მაგრანეთის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაგრანეთის კვირაცხოვლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაგრანეთის განაპირას, სამხრეთით, საცხვრეგორაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (7,6 x 4,9 მეტრი), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვის ირეგულარული წყობით. გარეთა კუთხეების წყობაში რამდენიმე შირიმის ქვაა ჩართული. კედლები შიგნიდან და გარედან ბათქაშითაა გასწორებული, რომელიც ქვებს შორის დარჩენილ არეებს ავსებს და ნაწილობრივ, მათ ზედაპირებსაც ფარავს. დაზიანებულია: ჩამოშლილია გადახურვა, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები და გარეთა კუთხეები. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. კარი გარედან თაღოვანია, ხოლო შიგნიდან ბრტყლადაა გადახურული. ეკლესიის დარბაზი კვადრატული ფორმისაა, აღმოსავლეთით დასრულებილია საკმაოდ ღრმა აფსიდით, რომელსაც გეგმით ოდნავ ნალისებური ფორმა აქვს. აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო, გეგმით ნახევარწრიული თაღოვანი ნიშია. ერთი მომცრო, კვადრატული ფორმის ნიში მოქცეულია სამხრეთ ნიშის ზემოთ, კონქის არეში. აფსიდის სარკმლის ქვემოთ, კედელზე, რიყის ქვით ნაგები კუბური ფორმის ტრაპეზია მიდგმული. აფსიდს დარბაზისგან გამოყოფს კანკელი (ამჟამად ქვედა ნაწილიღაა შემორჩენილი). აფსიდი გადახურულია კონქით, რომლის თაღს სამცენტრიანი თაღის ფორმა აქვს. მსგავსი ფორმისაა დარბაზის კამარაც. ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილო კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. ჩრდილო კედელში მცირე ზომის კვადრატული ნიშია. ეკლესიის ფასადები რიყის ქვის ირეგულარული წყობითაა ნაწყობი. ძეგლს ლავგარდნის ერთი ქვაც კი არ შემორჩა, იგი შირიმის სწორკუთხა ქვებით (აღმოჩნდა ნანგრევებში) ყოფილა შედგენილი. ეკლესიას ადრე შემოვლებული ჰქონია წრიული მოხაზულობის გალავანი (შემორჩენილია ფრაგმენტულად).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]