მაგარი სასმელების წარმოება საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაგარი სასმელების წარმოება საქართველოში — მაღალ გრადუსიანი ქართული სპირტიანი სასმელების წარმოება XIX საუკუნიდან დღემდე.

მაგარი სასმელების ისტორიის შესწავლის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს მ. შოშიტაიშვილს. სწორედ მისი ინიციატივითა და კვლევით მოხერხდა რუსეთის იმპერიაში წარმოებული ქართული სპირტიანი სასმელების გაბნეული ეტიკეტების შეგროვება და თავმოყრა. დღესდღეობით მხოლოდ მ. შოშიტაიშვილის კოლექციაში შემორჩა აღნიშნული ეტიკეტების ერთადერთი ეგზემპლიარები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეღვინეობისა და მაგარი სასმელების წარმოების ჩამოყალიბება-განვითარებისა და მისი მრეწველობის საკითხები, პირველი ქარხნები, ასორტიმენტი, ტექნოლოგია, ნაწარმთა ხარისხები, სამამულო და უცხეთის გამოფენებში მონაწილეობაზე, დარგის სპეციალისტების მიერ შესწავლას აბრკოლებდა წყაროთა ნაკლებობა, აღურაცხაობა და გაფანტვა სხვადასხვა წყაროებში. აკადემიკოსი პ. გუგუშვილი აღნიშნავდა: „ასეთი ცნობების მოგროვება არ ხდებოდა და ამიტომ მოგვეპოვება მხოლოდ სხვადასხვა დროის ნაწილობრივი ინფორმაცია და მიმოხილვა“[1]. განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენდა დასავლეთ საქართველოს მასალათა მოპოვება. მრავალი საბუთი სამუდამოდ იყო დაკარგული ავარსკის მარბიელ რაზმების მიერ 1906 წელს ქუთაისის არქივის დაწვის გამო. ამიტომ, როგორც აკადემიკოსი ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავდა: „დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ და კულტურული განვითარების ამსახველ ყოველ წყაროს და მათში შემონახულ მცირე ცნობებსაც კი“[2].

მ. შოშიტაიშვილის მიერ სარეპრეზენტაციო, ვიზუალური სამრეწველო გრაფიკის საშუალებების ძიებათა ჩატარებული ციკლებით დადგინდა მრეწველთა გვარები, ქარხანათა ადგილმდებარეობა, საქარხნო ნიშნები, კომპანიონის არსებობა, ასორტიმენტი, მისი წარმოების დრო, ხარისხი, სავაჭრო, საექსპორტო სახე, მონაწილეობა სამამულო თუ უცხოეთის გამოფენებზე, მიღებულ ჯილდოთა რაოდენობა, სახეობა და სხვა. მოგვცა ცნობები თვით მრეწველებზე, მათ ცოდნა-განათლებაზე, წოდებებზე, პირად ჯილდოებზე, მათ ხასიათზე და მრავალი სხვა. დღეისათვის მარტო გ. ბოლქვაძის ვიზუალური სამრეწველო გრაფიკის 28 ნიმუში იქნა მოპოვებული, 20 სხვადასხვა ნაწარმთა ეტიკეტი და 8 სარეკლამო ფურცელი, რომელიც მის პირადობას, მოღვაწეობას და დამსახურებას წარმოგვისახავს.

კვლევამ მიღებულ ჯილდოთა დასადგენად, ძიებათა ციკლის ჩატარება მოითხოვა (სადაც გარდა სხვა მრეწველებისა ბოლქვაძის 100-ზე მეტი ჯილდო შედიოდა), რომელსაც მ. შოშიტაიშვილთან ერთად შემოქმედებითი ხელშეკრულებით სსრკ სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის უფროსი მეცნიერებათა ჯგუფი ასრულებდა. დადგენილი იქნა გამოფენების ადგილი, თარიღი, მათში მონაწილეობის პირობები, წარმოდგენილი ქართული ექსპონატები, მათ მიერ მიღებული ჯილდოები, მათი სახეობა, მნიშვნელობა და სხვა. დადგენილი და მოპოვებული იქნა ბოლქვაძის, როგორც პროდუქციის მიერმიღებული მედლები, აგრეთვე პირადად მისი დამსახურებისათვის მიღებული: ორდენები, „უმაღლესი ჯილდოები“, მედლები „უმაღლესი საექსპონენტო ჯილდოები“.

სხვადასხვა წყაროების შეჯერებით გამოვლინდა ქართულ ისტორიოგრაფიაში ნაკლებად ცნობილი მეღვინეობისა და მაგარი სასმელების წარმოების ისტორიის საკმაოდ დიდი მონაკვეთი (1801-1901). შესაძლებელი გახდა მთლიანობაში წარმოსახულიყო სამამულო მაგარი სასმელების მრეწველობის ჩასახვა-განვითარება. კვლევის შედეგად დადგინდა მთელი პლეადა ნაკლებად ცნობილი მაგარი სასმელების მწარმოებლებისა: იმერლიშვილი — ქარხნის დაარსების თარიღი 1828 წელი, ზუბალაშვილი — 1835 წელი, მარი — 1841 წელი, ბაქრაძე — 1843 წელი, ანდრეევსკი — 1847 წელი, ჩარექოვი — 1850 წელი, ბოლქვაძე — 1865 წელი, გუტმანი — 1876 წელი, ადანაია — 1878 წელი, ფორაქიშვილი — 1880 წელი, მეღვინოვი — 1885 წელი, გაბუნია — 1885 წელი, სარაჯიშვილი — 1885 წელი დ სხვა. დადგინდა მათი მოღვაწეობის დრო, ქარხანათა ადგილმდებარეობა, გამოშვებულ პროდუქციათა ნაირსახეობა, გამოისახა ყოველი მათგანის როლი დარგის განვითარებაში.

გიორგი ბოლქვაძე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ბოლქვაძე

ქართული ღვინის სამრეწველო დამუშავების პიონერად გიორგი ბოლქვაძე ითვლება. მან ქუთაისში პირველად XIX საუკუნის 60-იან წლებში დააარსა ლიქიორ-კონიაკის საამქრო, რომელსაც ფართოდ გაუთქვამს სახელი. ამ საწარმოს მიერ გამოშვებული ეტიკეტები გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის გ. ბოლქვაძის და მისი კომპანიის საქმიანობის შესახებ. 1865 წლიდან მოყოლებული გ. ბოლქვაძის მიერ დამზადებულ კონიაკს საერთაშორისო გამოფენაზე 48 ოქროს მედალი და სხვადასხვა ქვეყნის ორდენი მიუღია. თვით გ. ბოლქვაძე სხვადასხვა ქვეყნის 11 ორდენის კავალერი გამხდარა და კონიაკის წარმოების საქმეში თავის გამოჩენისათვის ბრიუსელისა და საფრანგეთის სასოფლო-სამეურნეო აკადემიების წევრად აურჩევიათ.

1877 წელს ქუთაისში ქარვასლის ქუჩაზე ივანე გველესიანს საკუთარ სახლში გახსნილი ჰქონია სპირტის საწყობი, რომელსაც თვითონ განაგებდა, მაგრამ საქმის გამგებლად მოწვეული ჰყოლია საქართველოში პირველი მეკონიაკე გ. ბოლქვაძე. 80-იან წლებში ბოლქვაძე კიდევ უფრო აფართოებს არაყის წარმოების საქმეს, იგი თვითონვე იძენს ზემოხსენებულ საწარმოს და აარსებს არყის ქარხანას საბითუმო საწყობით.

1890 წელს გ. ბოლქვაძის წარმოებას სპეციალური წერილი მიუძღვნა გაზეთმა „ივერიამ“: „იმერეთში სხვადასხვა სასმელების მკეთებელთა და მოვაჭრეთა შორის არ შეიძ₾ება არ აღვნიშნოთ ბატონნი გ. ბოლქვაძე, რომელსაც ქუთაისშ აქვს გამართული სასმელების ქარხანა და საკუთარი სავაჭრო. ბოლქვაძეს ამიტომ ვიხსენებ, რომ გულდაგულ მოწადინებულია კარგი სასმელები აწარმოოს და შეძლებისამებრ ვრცელი ბაზარი მოუპოოს. მართლაც მისმა ცდამ ტყუილუბრალოდ არ ჩაიარა და ამ ორი წლის განმავლობაში რამდენჯერმე იქნა დაჯილდოვებული სხვადასხვა გამოფენებზე. წელს ორი ჯილდო მიიღო: ერთი ვერცხლის მედალი — საფრანგეთში, პარიზის სასმელების გამოფენაზე და მეორეც დიდი ვერცხლისვე მედალი — რუსეთში ყაზანის სამეცნიერო-სამრეწველო გამოფენის კომიტეტისაგან. დასასრულ, უნდა ვთქვათ, რომ ბოლქვაძე წევრად აურჩევიათ საფრანგეთის სამიწათმოქმედო აკადემიას და ამ წევრობის შესაფერისი დიპლომის მოუვიდა პარიზიდან“[3].

მრავალფეროვანი იყო ბოლქვაძისეული პროდუქცია, რასაც მისი 20 სხვადასხვაგვარი ნაწარმის ეტიკეტიც გვიდასტურებს. მათ შორის: მწარე, უმაღლესი, სამკურნალო არაყი, სხვადასხვაგვარი სპირეტები, ჩაროზული ნაყენები, ლიქიორები, რომები, კონიაკები.

განსაკუთრებულია ბოლქვაძის ღვაწლი ქართული კონიაკების დამზადებაში. იგი საკონიაკე სპირტის მისაღებად წარმატებით იყენებდა ქართულ ღვინო-მასალას.

გ. ბოლქვაძის დამსახურება შეუმჩნეველი არ დარჩენია მის თანამედროვეებს. 1904 წელს ზ. ჭიჭინაძე აღნიშნავდა, რომ „გიორგი ბოლქვაძე თავისი შრომით და კარგი სასმელებით ცნობილ იქნა თვით მთავრობისაგან. უცხო სახელმწიფო მცოდნე პირთაგანაც და მასთანვე პატივცემული. ამ ენერგიულ პირს სხვადასხვა სახელმწიფოებიდან მიღებული აქვს დიდი ძალი ნიშნები: ჩიკაგოდამ, ნიუ-იორკიდამ, ლონდონიდამ, პარიზიდამ, იტალიიდამ, ტუნისიდამ, ნიცადამ, ბერლინიდამ და სხვანი. სულ ნიშნების რიცხვი 100-ზე მეტია. მე ასეთ ქალაქებიდამ ნიშნების მიღება ქართველისათვის საქებ საქმედ მიმაჩნია“[4].

დავით სარაჯიშვილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით სარაჯიშვილი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული მაგარი სასმელების წარმოების პიონერი, გაზ. „ქუთაისი“, №98 (14681), 23 მაისი, 1984.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გუგუშვილი პ., „საქართველოს ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში“, თბილისი, 1984
  2. ჯავახიშვილი ივ., „საქართველოს ეკონომიკური ისტორია“, წ. 1, თბილისი, 1930
  3. გაზ. „ივერია“, 22 დეკემბერი, 1890
  4. ჭიჭინაძე ზ., მრეწველობის წარმომადგენელნი და ზუბალაშვილების გვარის ისტორია, ტფილისი, 1904, გვ. 119