მაიკელსონი-მორლის ცდა
მაიკელსონი-მორლის ცდა — ცდა, რომელიც პირველად დააყენა ა. მაიკელსონმა 1881 წელს სინათლის სიჩქარეზე დედამიწის მოძრაობის გავლენის გაზომვის მიზნით. ამ ცდის შედეგად კლასიკური ფიზიკის დებულებების საწინააღმდეგოდ ნაჩვენები იქნა სინათლის სიჩქარის დამოუკიდებლობა დედამიწის მოძრაობისაგან. ამ ფაქტის თანმიმდევრულმა ინტერპრეტაციამ ზოგიერთ სხვა ექსპერიმენტულ მონაცემებთან ერთად მეცნიერება მიიყვანა ფარდობითობის თეორიის აღმოჩენამდე. მაიკელსონის ცდას საფუძვლად უდევს სინათლის ტალღების ინტერფერენციის მოვლენა. მაიკელსონის ცდა ტარდებოდა მაიკელსონის ტოლმხრიანი ინტერფერომეტრის მეშვეობით, რომელშიც ერთი მხარი ორიენტირებული იყო დედამიწის მოძრაობის პარალელურად, ხოლო მეორე, იმავე სიგრძისა — მის პერპენდიკულარულად. თუ ურთიერთპერპენდიკულარული მიმართულებით სინათლე სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობს (რაც გამომდინარეობს კლასიკური ფიზიკის სიჩქარეთა შეკრების კანონიდან) და მრავალჯერ არეკვლის შემდეგ გარკვეულ ადგილას იკრიბება ღა ინტერფერირებს, მაშინ ხელსაწყოს 90°-ით შემობრუნებით სინათლის სხივების სვლათა სხვაობა შეიცვლება, რაც გამოიწვევს ინტერფერენციული სურათის წანაცვლებას. თუ სინათლის სხივის სრული გზა რამდენიმე მეტრია, ინტერფერენციული ხაზების წანაცვლებამ ამ შემთხვევაში უნდა შეადგინოს მ. შ. მანძილის რამდენიმე მეათედი, რაც სავსებით საკმარისია ექსპერიმენტის დამზერისათვის. შემდეგში მაიკელსონის ცდა რამდენჯერმე განმეორდა. მაიკელსონისა და ე. მორლის (1885-1887) ცდების დროს ინრერფერომეტრს ათავსებდნენ ვერცხლისწყალში მოცურავე მასიურ ფილაზე (მდოვრედ ბრუნვისათვის). მაგრამ არც მაიკელსონისა და მორლის ცდაში, არც შემდგომ ექსპერიმენტებში ინტერფერენციული ხაზების წანაცვლება არ იქნა შემჩნეული.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 362.