ლუციუს იუნიუს ბრუტუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუციუს იუნიუს ბრუტუსი

ლუციუს იუნიუს ბრუტუსი (ლათ. Lucius Junius Brutus) (დ. ? ― გ. ძვ. წ. 508), რომის რესპუბლიკის დამაარსებელი და პირველი კონსული. რომის უკანასკნელი მეფის ლუციუს ტარკვინიუსის დის შვილი.

რომის რესპუბლიკის შექმნამდე ქვეყანას მეფეები მართავდნენ. ბრუტუსის წინამძღოლობით აჯანყებულებმა მეფე ტარკვინიუსი მისი ძის მიერ არისტოკრატი ქალის ლუკრეციას გაუპატიურების შემდეგ ტახტიდან ჩამოაგდეს და რომიდან გააძევეს. ეს მოვლენა აღწერილია ლივიუსის Ab Urbe Condita-ში რომის ისტორიის პერიოდში, რომლის შესახებაც სარწმუნო წყაროები არ მოიპოვება (ძვ. წ. 390 წელს გაულების მიერ რომის გადაწვით განადგურდა თითქმის ყველა მანამდე არსებული დოკუმენტი). ლივიუსის თანახმად, ბრუტუსს მეფის წინააღმდეგ ამბოხების რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ტარკვინიუსის მიერ მისი ძმის, გავლენიანი სენატორის, მკვლელობის მოწყობა, რომელიც ტარკვინიუსს სამეფო ტახტისთვის ეპაექრებოდა.

ბრუტუსი მეფის დამხობამდე[რედაქტირება]

ტარკვინიუსი ხელისუფლებაში უკანონოდ, სიმამრის ვერაგული მკვლელობით მოვიდა, რის გამოც პრეცენდენტის განმეორების მუდამ ეშინოდა და ამიტომ არა მარტო უკმაყოფილო სენატორები, არამედ საკუთარი ნათესავებიც კი გაწყვიტა. ლუციუს იუნიუსი გონიერი ახალგაზრდა იყო და ადრევე მიხვდა, რომ თუ მეფე მასში გონიერ და ჭკვიან ადამიანს დაინახავდა, მის სიცოცხლესაც სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა. ამიტომ მრავალი წლის მანძილზე იგი ყველას თავს უგუნურად აჩვენებდა. სწორედ აქედან წარმოიშვა მისი მეტსახელი ბრუტუსი.

ერთხელ მეფის სასახლეში უცნაური რამ მოხდა: სასახლის სვეტიდან გველი გამოძვრა, რაც სიკვდილის აღმნიშნავი უნდა ყოფილიყო. ამ ნიშნის განსამარტად მეფემ თავისი ვაჟები ტიტუსი და არუნტუსი ბრუტუსთან ერთად დელფის ორაკულთან გაგზავნა. ორაკულმა ჩასულებს ამცნო, რომ რომში ძალაუფლება გადაუვიდოდა მას, ვინც პირველი ეამბორებოდა დედას. ტარკვინიუსის ვაჟებმა ეს პირდაპირ გაიგეს, ხოლო ბრუტუსი მიხვდა წინასწარმეტყველების ნამდვილ შინაარს და მიწას — ყველას საერთო დედას — აკოცა.

ტარკვინიუსის დამხობა[რედაქტირება]

ლუციუს იუნიუს ბრუტუსი

რომაელები ამ დროს რუტულების ქალაქ არდეუმთან ომობდენ. სამხედრო ბანაკში სექსტ ტარკვინიუსი არისტოკრატ ახალგაზრდებთან ერთად ქეიფობდა. მათ შორის ტარკვინიუსის ნათესავი ტარკვინიუს კოლატინუსიც იყო. საუბარი შეეხო ცოლებსაც, კოლატინუსი ყველას არწმუნებდა რომ მისი ცოლი ლუკრეცია ყველაზე ღირსეული ქალი იყო. ყველამ ჩათვალა რომ რომში ჩასვლით და იმის ნახვით თუ როგორ შეეგებებოდნენ ცოლები უეცრად დაბრუნებულ ქმრებს, ყველაზე კარგად ასახავდა მათ მორალურ თვისებებს.

რომში გვიან ღამით ჩავიდნენ და კოლატინუსის სახლს მიადგნენ, მეფის რძლებისგან განსხვავებით ლუკრეცია სახლში იყო და შალს რთავდა. ამრიგად ცოლების "შეჯიბრში" ლუკრეციამ გაიმარჯვა. სექსტუს ტარკვინიუსს ნათესავის მეუღლე ძალიან მოეწონა. რამდენიმე დღის მერე სექსტუსი მარტო მივიდა ლუკრეციას სახლში. იქ მას კარგად გაუმასპინძლდნენ და სტუმრების ოთახში შესთავაზეს დაძინება. როდესაც სახლში ყველამ დაიძინა, სექსტუსი ლუკრეციას საძინებელში შეიპარა და დაემუქრა, რომ თუ იგი არ დანებდებოდა, იგი მას მაინც გააუპატიურებდა, მოკლავდა და მკვდარ მონას მიუწვენდა. ამ მუქარამ გაჭრა და ლუკრეცია დანებდა. როდესაც სექსტუსი წავიდა, ლუკრეციამ შიკრიკები გაუგზავნა ქმარს და მამას, ამცნო რომ ცუდი ამბავი მოხდა და რომ იცინი ერთგულ მეგობრებთან ერთად მოსულიყვნენ.

კოლატინუსსთან ერთად ლუციუს ბრუტუსიც ჩამოვიდა. ლუკრეციამ უამბო ქმარს და მამას თუ რაც შეემთხვა, დააფიცა ისინი რომ შურს იძიებდნენ და თავი მოიკლა. ბრუტუსმა მკვდარ ლუკრეციასთან დაიფიცა რომ შურს იძიებდა არა მარტო სექსტზე არამედ ლუციუსზეც.

ამ ამაზრზენი ამბის შეტყობამ მოსახლეობა აღაშფოთა, ბრუტუსმა კი შეკრებილ ახალგაზრდობას შეიარაღებისკენ და აჯანყებისკენ მოუწოდა. ფორუმზე მისულთ ხალხი იქ უკვე შეკრებილი დახვდათ. ბრუტუსმა მიმართა მათ და სექსტუსის უღის საქციელთან ერთად დაგმო ლუციუსის სიამაყე და უსამართლობაც. მან მოუწოდა რომაელ ხალხს დაემხოთ მეფის მმართველობა რომში და სამეფო ოჯახი გაეძევებინათ. ლუციუს ტარკვინუსი ამ ამბის შეტყობისთანავე დაიძრა თავისი ჯარითურთ რომისკენ, მაგრამ რომაელებმა კარიბჭე არ გაუღეს. ჯარის იმედი მას აღარ ჰქონდა და ამიტომ ოჯახთან ერთად ერუტრიაში გაიქცა.

კონსულობა[რედაქტირება]

რომაელთა მეფის ტირანიისგან განთავისუფლების შემდეგ ბრუტუსმაც და სენატმაც ჩათვალეს, რომ ერთმმართველობა აღარ უნდა არსებულიყო, და ამიტომ თითო წლის ვადით ორი კონსულის არჩევა დააწესეს. პირველ არჩევნებში ბრუტუსმა რა თქმა უნდა გაიმარჯვა, მასთან ერთად კონსული ტარკვინიუს კოლატინუსიც გახდა. მიუხედავად იმისა, რომ კოლატინუსის მეფისადმი სიძულვილი ეჭვს არ ჰბადებდა, ხალხს მაინც ეშინოდა რომ იგი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას განიზრახავდა.

ბრუტუსმა სენატის სხდომაზე მიმართა კოლატინუს და ურჩია, რომ უარი ეთქვა კონსულობაზე და დაეტოვებინა რომი. ამ უკანასკნელს ეს არ სურდა, მაგრამ ყველა ახლობელმა დაჟინებით ურჩია წასულიყო და ქონებაც წაეღო და ბოლოს იგი დათანხმდა. მის ნაცვლად კონსულად აირჩიეს ვალერიუს პუბლიკოლა.

ბრუტუსმა სენატს და რომის მოსახლეობას ფიცი დაადებინა, რომ ისინი არასდროს არ დაუშვებდნენ რომში მეფის მმართველობას. მან შეავსო შეთხელებული სენატი და სენატორთა რაოდენობა 300 კაცს გაუტოლდა. არსებობდა რელიგიური რიტუალები, რომლის ჩატარების უფლებაც მხოლოდ მეფეს ჰქონდა, ამიტომ ბრუტუსმა შექმნა "მეფე ქურუმის" თანამდებობა, რომელსაც დაევალა ამ რიტუალების და მსხვერპლშეწირვების ჩატარება.

ტარკვინიუსისგან კი ელჩები ჩამოვიდნენ და მოითხოვეს მეფისთვის ქონების დაბრუნება. სენატმა დაიწყო საკითხის განხილვა, ქონების დაბრუნების შემთხვევაში მეფეს საშუალებას მისცემდნენ ებძოლა წართმეული ტახტისთვის, მეორე მხრივ, უარის თქმა კი ომს ნიშნავდა. ელჩებს სხვა, საიდუმლო დავალებაც ჰქონდათ, მათ უნდა დაეზვერათ თუ რა განწყობა იყო ხალხში და დაკავშირებოდნენ ტარკვინიუსების მომხრეებს. საკმაოდ ბევრი წარჩინებული ახალგაზრდა, ტარკვინიუსის ვაჟების მეგობრები, მართლაც ნანობდნენ მეფის გაგდებას და უკმაყოფილონი იყვნენ რესპუბლიკური წყობით, რადგან ადრე მეფის შვილებთან მეგობრობა მათ პრივილეგიას აძლევდა ბევრს რამეში, რესპუბლიკაში კი სხვების თანასწორნი გახდნენ. სწორედ ასეთ ხალხს დაუკავშირდნენ ელჩები შეთქმულების მოსაწყობად. ანტირესპუბლიკურ შეთქმულებაში ბრუტუსის ცოლის ძმაც და მისი საკუთარი ვაჟებიც აღმოჩნდნენ.

ერთ-ერთი შეთქმულის სახლში შეიკრიბნენ ყველანი და ელჩებს გადასცეს წერილი ტარკვინიუსისთვის. ეს საუბარი შემთხვევით მოისმინა მონამ და გასცა. ელჩები მაშინვე შეიპყრეს და აღმოაჩინეს მამხილებელი წერილები. ყველა შეთქმული მაშინვე შეიპყრეს, მათ შორის ბრუტუსის ვაჟებიც. სახელმწიფოს წინაშე დანაშაულისთვის ისინი ჯერ გაწკეპლეს შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს. მონა კი, რომელმაც შეატყობინა ხელისუფლებას შეთქმულების შესახებ დააჯილდოვეს, დაათავისუფლეს და მოქალაქეობა უბოძეს.

ამის შემდეგ კონსულებმა და სენატმა რომაელებს საშუალება მისცეს მეფის ქონებიდან რაც უნდოდათ წაეღოთ, რათა ტარკვინიუსების ერთგული არავინ არ დარჩენილიყო, ხოლო მეფის კუთვნილი მიწები მარსს უბოძეს. იმ ადგილს შემდგომში მარსის ველი ეწოდა.

ტარკვინიუსმა კი, რადგან შეთქმულებით ვერაფერს ვერ მიაღწია, დაარწმუნა ეტრუსკები გამოსულიყვნენ რომაელების წინააღმდეგ. ბრძლაში დაიღუპა ბრუტუსიც და ტარკვინიუსის ვაჟი ატუნტუსიც. ისინი ბრძოლის დაწყების თანავე ეძგერნენ ერთმანეთს და შუბებით განგმირეს ერთმანეთი.

ბრძოლა ძალიან სასტიკი იყო, მაგრამ რომაელებმა მაინც გაიმარჯვეს. ეს მოხდა რომის დაარსებიდან 245 წელს მარტის კანენდების წინა დღეს.[1]

რომში იგი დიდი პატივით დაკრძალეს, რომაელი ქალები კი მას, როგორც ოჯახის მამას, ისე დასტიროდნენ და ძაძებს ატარებდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. სავარაუდოდ ძვ. წ. 508 წლის 28 თებერვალს


წინამორბედი:
{{{წინამორბედი}}}
კონსული
ძვ. წ. 509 (245)
&
ლუციუს ტარკვინიუს კოლატინუსი
შემდეგი:
პუბლიკოლა, პუბლიუს ლუკრეციუს ტრიციპიტინუსი


რომის რესპუბლიკის კონსულები ძვ. წ. VI საუკუნეში
ლუციუს იუნიუს ბრუტუსი | ლუციუს ტარკვინიუს კოლატინუსი | პუბლიუს ვალერიუს პუბლიკოლა | სპურიუს ლუკრეციუს ტრიციპიტინუსი | მარკუს ჰორაციუს პულვილუსი | პუბლიუს ლუკრეციუს ტრიციპიტინუსი | სპურიუს ლარციუს რუსფუსი | ტიტუს ჰერმინიუს აკილინუსი | მარკუს ვალერიუსი | პუბლუის პოსტუმიკოს ტიბერიუსი | მემენიუს აგრიპა | ოპიტერ ვერგინიუს ტრიკოსტუსი | სპურიუს კასიუს ვესელინუსი | პოსტუმინუს კომინიუს აურუნკუსი | ტიტუს ლარციუს ფლავიუსი