შინაარსზე გადასვლა

მაგნიტსკის აქტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერგეი მაგნიტსკი

მაგნიტსკის აქტი (ინგლ. Magnitsky Act), ოფიციალურად - რუსეთისა და მოლდოვის ჯექსონ-ვანიკის შესწორების გაუქმებისა და სერგეი მაგნიტსკის კანონის უზენაესობის ანგარიშვალდებულების 2012 წლის აქტი (ინგლ. Russia and Moldova Jackson–Vanik Repeal and Sergei Magnitsky Rule of Law Accountability Act of 2012) — ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის კონგრესმა მიიღო, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი 2012 წლის დეკემბერში მოაწერა. კანონის მიზანი იყო რუსეთის მაღალი თანამდებობის იმ პირების დასჯა, რომლებიც დამნაშავები არიან 2009 წელს მოსკოვის ციხეში რუსი საგადასახადო ადვოკატის სერგეი მაგნიტსკის მკვლელობაში. ჯექსონ-ვანიკის ჩასწორებით გაუქმებით კი დაწესდა მუდმივი ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების რეჟიმი რუსეთსა და მოლდოვასთან.

2016 წლის გლობალურმა მაგნიტსკის აქტმა, რომელიც გახდა 2017 წლის ეროვნული თავდაცვის უფლებამოსილების შესახებ აქტის (NDAA) ნაწილი, აშშ-ს მთავრობას უფლება მისცა, დაასანქციროს ის უცხოელი თანამდებობის პირები, რომლებიც დამნაშავენი არიან ადამინის უფლებების დარღვევაში, გაყინოს მათი აქტივები და აუკრძალოს აშშ-ში შესვლა.[1]

შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა 2024 წლის 16 სექტემბერს სანქციები დაუწესა საქართველოს ოთხ მოქალაქეს: ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილი (შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი), მილერი ლაგაზაური („ხარებას“ მოადგილე), კონსტანტინე (კოკა) მორგოშია (ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „ალტ-ინფოს“ ლიდერი), ზურაბ მახარაძე (ასევე „ალტ-ინფოს“ ლიდერი).[2] აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის თანახმად, „რუსული კანონის“ მიღებამდე მიმდინარე პროტესტის დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა ძალადობრივად ამოიღო მიზანში საქართველოს მოქალაქეები, ოპოზიციონერი ლიდერები, ჟურნალისტები და ახალგაზრდა აქტივისტები, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში გამოხატავდნენ საკუთარ შეხედულებებს. მორგოშიასა და მახარაძეს კი სანქციები დაუწესდა 5 ივლისის ძალადობის გამო, რა დროსაც თავდასხმის მსხვერპლები გახდნენ ჟურნალისტები.[3]

2024 წლის 19 დეკემბერს აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოს შს მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და „ხარებას“ კიდევ ერთ მოადგილეს, მირზა კეზევაძეს.[4]

  1. Alexandra Ma. (July 17, 2018) Putin hinted he wanted Trump to give him access to one man — and it reveals his greatest weakness. Business Insider. ციტირების თარიღი: July 17, 2018
  2. „„მაგნიტსკის აქტი“ და 14024-ე განკარგულება - რა განსხვავებაა ამ ამერიკულ სანქციებს შორის“. რადიო თავისუფლება. 24 სექტემბერი, 2024. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. ბოგვერაძე, მარიამ (16 სექტემბერი, 2024). „აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა „ხარებას", მახარაძეს და მორგოშიას“. NETGAZETI.ge. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. ბურდული, ნიკა (19 დეკემბერი, 2024). „აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა ვახტანგ გომელაურს“. NETGAZETI.ge. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)