ლუჯაინ ალ-ჰაზლული
ლუჯაინ ალ-ჰაზლული | |
---|---|
დაბადების თარიღი |
31 ივლისი 1989 ჯიდა, საუდის არაბეთი |
მოქალაქეობა | საუდის არაბეთი |
საქმიანობა | ქალთა უფლებების კამპანიაში მონაწილეობა |
მეუღლე(ები) | ფაჰად ალ-ბუტაირი, 2014-18 |
ლუჯაინ ალ-ჰაზლული, არაბ. لجين الهذلول (დ.1989 წ.) - საუდის არაბეთის საზოგადო მოღვაწე, ადამიანის უფლებების დამცველი.
მისი სახელი ცნობილი გახდა სამოქალაქო აქციების ჩატარებით, რომელიც მიმართული იყო საუდიის პატრიარქალური წესებით გამოწვეული შეზღუდვების წინააღმდეგ. ამ კამპანიის წარმოებისათვის იგი რამდენიმე წლით პატიმრობაში იმყოფებოდა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუჯაინ ალ-ჰაზლული დაიბადა 1989 წელს საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჯიდაში. მოგვიანებით ოჯახი დედაქალაქ ერ-რიადში გადავიდა, ხოლო გოგონამ განათლება კანადაში მდებარე ბრიტანეთის კოლუმბიის პრესტიჟულ უნივერსიტეტში მიიღო.
2013 წელს ის მამის ავტომანქანის საჭესთან დაჯდა და იმგზავრა, რაც ვიდეოთი გადაიღო და სოციალური ქსელებით გაავრცელა. ამ დროს საუდის არაბეთი მსოფლიოს ბოლო ქვეყანად რჩებოდა, სადაც ქალის მიერ მანქანის მართვის აკრძალვა ძალაში იყო. 2014 წლის ნოემბერში ის შეეცადა საამიროებში რეგისტრირებული ავტომანქანით სამშობლოში შესვლას, თუმცა საზღვარზე პოლიციამ დააკავა.[1] იგი საპატიმროში 73 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ აქციამ სათავე დაუდო ქვეყანაში ქალთა უფლებების საკითხის განხილვას და უბიძგა სხვა ადამიანებს მასში მონაწილეობისკენ.
საზოგადოებრივი ატმოსფერო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ პერიოდისთვის ქვეყანაში არაერთი შეზღუდვა მოქმედებდა. კინოთეატრები არ არსებობდა, სპორტულ სტადიონებზე და საკონცერტო დარბაზებში ქალები არ დაიშვებოდნენ, სამეწარმეო ფირმის გახსნა, პასპორტის აღება, ქორწინების ან განქორწინების რეგისტრაცია თუ უცხოეთში მოგზაურობა ახლობელი მამაკაცის თანხლების გარეშე აკრძალული იყო. ამ სისტემას ვილაია (ولاية) ეწოდება, რომელიც შინაარსობრივად გუშაგის (ولي) როლის შესრულებას გულისხმობს და მოწოდებულია ღრმად კონსერვატიულ საზოგადოებაში ზნეობრივი თვალსაზრისით ქალთა დასაცავად.
2010-იანი წლების შუახანს სასახლის კარზე ახალგაზრდა პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი დაწინაურდა, რომელიც მოგვიანებით ტახტის მემკვიდრე და სამეფოს ფაქტობრივი მმართველი გახდა. მან გამოაცხადა საზოგადოების ტრანსფორმაციის კურსის დაწყება, თუმცა საგარეო პოლიტიკის და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ის კრიტიკის ხშირი ობიექტი გახდა. რეფორმატორის იმიჯის მიუხედავად, პრინცის მმართველობის ხუთწლიან პერიოდში 800 ადამიანი იქნა სიკვდილით დასჯილი,[2] ამასთან, სასჯელის ყველაზე გავრცელებულ ფორმად გამოყენებული იყო თავის მოკვეთა.
2015 წელს გამოცხადდა, რომ მუნიციპალურ არჩევნებზე ქალებს მიეცემოდათ საკუთარი კანდიდატურის დასახელების უფლება, მაგრამ როდესაც ლუჯაილ ალ-ჰაზლულმა სცადა ამ უფლებით სარგებლობა, მან რეგისტრაციაზე უარი მიიღო.
დაპატიმრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მომდევნო წლის შემოდგომაზე მან 14 ათასი ადამიანის ხელმოწერა შეაგროვა "ვილაიას" გაუქმების პეტიციისთვის, რომელიც მეფე სალმანს წარედგინა. ამ ნაბიჯს შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა 2018 წლის ივნისში ქალებს მართვის უფლება მიეცათ. ამ დროს ალ-ჰაზლული და მისი თანამებრძოლები უკვე საპატიმროში იმყოფებოდნენ. ისინი მარტში იქნენ დაკავებული. პროკურატურის განმარტებით, საქმე მათ წინააღმდეგ აღძრული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების ხელყოფის მუხლით, კერძოდ, გუშაგის ინსტიტუტის წინააღმდეგ საქმიანობის და უცხოელ ჟურნალისტებთან და დიპლომატებთან კონტაქტის გამო.
მალე საქმე გადაეცა 2008 წელს შექმნილ სპეციალურ სასამართლოს, რომლის დაქვემდებარებაში შედიოდა ტერორიზმთან და ეროვნული უშიშროების საკითხებთან დაკავშირებული სხვა სისხლის სამართლის საქმეები. სასამართლოს უნდა გაესამართლებინა მძიმე ძალადობრივი დანაშაულისთვის დაკავებული პირები, თუმცა მის იურისდიქციის ქვეშ აღმოჩნდნენ, აგრეთვე, პოლიტიკური დისიდენტები, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები და უფლებადამცველები. საერთაშორისო ორგანიზაციამ "საერთაშორისო ამნისტიამ"" ეს ორგანო განსხვავებული აზრის ჩამხშობ ინსტრუმენტად დაახასიათა. [3]
განაჩენის მოლოდინში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საპატიმროში ყოფნის პერიოდში აქტივისტი სხვადასხვა ფორმით ძალადობის ობიექტი გახდა. მის მიმართ ხდებოდა ელექტროშოკის გამოყენება, ჭერიდან თოკზე ჩამოკიდება, ცემა, მოკვლით და გაუპატიურებით დამუქრება. თანდათან საერთაშორისო ასპარეზზე გაიშალა კამპანია საუდიელ აქტივისტთა გათავისუფლების მოთხოვნით. ჯოზეფ ბაიდენმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს საუდის არაბეთს განდეგილი სახელმწიფო უწოდა და პირობა დადო, რომ ყურადღებას მიაქცევდა ამ ქვეყანაში ადამიანთა უფლებების მდგომარეობას.[4]
2020 წლის სექტემბერში დასავლეთის სამყაროს 29 ქვეყანამ ერ-რიადს მოუწოდა აქტივისტების გათავისუფლებისკენ. მსგავსი განცხადება გააკეთა ასევე ევროპარლამენტმა. ოქტომბერში პატიმარმა შიმშილობის აქცია დაიწყო ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის შეზღუდვის გამო. ცალკე საინფორმაციო კამპანიას კანადაში მცხოვრები მისი ძმა და ბელგიაში მყოფი მისი და წარმართავდნენ.[5] კონგრესის რვა წევრმა ალ-ჰაზლული წარადგინა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად. ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები, მათ შორის გაერო-ს ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ საქმეთა კომიტეტი მოითხოვდა მის გათავისუფლებას.[6]
სასჯელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამწლიანი პატიმრობის, წამების და ინდივიდუალურ საკანში ყოფნის შემდეგ ალ-ჰაზლულს 2020 წლის 28 დეკემბერს 5 წლით და რვა თვით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა სასჯელი ორი წლით და 10 თვით შეუმცირდა პრობაციის პირობით. ფართო ინტერპრეტაციის მქონე ტერორიზმის საწინააღმდეგო კანონმდებლობის საფუძველზე, იგი დამნაშავედ სცნეს ქვეყნის პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობაში.[7]
პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, იგი 2021 წლის თებერვალში გათავისუფდა, თუმცა მის წინააღმდეგ შენარჩუნდა გარკვეული შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის ხუთი წლის ვადით ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა. [2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირადი ვებ-საიტი დაარქივებული 2020-02-24 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Two Saudi Women Who Were Detained for Defying a Driving Ban Have Been Freed time.com, 13 February 2015
- ↑ 2.0 2.1 Explained: Who is Loujain al-Hathloul, the Saudi activist sentenced to nearly six years in prison? msn.com, 30 December 2020
- ↑ Detained since 2018, now Saudi women's rights activist Loujain al-Hathloul is handed a 5-year sentence edition.cnn.com, 28 December 2020
- ↑ Saudi political activist is released from jail where she was 'forced to kiss and perform sex acts on her interrogators' during three years of imprisonment dailymail.com, 11 February 2021
- ↑ UN slams Saudia Arabia in rare rebuke dw.com
- ↑ Saudi women's rights activist sentenced to prison, but could soon be free upi.com, 28 December 2020
- ↑ Saudi activist Loujain al-Hathloul jailed for 5 years and 8 months france24.com, 28 December 2020