შინაარსზე გადასვლა

მაგნეზიის ბრძოლა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაგნეზიის ბრძოლა
რომაელ-სელევკიდების ომი ნაწილი

პერგამონის ბრინჯაოს დაფის ილუსტრაცია, რომელიც სავარაუდოდ მაგნეზიის ბრძოლას ასახავს
თარიღი ძვ. წ. 190 წლის დეკემბერში ან ძვ.წ. 189 წლის იანვარში
მდებარეობა მაგნეზიის მახლობლად (დღევანდელი მანისა, თურქეთი)
შედეგი რომა-პერგამონის გამარჯვება
მხარეები
რომის რესპუბლიკა პერგამონის სამეფო სელევკიდების სახელმწიფო
მეთაურები
ლუციუს კორნელიუს სციპიონ აზიატიკუსი ევმენეს II ანტიოქე III დიდი სელევკოს IV ფილოპატორი ზეუქსისი
ძალები
30,000 72,000
დანაკარგები
346 დაღუპული და ბევრი დაჭრილი 53,000 დაღუპული
მაგნეზიის ბრძოლა ვიკისაწყობში


მაგნეზიის ბრძოლა (ძვ. წ. 190 წლის დეკემბერში ან ძვ.წ. 189 წლის იანვარში) — ბრძოლა რომაელ-სელევკიდების ომის ფარგლებში. რომის რესპუბლიკის ძალები, კონსულის, ლუციუს კორნელიუს სციპიონ აზიატიკუსის მეთაურობით და მოკავშირე პერგამონის სამეფოს მმართველის, ევმენეს II-ის მეთაურობით დაუპირისპირდნენ ანტიოქე III დიდის სელევკიდების არმიას. თავდაპირველად ორივე მხარე მაგნეზიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მცირე აზიაში (დღევანდელი მანისა, თურქეთი) დაბანაკდა და რამდენიმე დღის განმავლობაში ერთმანეთის გამოწვევას ცდილობდა.

როდესაც ბრძოლა საბოლოოდ დაიწყო, ევმენესმა სელევკიდების არმიის მარცხენა ფლანგის არევა მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ანტიოქეს კავალერიამ მის მოწინააღმდეგეებს ბრძოლის ველის მარჯვენა ფლანგზე აჯობა, მისი არმიის ცენტრი დაინგრა, სანამ იგი მის გაძლიერებას შეძლებდა. თანამედროვე შეფასებით ბრძოლაში 10000 სელევკიდი და 5000 რომაელი დაიღუპა. ბრძოლა რომა-პერგამონის გამარჯვებით დასრულდა. დაიდო აპამეას ხელშეკრულება, რასაც მცირე აზიაში სელევკიდების ბატონობის დასრულება მოჰყვა.

ბრძოლა მოხდა ძვ. წ. 190 წლის დეკემბერში ან ძვ.წ. 189 წლის იანვარში. რომაელები პერგამონიდან თიატირასკენ დაიძრნენ, სადაც ისინი ანტიოქესთან შეხვედრას ელოდნენ. ანტიოქეს გადაწყვეტილი ჰქონდა მოწინააღმდეგეებს მის მიერ არჩეულ ადგილზე შებრძოლებოდა. მისი არმია სარდისის მიმართულებით გაემართა მაგნეზია ად სიპილუმში და ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 15 კმ-ის მოშორებით დაბანაკდა. როდესაც გაიგეს, რომ სელევკიდებმა თიატირა დატოვეს, რომაელები მდინარე ფრიგიოსისკენ გაემართნენ და მდინარე ჰერმოსის ჩრდილოეთით, სელევკიდების ბანაკიდან 6,5 კმ-ის მოშორებით დაბანაკდნენ. შემდეგ, რომაელებმა ბანაკი დაბლობში, სელევკიდების ბანაკიდან დაახლოებით 4 კმ-ის მოშორებით გადაიტანეს. დაბლობს სამივე მხრიდან მდინარეები, ფრიგიოსი და ჰერმოსი ეკვრა, რომლითაც რომაელები სელევკიდების კავალერიის ეფექტურობის შეზღუდვას იმედოვნებდნენ. სელევკიდებმა 3000-კაციანი რაზმი გაგზავნეს რომაელთა შევიწროების მიზნით.

მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში, ორივე არმია საბრძოლველად განლაგდა. სციპიონი ზუგზვანგში აღმოჩნდა. მას არ ჰქონდა იმის იმედი, რომ ბრძოლას უშუალოდ ძლიერად გამაგრებული სელევკიდების ბანაკზე თავდასხმით მოიგებდა. უკან დახევა რომაული მორალის დაცემას გამოიწვევდა, რადგან კამპანიები ზამთრის პერიოდში შეჩერდა. გარდა ამისა, სციპიონს სურდა საბოლოოდ გაემარჯვებინა სელევკიდებზე, სანამ რომიდან ახალ კონსულს გამოაგზავნიდნენ მის ჩასანაცვლებლად.

ბრძოლა დაიწყო სელევკიდების არმიის მარცხენა ფლანგზე, როდესაც ევმენესმა თავისი მშვილდოსნები და შუბისმტყორცნები გაგზავნა სელევკიდების ეტლების შევიწროების მიზნით. ამ უკანასკნელმა დიდი მსხვერპლის მიტანის შემდეგ გაქცევა დაიწყო, რამაც დაბნეულობა გამოიწვია აქლემებით მოყვანილ არაბ მშვილდოსნებსა და მათ უკან განლაგებულ კატაფრაქტებს შორის. ამის შემდეგ ევმენესმა თავისი კავალერია დაიბრუნა, სანამ კატაფრაქტები სათანადოდ რეორგანიზაციას შეძლებდნენ. რომაელთა და პერგამენელთა კავალერიამ სელევკიდების მარცხენა ფლანგი გაარღვია, რის გამოც კატაფრაქტები სელევკიდების ბანაკისკენ გაიქცნენ.

სელევკიდების მარჯვენა ფლანგზე ანტიოქე კატაფრაქტებით შეტევას ხელმძღვანელობდა. რომაელმა ქვეითებმა რიგები დაარღვიეს და უკან დაიხიეს თავიანთ ბანაკში, სადაც ისინი თრაკიელებმა და მაკედონელებმა გააძლიერეს. ანტიოქეს კავალერია შეუფერებელი იყო ბანაკის ასაღებად და ის ბრძოლებში ჩაიძირა.