შინაარსზე გადასვლა

მადამ დე ვენტადური

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარლოტა დე ლა მოტ ჰუდანკური

შარლოტას პორტრეტი პიერ მინარდის მიერ
დაბადების თარიღი 1654
საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 13 დეკემბერი, 1744 წ. (89-90 წლის)
საფრანგეთი
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ფრეილინა
მეუღლე(ები) ლუი შარლ დე ლევი
შვილ(ებ)ი ანა ჟენევიევ დე ლევი
მშობლები მამა: ფილიპ დე ლა მოტე-ჰუდანკური
დედა: ლუიზ დე პრი

შარლოტა დე ლა მოტ ჰუდანკური, ვენტადურის ჰერცოგინია (შარლოტა ელეონორ მადლენი; დ. 1654 — გ. 13 დეკემბერი, 1744) — საფრანგეთის სამეფო კარის წარმომადგენელი და მაღალი თანამდებობის მფლობელი. იყო საფრანგეთის მეფე ლუი XV მასწავლებელი.

მას მიეწერება ლუი XV გადარჩენა სამეფო ექიმების ათასგვარი არაეფექტური განკურნების ხერხებისაგან, როდესაც მომავალ მეფეს წითელა შეეყარა. ის იყო „საფრანგეთის შვილების“, საფრანგეთის სამეფო ოჯახის შვილებისა და შვილიშვილების მასწავლებელი, და ამ პროფესიას ასევე იზიარებდა მისი დედა, შვილიშვილი, შვილიშვილის მეუღლე და შვილთაშვილიც.

ბავშვობა და ქორწინება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარლოტა ფილიპ დე ლა მოტე-ჰუდანკურის, კარდონას ჰერცოგისა (გ. 1657), და ლუიზ დე პრის, მარკიზა ტუსის, ჰერცოგინია ლა მოტ ჰუდანკურის, „საფრანგეთის შვილების” მასწავლებლის სამი ქალიშვილიდან ნაბოლარა გახლდათ. შარლოტას დები იყვნენ:

შარლოტა ლუი შარლ დე ლევზე, ვენტადურის ჰერცოგსა და ლიმუზენის მმართველზე (დ. 1647 - გ. 1717) 1671 წლის 14 მარტს, პარიზში დაქორწინდა.

ჰერცოგი საზოგადოებაში „ჯოჯოხეთურ“ კაცად ითვლებოდა - ის მახინჯი, ფიზიკურად დეფორმირებული და სექსუალურად გარყვნილი იყო[1] - თუმცა ამ უბედურ ქორწინებას ჰერცოგინიას მიერ მოპოვებული პრივილეგიები რამდენადმე ანაზღაურებდა. ქალიშვილისადმი მიწერილ წერილში მადამ დე სევინემ სენ-ჟერმენში, დედოფალთან აუდიენციის ჩატარებისას მომხდარი შემთხვევა აღწერა:

„…მრავალი ჰერცოგინია შემოვიდა, მათ შორის ვენტადურის მშვენიერი და მომხიბვლელი ჰერცოგინიაც. მისთვის წმინდა სკამი უნდა მოეტანათ, მაგრამ რატომღაც აგვიანებდნენ. მე ბატონს მივუბრუნდი და ვუთხარი - „ოჰ, მიეცით მას სკამი, იცით, რომ მან ამისათვის უკვე საკმარისი გადაიხადა“ და ისიც დამთანხმდა.“[2]

შარლოტას და ლუი შარლს ერთი ქალიშვილი, ანა ჟენევიევ დე ლევი შეეძინათ, რომელიც 1673 წლის თებერვალში დაიბადა. ქალიშვილის გაჩენის შემდეგ, მადამ დე ვენტადური ქმარს გაშორდა და განცალკევებით, პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. წყვილს მეტი შვილი აღარ შესძენია. საბოლოოდ ქალმა სამეფო კარზე მაღალი თანამდებობა მოიპოვა და სრულად ამ ახალ ვალდებულებებზე გადაერთო.

სამეფო კარზე მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მისი ერთადერთი შვილი, ანა ჟენევიევ დე ლევი, ნიკოლა დე ლარჟილიე.
მადამ დე ვენტადური პორტრეტში „ლუი მეთოთხმეტე და მისი მემკვიდრეები“ (1715-1720 წ.), ლონდონი, უოლესის კოლექცია.[3]

მადამ დე ვენტადურმა თავისი ცხოვრების ძირითადი ნაწილი სამეფო კარზე გაატარა, სადაც ის სამოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სხვადასხვა თანამდებობაზე მსახურობდა. 1660-დან 1671 წელს, გათხოვებამდე, იგი დედოფლის საპატიო მსახურის ვალდებულებას ასრულებდა.

ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, მან სამეფო კარზე ახალი ტიტული მოიპოვა, და 1684-1703 წლებში მეფის სიდედრის, ელიზაბეთ შარლოტას, მადამ კურპფალცის სამსახურში იყო. ქალბატონს ის ძალიან მოეწონა, და მოგვიანებით, ვენტადურის მიერ პოზიციის დატოვებაში მადამ დე მონტენონი დაადანაშაულა.[4]

მადამ დე ვენტადური „საფრანგეთის შვილების” მასწავლებლად 1704 წელს დაინიშნა. იგი მსახურობდა გუვერნანტის მოადგილედ, თავის დასთან, მარი იზაბელ ანჟელიკა დე ლა მოტე-ჰუდანკურთან ერთად, ხოლო დედამისი მთავარ გუვერნანტად მიიჩნეოდა. მათ ეხმარებოდნენ ანა ჟული დე მელუნი, მადამ დე ლა ლანდე და მარი-სიუზან დე ვალიკური.[5] 1709 წელს, დედის გარდაცვალების შემდეგ, მისი პოზიცია ჯერ უფროსმა ქალიშვილმა, ხოლო 1710 წელს მადამ დე ვენტადურმა დაიკავა.

1712 წელს, წითელას ეპიდემიამ საფრანგეთის სამეფო ოჯახამდეც მიაღწია, რამაც მრავალი მნიშვნელოვანი პირის სიკვდილი გამოიწვია. პირველი სავოიელი პრინცესა მარია ადელაიდა დაიღუპა. მისი გარდაცვალებიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა მისი გულდამძიმებული ქმარი, დოფინი ლუიც, რის გამოც მისი ვაჟები - ლუი, ბრეტანის ჰერცოგი და ლუი, ანჟუს ჰერცოგი, ობლები დარჩნენ. უფროსი ვაჟი ტახტის მემკვიდრედ გამოცხადდა.

თუმცა, დაავადება ჯერ ისევ მძვინვარებდა: ბრეტანის ჰერცოგი (ტახტის მემკვიდრე დოფინი) და ანჟუს ჰერცოგიც დაავადდნენ წითელათი. დოფინს სამეფო ექიმები ემსახურებოდნენ, რომლებიც გამუდმებით სისხლის გამოშვების ხერხს მიმართავდნენ, იმ იმედით, რომ ეს პრინცს გამოჯანმრთელებაში დაეხმარებოდა, მაგრამ ამან ახალგაზრდა ყმაწვილი ბევრად უფრო დაასუსტა და მალე მოკლა კიდეც. დოფინი ანჟუს ჰერცოგი გახდა. მადამ დე ვენტადურმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ის ანჟუს ჰერცოგის გარდაცვალებას არ დაუშვებდა, ოთახში პრინცთან და სამ მოახლესთან ერთად ჩაიკეტა, და ყველა გარეშე პირს მიახლოება აუკრძალა. ლუი ბატონებს გადაურჩა და სამი წლის შემდეგ, ბაბუამისის გარდაცვალების გამო, საფრანგეთის მეფე გახდა.

მადამ დე ვენტადურს სამეფო აღმზრდელის თანამდებობა 1717 წლამდე ეკავა, რის შემდეგაც მეფე საკმარისად მოწიფულად ჩაითვალა და ის კაც აღმზრდელებს გადააბარეს. მათ შორის იყო ფრანსუა დე ნეუფვილი, ჰერცოგი დე ვილერი. ეს უკანასკნელი მადამ დე ვენტადურის ახლო მეგობარი და საყვარელი იყო.[6] ამავე წელს ქალის მეუღლე გარდაიცვალა, რის შემდეგაც ის ელიზაბეთ შარლოტას ფრეილინობას დაუბრუნდა.

1721 წელს მეფის პატარძლის, მარიანა ვიქტორია ესპანელის სამეფო მასწავლებლად დაინიშნა, რომელიც საფრანგეთში სამი წლის ასაკში, საფრანგეთის მომავალ დედოფლად აღზრდის მიზნით იყო ჩამოყვანილი. როგორც დედოფალი-ინფანტას („l'infante Reine“) მასწავლებელი, ის მარი ანა დე ბურბონის ზედამხედველობის ქვეშ მსახურობდა. მისი ეს საქმიანობა 1725 წელს, მარიანა ვიქტორიას ესპანეთში დაბრუნების შემდეგ შეწყდა.

1727 და 1735 წლებში იგი კვლავ მსახურობდა სამეფო მასწავლებლად და გუვერნანტად, ახლა მისი ყოფილი აღსაზრდელის, ლუი მეთხუთმეტის შვილებისთვის, რომლის ტყუპი ქალიშვილი 1727 წელს დაბადებულიყო. ის 1735 წელს პენსიაზე გავიდა და თავისი პოზიცია შვილიშვილს დაუთმო.

იგი შატო დე გლატინიში, საკუთარ ვერსალის რეზიდენციაში გარდაიცვალა. ის არის როჰანის სახლის გემენეს პრინცების წინაპარი, რომლებიც ამჟამად ავსტრიაში ცხოვრობენ.

ანა ჟენევიევ დე ლევი, მადმუაზელ დე ლევი, ტურენის პრინცესა, როჰან-როჰანის ჰერცოგინია, მაუბუისონის პრინცესა, სოუბისის პრინცესა (დ. თებერვალი 1673 - გ. 20 მარტი, 1727).

  1. დაქორწინდა ლუი ჩარლზ დე ლა ტურ დ'ოვერნზე, ტურენის პრინცზე, 1692 წელს (გოდფრი მორის დე ლა ტურ დ' ოვერნისა და მარია ანა მანჩინის ვაჟი) შვილები არ შესძენიათ;
  2. დაქორწინდა ჰერკულე მერიადეკ დე როჰანზე, როჰან-როჰანის ჰერცოგზე, 1694 წელს (ფრანსუა დე როჰანისა და ანა დე როჰან-შაბოს ვაჟი), შეეძინათ შვილები;
  • Madame de Sévigné. Correspondance. Texte établi, présenté et annoté par Roger Duchêne. Paris: Bibliothèque de la Pléiade. 1973-78. 3 vol..

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Syms, L.C. "Selected Letters of Madame de Sévigné" (American Book Company, 1898). P. 25.
  2. ↑ Letter from Madame de Sévigné to Madame de Grignan, April 1, 1771
  3. ↑ Wallace Collection.
  4. ↑ Memoirs of the Court of Louis XIV. And of the Regency
  5. ↑ (Génalogie de la famille de Valicourt) Souvenirs de la Flandre-Wallonne: recherches historiques et choix de documents relatifs à Douai et à la province - Volume 9 - Société d'agriculture, des sciences et arts de Douai - 1869
  6. ↑ Louis de Rouvroy, Duc de St Simon, Mémoires