მაგრანეთის ყორღანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაგრანეთის ყორღანები — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაგრანეთში, სოფლის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში. განეკუთვნება ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულს. ძეგლი 1982 წელს გაითხარა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის, არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ივრის ხეობის კომპლექსური ექსპედიციის მიერ (ხელმძღანელი გ. მირცხულავა).

შესწავლილია სამი ქვაყრილიანი უორმოო ყორღანი. კამერის ზომებია დაახლოებით 2×2 მეტრი. კამერები, როგორც ჩანს, ხით ყოფილა გადახურული. ერთ ყორღანში მიცვალებული მარცხენა გვერდზე იყო დასვენებული. თავით სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ, კიდურებმოხრილი. კამერის სამხრეთ კედელში პატარა თახჩა იყო მოწყობილი და ზედ საქონლის ძვლები ელაგა. გაძარცვულ სამარხში აღმოჩნდა მოშავო-მოყავისფრო თიხის ჭურჭლის რამდენიმე ნატეხი და ბრინჯაოს ყუნწიანი ისრისპირი. მეორე ყორღანში კამერის თიხატკეპნილ იატაკზე აღმოჩნდა ძვლისა და კერამიკის რამდენიმე ნატეხი. მესამე ყორღანში ორი მიცვალებულის ჩონჩხი გამოვლინდა. ერთი დაკრძალული იყო ცენტრალურ ნაწილში, თავით აღმოსავლეთისაკენ, მარჯვენა გვერდზე, ხელფეხმოკეცილი, ხოლო მეორე მის ფერხთით, დასავლეთ ნაწილში. აღმოჩნდა ერთი ძალზე დაშლილი თიხის ჭურჭელი. მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ივრის ხეობის ექსპედიციის ბაზაში, დაბა სიონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]