შინაარსზე გადასვლა

ლუსიო ლარა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუსიო ლარა
პორტ. Lúcio Lara
დაბადების თარიღი 9 აპრილი, 1929(1929-04-09)[1]
დაბადების ადგილი Caála
გარდაცვალების თარიღი 27 თებერვალი, 2016(2016-02-27)[1] (86 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლუანდა
მოქალაქეობა  ანგოლა
განათლება კოიმბრის უნივერსიტეტი და University of Lisbon (1911–2013)
მეუღლე/ები Ruth Lara
შვილ(ებ)ი Jean-Michel Mabeko-Tali

ლუსიო ლარა (დ. 9 აპრილი, 1929 — გ. 27 თებერვალი, 2016) — ანგოლელი რევოლუციონერი, ფიზიკოს-მათემატიკოსი, პოლიტიკოსი, ანტიკოლონიური იდეოლოგი და ანგოლის განთავისუფლების სახალხო მოძრაობის „მპლას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და პრეზიდენტი. იგი იკავებდა „MPLA“-ს გენერალური მდივნის პოსტს ანგოლის დამოუკიდებლობისა და სამოქალაქო ომების პერიოდში.[2] როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა წევრმა, ლარამ 1974 წლის 8 ნოემბერს „MPLA“-ს პირველი წევრები ლუანდაში შეიყვანა. სწორედ მან აკურთხა აგოსტინიო ნეტო ქვეყნის პირველ პრეზიდენტად.

იგი ათი დღის განმავლობაში, 1979 წლის 10 სექტემბრიდან 20 სექტემბრამდე, ასრულებდა ანგოლის პრეზიდენტის მოვალეობას, აგოსტინიო ნეტოს გარდაცვალებასა და ჟოზე ედუარდუ დუშ სანტუშის ინაუგურაციას შორის პერიოდში. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 2003 წლამდე იგი ანგოლის პარლამენტის წევრი იყო.[3][4]

ლარა იყო ანგოლის თვითგამორკვევის მთავარი იდეოლოგი და მოაზროვნე, ასევე მარქსიზმის მნიშვნელოვანი თეორიტიკოსი,[4][5] და XX საუკუნის ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა.[6][7]

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუსიო ლარა დაიბადა 1929 წლის 9 აპრილს ქალაქ კაალაში, უამბოს პროვინციაში. მამამისი ვაჭარი იყო, ხოლო დედა ბაილუნდოს სამეფოს პრინცესა.[8][9]

1949-დან 1952 წლამდე იგი მათემატიკას სწავლობდა ლისაბონის უნივერსიტეტში.[8] ამ პერიოდში იგი გახდა „იმპერიის სტუდენტთა სახლის“ რეზიდენტი. ეს იყო სტუდენტური გაერთიანება პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში, რომელიც ანტიკოლონიური დისკუსიების ცენტრს წარმოადგენდა.[10] სწორედ ამ სადისკუსიო ცენტრში დაუმეგობრდა იგი ანტონიო აგოსტინიო ნეტოს (ანგოლის მომავალ პრეზიდენტს). სწორედ ეს ორი პიროვნება გახდა პასუხისმგებელი „ანგოლის განთავისუფლების სახალხო მოძრაობის“ (MPLA) იდეოლოგიური ბირთვის ჩამოყალიბებაზე. მათემატიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მან ლისაბონში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.[11]

1954 წელს იგი კოიმბრის უნივერსიტეტში ჩაირიცხა ფიზიკური ქიმიის ფაკულტეტზე, თუმცა 1958 წელს სწავლა მიატოვა და ხარისხის მოპოვება ვერ დაასრულა.

ლისაბონში პოლიტიკურ პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობისას, მან გაიცნო რუთ პფლუგერი ლისაბონში დაბადებული ახალგაზრდა პორტუგალიელი ებრაელი, რომლის წინაპრებიც გერმანიიდან იყვნენ. მათ 1955 წელს იქორწინეს.[11]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამდენიმე ანტიკოლონიალისტ სტუდენტთან და მუშასთან ერთად, მან ლისაბონში დააარსა „აფრიკული საზღვაო კლუბი“ (Clube Marítimo Africano) – გასართობი და სპორტული გაერთიანება, რომელიც ამავდროულად კოლონიალიზმის შესახებ დებატების ცენტრს წარმოადგენდა. ეს კლუბი მნიშვნელოვანი იყო პორტუგალიის სადაზვერვო და საინფორმაციო სამსახურებისთვის გვერდის ავლისა და კორესპონდენციის ჩაჭრის თავიდან ასაცილებლად.[10]

1955 წელს იგი შეუერთდა ანგოლის კომუნისტურ პარტიას (PCA), პარალელურად კი მონაწილეობდა პორტუგალიის კომუნისტური პარტიის (PCP) საქმიანობაში. 1957 წელს იგი შეუერთდა წინა წელს დაარსებულ „MPLA“-ს და გახდა მისი მთავარი იდეოლოგი. მასვე მიეწერება პარტიის მარქსისტული იდეოლოგიის შემუშავება, რომელიც მოგვიანებით დომინანტურ მიმდინარეობად იქცა.[10]

პოლიტიკური აქტივობის გამო მას პორტუგალიის პოლიტიკური პოლიცია (PIDE) დაედევნა. იგი იძულებული გახდა, 1959 წლის მარტში მეუღლე რუთთან ერთად ლისაბონიდან დასავლეთ გერმანიაში, შემდეგ კი აღმოსავლეთ გერმანიაში გაქცეულიყო. იმავე წელს მან კვლავ მოახერხა იტალიაში გაქცევა, როდესაც აღმოაჩინა, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში მის მოსაკლავად პორტუგალიელი აგენტები იყვნენ შეგზავნილნი. იტალიაში მყოფ წყვილს ფილოსოფოსმა ფრანც ფანონმა ჯერ ტუნისში, შემდეგ კი მაროკოში უპოვა თავშესაფარი. რაბატში მან ხელი მოაწერა შეთანხმებას „გვინეისა და კაბო-ვერდეს დამოუკიდებლობის აფრიკულ პარტიასთან“ (PAIGC), რათა კონაკრიში „MPLA“-ს პირველი საერთაშორისო ოფისი ჩამოყალიბებულიყო. გარკვეული პერიოდი იგი გვინეაში ქიმიის მასწავლებლად მუშაობდა.[11]

1962 წლის დეკემბერში, „MPLA“-ს პირველ კონფერენციაზე, იგი არჩეულ იქნა ორგანიზაციისა და კადრების მდივნად და „MPLA“-ს ცენტრალური კომიტეტის წევრად.[2][12] 1963 წელს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან გაძევებისა და მდინარის გავლით კონგო-ბრაზავილში გაქცევის შემდეგ, „MPLA“ სრულ ქაოსში აღმოჩნდა. მოძრაობა, შესაძლოა, საერთოდ დაშლილიყო, რომ არა ლარას ბრწყინვალე ორგანიზაციული უნარები და გამჭრიახი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებმაც ორგანიზაცია გადაარჩინა.[13]

პარტიის გენერალურ მდივნად არჩევის შემდეგ, 1964 წელს, იგი ოჯახთან ერთად მუდმივად საცხოვრებლად გადავიდა ბრაზავილში, რომელიც ანგოლის დამოუკიდებლობის ომის პერიოდში „MPLA“-ს დროებით რეზიდენციად ითვლებოდა. ამ ქალაქში იგი პარტიულ სკოლებში მათემატიკისა და ქიმიის მასწავლებლად მუშაობდა, პარალელურად კი ჩამოაყალიბა „MPLA“-ს განათლებისა და კულტურის დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო მასწავლებლების მომზადებასა და ვრცელი ბიბლიოთეკის მოვლა-პატრონობაზე.[11]

1974 წლის 8 ნოემბერს ლარა დაინიშნა „MPLA“-ს დიპლომატიური დელეგაციის ხელმძღვანელად ლუანდაში პირველი ოფიციალური ვიზიტისას. მის ჩამოსვლას მხარდამჭერთა აღფრთოვანებული ბრბო დახვდა, რომლებმაც დამცავი ბარიერები გაარღვიეს და ლუანდას აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე შეიჭრნენ, როგორც კი დელეგაციის თვითმფრინავი დაეშვა. ლარას დელეგაციას უნდა მოემზადებინა აგოსტინიო ნეტოს ვიზიტი ლუანდაში. ეს იყო პარტიის ლიდერის პირველი ვიზიტი „მიხაკების რევოლუციის“ შემდეგ. ნეტო დედაქალაქში 1975 წლის 4 თებერვალს ჩამოვიდა, რასაც კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი შეეგება.[11]

ანგოლის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს ლარა დამფუძნებელი ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს. მან 1975 წლის 10 ნოემბერს ანგოლის კონსტიტუცია მიიღო. გარდა ამისა, მან ჩაატარა ანგოლის პირველი ფორმალური საპრეზიდენტო არჩევნები (არაპირდაპირი), რომელშიც აგოსტინიო ნეტომ გაიმარჯვა. იმავე დღეს ნეტომ, როგორც ანგოლის პირველმა პრეზიდენტმა, ფიცი სწორედ ლარას წინაშე დადო. ლარა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე 1977 წლამდე დარჩა.[11]

1977 წლის ივნისიდან 1979 წლის შუა პერიოდამდე, აგოსტინიო ნეტოს ბრძანებით განხორციელებული „ფრაქციონალიზმის“ წინააღმდეგ მიმართული წმენდისას, „დაუზუსტებელი რაოდენობის ადამიანი, ზოგიერთი ვარაუდით ათიათასობით, სიკვდილით დასაჯეს“.[14][15] მიუხედავად იმისა, რომ დისიდენტების დაპატიმრების, წამებისა და მკვლელობის ბრძანებას ნეტო იძლეოდა, ხოლო მას დაბალი რანგის კადრები ასრულებდნენ, ზოგადად მიჩნეულია, რომ ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ ლარა, თავდაცვის მინისტრი იკო კარეირა, „DISA“-ს ხელმძღვანელი ლუდი კისასუნდა და მისი მოადგილე ენრიკე დე კარვალიო სანტუში.

1977 წლის 10 დეკემბერს, წმენდის ტრაგიკული შედეგების მიუხედავად, ლარა კვლავ აირჩიეს „MPLA“-ს ცენტრალურ კომიტეტში, რამაც იგი პოლიტბიუროს მეორე ყველაზე მნიშვნელოვან წევრად და პარტიის ვიცე-პრეზიდენტად აქცია. იგი პასუხისმგებელი იყო ორგანიზაციულ და იდეოლოგიურ სექტორზე.[11]

პრეზიდენტობა და პოლიტიკური კარიერის დასასრული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგოსტინიო ნეტოს გარდაცვალების დღეს, ლარა პოლიტბიუროს უმაღლესი რანგის წევრი და „MPLA“-ს ვიცე-პრეზიდენტი იყო. ამის გამო, მან დროებით იკისრა პარტიის პრეზიდენტისა და, შესაბამისად, ანგოლის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობები. 1979 წლის 11 სექტემბერს მან სასწრაფოდ მოიწვია „MPLA“-ს მე-2 კონგრესი და დიდი ძალისხმევა გასწია ჟოზე ედუარდუ დუშ სანტუშის ასარჩევად, რაც იმავე წლის 20 სექტემბერს მოხდა. თავად ლარამ უარი თქვა ყველა წინადადებაზე, რომელიც ქვეყნის მეთაურის პოსტზე მისი კანდიდატურის მუდმივად დამტკიცებას ითვალისწინებდა.[16][17][18][19]

1980 წელს იგი ხელახლა აირჩიეს „MPLA“-ს ცენტრალური კომიტეტისა და პოლიტბიუროს წევრად, ასევე საორგანიზაციო მდივნად. გარდა ამისა, იგი აირჩიეს „PanaPress“-ის სამთავრობათაშორისო საბჭოს თავმჯდომარედ და ამ პოსტს 5 წლის განმავლობაში იკავებდა. იმავე წელს იგი გახდა დეპუტატი მოშიკოს პროვინციიდან. ამ ვადის განმავლობაში იგი ხელმძღვანელობდა ყავის წარმოების სპეციალურ საპარლამენტო კომისიას და ჯანდაცვის მუდმივმოქმედ საპარლამენტო კომისიას.[11]

1985 წელს ანგოლის პრეზიდენტმა ჟოზე ედუარდუ დუშ სანტუშმა იგი „MPLA“-ს პოლიტბიუროდან დაითხოვა, რაც მიჩნეულია სანტუშის მიერ ოპონენტების წინააღმდეგ განხორციელებულ შიდაპოლიტიკურ წმენდად. 1986 წლის მარტში მან დაიკავა ეროვნული ასამბლეის პირველი მდივნის პოსტი, რომელზეც 1992 წლამდე დარჩა.[11]

ამავდროულად, 1980-იან და 1990-იან წლებში, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ წარმოებული პარტიის შიდა დესტაბილიზაციის კამპანიის ფარგლებში, ლარა ნეიტრალიზაციისა და დამხობის მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა.[12]

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მან საჯარო მოღვაწეობის დასრულება 2003 წლის ნოემბერში გადაწყვიტა და უარი თქვა სადეპუტატო მანდატზე, რომელიც 1975 წლიდან ეკავა.[20] 2004 წელს ანგოლის თავდაცვის სამინისტრომ იგი არმიის გენერლის წოდებით გადააყენა თადარიგში, თუმცა მან ამ ჩინის გამოყენებაზე უარი განაცხადა, რადგან თავს პროფესიონალ სამხედროდ არ მიიჩნევდა.[4]

შემდგომი ცხოვრება და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური კარიერის დასრულების შემდეგ, ლარამ მთელი ენერგია ანგოლის დამოუკიდებლობის პროცესისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესახებ საკუთარი ისტორიული და დოკუმენტური კოლექციის ორგანიზებას მიუძღვნა. ამ მიზნით მან დააარსა „ჩივეკას დოკუმენტაციის ასოციაცია“ (ATD).[21] 1996 წელს მან გამოსცა მემუარები სახელწოდებით „ფართო მოძრაობისთვის…“, რომლის წინასიტყვაობაც მის მეუღლეს, რუთს ეკუთვნოდა.[19]

იგი 2016 წლის 27 თებერვალს, 86 წლის ასაკში, ანგოლის დედაქალაქში გარდაიცვალა.[22]

პერსონალური ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ერთადერთი მეუღლე იყო გერმანულ-ანგოლური წარმოშობის მასწავლებელი რუთ მანუელა პფლუგერ როსემბერგ ლარა, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა: პაულო, ვანდა და ბრუნო. რუთი 2000 წელს ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა. 1960-იან წლებში მათ ასევე იშვილეს კონგო-ბრაზავილელი ბავშვი, ჟან-მიშელ მაბეკო ტალი.[23]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Munzinger Personen
  2. 1 2 Sellström, Tor (1999). Sweden and national liberation in Southern Africa Vol. 1, Formation of a popular opinion (1950-1970). Uppsala: Nordiska Afrikainstitutet, გვ. 378. ISBN 91-7106-430-3. OCLC 41157147. 
  3. Lusa. (20 February 2020) João Lourenço duplica valor de subsídio de antigos presidentes da República de Angola. Jornal de Negócios.
  4. 1 2 3 Carlos Lopes Pereira. (12 March 2016) Lúcio Lara, patriota e internacionalista. Partido Comunista Brasileiro.
  5. O adeus de um grande lutador de África. Jornal de Angola (11 March 2016).
  6. Silva, Berthler J. C. da; Domingos, Noé; Januário, João M.; Franciso, Osvaldo P.; Pedro, Samuel S.. (2023). As Principais Ideias Políticas Durante as Guerras de Libertação e Formação dos Estados Nacionais (Angola). Luanda: University of Belas. 
  7. Severino Carlos. (18 December 2004) Fenómeno de «escuridão» é mais abrangente do que se pensa: O ocaso dos brancos e mestiços. Semanário Angolense.
  8. 1 2 Restos mortais do nacionalista Lúcio Lara serão sepultados hoje. AngoNotícias (2 March 2016).
  9. Os Laras - antecedentes. A Ruga e a Mão (19 July 2011).
  10. 1 2 3 Sousa, Ana Carolina Melos de. (7 December 2016). O Movimento Popular Pela Libertação de Angola (MPLA) : de elite revolucionária a elite dirigente. Porto Alegre: Universidade Federal do Rio Grande do Sul. 
  11. 1 2 3 4 5 6 7 8 9 Lúcio Lara, nacionalista e co-fundador do MPLA. Club K (5 March 2016).
  12. 1 2 Victoria Brittain. (2016-02-29) Lúcio Lara obituary. The Guardian.
  13. Douglas L. Wheeler and René Pélissier, Angola, Praeger Publishers, 1971: p. 214-215,
  14. Ricardo Soares de Oliveira, Magnificent and Beggar Land: Angola Since the Civil War, Oxford UP, 2015: p. 96
  15. A outra face de Lúcio Lara: o 27 de Maio. Deutsche Welle (2 March 2016).
  16. Agência Lusa. (2010) Angola: História política de Lúcio Lara lançada em fotobiografia. Notícias do Serviço de Apontadores Portugueses. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-17. ციტირების თარიღი: 2018-07-29
  17. Emídio Fernando. (2016) O homem que marcou o destino de Angola. Nova Gazeta.[მკვდარი ბმული]
  18. Patrício Batsîkama (2014). „O testamento que validou José Eduardo dos Santos na presidência de Angola em 1979“. Revista de História da África e de Estudos da Diáspora Africana. Sankofa: FCS/Universidade Agostinho Neto (14).
  19. 1 2 Silva, Reginaldo. (2 March 2016) Lúcio Lara entre a história e as "ausências". Rede Angola. ციტირების თარიღი: 25 November 2017
  20. Angola perdeu uma referência do nacionalismo. Embaixada da República de Angola em Portugal (February 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-05-31. ციტირების თარიღი: 2026-02-23
  21. Apresentação da ATD. Associação Tchiweka de Documentação (2021).
  22. Angolan Politicians and Diplomats Regret the Death of Lúcio Lara (February 2016).
  23. (2010) Fotobiografia: "Lúcio Lara (Tchiweka): 80 anos; imagens de um percurso... até à conquista da independência. Luanda: Associação Tchiweka de Documentação (ATD).