მაიმუნის ყვავილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაიმუნის ყვავილი
გამონაყარი 4 წლის ასაკის გოგოს კანზე
დარგი ინფექციოლოგია
სიმპტომები ციებ-ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ბუშტუკებიანი გამონაყარი, საერთო სისუსტე და დაღლილობა, ლიმფური კვანძების შეშუპება[1][2]
დადგომის დრო ზემოქმედებიდან 5–21 დღე[1]
ხანგრძლივობა 2–4 კვირა[1]
გამომწვევი მაიმუნის ყვავილის ვირუსი[3]
დიაგნოსტიკა ვირუსულ დნმ-ზე ტესტირება[4]
დიფერენციალური დიაგნოსტიკა ჩუტყვავილა, ყვავილი[5]
სამკურნალო საშუალება ტეკოვირიმატი
სიხშირე იშვიათი[3]
დაღუპულები 3,6%-ზე მეტი (დასავლეთი აფრიკა),[6] 10,6%-ზე მეტი[6] (კონგოს აუზი, უმკურნალებელი)[7]

მაიმუნის ყვავილიცხოველებისა და ადამიანის ვირუსული დაავადება. სიმპტომები ყვავილის მსგავსია, თუმცა უფრო ნაკლებად მწვავე. გამომწვევია მაიმუნის ყვავილის ვირუსი, რომელიც იმავე ოჯახის წარმომადგენელია, რომლისაც ყვავილისა და ძროხის ყვავილის გამომწვევი ვირუსები. მაიმუნის ყვავილი პირველად 1958 წელს აღმოაჩინეს ლაბორატორიის მაიმუნებში. ჩვეულებრივ ვლინდება პრიმატებსა და მღრღნელებში, ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ადამიანს შეიძლება გადაეცეს ცხოველის ნაკბენით ან ორგანიზმის ინფიცირებულ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით. ადამიანიდან ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს ხანგრძლივი ახლო კონტაქტით, ჩვეულებრივ, ოჯახის წევრებს შორის. ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანს ასევე წარმატებით იცავს მაიმუნის ყვავილისგანაც; ყვავილის წინააღმდეგ XX საუკუნეში ინტენსიური ვაქცინაციის პერიოდში მაიმუნის ყვავილის აფეთქებები იშვიათი, იზოლირებული და ხანმოკლე იყო. ყვავილის აღმოფხვრისა და 1980 წელს მსოფლიოში ვაქცინაციის შეწყვეტის შემდეგ, მაიმუნის ყვავილი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ბევრად მასშტაბური და ხანგრძლივი გახდა, ვირუსმა კი უშუალოდ ადამიანთა შორის გავრცელების მომატებული ტენდენცია გამოამჟღავნა. ამას გარდა, მაიმუნის ყვავილის ვირუსი დაავადებული „ეგზოტიკური შინაური ცხოველების“ (გიგანტური ჩანთოსანი ვირთაგვა, Cricetomys; აფრიკული ფუნჯკუდა მაჩვზღარბა, Atherurus africanus; ზოლიანი ციყვი, Funisciurus) წყალობით აფრიკიდან სხვა ადგილებშიც გავრცელდა. შეერთებულ შტატებში აფრიკიდან შემოყვანილმა ცხოველებმა დააავადეს ტყვეობაში მყოფი მდელოს ძაღლები, რომლებმაც ვირუსი ადამიანებზე გაავრცელეს.[2]

ადამიანებში დაავადება ინფიცირებიდან დაახლოებით ორ კვირაში ვლინდება, აღინიშნება ციებ-ცხელება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე და დაღლილობა, ასევე ლიმფური კვანძების შეშუპება. რამდენიმე დღის შემდეგ სახესა და ტანზე ჩნდება გამონაყარი. საბოლოოდ ისინი იფარება ფუფხით და სცილდება, დაავადება კი ორ-სამ კვირაში გადის. აფრიკაში მაიმუნის ყვავილი ყველაზე მეტად საშიში ბავშვებისთვის აღმოჩნდა, ზოგიერთი აფეთქების დროს მათმა სიკვდილიანობამ 10%-ს მიაღწია. მკურნალობა შემოიფარგლება სიმპტომთა ნაწილობრივი მოხსნით. აფეთქებებს აკავებენ პაციენტთა იზოლაციისა და მათ გარშემო მკაცრი ჰიგიენის დაცვის გზით. ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შეუძლია გარკვეულად დაიცვას ისეთი ადამიანები, რომლებიც შესაძლოა ვირუსის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ, მაგალითად, ვეტერინარები და სხვა მეცხოველეები. დაინფიცირებულ ცხოველებში შეიმჩნევა ციებ-ცხელება, გამონაყარი, ლიმფური კვანძების შეშუპება, თვალიდან გამონადენი და საერთო უღონობა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Signs and Symptoms Monkeypox en-us. CDC (11 მაისი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი, 2017. ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2017
  2. 2.0 2.1 2.2 monkeypox. Encyclopedia Britannica (20 მაისი, 2022). ციტირების თარიღი: 23 მაისი, 2022
  3. 3.0 3.1 About Monkeypox en-us. CDC (11 მაისი, 2015). ციტირების თარიღი: 15 ოქტომბერი, 2017
  4. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის CDC2015Out არ არის მითითებული ტექსტი; $2
  5. McCollum AM, Damon IK (January 2014). „Human monkeypox“. Clinical Infectious Diseases. 58 (2): 260–267. doi:10.1093/cid/cit703. PMID 24158414.
  6. 6.0 6.1 Multi-country monkeypox outbreak in non-endemic countries. ციტირების თარიღი: 22 მაისი, 2022
  7. Osorio, J.E.; Yuill, T.M. (2008) „Zoonoses“, Encyclopedia of Virology, გვ. 485–495. DOI:10.1016/B978-012374410-4.00536-7. ISBN 9780123744104.