ლუ ანდრეას-სალომე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუ ანდრეას-სალომე
Lou um 1877.jpg
დაბ. თარიღი 12 თებერვალი 1861(1861-02-12)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1] [2]
გარდ. თარიღი 5 თებერვალი 1937(1937-02-05)[1] [2] [3] [4] (75 წელი)
გარდ. ადგილი გეტინგენი[1] [2]
დასაფლავებულია გიოტინგენის სასაფლაო
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
სამეცნიერო სფერო ესე
მეუღლე ფრიდრიხ კარლ ანდრეასი

ლუ ანდრეას-სალომე ან ლუ სალომე (გერმ. Lou Andreas-Salomé; დაბ.: ლუიზა გუსტავის ასული ფონ სალომე; დ. 12 თებერვალი, 1861, სანქტ-პეტერბურგი — გ. 5 თებერვალი, 1937, გეტინგენი) — რუსი და გერმანელი მწერალი, ფილოსოფოსი და ფსიქოანალიტიკოსი.[6] მეგობრობდა ნიცშესთან, ფროიდთან და რილკესთან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სანქტ-პეტერბურგში. მამამისი რუსი აზნაური იყო, რომელსაც მემკვიდრული აზნაურობა მას ნიოლოზ I-ის მიერ, 1830 წელს გადაეცა. გენერლის ასული, ფონ სალომე, ოჯახში ყველაზე უმცროსი იყო, რომელსაც ხუთი ძმა ჰყავდა. როგორც მისი ყველა ძმა, ლუიზაც სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის უძველეს გერმანულ სკოლაში — პეტრიშულეში, 1874-1878 წლებში. 1878 წელს, მამამისი, გენერალი გუსტავი სალომე გარდაიცვალა. გოგონას პირველი სიყვარულის ობიექტი ჰოლანიდელი პასტორი გიიო გახდა, რომელიც პეტერბურგში ლექციებს კითხულობდა. სწორედ მან უწოდა პირველად გოგონას „ლუიზას“ ნაცვლად „ლუ“ — სახელი, რომელიც შემდგომ ცნობადი ხდება.

სუსტი ჯანმრთელობის გამო, იგი გადადის რომში, სადაც მალვიდა ფონ მეიზენბუგის წრეში ხვდება. ეს უკანასკნელი გარიბალდის, ვაგნერის, ნიცშეს მეგობარი და გერცენის აღმზრდელი იყო. ამ სალონის ერთ-ერთმა მომსვლელმა, ნიცშეს მეგობარმა, პაულ რეემ აქ გაიცნო ლუ სალომე. ისინი ერთმანეთს დაუახლოვდნენ. გოგონა სთავაზობს მას ერთგვარი საგანმანათლებლო კომუნის დაარსების პროექტს. პროექტის თანახმად, ამ კომუნაში გაწევრიანება შეეძლებოდა ყოველ ახალგაზრდას ნებისმიერი სქესისა, რომელსაც განათლების მიღება მოესურვებოდა. ლუიზა სთავაზობს სახლის აღებას, სადაც ყოველს თავისი ოთახი ექნებოდა, მაგრამ საერთო მიმღებით. რეეს იდეა მოეწონა, მაგრამ სალომეს ხელი სთხოვა, რაზეც უარს იღებს, ვინაიდან ლუს მასთან მხოლოდ მეგობრობა სურდა. კომუნის იდეა ვერ განხორციელდა. ისინი მოგზაურობდნენ, ეწვიეს პარიზსა და ბერლინს.

ურთიერთობა ნიცშესთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალომე ლუ ოთხთვალაში, რეესთან (მარჯვნივ) და ნიცშესთან (მარცხნივ) ერთად

1882 წელს, რეე აცნობს სალომეს თავის მეგობარს ნიცშეს, რომელიც აღფრთოვანდება მისი ინტელექტითა და სილამაზით. იქმნება მათი მეგობრული „სამკუთხეთი“, რომელიც ინტელექტუალური საკითხებით, ნაწარმოებებითა და მოგზაურობით იყო დაკავებული. შემდგომ, ნიცშემაც სთხოვა ხელი სალომეს და ისიც ასევე უარს იღებს. სექსუალური საკითხი მათ შორის არაერთგვაროვანია. დაახლოებით ამ დროს, 21 წლის სალომე სურათს იღებს ნიცშესა და რეესთან ერთად. ნიცშე ამბობდა, რომ სალომე — ყველაზე ჭკვიანია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც აქამდე ენახა და ვარაუდობენ, რომ მისი სახე „ესე იტყოდა ზარატუსტრა“-ში გამოიყენა. მისი ლექსის მიხედვით, ნიცშემ მუსიკალური კომპოზიცია — „ჰიმნი ცხოვრებისადმი“ დაწერა. თუმცა ნიცშეს და, ელიზაბეტი, მკაცრად წინააღმდეგი იყო ამ ურთიერთობებისა, რამაც კონფლიქტი გამოიწვია, შედეგად, ლუსთან ერთად მხოლოდ რეე დარჩა. ნიცშე, 18 წლის შემდეგ (25 აგვისტო, 1900), ფსიქიატრიულ კლინიკაში გარდაიცვალა.

1886 წელს, სალომემ ფრიდრიხ კარლ ანდრეასი გაიცნო, უნივერსიტეტის დამრიგებელი, რომელიც აღმოსავლურ ენებს (სპასრულსა და თურქულს) შეისწავლიდა. ფრიდრიხ კარლ ანდრეასი ლუზე 15 წლით უფროსი იყო და მტკიცედ სურდა მისი ცოლად მოყვანა. თავისი გადაწყვეტილების სერიოზულობის დასამტკიცებლად, იგი მის თვალწინ თვითმკვლელობის მცდელობას მიმართავს (გულმკერდში დანა ჩაირტყა). ხანგრძლივი ფიქრის შემდგომ, ლუ თანხმდება ცოლობაზე, მაგრამ ერთი პირობით: ისინი არასდროს დაამყარებენ ერთმანეთთან სექსუალურ ურთიერთობას. 43 წლის განმავლობაში, რომელიც ერთმანეთთან თანაცხოვრებაში გაატარეს, როგორც ბიოგრაფები ამტკიცებენ, ეს არც არასდროს მომხდარა. 1901 წელს მთებში კვდება პაულ რეე, მოწმეთა გარეშე. გაურკვეველია, ეს უბედური შემთხვევა იყო თუ სუიციდი.

1892 წელს, სალომემ გეორგ ლედებური გაიცნო, სოციალურ-დემოკრატიული პარტიისა და მარქსისტული გაზეთის „ფორვარტსის“ დამფუძნებელი, მომავალში — რეიხსტაგის წევრი, რომელთანაც ინტიმური კავშირი დაამყარა. ქმრისა (რომელმაც თავის მოკვლა სცადა) და საყვარლის სკანდალებით დაღლილმა ლუმ, ორივე მიატოვა და 1894 წელს პარიზში გაემგზავრა. იქ, მისი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი ფრანკ ვედეკინდი ხდება.

ურთიერთობა რილკესთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1897 წელს, 36 წლის სალომემ დამწყები პოეტი, 21 წლის რილკე გაიცნო. მათ ორჯერ იმოგზაურეს რუსეთში (1899, 1900). ლუ ასწავლის მას რუსულ ენას, აცნობს დოსტოევსკისა და ლევ ტოლსტოის ფსიქოლოგიზმს. რილკე, ისევე, როგორც სხვა მრავალი სალომეზე შეყვარებული, ცხოვრობს მასთან და ანდრეასთან ერთად, მათსავე სახლში. იგი უძღვენდა მას ლექსებს, მისი რჩევის მიხედვით შეცვალა თავისი „ქალური“ სახელი „რენე“ უფრო მკაცრ სახელზე — „რაინერზე“, მისი ხელწერა იცვლება და თითქმის განურჩეველი ხდება ლუს წერის მანერისგან. ოთხი წლის შემდგომ, ლუ ტოვებს პოეტს, ვინაიდან მასაც, როგორც ლუს სხვა მრავალ საყვარელს, სურდა, რომ განქორწინებულიყო. რილკე ამბობდა, რომ ამ ქალის გარეშე იგი ვერასდროს იპოვიდა საკუთარი ცხოვრების გზას. ისინი ცხოვრების ბოლომდე მეგობრებად რჩებიან. რილკეს სიკვდილამდე, 1926 წელს ყოფილი საყვარლები ერთმანეთთან მიმოწერას განაგრძობდნენ.

1905 წელს, მისი ქმრის — ანდრეასის მოსამსახურე, მისგან ბავშვს აჩენს. ლუ ტოვებს ქორწინებაგარეშე შვილს სახლში, აკვრიდება საკუთარ რეაქციებს ფსიქოანალიტიკური თვალსაზრისით. რამდენიმე წლის შემდგომ, იგი მას იშვილებს. სწორედ მარი (ასე ერქვა შვილს) დარჩება მის სასიკვდილო სარეცელთან.

ურთიერთობა ფროიდთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1911 წელს, ლუ ვეიმარში, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკურ კონგრესში იღებს მონაწილეობას, სადაც გაიცნობს ფროიდს. ისინი დამეგობრდნენ. ფროიდს არ ჰქონდა მესაკუთრეობრივი მოთხოვნილებები მის მიმართ. სალომე ლუ შეისწავლის ფსიქოანალიზს. იგი გაწევრიანდა ფროიდის მოსწავლეთა წრეში. მისი გახმაურებული წიგნი „ეროტიკა“, ევროპაში ხუთჯერ ხელახლა გამოსცეს. ანა ფროიდთან თანაავტორობით, მან ჩაიფიქრა ბავშვური ფსიქიკის შესახებ სახელმძღვანელოს გამოცემა. 1914 წლიდან, იგი იწყებს მუშაობას პაციენტებთან და მეცნიერების გამო, ბელეტრისტიკას ტოვებს (ლუმ 139 სამეცნიერო სტატია დაწერა). იგი ქმართან ერთად, გეტინგენში დასახლდა, სადაც გახსნა ფსიქოთერაპევტული პრაქტიკა და ბევრს შრომობდა.

გარდაიცვალა 1937 წელს. ლუს გარდაცვალების შემდგომ, გეტინგენში ნაცისტებმა მისი ბიბლიოთეკა სრულიად დაწვეს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118502921 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 95. — ISBN 978-2-221-06888-5
  3. 3.0 3.1 Find a Grave — 1995. — ed. size: 165000000
  4. 4.0 4.1 Discogs — 2000.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 Biographical Dictionary of Twentieth-Century Philosophers (1996 ed.) — 1996. — ISBN 978-0-415-06043-1
  6. Lou Andreas-Salome biography. Encyclopædia Britannica.