მაგნიტობიოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაგნიტობიოლოგიაბიოფიზიკის ნაწილი. შეისწავლის ბუნებრივი და ხელოვნური მაგნიტური ველების გავლენას ცოცხალ სისტემაზე (უჯრედი, ორგანიზმი, პოპულაცია და სხვა), იკვლევს ცოცხალი სტრუქტურებით (გული, ტვინი, ნერვი და ასე შემდეგ) წარმოქმნილ მაგნიტურ ველებს და განსაზღვრავს ბიოლოგიური წარმოშობის ნივთიერებათა მაგნიტურ თვისებებს. XX საუკუნის 60-იანი წლებიდან მეცნიერების ახალი დარგის - კოსმოსური ბიოლოგიის ჩასახვის შემდეგ, გაიზარდა ხელოვნური მაგნიტური ველის (ერსტედის ნაწილიდან 140.000 ერსტედამდე) ბიოლოგიური მოქმედების (ბმ) შესწავლა (გეომაგნიტურ ველთან შედარებით). მეცნიერების შრომათა დიდი უმრავლესობა მიეძღვნა რამდენიმე ასეული ერსტედის ტოლი დაძაბულობის მაგნიტური ველის ბიოლოგიური მოქმედების (მვბმ) შესწავლას ადამიანებში, ცხოველებში, მცენარეებში, მიკროორგანიზმებსა და აგრეთვე იზოლირებულ ქსოვილებში. უჯრედებსა და უჯრედშიგა ორგანოიდებში. აღმოჩნდა, რომ მაგნიტურ ველზე რეაგირებს ძუძუმწოვარ ცხოველთა ყოველი ორგანო და ქსოვილი, მაგრამ ყველაზე მეტად - მარეგულირებელი ფუნქციების შემსრულებელი სისტემები (ნერვოლოგიური, ენდოკრინული, სისხლძარღვოვანი და სხვა). განსაკუთრებით მგრძნობიარეა ემბრიონული ქსოვილები და ზრდასრული ცხოველების მოქმედი ორგანოები. ნერვულ სისტემაზე მაგნიტური ველი ახდენს უმეტესად შემაკავებელ გავლენას. აქვეითებს პირობით და უპირობო რეფლექსებს, განაპირობებს ელექტროენცეფალოგრამაზე ნელი რიტმების სიჭარბეს, ამცირებს ცალკეული ნეირონების ელექტრული განმუხტვის სიხშირეს, ცვლის ბიოქიმიურ პროცესებს ნეიროგლიის უჯრედებში, განაპირობებს ნერვულ უჯრედებში მიტოქონდრიების სტრუქტურის დარღვევას. თავის ტვინის ნაწილებიდან ყველაზე უფრო მაგნიტორეაქციული აღმოჩნდა ჰიპოთალამუსი, ნათხემი და ნახევარსფეროების ქერქი. ტვინის იზოლირებული სტრუქტურები მაგნიტურ ველზე უფრო ინტენსიურად რეაგირებენ, ვიდრე მთლიანი ტვინი. მაგნიტური ველის ზემოგმედება ჰიპოფიზში იწვევს ცალკეული ჰორმონების, პირველ რიგში გონადროტოპულის, გამომუშავების შეცვლას. მნიშვნელოვანი მორფოლოგიური ცვლილებები შეინიშნება სასქესო ჯირკვლებში, აგრეთვე სისხლძარღვოვან სისტემაში (სისხლძარღვთა გაფართოება და სისხლჩაქცევების წარმოქმნა). ამასთან, სისხლში იზრდება ლეიკოციტების რიცხვი, იცვლება თრომბოციტების თვისებები და ერითროციტების დალექვის რეაქცია (ედრ). ზემოაღნიშნული რეაქციები შექცევადია. ძლიერი მაგნიტური ველი (რამდენიმე ერსტედი) აფერხებს მცენარის ფესვთა ზრდას, ამცირებს ფოტოსინთეზის ინტენსიურობას. ცვლის ჟანგვით პროცესებს. მაგნიტური ველის გავლენით იცვლება მიკროორგანიზმების ზრდის სიჩქარე, ფერმენტაციული სისტემის აქტიურობა, რიბონუკლეინის სინთეზი და მაღალი ტემპისადმი მგრძნობელობა. ამ ეფექტების ნაწილს ხსნიან ბიოლოგიური მემბრანების შეღწევადობის, მაკრომოლეკულების ორიენტაციისა და ორგანიზმში არსებული წყალხსნარების თვისებეის შეცვლით. გეომაგნიტური ველი (გმვ) და მისი ცვლილებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცოცხალი ორგანიზმების ორიენტაციაში. ფიქრობენ, რომ სხვა ფიზიკურ ფაქტორებთან ერთად გეომაგნიტური ველი მაორიენტირებელ ზემოქმედებას ახდენს ფრინველებსა და თევზებზე (შორეული მიგრაციის დროს). აგრეთვე მწერებზე, ჭიებზე, მოლუსკებსა და სხვა ცხოველებზე. ზოგიერთი მცენარის ფესვთა სისტემა ორიენტაციას ახდენს მაგნიტური მერედიანისადმი.მზის აქტივობის ცვლილებით გამოწვეული გეომაგნიტური ველის მერყეობა ცვლის ბიოსფეროში მრავალ პროცესს. გეომაგნიტური ველის ხანგრძლივი ხელოვნური შესუსტება ეკრანირებისა და კომპენსაციის გზით არახელსაყრელ ზეგავლენას ახდენს ცხოველთა, მცენარეთა და მიკროორგანიზმთა ცხოველმოქმედებაზე. მაგნიტური ველის ბიოლოგიური მოქმედება საფუძვლად დაედო მაგნიტოთერაპიასა და წარმოებაში გამოყენებული მაგნიტური ველის ჰიგიენურ შეფასებას. ცოცხალი ორგანიზმების მარეგულირებელი სისტემის მაგნიტორეაქტიულობა შეიძლება გამოვიყენოთ ზოგიერთი ბიოლოგიური პროცესის სამართავად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაგნიტის სამკურნალო მოქმედებების შესახებ პირველ ცნობებს ვხვდებით არისტოტელეს (ძველი წელთაღრიცხვით IV საუკუნე), შემდეგ კი პლინიუს უფროსის (ახალი წელთაღრიცხვით I საუკუნე), გერმანელი ექიმის, პარაცელსუსის (XVI საუკუნე) და ინგლისელი ბუნებისმეტყველის უ. გალბერტის (XVII საუკუნე) შრომებში. XIX საუკუნეში გამოჩენილი მედიკოსები - ფრანგი ნევროპათოლოგი ჟ.შარკო და რუსი კლინიცისტი ს. ბოტკინი მეთაურობდნენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მაგნიტური ველის (მვ) დამამშვიდებელ გავლენაზე. XX საუკუნის დასაწყისიდან მაგნიტური ველის გამოყენება ფიზიოთერაპიაში შეიზღუდა ელექტროთერაპიის უფრო მძლავრი საშუალებების (დიათერმია, ულტრამაღალი სიხშირის (უმს) ველი და სხვა) გამოყენებასთან დაკავშირებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]