ლუცკის ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლუცკის ხელშეკრულება — საიდუმლო ხელშეკრულება მოლდოვეთის მმართველის, დიმიტრი კანტემირსა და რუსეთის მეფის პეტრე I-ს შორის, რომლის თანახმადაც მოლდოვეთმა შეინარჩუნა ავტონომია და გადავიდა რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს 1711 წლის 13 აპრილს ლუცკში.

კანტემირს სურვილი ჰქონდა გადაერჩინა თავისი ქვეყანა ოსმალეთის ბატონობისაგან. ის ვალდებული იყო ეცნობებინა პეტრესათვის თურქეთის საქმიანობის შესახებ. ხელშეკრულება შედგებოდა 17 პუნქტისაგან და მთავარი დებულებები მიტროპოლიტ გედეონის მიერ 1686 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების ტექსტის მიხედვით მეორდებოდა. მოლდოვეთის ხელისუფლებას უნდა ეღიარებინა მოსკოვის გავლენა, შეენარჩუნებინა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი. შეუნარჩუნდა პრივილეგიები მოლდოვეთის ბოიარებს. სამეფო ტახტი გადავიდა კანტემირების დინასტიის ხელში. მოლდოვეთს უნდა დაბრუნებოდა ოსმალების მიერ წართმეული მიწა და განთავისუფლებულიყო ხარკისგან. ქვეყანა უნდა გათავისუფლებულიყო თურქების ზეგავლენისგან. ხელშეკრულებამ გამოქვეყნებისთანავე მოიპოვა მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა, მაგრამ ზოგიერთი თავადი ოსმალეთთან დაპირისპირების წინააღმდეგი იყო. ხელშეკრულება ხელსაყრელი იყო მოლდოვეთისთვის. ამ ყველაფრის განხორციელების შემთხვევაში თურქეთის გავლენა შემცირდებოდა მოლდოვეთზე, ხოლო რუსეთის გავლენა უფრო გაიზრდებოდა.

პრუტის ლაშქრობის შემდეგ დადებული ხელშეკრულების შემდეგ ლუცკის ხელშეკრულებამ ძალა დაკარგა. მოლდოვეთი დარჩა თურქების ვასალი და დიმიტრი კანტემირი გაიქცა რუსეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Густерин П. В. Первый российский востоковед Дмитрий Кантемир. — М.: Восточная книга, 2008
  • Молчанов Н. Н. Дипломатия Петра Великого. — М.: Международные отношения, 1990
  • Мохов Н. А. Молдавия эпохи феодализма. — Кишинёв: Картя Молдовеняскэ, 1964