ლუკა ასათიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუკა ასათიანი

ლუკა ასათიანი (დ.1836, სოფ. ქვიტირი — გ. 12 სექტემბერი, 1901, ბათუმი) — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის და ბათუმის პირველი არჩეული ხელმძღვანელი - ქალაქის თავი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1836 წელს ქუთაისის მახლობლად, სოფელ ქვიტირში. ხელმოკლე აზნაურის ოჯახმა, სიღარიბის მიუხედავად ქუთაისის ოთხკლასიან სასწავლებელში მისი ჩარიცხვა მოახერხა თუმცა, მამის მოულოდნელად გარდაცვალების გამო სწავლაში წინსვლის გეგმები ჩაეშალა.„ლუკა ასათიანს არ მიუღია არც მაღალი სწავლა და არც მაღალი პრინციპები, მაგრამ იმისათვის მიუცია ბუნებას კარგი გონება და კეთილი ზნე.“-გიორგი წერეთელი.

ბაქოსა და ერევანში მუშაობის წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მცდელობებისა და დიდი მონდომების წყალობით, ლუკა ბაქოში საოლქო სასამართლოში მწერლად იწყებს მუშაობას, მოგვიანებით ის ქუთაისის საოლქო სასამართლოში წევრად გადმოდის, მექრთამეობას შეუგუებლობა და არასასურველი სამუშაო გარემო აიძულებს ერევანში გადავიდეს გუბერნიის სამმართველოში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე სამუშაოდ. დავით კლდიაშვილის თქმით: „ერთადერთი საჯარო მოხელე იყო ლუკა ასათიანი, ყოველი ბრალდებისაგან თავისუფალი, წმინდა და პატიოსანი მოსამსახურე.“ სწორედ ამ თვისებებმა გადაარჩინა ის მაშინ, როდესაც ერევნის გუბერნიაში ათობით მოხელე იქნა დაკავებული მოვალეობის უკანონოდ შესრულებისა და მექრთამეობის გამო.

ქუთაისის თვითმმართველობის დაფუძვნება და ქალაქის თავის არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუთაისის საქალაქო თვითმმართველობა 1875 წელს დაფუძნდა და ხმოსან სტეფანე აკოფაშვილის კერძო სახლში დაიდო ბინა. ქალაქის თავად დაინიშნა ნიკოლოზ სამსონის ძე აბაშიძე, ხოლო 1978 წელს თვითმმართველობამ პირველი ქალაქის თავი აირჩია და ის იყო ლუკა ასათიანი. ქუთაისი იმ პერიოდში დიდ ეკონომიკურ პრობლემებს განიცდიდა. 1888 წელს, როდესაც ლუკა ასათიანი ალესანდრე მესამეს შეხვდა, ამ სიტყვებით მიმართა მას: “ჩვენ არ გვაქვს ბათუმის ლაჟვარდი, ბაქოს ცეცხლი და თბილისის ოქრო, სამაგიეროდ ვფლობთ სიყვარულით სავსე გულებს და ეს ერთადერთია, რაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ”…

ლუკა ასათიანის საქმიანობა ქუთაისში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„1879 წელს ქალაქისთავმა ლუკა ასათიანმა სოფლის მსგავსი ქუთაისის ჩაიბარა, მაგრამ მან შეძლო მიეცა მისთვის ცოტად თუ ბევრად შესაფერი სახე“ - წერდა ქალაქის იმდროინდელი ხმოსანი ცნობილი ექიმი და მეცნიერი დიმიტრი ნაზარიშვილი. ქალაქ ქუთაისის წინსვლას და ქალაქის თვითმმართველობის წარმატებულ ფუნქციონირებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა ლუკა ასათიანის პირადი ინიციატივები, მის სახელს უკავშირდება ბევრი ცვლილება, რაც იმდროინდელ ქუთაისს ახალ მნიშვნელობას სძენდა:

  • გაიხსნა საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელთა რიცხვი 90-იანი წლებისთვის 16-ს აღწევდა. მისი თხოვნით და დახმარებით, კოტე მესხმა ქუთაისში პირველი მუდმივი თეატრალური დასი ჩამოაყალიბა (1880 წ.).
  • 1881 წ. აშენდა სამსონ თოფურიას სამკურნალო დაწესებულება, ვიტეშინსკისა და პეტრე-პავლე კოკოჩაშვილების აფთიაქები, სასტუმრო „ლონდონი“.
  • 1884-85 წლებში აღადგინეს 1862 წელს ჩაინგრეული ჯაჭვის ხიდი.
  • 1892 წელს ლუკა ასათიანმა მხარი დაუჭირა ექიმთა საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელსაც დიმიტრი ნაზარიშვილი ხელმძღვანელობდა.
  • ასათიანისა და გაბრიელ ეპისკოპოსის ერთობლივი ძალისხმევით 1882 წელს საფუძველი ჩაეყარა „პეტრე-პავლეს“ ეკლესიის მშენებლობას, რომელიც 1903 წელს დასრულდა.
  • 1890-1893 წლებში აიგო ტაძარი, რომელსაც ამაღლების სახელი ეწოდა (საფიჩხიის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია).
  • რკინის მესერით შემოიღობა ცენტრალური ბულვარი.

ილია ჭავჭავაძესთან მეგობრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილიას სახალხო-განმათავისუფლებელი მოძრაობის პატრიოტთა ჯგუფში ლუკა ასათიანს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი ეკავა და დიდი პატივისცემითაც სარგებლობდა.

ცნობიალია, რომ როგორც ქუთაისის, ასევე ბათუმის ქალაქის თავად ლუკა ასათიანის კანდიდატურა ილია ჭავჭავაძემ წარადგინა და მხარს უჭერდა მის ამ პოსტებზე დამტკიცებას, შემთხვევითი არც ის იყო, რომ გაზეთ „ივერია“-ს პირველი ნომრის გამოსვლასთან დაკავშირებით რედაქტორის მიერ თბილისში მოწყობილს დარბაზობას ლუკა ასათიანიც ესწრებოდა.

ბათუმში გატარებული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ბათუმის სათათბიროს პირველი არჩევნები 1894 წელს გაიმართა, სადაც 35 ხმოსანი და ცხრა კანდიდატი აირჩიეს. 1895 წლის 25 იანვარს ქალაქის გამგეობის თანამდებობის პირების არჩევნები მოეწყო, რის შედეგადაც ქალაქის თავად ლუკა ასათიანი აირჩიეს, ქალაქის გამგეობის მდივნად კი ივანე მესხი.

ქალაქის სათათბიროს მეორე არჩევნები 1898 წელს გაიმართა. ქალაქის თავად კვლავ ლუკა ასათიანი აირჩიეს, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო ბათუმის განაშენიანებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე ჭაობის ამოშრობა, კაპიტალურად გაყვანილი სანიაღვრე კანალიზაციის არხები (მათ შორის ჟილინსკისა და ივანოვის არხები), რომლებმაც მთელი ქალაქი გადაკვეთეს. პარალელურად წარმოებდა ქალაქის დადაბლებული ადგილების ხრეშითა და გრუნტით მოზვინვა. ყოველივე ამან განაპირობა ქალაქში ჭაობიანი ადგილების დაშრობა და მეტად საშიში ავადმყოფობის მალარიის მოსპობა. შედეგად შესაძლებელი გახდა ახალი ქუჩების გაყვანა და ნაწილის კეთილმოწყობა.

ლუკა ასათიანის პირადი ინიციატივით დაიწყო ბათუმის საბჭოს შენობის აგება, რომელიც დღესაც ამშვენებს ქალაქს. მისივე მმართველობის პერიოდშია აშენებული ახლანდელი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც აჭარის მოსახლეობას დღესაც ემსახურება. ლუკა ასათიანი დიდ ყურადღებას უთმობდა ბათუმში განათლების აღმავლობის საქმეს. მისი ინიციატივით ქალაქში უმოკლეს ვადაში ყველა ეროვნებისათვის მათ ენაზე დაწყებითი კლასები გაიხსნა.

ლუკას ხშირად ბათომის მოურავადაც მოიხსენებდნენ. დ. მესხსი თავის მოგონებებში (1940 წელი) წერს ქალაქის მოურავ ლუკა ასათიანს თავის კარგი ხასიათით, პატიოსნებითა და მუყაითი საქმიანობით დიდი პატივისცემა ჰქონდა დამსახურებული, „ნათათრი“, ვითომ „ქალაქი“ ბათომი მინგრეულ-მონგრეული, ჭუჭყიანი, მალე აღორძინდა, გაშენდა, გალამაზდა... ქალაქის თვითმართველობას, როდესაც იქ ლუკა ასათიანი, გრ. ვოლსკი (პოეტი უმწიფარიძე) და ივანე მესხი მსახურობდნენ და ხმოსნებად დიდი ნაწილი ქართველები იყვნენ, თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვის ბათომის ფერისცვალების საქმეში.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუკა ასათიანის სკულპტურის გახსნა ასათიანის ქუჩაზე, ბათუმის მერიის წინ

ლუკა ასათიანი 1901 წელს, 65 წლის ასაკში, ქალაქ ბათუმში გარდაიცვალა. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ქვიტირში, საფლავი სავარაუდოდ განთავსებულია ქვიტირის ეკლესიაში. ქუთაისსა და ბათუმში მცხორებმა მადლიერმა თანამოქალაქეებმა, ამ საუკუნის დასაწყისში, ორ ქუჩას მისი სახელი დაარქვა. 2013 წელს ბათუმში ლუკა ასათიანის სახელობის ძეგლიც გაიხსნა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლუკა ასათიანის ცხოვრება და მოღვაწეობა / რ. სურმანიძე. - თბ., 2011. - გვ.59-74
  • ბათუმის პირველი ქალაქისთავი / შოთა გუჯაბიძე // ბათუმელები. - ბათუმი, 2013. - 20-26 მაისი. - N 18(488). - გვ. 14- ბათომი
  • ქალაქისთავები: ბათუმის ქალაქად ქცევის ისტორია / ნანა კვაჭაძე // ბათუმელები. - ბათუმი, 2011. - 26 სექტემბერი-2 ოქტომბერი. - N 35(479.223). - გვ. 11