ლუციუს ლიცინიუს ვარონ მურენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლუციუს ლიცინიუს ვარონ მურენა (ლათ. Lucius Licinius Varro Murena; გ. ძვ. წ. 22) — რომაელი პოლიტიკოსი, რომელსაც ავგუსტუსის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა დასდეს ბრალად და სასამართლო პროცესზე დაუსწრებლად დასაჯეს სიკვდილით.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოშობით ლანუვიუმიდან,[1] მურენა იყო ლუციუს ლიცინიუს მურენას ბიოლოგიური შვილი. მამამისი ძვ. წ. 62 წელს კონსულის თანამდებობას იკავებდა.[2] იგი იშვილა აულუს ტერენტიუს ვარონმა, რომლის სახელიც მიიღო ლუციუსმა.[3] შვილად აყვანის შედეგად შეძენილი მისი და, ტერენტია, დაქორწინდა გაიუს მეცენატზე, ავგუსტუსის ცნობილ მრჩეველსა და მეგობარზე და ხელოვნების დიდ მფარველზე,[4] ხოლო შეძენილი ძმა, აულუს ტერენტიუს ვარონ მურენა,[5] ძვ. წ. 23 წელს კონსულად დაინიშნა,[6] თუმცა მანამდე გარდაიცვალა, სანამ თანამდებობის დაკავებას მოახერხებდა.[7]

მურენას ძვ. წ. 24-დან 23 წლამდე სირიის ლეგატის პოსტი ეკავა.[8] ამ თანამდებობაზე იგი მარკუს ვიფსანიუს აგრიპამ შეცვალა.[9]

ძვ. წ. 22 წელს მურენა უკან, რომში დაბრუნდა, სადაც იგი მარკუს პრიმუსის დასაცავად გამოიძახეს. ეს უკანასკნელი მაკედონიის ყოფილი პროკონსული იყო და ბრალად ედებოდა რომის მოკავშირე თრაკიის ოდრისული სამეფოს წინააღმდეგ სენატის წინასწარი ნებართვის გარეშე ომის წამოწყება.[10] მურენამ სასამართლოს განუცხადა, რომ მის კლიენტს იმპერატორ ავგუსტუსისაგან მიღებული ჰქონდა საგანგებო მითითებები, რომლებიც მას ვასალ სახელმწიფოზე თავდასხმას უბრძანებდა.[11] მოგვიანებით, პრიმუსმა თავის ჩვენებაში განაცხადა, რომ ეს ბრძანება ახლად გარდაცვლილი მარცელუსისაგან, ავგუსტუსის პირდაპირი მემკვიდრისაგან მიიღო.[12] ძვ. წ. 27 წლის სამართლებრივი შეთანხმების პირობებში, ამგვარი ბრძანების გაცემა განიხილებოდა სენატის პრეროგატივის დარღვევად, რადგანაც მაკედონია არა პრინცეპსის, არამედ სენატის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა. ასეთ ქმედებას შეეძლო გაექარწყლებინა ავგუსტუსის მიერ მხარდაჭერილი რესპუბლიკის აღდგენის ილუზია და გამოევლინა მისი სიცრუე, რომ თითქოს იგი მხოლოდ პირველი მოქალაქე იყო, პირველი თანასწორთა შორის.[13] კიდევ უფრო უარესი, მარცელუსის ჩართულობა იძლეოდა იმის მტკიცების საშუალებას, რომ ავგუსტუსის პოლიტიკა, რომელმაც თავისი, როგორც პრინცეპსის ადგილი დაიკავა, აყალიბებდა მონარქიის ფორმას, რის შესახებაც ადრე უკვე იყო გამოთქმული ბრალდებები.[14]

სიტუაცია იმდენად სერიოზული გახდა, რომ ავგუსტუსი პირადად გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ ყოფილა მოწმის სახით გამოძახებული. მან ფიცის ქვეშ განაცხადა, რომ რაიმე მსგავსი ბრძანება არ გაუცია.[15] მურენამ არ დაუჯერა ავგუსტუსის ჩვენებას და აღაშფოთა მისმა მცდელობებმა ზიანი მიეყენებინა პროცესისათვის თავისი ავტორიტეტის გამოყენებით. მან უხეშად მოითხოვა პასუხი კითხვაზე, თუ რატომ გამოჩნდა ავგუსტუსი პროცესზე, როდესაც იგი არავის გამოუძახებია, რაზეც პრინცეპსმა უპასუხა, რომ ის აქ საზოგადოებრივმა ინტერესებმა მოიყვანეს.[16] პრიმუსი დამნაშავედ ცნეს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ნაფიცმა მსაჯულმა მის გამართლებას მისცა ხმა, რაც ნიშნავდა, რომ ავგუსტუსის ჩვენების ყველას არ სჯეროდა.[17]

ძვ. წ. 22 წლის 1 სექტემბრამდე მცირე ხნით ადრე, ვინმე კასტრიციუსმა ავგუსტუსს მიაწოდა ინფორმაცია ფანიუს კაეპიოს მეთაურობით მის მოწყობილი შეთქმულების შესახებ.[18] შეთქმულთა შორის მურენაც სახელდებოდა. მას შემდეგ, რაც დისგან, ტერენტინასგან, ბრალდებების შესახებ შეიტყო, რომელიც, თავის მხრივ, ქმარმა, მეცენატმა გააფრთხილა, მურენა თვალნათლივ გაიქცა.[19] იგი დაუსწრებლად გაასამართლეს პროცესზე, სადაც ბრალმდებლის ფუნქციას ტიბერიუსი ასრულებდა. მსაჯულთა კოლეგიამ შეთქმულები დამნაშავეებად ცნო, თუმცა ეს განაჩენი ერთსულოვანი არ ყოფილა.[20] ღალატისათვის სიკვდილმისჯილი მურენა შეპყრობისთანავე დასაჯეს სიკვდილით, ისე, რომ თავის გასამართლებლად რაიმე მტკიცებულების წარდგენის საშუალებაც კი არ მიუციათ.[21]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ando, Clifford, Imperial ideology and provincial loyalty in the Roman Empire, University of California Press, 2000
  • Davies, Mark; Swain, Hilary; Davies, Mark Everson, Aspects of Roman history, 82 BC-AD 14: a source-based approach, Taylor & Francis e-Library, 2010
  • Holland, Richard, Augustus, Godfather of Europe, Sutton Publishing, 2005
  • Raaflaub, Kurt A.; Toher, Mark, Between republic and empire: interpretations of Augustus and his principate, University of California Press, 1993
  • Smith's Dictionary of Roman Biography and Mythology (1873)
  • Southern, Pat, Augustus, Routledge, 1998
  • Swan, Michael, The Consular Fasti of 23 B.C. and the Conspiracy of Varro Murena, Harvard Studies in Classical Philology, Volume 71, pgs. 235 – 247, Harvard University Press, 1967
  • Syme, Ronald, The Roman Revolution, Clarendon Press, Oxford, 1939
  • Wells, Colin Michael, The Roman Empire, Harvard University Press, 2004
  • Woodman, A. J., Velleius Paterculus: The Caesarian and Augustan Narrative (2.41-93), Cambridge University Press, 2004

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Syme, გვ. 94
  2. Woodman, გვ. 271
  3. Smith's Biography, Murena
  4. დიონ კასიუსი 54.3
  5. Ando, გვ. 140
  6. Swan, გვ. 240
  7. Swan, გვ. 240
  8. Syme, გვ. 330
  9. Syme, გვ. 397
  10. Wells, გვ. 53
  11. Southern, გვ. 108
  12. Holland, გვ. 300
  13. Southern, გვ. 108
  14. Stern, Gaius, Women, children, and senators on the Ara Pacis Augustae: A study of Augustus’ vision of a new world order in 13 BC, გვ. 23
  15. Syme, გვ. 333
  16. Syme, გვ. 333; Holland, გვ. 300; Southern, გვ, 108
  17. Wells, გვ. 53; Raaflaub, გვ. 426
  18. Swan, გვ. 241; Syme, გვ. 483
  19. Holland, გვ. 301
  20. Wells, გვ. 53; Holland, გვ. 301
  21. Davies, გვ. 260; Holland, გვ. 301