ჯადოქრების შესახებ უყვება. ლედი მაკბეტი მტკიცედ გადაწყვეტს, რომ მეფის მოკვლა ერთადერთი გზაა ტახტის დასაუფლებლად. მაკბეთტს ინვერნესში ჩასვლისას, ქალი ქმარს არწმუნებს, რომ იმ ღამესვე უნდა მოკლას დანკანი. ისინი გეგმავენ, რომ მეფის ორი მეკარე გონების დაკარგვამდე დაათრონ და გათენებულზე დანაშაული მათ დააბრალონ.
მეორე მოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმ ღამეს, ეჭვებისა და ზებუნებრივი ნიშნების, მათ შორის სისხლში ამოსვრილი ხანჯლის ჰალუცინაციის, მიუხედავად, მაკბეტი მძინარე მეფე დანკანს კლავს. მკვლელობის შემდეგ ცოლთან დაბრუნებული, იმდენად შეძრწუნებულია, რომ ჯერ კიდევ ხელში უკავია სისხლიანი ხანჯლები, რომლებიც დუნკანის მეკარეებთან უნდა დაეტოვებინა. ლედი მაკბედი თავად იღებს იარაღს და მეფიც ოთახში მიაქვს. ცოლ-ქმარს ციხე-სიმაგრის კარზე კაკუნი ესმის, რა დროსაც სწრაფად ბრუნდებიან საძინებელში.
მთვრალი დარაჯი ციხესიმაგრეში უშვებს ფაიფის თენ მაკდაფს, ფაიფის თენს და დიდგვაროვარ ლენოქსს, რომლებიც მეფის ნახვას მოითხოვენ. მაკბეტი მათ მიესალმება და მეფის ოთახისკენ მიაცილებს. მაკდაფი დანკანთან შედის, მალევე ბრუნდება სცენაზე და შეკრებილებს თავზარდაცემული ამცნობს, რომ დანკანი მოკლულია. მაკბეტი და ლენოქსი ოთახში შედიან. მაკბეტი სპონტანურად კლავს დანკანის მეკარეებს, რათა თავიდან აირიდოს მათი მხრიდან საკუთარი უდანაშაულობის მტკიცება. სცენაზე დაბრუნებული მაკბეტი დიდებულებს განუცხადებს, რომ მსახურები მათ მიერ დანკანის მკლვლელობის გულისთვის შურის საძიებლად მოკლა.
დანკანის ვაჟები — მალკოლმი და დონალბეინი — ქვეყნიდან გარბიან, რადგან ეშინიათ, რომ მეფის მკვლელი მათაც ამოიღებს მიზანში. მაკდაფი განმარტავს, რომ მათი გაქცევა მათვე აქცევს დანკანის მკვლელობის მთავარ ეჭვმიტანილებად. მაკბეტი, როგორც დანკანის ნათესავი, შოტლანდიის ახალ მეფედ ინიშნება. ბანქო იხსენებს ალქაჯების წინასწარმეტყველებას, და ეჭვი უჩნდება, რომ დანკანის ნამდვილი მკვლელი შესაძლოა მაკბეტი იყოს.
მესამე მოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარმატების მიუხედავად, მაკბეტს მოსვენებას არ აძლევს წინასწარმეტყველა ბანქოს შესახებ. ის ბანქოს სამეფო ნადიმზე ეპატიჟება და იგებს, რომ ბანქო და მისი ვაჟი, ფლეანსი, იმ ღამით გასეირნებას აპირებენ. მაკბეტი სწრაფად გეგმავს მათ თავიდან მოშორებას და მკვლელებს ქირაობს. თავდასხმისას, მკვლელები ბანქოს კლავენ, მაგრამ ფლეანსი ახერხებს გაქცევას. მაკბეთი გაშმაგებულია.
მაკბეტი თავის ლორდებს ნადიმზე იწვევს, რათა ღამე მოლხენაში გაატარონ. მაკდაფი უარს ამბობს მოპატიჟებაზე. ნადიმის დროს მაკბეტს ეცხადება ბანქოს მოჩვენება, რომელიც მის ადგილს იკავებს. მაკბეტი შიშისგან ბოდვას იწყებს. დამსწრეები შფოთავენ, როცა ცარიელ სკამთან მოსაუბრე მაკბეტს ხედავენ. ლედი მაკბეტი ცდილობს, ხალხი დაამშვიდოს, და ამბობს, რომ მის ქმარს მსგავსი ნერვიული შეტევები ყოველთვის ჰქონდა, და ითხოვს, ყურადღება არ მიაქციონ, რადგან ეს მას კიდევ უფრო მეტ შფოთვას გვრის. მოჩვენება ქრება, თუმცა მალევე ბრუნდება და ისევ იწვევს მაკბეტის გამძვინვარებას, რის შემდეგაც ლედი მაკბეტი სტუმრებს ნადიმის დატოვებას სთხოვს. დედოფალი ჰეკათე საყვედურობს სამ ალქაჯს, რომ მაკბეტთან მასთან მოლაპარაკების გარეშე ისაუბრეს. ჰეკათე მათ ავალებს, რომ მომდევნო ჯერზე მაკბეტს დაცულობისა და თავჯარებებულობის ყალბი გრძნობა მისცენ.
ლენოქსი ერთ-ერთ ლორდს თავის ეჭვებს უმხელს იმასთან დაკავშირებით, რომ მაკბეტი სისხლიანი ტირანია. ისინი ამბობენ, რომ მაკდაფი, რომელმაც ნადიმზე მისვლაზე უარი განაცხადა, ინგლისში წავიდა, რათა შოტლანდიის ტახტის დასაბრუნებლად მოკავშირეები მოიძიოს.
მეოთხე მოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაკბეტი კვლავ ეწვევა სამ ალქაჯს და სთხოვს, სრულად გაუმჟღავნონ მათი წინასწარმეტყველებების ჭეშმარიტება. ჯადოქრები იძახებენ შემზარავ მოჩვენებებს, რომლებიც მას ზებუნებრივ განცხადებებს აწვდიან. პირველი მოჩვენება მუზარადიანი თავია, რომელიც მაკბეტს მაკდაფთან სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს.მეორე — სისხლში ამოსვრილი ბავშვი — ეუბნება, რომ ქალის მიერ შობილი ვერავინ ავნებს მას. მესამე მოჩვენება — გვირგვინოსანი ბავშვი, რომელსაც ხელში ხე უკავია — ამბობს, რომ მაკბეთი უსაფრთხოდ იქნება მანამ, სანამ დიდი ბირნამის ტყე დანსინენის გორას არ მიადგება.
მაკბეტი მშვიდდება, რადგან თვლის, რომ ყველა მისი მტერი ქალისგანაა შობილი, ტყეს კი გადაადგილება არ შეუძლიან.. თუმცა, შემდეგ ჯადოქრები უჩვენებენ რვა გვირგვინოსანი მეფის პროცესიას — უკანასკნელს სარკე უჭირავს, რომელშიც კიდევ მრავალი მეფე აირეკლება. ბოლოს ჩნდება ბანქოს მოჩვენება, რომელიც ამ მეფეებისკენ მიუთითებს. მაკბეტი შიშით აცნობიერებს, რომ ეს მეფეები ბანქოს შთამომავლები არიან.
ახალი წინასწარმეტყველებების მიღების შემდეგ, მაკბეტი ბრძანებს, რომ ურჩი მაკდაფის ციხესიმაგრე დაიკავონ და გზავნის მკვლელებს, რათა მისი ყველა მცხოოვრები— მათ შორის მაკდაფის ცოლი და პატარა შვილი — დახოცონ.
ამასობაში მაკდაფი ინგლისში პრინც მალკოლმს ხვდება (დანკანის უფროს ვაჟს). ისინი მაკბეტის ტირანულ მმართველობას განიხილავენ. მალკოლმი ფრთხილობს და ამბობს, რომ თვითონ საშინელი მეფე იქნებოდა, თუკი ტახტს მიიღებდა. თუმცა ეს სიცრუეა, რომლის საშუალებითაც სურს შეამოწმოს მაკდაფის ერთგულება. მაკდაფი აცხადებს, რომ იგი შოტლანდიას ემსახურება და არა კონკრეტულ მმართველს, რაც მალკოლმს შთაბეჭდილებას ახდენს. მალკოლმი ეუბნება მაკდაფს, რომ მისი ნდობა მოიპოვა.
ამ დროს როსის თენი ჩამოდის და მაკდაფს შემზარავ ამბავს ამცნობს. მაკდაფი მწარედ გლოვობს ცოლ-შვილს, თუმცა მალევე მალკოლმის მოწოდებით შურისძიებისთვის განეწყობა. მალკოლმი მაკდაფს ეუბნება, რომ ინგლისის მეფე ედვარდის დახმარებით უკვე შეიკრიბა ჯარი, რომელთან ერთადაც მათ შეუძლიათ დაამარცხონ მაკბეტი და შოტლანდიის ტახტი დაიბრუნონ.
მეხუთე მოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ღამით, დანსინენის სამეფო სასახლეში, ექიმი და მოსამსახურე ქალი განიხილავენ ლედი მაკბეთის უეცარ და შემაშფოთებელ ძილში სიარულის ჩვევას, რა დროსაც ქალი ხელიდან წარმოსახვითი სისხლის ლაქების მოცილებას ცდილობს.
ამევე დროს, პრინცი მალკოლმის მოკავშირე ძალები გეგმავენ ბირნამის ტყეში შეკრებას. მათ უერთდებიან მაკდაფი და შოტლანდიელი თენები. ბირნამის ტყეში დაბანაკებული მალკოლმი ჯარს უბრძანებს, ხეებს ტოტები მოაჭრან და თან ატარონ, რათა თავიანთი რიცხოვნობა დამალონ.
მაკბეთი მტრის დასახვედრად ემზადება, როცა ცოლის გარდაცვალების შესახებ აცნობებენ. ის ამაზე პასუხობს თავისი სასოწარკვეთილი მონოლოგით: „ხვალ, ხვალ და ხვალ...“ მაკბეტი მაინც შეგულიანებულია, რადგან ჰგონია, რომ ჯადოქრების სიტყვები მას უსაფრთხოების გარანტიას აძლევენ. მაგრამ მალევე მსახური ატყობინებს, რომ მოძრავი ტყის სახით მალკოლმის ჯარი დანსინენისკენ მოემართება.
როცა შემოსეული არმია ციხესიმაგრეს იკავებს, მაკბეტს მაკდაფი უპირისპირდება. მაკბეტი ამბობს, რომ ვერავინ დაამარცხებს, ვინს ქალისგანაა შობილი, რაზეც მაკდაფი პასუხობს, რომ იგი ნაადრევად ამოგლიჯეს დედის მუცელს. ორთაბრძოლაში, რომელიც სცენის მიღმა მიმდინარეობს, მაკდაფი კლავს მაკბეტს. შემდეგ სცენაზე მაკდაფი ბრუნდება მაკბეტის მოკვეთილი თავით ხელში. მალკოლმი აცხადებს, რომ წესრიგი აღდგენილია. ის მიანიშნებს, რომ ლედი მაკბეთის სიკვდილი, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა იყო. მალკოლმი თენებს წყალობას უბოძებს და ყველას იწვევს თავისი მეფედ კურთხევის ცერემონიაზე.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Clark & Mason 2015, p. 1.
- ↑ Wickham 1969, p. 231.
- ↑ Bloom 2008, p. 41.