შინაარსზე გადასვლა

მადამის სასახლე (რომი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მადამის სასახლე
Palazzo Madama
კოორდინატები 41°53′57″N 12°28′27″E / 41.8992° ჩ. გ. 12.4743° ა. გ. / 41.8992; 12.4743კოორდინატები: 41°53′57″N 12°28′27″E / 41.8992° ჩ. გ. 12.4743° ა. გ. / 41.8992; 12.4743
მდებარეობა რომი, იტალია
ტიპი სასახლე

მადამის სასახლე (იტალ. Palazzo Madama) — იტალიის რესპუბლიკის სენატის ადგილსამყოფელი რომში, იტალიის პარლამენტის ზედა ნაწილი.[1]

სასახლე აშენდა ძველი ნერონის აბანოების ნანგრევებზე, პიაცა ნავონას გვერდით. შუა საუკუნეებში ეს მიწა შეიძინეს ფარფას სააბატოს ბერებმა, რომლებმაც შემდგომში იგი საფრანგეთს გადასცეს.

მე-17 საუკუნის შუა პერიოდის ფასადი

ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო მე-15 საუკუნის ბოლოს და დასრულდა 1505 წელს მედიჩების ოჯახისთვის. აქ ცხოვრობდნენ ორი მედიჩი კარდინალი და ბიძაშვილები, ჯოვანი და ჯულია, რომლებიც შემდგომში პაპები გახდნენ, შესაბამისად ლეო X და კლემენტ VII. კატრინ დე მედიჩი, კლემენტ VII-ის დისშვილი, ასევე ცხოვრობდა აქ სანამ გათხოვდებოდა საფრანგეთის მეფის ფრანსუა I-ის ვაჟ ანრიზე 1533 წელს. კარდინალი ფრანჩესკო მარია დელ მონტე, მხატვარ კარავაჯოს მფარველი, აქ ცხოვრობდა გარდაცვალებამდე (1627).

სასახლემ სახელი მიიღო მადამა მარგარეტ პარმელისგან, იმპერატორ კარლ V-ის უკანონო შვილისგან, რომელიც ჯერ დაქორწინდა სხვა უკანონო შვილზე, ალესანდრო დე მედიჩიზე, და მისი სიკვდილის შემდეგ - ოტავიო ფარნეზეზე. ამგვარად ფლორენციელი მედიჩების ოჯახის ხელოვნების კოლექციის ნაწილი მემკვიდრეობით გადაეცა ფარნეზეების ოჯახს.

თანამედროვე ფასადი აშენდა 1650-იანი წლების შუა პერიოდში როგორც ჩიგოლის, ასევე პაოლო მარუჩელის მიერ. ამ უკანასკნელმა დაამატა მორთული ლავგარდანი და უცნაური დეკორატიული ლარნაკები სახურავზე.

მედიჩების გვარის გადაშენების შემდეგ 1743 წელს, სასახლე გადაეცა ლორენის დინასტიას და, შემდგომში, პაპ ბენედიქტე XIV-ს, რომელმაც ის პაპის მთავრობის რეზიდენციად აქცია. 1849 წელს პიუს IX-მ აქ გადაიტანა ფინანსთა და სახელმწიფო ვალის სამინისტროები, ასევე პაპის საფოსტო სამსახურები. 1871 წელს, ახლად ჩამოყალიბებული იტალიის სამეფოს მიერ რომის დაპყრობის შემდეგ, სასახე იტალიის სამეფოს სენატის ადგილსამყოფელი გახდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]