მაგრანეთის სამაროვანი და ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაგრანეთის სამაროვანი და ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაგრანეთის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე თრანულის მარჯვენა ნაპირზე, ქუშანაანთგორაზე. განეკუთვნება ll-lV საუკუნეებს. 1966-1968 წლებში გათხრები ჩაატარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ერწო-თიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). გათხრილი 16 ორმოსამარხიდან 3 მდიდრული სამარხი იყო, მაშასადამე პირველი სამარხი - არმაზისხევის ერისთავთა სამარხების რანგისა. სამარხს ხის კონსტრუქციებზე დაყრდნობილი კრამიტის ორფერდა სახურავი ჰქონია. მასში აღმოჩენილია ვერცხლის ორი სურა, პინაკი, ოქროს ბეჭდები, ოქროს მონეტები და სხვა. მონაპოვარ მასალას შორის, ყურადღებას იქცევს III საუკუნის მიწურულის ოქროს თვალბუდიანი ბეჭედი, რომლის თვალზეც ქრისტიანული სიმბოლო — ჯვარია ამოკვეთილი. სამაროვანს აღმოსავლეთით ებმის მისი თანადროული, საკმაოდ ვრცელი ნამოსახლარი, რომელიც ძლიერ დაზიანდა პლანტაჟის დროს. საცხოვრებელი სახლები ნაგები ყოფილა ალიზის შელესილი წნული კედლებით, რომელთა ნანგრევებს შორის მიმოფანტული იყო სამეურნეო და ყოფითი თიხის ჭურჭლის ნატეხები. არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზასა და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]