მაია ენჯელოუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მაია ენჯელოუ
Angelou at Clinton inauguration (cropped 2).jpg
ენჯელოუ ბილ კლინტონის ინაუგურაციაზე 1993 წელს
დაბადების თარიღი 4 აპრილი, 1928
დაბადების ადგილი სენტ-ლუისი, მისური, აშშ
გარდაცვალების თარიღი 28 მაისი, 2014 (86 წლის)
გარდაცვალების ადგილი უინსტონ-სალემი, ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ
საქმიანობა პოლიტიკოსი, კომიკოსი, მოცეკვავე, კინოპროდიუსერი, ტელე პროდიუსერი, დრამატურგი, კინორეჟისორი, პროფესორი, სცენარისტი, მწერალი, ესეისტი, სიმღერების ავტორი, ავტობიოგრაფი, მომღერალი, ტელემსახიობი, თეატრის მსახიობი, ჟურნალისტი, რომანისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი
ენა ინგლისური ენა
ეროვნება აფრო-ამერიკელები[1] [2]
მოქალაქეობა Flag of the United States.svg აშშ
ალმა-მატერი George Washington High School და California Labor School
Magnum opus ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი, On the Pulse of Morning და And Still I Rise
ჯილდოები ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[3] , ლენგსტონ ჰიუზის მედალი[4] , Grammy Award for Best Spoken Word Album, სპინგარნის მედალი[5] , Grammy Award for Best Spoken Word Album[6] , Grammy Award for Best Spoken Word Album[7] , NAACP Image Award for Outstanding Literary Work, Nonfiction, მარიან ანდერსონის პრემია[8] , NAACP Image Award for Outstanding Literary Work, Nonfiction, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი[9], Literarian Award for Outstanding Service to the American Literary Community[10] , კანდასის პრემია, ჰორაციო ელჯერის პრემია[11] , Arkansas Black Hall of Fame, Paul Robeson Award, Crystal Award, ხელოვნების ეროვნული მედალი[12] , სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის საპატიო ლექტორი და ბალტიმორის საპატიო მოქალაქე
მეუღლე Paul du Feu[13]
საიტი mayaangelou.com

მაია ენჯელოუ (დ. 4 აპრილი, 1928 — გ. 28 მაისი, 2014) — ამერიკელი პოეტი, მემუარისტი და სამოქალაქო უფლებების აქტივისტი. მისი შემოქმედება შვიდ ავტობიოგრაფიას, სამ ესეების კრებულსა და რამდენიმე პოეტურ კრებულს მოიცავს. მას მრავალი ჯილდო და 50-ზე მეტი საპატიო ხარისხი მიუღია.[14] მწერლის ყველაზე გახმაურებული ნამუშევარი ავტობიოგრაფიულ რომანთა სერიაა, რომელიც მისი ბავშვობასა და ახალგაზრდულ წლებში მიღებული გამოცდილების შესახებ მოგვითხრობს. ენჯელოუს საყოველთაო ცნობადობა და აღიარება მოუტანა პირველმა რომანმა, „ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“ (1969), რომელშიც მან თავისი ბავშობისა და მოზარდობის წლები აღწერა. მწერალმა დიდი პატივისცემა დაიმსახურა რომანში რასიზმისა და სოციალური უთანასწორობის საკითხების წამოჭრის გამო.

სანამ მწერლობასა და პოეტობას დაიწყებდა, ახალგაზრდა ენჯელოუ მუშაობდა მზარეულად, მომღერლად, მოცეკვავედ, იყო „პორგი და ბესის“ წევრი, აფრიკის დეკოლონიზაციის პერიოდში ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა ეგვიპტესა და განაში, იყო სამხრეთელ ქრისტიანთა კონფერენციის კოორდინატორი. აგრეთვე ენჯელოუ სატელევიზიო და კინოკარიერას ეწეოდა. მას, როგორც მსახიობს, სცენარისტს, რეჟისორსა თუ პროდიუსერს, არაერთი პიესის, ფილმისა თუ სატელევიზო შოუს შექმნაში მიუღია მონაწილეობა.

ენჯელოუ მარტინ ლუთერ კინგთან და მალკოლმ იქსთან ერთად აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში. 1990-იან წლების დასაწყისში მწერალი მწერალი საჯარო სიტყვით წელიწადში დაახლოებით 80-ჯერ გამოდიოდა. 1993 წელს ბილ კლინტონის პირველ ინაუგურაციაზე ენჯელოუმ წაიკითხა თავისი ლექსი „On the Pulse of Morning“.

ენჯელოუს შემოქმედების ცენტრალური თემებია რასიზმი, იდენტობა, ოჯახი და მოგზაურობა. მწერლის ნაწარმოებები სკოლებსა და უნივერსიტეტებში მსოფლიოს მასშტაბით ფართოდ ისწავლება, თუმცა სექსუალური და რასისტული ასპექტების გამო ამერიკის სკოლებში, კოლეჯებსა და ბიბლიოთებში მისი წიგნები არაერთხელ აკრძალულა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარეტ ენი ჯონსონი 1928 წლის 4 აპრილს მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში ბეილი და ვივიენ ჯონსონების ოჯახში დაიბადა. იგი მშობლებისთვის მეორე შვილი იყო. უფროსმა ძმამ, ბეილი უმცროსმა მარგარეტს „მაია“ შეარქვა.[15] როცა ენჯელოუ სამი, ხოლო მისი ძმა ოთხი წლის იყო, მათი მშობლები გაიყარნენ. მამამ შვილები არკანზასში, ლაფაიეტის ოლქის ქალაქ სტემპსში, ბებიასთან საცხოვრებლად გაგზავნა, ხოლო ოთხი წლის შემდეგ სენტ-ლუისში დედასთან დააბრუნა.

რვა წლის ასაკში ენჯელოუ დედის საყვარელმა, გვარად ფრიმენმა, გააუპატიურა. გოგონამ სექსუალური ძალადობის შესახებ ძმას უამბო, ამ უკანასკნელმა კი ოჯახის წევრებს აცნობა. ფრიმენი სასამართლოში დამნაშავედ ცნეს, თუმცა მისმა პატიმრობამ მხოლოდ ერთ დღეს გასტანა. გათავისუფლებიდან მეოთხე დღეს იგი მოკლული იპოვეს. სავარაუდოდ, მისი მკვლელები ენჯელოუს ბიძები იყვნენ.[16] ამ შემთხვევის შემდეგ ენჯელოუ ჩაკეტილი და გულჩათხრობილი გახდა, რადგან თავს დამნაშავედ თვლიდა. თითქმის ხუთი წლის მანძილზე იგი ლაპარაკზეც კი ამბობდა უარს. ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა: „ვფიქრობდი, რომ ის კაცი ჩემმა ხმამ მოკლა; მე მოვკალი ის, რადგან მისი ვინაობა დავასახელე; მეგონა, რომ თუ ხმას ამოვიღებდი, ეს კვლავ ვინმეს სიკვდილს გამოიწვევდა.“[17] ენჯელოუს ბიოგრაფისა და კოლეგის, მარცია ენ გილესპის ცნობით, სწორედ ამ პერიოდში ჩამოუყალიბდა მას სიყვარული წიგნებისა და ლიტერატურის მიმართ. იგი ბევრს ისმენდა და ინტერესით აკვირდებოდა სამყაროს, რის შედეგადაც განსაკუთრებულად განუვითარდა მახსოვრობის უნარი.[18]

ფრიმენის მკვლელობიდან მალევე ენჯელოუ და მისი ძმა კვლავ ბებიასთან გაგზავნეს.[19] სტემპსში დაბრუნებული ენჯელოუ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან მასწავლებელმა და ოჯახის მეგობრამა, მისის ბერტა ფლაუერსმა, გამოიყვანა. მან გოგონას ალაპარაკება ლიტერატურისა და პოეზიის საშუალებით შეძლო. ფლაუერსმა ენჯელოუს გააცნო ჩარლზ დიკენსი, უილიამ შექსპირი, ედგარ ალან პო, ფრენსის ჰარპერი, ჯესი რედმონ ფოსეტი და სხვა ავტორები, რომლებმაც მომავალი მწერლის ცხოვრებასა და კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინეს.[20][21][22]

როცა ენჯელოუ თოთხმეტის, ხოლო მისი ძმა თხუთმეტი წლის იყო, ისინი კვლავ დედასთან დაბრუნდნენ, რომელიც იმჟამად კალიფორნიის შტატის ქალაქ ოუკლენდში ცხოვრობდა. 16 წლის ასაკში ენჯელოუ სან-ფრანცისკოში ტრამვაის პირველი შავკანიანი ქალი კონდუქტორი გახდა.[23][24][25]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1951-1961[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1951 წელს ენჯელოუ, იმ პერიოდში რასათაშორისო ქორწინების აკრძალვისა და დედის უარის მიუხედავად, ტოშ ანგელოსზე, ბერძენ ელექტრიკოსზე დაქორწინდა, რომელიც ყოფილი მეზღვაური და მოყვარული მუსიკოსი იყო.[26][27][28] ამ პერიოდში ენჯელოუ ცეკვის გაკვეთილებზე დადიოდა, სადაც მოცეკვავეები და ქორეოგრაფები, ელვინ ეილი და რუთ ბეკფორდი, გაიცნო. ეილთან ერთად ენჯელოუმ ქორეოგრაფიული ჯგუფი სახელწოდებით „ელი და რიტა“ ჩამოაყალიბა. ისინი საცეკვაო ნომრებს სან-ფრანცისკოს მასშტაბით დაძმობილებულ შავკანიანთა ორგანიზაციებში ასრულებდნენ, თუმცა ამ საქმიანობით მათ წარმატება ვერ მოიპოვეს.[29] ენჯელოუ მეუღლესთან და ვაჟთან ერთად ტრინიდადელ მოცეკვავე პირლ პრიმუსთან აფრიკული ცეკვის შესწავლის მიზნით ნიუ-იორკში გადავიდა, საიდანაც სან-ფრანცისკოში ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა.[30]

ენჯელოუს ქორწინება 1954 წელს დასრულდა. ამ პერიოდში იგი სან-ფრანცისკოს კლუბებში პროფესიონალურად ცეკვავდა, მათ შორის იყო ღამის კლუბი The Purple Onion, სადაც ენჯელოუ კალიფსოს მუსიკაზე, როგორც საცეკვაო, აგრეთვე ვოკალურ ნომრებს ასრულებდა.[31] კლუბში იგი „მარგარეტ ენი ჯონსონის“ ან „რიტას“ სახელით გამოდიოდა, თუმცა კლუბის მენეჯერების რჩევით, მან პროფესიული სახელი შეიცვალა და „მაია ენჯელოუ“ გახდა.

1954-1955 წლებში ენჯელოუმ ევროპაში იმოგზაურა, სადაც ოპერაში პორგი და ბესი გამოდიოდა. იგი ყველა იმ ქვეყნის ენას სწავლობდა, სადაც ჩადიოდა, რის შედეგადაც რამდენიმე სხვადასხვა ენას დაეუფლა.[32] 1957 წელს, როცა კალიფსოს პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ენჯელოუმ პირველი ალბომი Miss Calypso ჩაწერა, რომელიც 1996 წელს CD-ის სახით აღადგინეს.[29][33][34] იმავე წელს ენჯელოუ გამოჩნდა ფილმში კალიფსოს ცხელი ტალღა, რომელშიც საკუთარი კომპოზიციები შეასრულა.[33][33][35]

ენჯელოუ 2011 წელს ბარაკ ობამას მიერ ჯილდოვდება თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით

1959 წელს ენჯელოუმ რომანისტი ჯონ ოლივერ კილენსი გაიცნო, რომლის თხოვნითაც, სამწერლო მოღვაწეობაზე კონცენტრირების მიზნით ნიუ-იორკში გადავიდა. იგი ჰარლემის მწერალთა გილდიას შეუერთდა, სადაც აფრო-ამერიკელი ავტორები გაიცნო, მათ შორის ჯონ ჰენრიკ კლარკი, როზა გაი, პოლ მარშალი და ჯულიან მეიფილდი. 1960 წელს, მას შემდეგ, რაც ენჯელოუმ სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერი მარტინ ლუთერ კინგი გაიცნო და მისი სიტყვით გამოსვლა მოისმინა, ჯონ კილენსთან ერთად სამხრეთელ ქრისტიანთა ხელმძღვანელობის კონფერენციის ხელშეწყობის მიზნით მან „ლეგენდარული“[36] კაბარე თავისუფლებისთვის დაარსა. იგი აგრეთვე კონფერენციის ჩრდილოელი კოორდინატორი გახდა. ამ პერიოდში ენჯელოუმ ფიდელ კასტროს მხარდაჭერა და აპართეიდის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო.[37] მეცნიერი ლიმენ ჰეგენის თანახმად, სამოქალაქო უფლებებში ენჯელოუს წვლილი წარმატებული და მაღალეფექტური იყო.[38]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Page Y. W. Encyclopedia of African American Women WritersWestport: Greenwood Publishing Group, 2007. — ISBN 978-0-313-33429-0, 978-0-313-04907-1
  2. Smith J. C. Notable Black American Women
  3. https://www.womenofthehall.org/inductee/maya-angelou/
  4. https://www.ccny.cuny.edu/lhf/medallion-recipients
  5. https://www.naacp.org/awards/spingarn-medal/winners/
  6. https://www.grammy.com/grammys/awards/38th-annual-grammy-awards-1995
  7. https://www.grammy.com/grammys/awards/45th-annual-grammy-awards-2002
  8. http://www.marianandersonaward.org/#/index.php/past-honorees/maya-a-and-norman-l/
  9. https://www.c-span.org/video/?298028-2/2010-medal-freedom-recipients
  10. http://www.nationalbook.org/literarian.html
  11. Member Profile – Horatio Alger Association
  12. https://www.arts.gov/honors/medals/maya-angelou
  13. American National Biography — 1999.
  14. The New York Times. Whose Honor Is It, Anyway.
  15. Angelou (1969), gv. 67.
  16. Braxton (1999). Maya Angelou's I Know Why the Caged Bird Sings: A Casebook. Oxford University Press, გვ. 121. ISBN 978-0-19-511607-6. 
  17. Maya Angelou I Know Why the Caged Bird Sings. World Book Club. BBC World Service.
  18. Gillespie et al., გვ. 22.
  19. Gillespie et al., გვ. 22.
  20. Angelou (1969), გვ. 13.
  21. Gillespie et al., გვ. 23.
  22. Lupton, გვ. 15.
  23. Gillespie et al., p. 28.
  24. Brown, DeNeen L.. (2014) Why Maya Angelou wanted to become a street car conductor. The Washington Post.
  25. Fernandez, Lisa (2014). „Maya Angelou Was 1st Black, Female San Francisco Street Car Conductor“. NBC.
  26. Hagen, p. xvi.
  27. Gillespie et al., pp. 29, 31.
  28. Powell, Dannye Romine (1994). "Maya Angelou", Parting the Curtains: Interviews with Southern Writers. Winston-Salem, North Carolina: John F. Blair Publisher, გვ. 10. ISBN 978-0-89587-116-9. 
  29. 29.0 29.1 Angelou (1993), p. 95.
  30. Gillespie et al., pp. 36–37.
  31. Gillespie et al., p. 38.
  32. Hagen, pp. 91–92.
  33. 33.0 33.1 33.2 Miller, John M.. Calypso Heat Wave.
  34. Gillespie et al., p. 48.
  35. Angelou (2008), p. 80.
  36. Als, Hilton (2002). „Songbird: Maya Angelou takes another look at herself“. The New Yorker.
  37. Gillespie et al., p. 57.
  38. Hagen, p. 103.