შინაარსზე გადასვლა

ლუსი კემპბელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუსი კემპბელი
დაბ. თარიღი XX საუკუნე
დაბ. ადგილი ბარბადოსი
მოქალაქეობა  განა
საქმიანობა მათემატიკოსი
მუშაობის ადგილი კარლტონის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მაკგილის უნივერსიტეტი, ტორონტოს უნივერსიტეტი, Kwame Nkrumah University of Science and Technology და კემბრიჯის უნივერსიტეტი

ლუსი ჯინ კემპბელი (ინგლ. Lucy Jean Campbell) — ბარბადოსელი გამოყენებითი მათემატიკოსი, რომელიც სპეციალიზირებულია სითხის დინამიკის გამოყენებაში დედამიწის ატმოსფეროსა და ოკეანეების მოდელირებაში. ჰიდროდინამიკის გარდა, მან ასევე გამოიკვლია სათბურის გაზების გამონაბოლქვის წყაროების თვალთვალის მეთოდები. ის არის კარლტონის უნივერსიტეტის მათემატიკისა და სტატისტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

ლუსი კემპბელი დაიბადა ბარბადოსზე. მისი მამა, მერვილ ო'ნილ კემპბელი, იყო დასავლეთ ინდოეთის უნივერსიტეტის მათემატიკოსი. ის გახდა პირველი ბარბადოსელი, რომელმაც მიიღო დოქტორის ხარისხი მათემატიკაში. [1] დედა — განელი პედაგოგი, მასწავლებლების ოჯახიდან. [2] 1967 წელს ოჯახი გადავიდა იამაიკის დასავლეთის ინდოეთის უნივერსიტეტის სხვა კამპუსში, სადაც გაიზარდა ლუსი კემპბელი. [1] თავის ინტერვიუში მეცნიერი ამბობს, რომ მას ყოველთვის სურდა პედაგოგობა, თუმცა ყველაზე მეტად მათემატიკა იზიდავდა, ვინაიდან 4 ან 5 წლის ასაკში მიხვდა, რომ ყველაზე მეტად მათემატიკა აინტერესებდა და კარგადაც ითვისებდა. [2]

კემპბელმა წარჩინებით დაასრულა განაში კვამე ნკრუმას სახელობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი და გახდა ბაკალავრის ხარისხის მფლობელი. შემდეგ სწავლა გააგრძელა კემბრიჯის უნივერსიტეტში, საიდანაც იგი გადავიდა მაკგილის უნივერსიტეტში. 1996 წელს კემპბელმა მიიღო მაგისტრის ხარისხი. მისი სამაგისტრო ნაშრომის თემა ( სამეცნიერო ხელმძღვანელი შერვინ მასლოუ) ეხებოდა როსბის იძულებითი ტალღების პაკეტებს ზონალურ ათვლის ნაკადში კრიტიკული ფენების თანდასწრებით. [3] 2000 წელს ამავე უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია გამოყენებითი მათემატიკაში. მის დისერტაციას ერქვა „ფორსირებული ტალღის პაკეტების კრიტიკული ფენის არაწრფივი განვითარება გეოფიზიკურ ათვლის ნაკადებში.“ [4]

დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ, კემპბელმა დაიცვა დოქტორანტურის შემდგომი დისერტაცია ატმოსფეროს ფიზიკაში ტორონტოს უნივერსიტეტში, სადაც მუშაობდა ტედ შეპარდთან ერთად. 2003 წელს იგი მიიწვიეს კარლტონის უნივერსიტეტში.

მისი კვლევები უკავშირდება დიფერენციალური განტოლებების და რიცხვითი ანალიზის გამოყენებას, სადაც ძირითადი ყურადღება გამახვილებულია [5] გეოფიზიკური სითხის დინამიკაში მათემატიკურ მოდელირებაზე. მისი კვლევის მიზანია იმ მექანიზმების შესახებ ცნობიერების გაუმჯობესება, რომლითაც დედამიწის ატმოსფერო და ოკეანე იცვლება დროთა განმავლობაში, რაც აქტუალურია კლიმატის მოდელირებისა და პროგნოზირებისთვის. [2] გარდა ამისა, მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს არაწრფივ ტალღებს, ციფრულ მეთოდებს ნაწილობრივი დიფერენციალური განტოლებისთვის, კრილოვ-ბოგოლიუბოვის ასიმპტოტურ მეთოდს და აშლილობის თეორიას. [6]

ლუსი კემპბელი აქვეყნებს პუბლიკაციებს რიგ მათემატიკური და ატმოსფერული სამეცნიერო ჟურნალებში, რომელთა შორისაა: Journal of Fluid Mechanics, Journal of the Atmospheric Sciences და Studies in Applied Mathematics. [7] მათემატიკოსი შედის კანადის მათემატიკის ჟურნალისა (ინგლ. Canadian Journal of Mathematics) და კანადის მათემატიკური ბიულეტენის (ინგლ. Canadian Mathematical Bulletin) სარედაქციო საბჭოს შემადგენლობაში.[6] [8]

ლუსი კემპბელი არის კანადის გამოყენებითი მათემატიკის საზოგადოების აქტიური წევრი. იგი იკავებს კანადის გამოყენებითი და ინდუსტრიული მათემატიკის საზოგადოების ხაზინადარის თანამდებობას. ასევე შედიოდა ხსენებული საზოგადოების დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში. [2]

2019 წელს, გამოყენებითი და ინდუსტრიული მათემატიკის კანადურმა საზოგადოებამ ლუსი კემპბელს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიანიჭა არტურ ბომონტის ჯილდო. [9]

  1. 1.0 1.1 Who? - Mathematician of the African Diaspora. ციტირების თარიღი: 2021-06-22
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Lucy Campbell | CWSE-ON. ციტირების თარიღი: 2021-06-22
  3. Sherwin Maslowe. Sherwin Maslowe. ციტირების თარიღი: 2021-06-22
  4. Lucy Campbell - The Mathematics Genealogy Project. ციტირების თარიღი: 2021-06-22
  5. Lucy Campbell. ციტირების თარიღი: 2021-06-22
  6. 6.0 6.1 Lucy Campbell's home page. ციტირების თარიღი: 2021-06-22
  7. Who?, Mathematician of the African Diaspora. ციტირების თარიღი: 2021-06-22
  8. Inclusive Mathematics. ციტირების თარიღი: 2021-06-22
  9. Lucy Campbell – CAIMS. ციტირების თარიღი: 2021-06-22